Friday, 22 December 2017

ურბანო მონტეს იდუმალებით მოცული რუკა


ეს გახლავთ 430 წლის წინ შექმნილი რუკა, რომელიც ურბანო მონტეს ეკუთვნის.  მკვლევარებმა რესტავრაცია გაუკეთეს ურბანო მონტეს მსოფლიო ატლასის 60 გვერდს. მასზე გამოსახულია უცნაური არსებები: მარტორქა სიბირინი, გემი-ამბირანტი და საშინელი გიგანტური ფრინველები.




რუკა 1587 წელსაა შექმნილი და მისი ავტორი როგორც უკვე აღვნიშნეთ გახლავთ ურბანო მონტე. მონტე დაიბადა შეძლებულ ოჯახში, მილანში. ბავშვობიდან გატაცებული იყო გეოგრაფიით.  მან ატლასის შექმნას 18 წელი მოანდომა. მის რუკაზე დედამიწა  ისეთია, როგორიც ის სივრციდან ჩანს უშუალოდ ჩრდილოეთ პოლუსის ზემოდან.

Friday, 1 December 2017

ამოუცნობი ეგვიპტე_ფარაონთა განსასვენებლის მაგიური მცველები



ეგვიპტელი ფარაონების ქონების უსაფრთხოება, რომელსაც მათ გარდაცვალების შემდეგ ატანდნენ, მეტად აღელვებდა განსასვენებლის მშენებლებს. მძარცველებისგან მის დასაცავად ისინი აწყობდნენ საკმაოდ ჭკვიანურ ხაფანგებს,  ცრუ გასასვლელებს, კამერებსა და ყალბ სამარხებს.  ქურუმები კი ყველაზე მეტად წყევლას ენდობოდნენ.

შუა საუკუნეების არაბი ისტორიკოსები აღწერენ  პირამიდის მაგიურ მცველებს. ერთ სამარხს იცავდა ქანდაკება რომლის შუბლში დამალული იყო "გველი". ის თავს ესხმოდა ყველას, ვინც მიუახლოვდებოდა. სხვა განსასვენებელს იცავდა შავი და თეთრი ონიქსის კოლოსი მშვილდისრით ხელში. საკმარისი იყო ვინმეს გამოჩენა, ქანდაკებიდან მაშინვე მოისმოდა  ყრუ ხმა და დაუპატიჟებელი სტუმარი უსულოდ ეცემოდა. მესამეს იცავდა ქვის მცველი, რომელსაც ისეთი გაუგონარი ძალა ჰქონდა, ადამიანს უმალ მიწაზე ანარცხებდა.

Wednesday, 22 November 2017

რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები (ნაწილი III)


                                                                              "ლაბირინთის ისტორია ხანგრძლი,
                                                                                რთული და ჩახლართულია, როგორც
                                                                                ადამიანის ცხოვრება"-სოკრატე



ყველაზე დიდი ლაბირინთის ისტორია უკავშირდება ეგვიპტეს.




ჰეროდოტე აღწერდა ეგვიპტის ლაბირინთს, რომელიც მდებარეობდა ნილოსის დასავლეთით-დღევანდელი კაიროდან 80 კმ-ს მოშორებით. ისტორიკოსების აზრით ეს ლაბირინთი იყო ცენტრი, საიდანაც ფარაონები მართავდნენ ქვეყანას. ძირითადად მას რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ამ სატაძრო კომპლექსში სწირავდნენ მსხვერპლს ეგვიპტის ყველა ღვთაებას. მოსულ სტრუმრებს უფლება არ ქონდათ დაეთვალიერებინათ ლაბირინთის მიწისქვეშა ნაგებობა. იქ ტარდებოდა ოზირისისადმი მიძღვნილი რელიგიური რიტუალი. მას სწირავდნენ ხარ-აპისს. ფიქრობდნენ, რომ ლაბირინთი თავისი დახლართული გადასასვლელებით იცავდა მეფე-ღმერთს ამ და იმქვეყნიურ ცხოვრებაში. თავად ლაბირინთი იყო მაღალი კედლით გარშემორტყმული ნაგებობა სამი ათასი ოთახით. რომლის ნახევარი მიწისქვეშ იყო განთავსებული. ლაბირინთის საერთო ფართი გახლდათ 70 ათასი კვ.მ.

Friday, 17 November 2017

ლეგენდარული პლუტონის კარიბჭე



"პლუტონის კარიბჭე" გახლავთ ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც აღმოაჩინეს 2013 წელს თურქეთის ტერიტორიაზე, უძველეს ქალაქ ჰიერეპოლისში-თანამედროვე დენიელი.

"პლუტონის კარიბჭე" აგებული იყო გამოქვაბულთან, საიდანაც მომწამვლელი გაზები გამოდიოდა. თვლიდნენ, რომ კარიბჭე მკვდართა საუფლოში შესასვლელი გახლდათ, რომელსაც ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მიხედვით მართავდა პლუტონი (ან ჰადესი). ამ ადგილზე სრულდებოდა რიტუალები და მსხვერპლშეწირვა  ღმერთის პატივსაცემად.

კარიბჭე აღწერა სტრაბონმა. ის წერდა: "ეს სივრცე ისეთი სქელი ნისლითაა დაფარული, რომ შეუძლებელია მიწის დანახვა.   შემთხვევით შიგნით  მოხვედრილი ცხოველი უმალვე განუტევებს სულს. ბეღურები გადავყარე იქ, მათ უკანასკნელად ამოისუნთქეს და სული განუტევეს".

Saturday, 16 September 2017

ამოუცნობი ეგვიპტე_"თოთის წიგნი" და "ტაროს ბანქო"




არსებობს  XV საუკუნის გადმოცემა, რომლის თანახმად საიდუმლო საზოგადოება, რომელიც ფლობდა "თოთის წიგნს" და ავრცელებდა  მოკლე შინაარს ყველასათვის ხელმისაწვდომ ბარათებზე,  გახლდათ  ტაროს თამაშისთვის განკუთვნილი ბანქო. პირველად ეს აზრი გამოთქვა ფრანგმა მკვლევარმა კურტ დე ჟებელენმა.

ჟებელენი პირველი იყო ვინც ყურადღება მიაქცია ტაროს ბანქოს.  ის ამტკიცებდა, რომ ტაროს მივყავართ "ეგვიპტურ ტრადიციასთან". ჟებელენის წინაშე კაცობრიობა დავალებულია იმით, რომ მან პირველმა მიაქცია მოაზროვნე ადამიანთა  ყურადღება ბანქოს ფარულ საკრალურ მხარეზე. მანამდე ბანქო მხოლოდ აზარტული თამაშების საგანი გახლდათ. წიგნში "პირველყოფილი ბუნება" ჟებელენი აცხადებს თითქოს  ხელი მიუწვდებოდა ძველ ეგვიპტურ წიგნებზე, რომელიც ალექსანდრიის ხანძარს გადაურჩა. ძველ ეგვიპტურმა წიგნმა-ტაროს ბარათებმა სათამაშო ბანქოს სახით მოაღწია ჩვენამდე. 

ტაროს ბანქო ყოველთვის იყო ინტერესის ობიექტი. ის გამოჩნდა დაახლოებით 1100 წელს და შედგებოდა 78  ბარათისგან. ამბობენ, სწორედ მისგან გაჩნდა 52 ცალიანი სათამაშო და ასევე სამკითხაო ბანქო. თავიდან მას ერქვა "ნაბი"(იტალ.), რაც წინასწარმეტყველებას ნიშნავს. თავად სიტყვა ტაროს ეტიმოლოგია კი უცნობია. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ამ სიტყვის ეტიმოლოგია უკავშირდება ფრანგულ სიტყვას "tarot", რაც სავარაუდოდ გახლავთ ანაგრამა სიტყვისა "orta"-ordre dutemple-ტაძრელთა ორდენი. შესაძლოა ტაძრელები (ტამპლიერები) მართლაც ინახავდნენ ტაროს, მაგრამ მის გავრცელებაზე არაფერია ცნობილი. ნაპოლეონ III-ის სახალხო განათლების დეპარტამენტის ბიბლიოთეკარი კრისტიან პიტუა 1876 წელს გამოცემულ წიგნში"მაგიის ისტორია" წერს, რომ ეგვიპტის ცივილიზაციის მთავარი საიდუმლოებანი ასახულია ტაროს ბანქოზე და მათზე მოცემულია ყველაზე არსებითი, რაც იყო "თოთის წიგნში".

Saturday, 9 September 2017

ამოუცნობი ეგვიპტე_ამენთის დარბაზები



როცა თოთს ეგვიპტის დატოვების დრო მოუვიდა, მან აღმართა დიდი პირამიდა ამენთის დარბაზების შესასვლელთან, ჩაწერა ეს ქრონიკებში და ამ საიდუმლოების დასაცავად დანიშნა მცველები. მოგვიანებით, ამ მცველთა შთამომავლები პირამიდების რელიგიური მსახურნი გახდნენ, ხოლო თოთი ჩამოწოლილი წყვდიადის დროს, რაც მის წასვლას მოჰყვა, აიყვანეს სიბრძნისა და ჟამთააღმწერი ღმერთის რანგში.

გადმოცემით, ე.წ. ''დედამიწის საშო'' ანუ ''ამენთის დარბაზები" განლაგებულია 1600 კმ-ის სიღრმეზე პირამიდის ქვეშ. როგორც ამბობენ, ისინი არსებობს არა ამ მატერიალური სივრცის ოქტავაში( მაგიური 8), არამედ სივრცით კვანძში, რომელიც განცალკევებულია სხვა სივრცეებისგან. ამისთვის საჭიროა ჩვენი სივრცითი კვანძის დატოვება. არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ადგილი,  სადაც ამის განხორციელებაა შესაძლებელი: ოკლაჰომის გოგირდის წყაროები, შასტას მთა-კალიფორნიაში, შამბალა-ტიბეტში, ეგვიპტის დიდი პირამიდა, შავი ტყე-გერმანიაში, ბენარესი-ინდოეთში, ატლასისი მთები-აფრიკაში. ამენთის დარბაზები იგივე გამრუდებული სივრცეა-მეოთხე განზომილება, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება ჩვენ მესამე განზომილებას და შეერთებულია დიდ პირამიდასთან მეოთხე განზომილების დერეფნით. იქ თითქოს არსებობს ოთახი, რომელიც ფიბონაჩის პროპორციებზეა დაფუძნებული. ოთახის შუაგულში კუბია. კუბის თავზე ალი ჩანს. მისი სინათლე არის წმინდა პრანა-გონი, რომელიც პლანეტარულ ''კვერცხს" წარმოადგენს, რომლის დანიშნულებაა ადამიანისთვის ახალი ევოლუციის გზის ჩვენება და დაწყება.
 
დიდ პირამიდაში არსებობს ოთახი, რომლის ჩასასვლელი უსაფრთხოების მიზნით 1984 წელს დახურეს მნახველებისთვის და რკინის კარები დაუყენეს, ვინაიდან იქ მოხვედრილი ტურისტები ხშირ შემთხვევაში იღუპებოდნენ. გადმოცემით,  ეს ოთახი იყო "ჭა", სადაც მისტერიებში მონაწილე ნეოფიტს უნდა გაევლო სიმწიფის გამოცდები ფარაონის ოთახში მოხვედრამდე. ''ჭამდე''  მას უნდა ესწავლა ქურუმთა სკოლაში 24 წელი. თუ ინიციაციის მსურვლი წარჩინებით ისწავლიდა და ჩააბარებდა გამოცდებს, 24 წლის შემდეგ მას უშვებდნენ ''ჭასთან''. გადმოცემით, სწორედ ამ ოთახში იშლება ზღვარი მესამე და მეოთხე განზომილებას შორის და იქაა სივრცის კვანძი. ამიტომ იმ ადგილზე შიში და ყველანაირი აზრი მატერიალიზდება და ნეოფიტი ვარდება განსაცდელში (ეს ერთგვარი გამოცდა იყო), რომელიც მას წარმატებით უნდა გაევლო. 

ლეგენდის მიხედვით, ამენთის დარბაზები იქცა მიწისქვეშა სამყაროდ, ღმერთების დარბაზებად, სადაც სული გადადიოდა სიკვდილის შემდეგ, რათა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. მოგვიანებით თოთის სული გადადიოდა სხვების სხეულში "ზურმუხტის ფილაზე" აღწერილი ხერხის გამოყენებით.

 ასე გარდაისახა ის სამჯერ. ბოლო გარდასახვის სახელი იყო ჰერმესი-სამჯერ დაბადებული. გადმოცემით ჰერმეს ტრისმეგისტოსი ითვლება ჰერმეტული ტრადიციის დამფუძნებლად, რომელიც გააგრძელა ორფეოსმა, პითაგორემ, პლატონმა. ჰერმესის უცვლელი ატრიბუტი-კვერთხი-მაგიური ძალის შემკრები. კვერთხმა ჰერმესი ღმერთად და ღმერთების მაცნედ აქცია,  გახსნა სამი სამყაროს გზა: ღმერთთა სამყაროს, ადამიანთა სამყაროს და მიცვალებულთა სამყაროსი. ჰერმესის კვერთხს გარს ორი გველი აქვს შემოხვეული.

Friday, 8 September 2017

ამოუცნობი ეგვიპტე_თოთის წიგნი "ზურმუხტის ფილები"


უკანასკნელი ექვსი ათასი წლის წინ ეგვიპტელები წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ ველურ ტომებს-"მოხდა ისეთი რამ, რამაც გასაოცარ მოკლე დროში ნახევრად არაბული ტომების კონგლომერატი, რომელიც ნილოსის ნაპირებთან ცხოვრობდა, გადააქცია მაღალცივილიზებულ სახელმწიფოდ, რომელმაც 3000 წელი იარსება. მომხდარის შესახებ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ არქეოლოგიური მონაპოვრები  ბევრ მასალას იძლევა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი აღმოჩენები ყველაფერზე გაგვცემს პასუხს-ლეონარდ კოტრელი
ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით, თოთმა (მოგვიანებით ჰერმესი)-ატლანტთა ქურუმ მეფემ დააფუძნა კოლონია ძველ ეგვიპტეში. ის იყო დიდი პირამიდის ამგები. მან მოახდინა ატლანტთა ძველი ცოდნისა და სიბრძნის ინტეგრირება. 16 000 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტელთა ძველ რასას. თოთი უკვდავი იყო.  განუზომელმა სიბრძნემ  ის ბევრი კოლონიის მმართველად აქცია სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ჩათვლით.        

Monday, 28 August 2017

რატომ სცემენ თაყვანს მეტეორიტულ ქვებს_ქააბის შავი ქვა



გადმოცემით, მეფე სოლომონს ჰქონდა  საყვარელი ბეჭედი, ალექსანდრე მაკედონელს-გვირგვინი. ისინი არასდროს იშორებდნენ ამ თილისმებს, ვინაიდან ლეგენდის მიხედით, ეს ნივთები მეტეორიტული რკინისგან იყო დამზადებული.

ხალხი ყოველთვის თაყვანს სცემდა ციდან ჩამოვარდნილ საგანს. მეტეორიტული რკინისგან იარაღს ამზადებდნენ ეგვიპტელები, ინდიელები. ძველად ადამიანი მეტეორიტს თვლიდა  ღმერთების მატერიალურ განსახიერებად, რაც მას აქცევდა თაყვანისცემის ობიექტად. მეტეორიტის დავარდნის ადგილზე აგებდნენ საკულტო ნაგებობებს, ხოლო რკინის მეტეორიტებისგან ამზადებდნენ საკულტო თილისმებს, ამულეტებს. ოქროსთან, ვერცხლთან და სპილენძთან შედარებით ის უფრო მტკიცე, მყარი და ცეცხლგამძლე იყო.

ძველი ლეგენდები გვიამბობენ, რომ ჰუნთა ბელად ატილას, თემურლენგის, მეფე ართურის იარაღი ზეციური წარმოშობისა იყო. ყველა მითოლოგიაში მეტეორიტის ჩამოვარდნა ასოცირდებოდა იეროგამიასთან-ცის ღმერთისა და მიწის ქალღმერთის ქორწინებასთან. მეტეორიტის მიწაში ღრმად ჩავარდნა გახლდათ სიმბოლო ცისა და მიწის შერწყმისა და ახალი სიცოცხლის დაბადებისა.

Thursday, 17 August 2017

რას ეყრდნობა ინდოელთა რწმენა იესოს საფლავის ქაშმირში არსებობის შესახებ



როზაბალი სხვადასხვა ისლამურ, ბუდისტურ, სანსკრიტულ პირველწყაროებში მოხსენიებულია როგორც იესო ქრისტეს საფლავი, რომელიც მდებარეობს ქაშმირში.

X საუკუნის ირანელი ისტორიკოსი შეიხ ალ-საიდ-უს-სადიკი მის ცნობილ ნაშრომში "იქმალ-უდ-დინი" მოგვითხრობს იესოს თოთქოსდა ინდოეთში ორ მოგზაურობაზე და მისი იუზ ასაფის სახელით გარდაცვალებაზე ქაშმირში. ეს წიგნი გამოიცა ირანში 1883 წელს. მოგვიანებით  წიგნი თარგმნა გერმანელმა აღმოსავლეთმოცოდნემ მაქს მიულერმა. წიგნში იუზ ასაფის იგავია მთესველზე, რომელიც ჰგავს იესოს იგავს მათეს სახერებიდან.-"გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას ჩავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი.  ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა.  ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.  ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი.  ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი."- მთესველი ბრძენია, ხოლო თესლები მისი ბრძნული სიტყვები.  ფრინველთა აკენკილი თესლები იმ ადამიანებს ჰგავს, ვისაც არ ესმის სიტყვის. კლდოვანზე დაცვენილი თესლები,-ერთ ყურში შესული და მეორედან გამოსული ბრძნული სიტყვები.  ეკლებში დათესილი ის არის, ვისაც ნამდვილად ესმის და ხედავს, მაგრამ არაფერს აკეთებს.  ხოლო კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას, გონებით ჩასწვდება მას და შესაბამისად მოიქცევა.

Saturday, 12 August 2017

აზგარდი_რას ეძებდა ჰიტლერი კავკასიაში



აზგარდი ძველი გერმანული და სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით გახლავთ ღმერთ დემიურგების მიერ შექმნილი სამი სამყაროდან ერთ-ერთი.  მიდგარდის (ადამიანების სამყარო) და ჰელჰეიმისგან (მიწისქვეშა სამყარო) განსხვავებით ესაა ღმერთების საუფლო. ის ზეცაშია და განასახიერებს მომავალს. აზგარდი ადამიანთა სამყაროსთან  დაკავშირებულია ზეციური ხიდით-ცისარტყელით. ეს სიახლოვე შემთხვევითი არ გახლავთ. თვლიდნენ, რომ სამყაროები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. და როცა ადამიანთა სამყარო დაიღუპება, აზგარდიც დაინგრევა, ვინაიდან ის აგებულია ძლიერი იფან იგდრასილის ტოტების გარშემო, რომელიც იზრდება მიდგარდში. ყველა ღმერთი ერთად ცხოვრობს, მაგრამ ყოველ მათგანს აქვს საკუთარი სასახლე. ოდინის სასახლეს ვერცხლის სახურავი აქვს. აზგარდში მდებარეობს ვალჰალაც, ომში დაღუპულ გმირთა სავანე. ვალჰალაში მოხვედრა ყველა მეომრის ოცნებაა. კედლებში 540 კარია. საჭიროების შემთხვევაში, ყველა კარიდან 800 მეომარი გამოვა 540 X 800=432000. ეს ციფრი მათემატიკურად დაკავშირებულია პრეცესიასთან, ანუ ამდენი წელი სჭირდება მზეს ბუნიობისას პრეცესიის შედეგად გადაინაცვლოს 60 გრადუსით, გაიაროს ორ ზოდიაქალურ თანავარსკვლავედში. ვალჰალაში მოხვედრაზე ოცნებობდა ყველა ვანდალი თუ სკანდინავიელი და არა მარტო ისინი. ედების მიხედვით, ირკვევა, რომ ''არიელები'' გერმანიასა და სკანდინავიაში იყვნენ მოსულები. სწორედ ამ გადმოცემებს ეყრდნობოდა ჰიტლერი.

Thursday, 10 August 2017

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი III )




ბოლო დროს ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს საბერძნეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის, ეგეოსის ცივილიზაციის წარმომადგენელთა ჩონჩხების დნმ-ის ანალიზების სერია. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეგეოსის ცივილიზაციის წარმომადგენლები ძირითადად ფერმერები იყვნენ. ისინი იქ დაფუძნდნენ ათასეული წლებით ადრე.


მეცნიერებმა გამოიკვლიეს კრეტა-მინოსის ცივილიზაციის სამარხები. (1600-1100 ჩვ.წ.აღ-მდე). ეს ცივილიზაციები განვითარებული დამწერლობით პირველები იყვნენ ევროპის ტერიტორიაზე. მაგრამ საიდან მოვიდნენ ისინი და როგორ ქმნიდნენ საკუთარ უნიკალურ კულტურას ჯერაც გამოსაკვლევია.

Tuesday, 8 August 2017

უძველესი ლამპების მუდმივი ნათების საიდუმლო


თურმე ჯადოსნური ლამპები მხოლოდ "ათას ერთი ღამის" ზღაპრებში არ არსებობდა, მათზე გვაწვდიან ცნობებს ანტიკური ხანის ავტორები.

მუდმივ მანათობელი ლამპები, რომელიც ჭვარტლის გარეშე იწვოდა, ხშირადაა ნახსენები მატიანეებში, რაც თავისთავად იწვევდა მეცნიერთა დიდ ინტერესს. ეგვიპტის პირამიდების აქამდე გადუწყვეტი გამოცანაც სწორედ ამ კითხვის წინაშე გვაყენებს: როგორ ახერხებდნენ ძველი ეგვიპტელები კედლების ფრესკებით მოხატვას სიბნელეში ისე, რომ  კვამლის კვალი არ ჩანს?

სავარაუდოდ არსებობდა მუდმივ მანათობელი ლამპები. ამ  ლამპების აღმოჩენას მიაწერენ ძველ ეგვიპტელებს. მათი წარმოდგენით  ასტრალური სხეული მუმიის ახლოს იმყოფებოდა სამი ათასი წლის განმავლობაში და მუმიაზე მიმაგრებული იყო მაგნიტური ძაფით, რომლის გაწყვეტა მიცვალებულს მხოლოდ საკუთარი ძალით შეეძლო. ეგვიპტელებს იმედი ჰქონდათ, რომ მუდმივ მანათობელი ლამპა, უხრწნელი და უკვდავი სულის სიმბოლო, აიძულებდა სულს დაშორებოდა  მიწიერ სამყოფელს და სამუდამოდ შერწყმოდა საკუთარ ღვთიურ "მე"-ს. ამიტომ ჰკიდებდნენ მდიდართა სამარხებში ასეთ ლამპებს. ტიტუს ლივიუსი წერდა, რომ ძველ მემფისში შესაძლებელი იყო ბევრი ასეთი ლამპის ნახვა.

Tuesday, 1 August 2017

მონოატომური ოქროს "თეთრი პური" და მისი დანიშნულება



კარნაკში ტაძრის ბარელიეფზე გამოსახულია თუთმოს III-ის განძეული. მეტალთა ნაწილში მოჩანს რამდენიმე კონუსური საგანი. განმარტებაში წერია, რომ ისინი დამზადებულია ოქროსგან, მაგრამ მათზე გაკეთებულია უცნაური წარწერა "თეთრი პური". ფარაონ თუთმოს III-მ სწორედ კარნაკში დაარსა "განათლებულ ხელოსანთა" მეტალურგიული კავშირი. 39 მათგანი შემდეგ შევიდა უმაღლეს საბჭოში. მათ "დიდი თეთრი საძმო" უწოდეს. ამ სახელწოდების მინიჭება განაპირობა საიდუმლო ფხვნილთან დაკავშირებით მიღებულმა გამოცდილებამ.

ფხვნილმა თავი იჩინა  ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ერთ-ერთ დოკუმენტშიც "Iter Alexandri ad Paradisum". ეს გახლავთ ლეგენდა ალექსანდრე მაკედონელის მოგზაურობაზე სამოთხეში, აჰურა მაზდას საუფლოში. აჰურა მაზდა სინათლის ღვთაება გახლდათ სპარსელებისთვის.  ფხვნილი კი სინათლესთან ასოცირდებოდა.

Tuesday, 11 July 2017

სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი III)



გაურკვეველ ვითარებაში გააქრეს უმრავი ხელნაწერი პირველწყარო რომაელებმა 146 წ. ჩვ.წ.-მდე გადამწვარი კართაგენიდან. კართაგენში არსებულ  ბიბლიოთეკებზე საუბრობს პლინიუსი. თითქოს სენატის ბრძანებით  დაწვეს წიგნები, ხოლო გადარჩენილი გადასცეს ნუმიდიის მეფეებს. ცნობა შემორჩა კართაგენელი აგრონომ მაგონის ლათინურად თარგმნილი ნაშრომის შესახებ სოფლის მეოურნეობაზე 28 წიგნად. კართაგენელბს ჰქონდათ წიგნები გეოგრაფიაზეც. ცნობილია კართაგენელ მეზღვაურთა ჰანონისა და ჰიმილკონის წერილობითი ანგარიშების შესახებ. რომაელები აფრიკის აღწერისას იყენებდნენ კართაგენულ წყაროებს. კართაგენში რელიგიური ლიტერატურაც არსებობდა. პლუტარქე გვამცნობს კართაგენელთა ტაძრებში შენახულ"წმინდა წერილებზე", რაზეც ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ ქურუმებსა და ზიარებულთ. კართაგენიდან იყვნენ წარმოშობით კლიტომახე (ჰასდრუბალი) და ჰერილ კართაგენელი, მწერალი ტერენციუს პუბლიუს აფრი, ისტორიკოსი ხარონ კართაგენელი.

Sunday, 9 July 2017

სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი II)



არაბთა ხალიფატი ბიბლიოთეკების ნაკლებობას არ გაანიცდიდა. ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებში მოქმედებდა ბიბლიოთეკა და მათი ფონდები ათი ათასობით წიგნს ითვლიდა. ხალიფ ალ-ჰაკიმის (ომეიდების დინასტიიდან) გარდაცვალების შემდეგ , რომელიც კორდოვას მმართველიც იყო, განადგურდა კაიროს ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის ორმოც დარბაზში ინახებოდა 600 000 ხელნაწერი წიგნი. ჯარისკაცებმა წიგნები გაუცემელი ჯამაგირის სანაცვლოდ დაიტაცეს. ვეზირმა კუთვნილ სახელფასო ვალში ოცდახუთი დატვირთული აქლემით გაიტანა ძვირფასი წიგნები. არანაკლებ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა დამასკოს ბიბლიოთეკა.  ქალაქის დაპყრობის შემდეგ ჯარისკაცებმა მდინარე ბარადას მეორე მხარეს გადასასვლელად ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნებით გადახერგეს ის და გადასასვლელი მოიწყვეს.


Saturday, 8 July 2017

სად გაქრა უძველესი ცოდნის ამსახველი ხელნაწერი წიგნები ალექსანდრიისა და სხვა ცნობილი ბიბლიოთეკებიდან (ნაწილი I)



 ქალაქ ალექსანდრიისა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაარსება მაკედონელის სახელს უკავშირდება. ეს დასახლებული პუნქტი იმ დროს აღნიშნული იყო როგორც მეცნიერთა და მკვლევართა ქალაქი.  მას რომის შემდეგ მეორე ქალაქად იხსენებდნენ. აქ იყო ალექსანდრე მაკედონელის აკლდამაც, პტოლემეოსების, იულიუს კეისრის, მარკუს ანტონიუსის  სასახლეები. ალექსანდრე მაკედონელის იდეას ფრთა შეასხა პტოლემეოს I-მა. მან მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრია ეგვიპტის დედაქალაქად აქცია. გადმოცემით ბიბლიოთეკის შექმნისთვის მიიწვია დემეტრიოს თალერსელი (ათენის მმართველი). ისტორია დემეტრიოს თალერსელზე მოგვითხრობს, როგორც თავისი ქვეყნის მოდის დამკანონებელზე-პირველი ათენელი ვინც თმები გაიქერავა წყალბადის ზეჟანგით. მოგვიანებით თანამდებობიდან გადააყენეს და თებეში გაემგზავრა. ფარაონ პტოლემეოსმა მას ალექსანდრიაში დასახლება შესთავაზა. სავარაუდოდ სწორედ მაშინ უნდა დაეარსებინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაც. დემეტრიუს თალერსელის რჩევით პტოლემეოს სოტერმა ათარგმნინა ბერძნულად ძველი აღთქმა, რაც ლეგენდის მიხედვით, განახოციელა სამოცდაათმა საუკეთესო მთარგმნელმა. რის შემდეგ მიიღო "სეპტუაგინტას"სახელწიდება. ამ საქმის მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ თეოფრასტე (არისტოტელეს მოწაფე). თეოფრასტეს მაკედონელისგან მემკვიდრეობით დარჩა ორმოცი ათასი წიგნი, რომლის შეგროვება არისტოტელემ მოახერხა მაკედონელის ლაშქრობების დროს. დემეტრიუსის რჩევით ეს წიგნები გამოისყიდეს თეოფრასტესგან.  ამ წიგნებით ჩაეყარა საფუძველი ალექსანდრიის ბიბლიოთეკას. შენობა გახლდათ ერთი აკადემიური კომპლექსი, სადაც ბიბილიოთეკის გარდა  განთავსებული იყო  ობსერვატორია, ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი.

Thursday, 29 June 2017

რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები ( ნაწილი II )



ლაბირინთის გამოსახულება შეიცავს საკრალური გეომეტრიის არავერბალურ გზავნილს, რაც ნათლად ჩანს თუნდაც ამ სურათზე, სადაც მანდალის ფორმის ლაბირინთს გარშემო სიცოცხლის ყვავილები აკრავს. ლაბირინთს მანდალის ნაირსახობადაც კი მიიჩნევენ, მაგრამ ისეთ მანდალად, რომელსაც გააჩნია მოძრაობის მიმართულება  და აქვს ღია შესასვლელ-გამოსასვლელი. ამასთან, როგორც წესი მანდალის საკრალური სივრცე გარშემორტყმულია სპეციალური დამცავი კვადრატით. ამგვარად, მანდალა ლაბირინთით გვიხსნის იმას, რაც მას შუამავალს ხდის ზეგრძნობად სამყაროსა  და ხილულ ფორმებს შორის, სადაც ვარსებობთ. ლაბირინთ-მანდალის მეორე შესაძლებლობა დაკავშირებულია მის შიდა ფიზიკურ მოძრაობასთან, თუ რა თქმა უნდა, მას გააჩნია დიდი ზომები. ლაბირინთის ტიპოლოგიური კლასიფიკაციისას ძირითადი ყურადღება ექცევა გეომეტრიულ ფორმებს, რომელიც მის საფუძველში დევს. ყველაზე გავრცელებული ძველი ლაბირინთის ფორმებია: სხვადასხვა სპირალი, ჯვრები და სვასტიკები.

Tuesday, 27 June 2017

რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები ( ნაწილი I )



ლაბირინთი-ეს სიტყვა იდუმალებითაა მოცული, ყოველთვის დიდ დისკუსიებს იწვევდა და იწვევს. გამოქვაბული იყო ადგილი, სადაც სრულდებოდა ინიციაცია. ლაბირინთი წინ უსწრებდა ინიციაციას გამოცდების სახით. ეს გახლდათ გამოქვაბულისკენ მიმავალი  გზა წინააღმდეგობების გადალახვის საშუალებით. ის მისასვლელს უკეტდა უზიარებელთ. ლაბირინთი არის საინიციაციო ადგილი, ასევე, მისტერიებისთვის განკუთვნილი სალოცავის შესასვლელი.  დასაბამიდან ლაბირინთს იყენებდნენ ინიციაციურ გამოქვაბულთან მჭიდრო კავშირში. გამოქვაბული შეიძლება იყოს ადგილი ინიციაციური სიკვდილისა და მეორედ დაბადებისა, რომლის საშუალებით ხდებოდა ჯოჯოხეთში შთასვლა და ასევე დედამიწის ზედა სფეროებში ასვლა.

ლაბირინთი დახლართული სტრუქტურაა, რომელიც განსაკუთრებული ძალის მქონე ადგილს იცავს და ზღუდავს იქ მისასვლელს. ეს ზონა არის ორ სამყაროს შორის გადასასვლელი, ხოლო თავად ლაბირინთი სიმბოლური ჭიშკარი.

 ყველაზე უძველესი ლაბირინთი აღმოჩენილია კუნძულ სარდინიაზე 1965 წელს''ტომბა დე ლაბირინტოს', რომელიც ისტორიამდელ სამარხზეა გამოსახული.



 ჩვეულებრივი ადამიანისთვის სიტყვა ლაბირინთი ასოცირდება ''არეულ გასასვლელებთან''. ელინამდელი ლაბირინთი ასეთ წარმოდგენას არ ჰქმნიდა. უძველესი ლაბირინთები არ იწვევდა დაბნეულობას. მასში დაკარგვა შეუძლებელი იყო, ვინაიდან არ იყო გზაჯვარედინები და განშტოებები. შესასვლელიდან გზა მიდიოდა ცენტრისაკენ.

Sunday, 18 June 2017

გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან ( ნაწილი II)



როგორც უკვე აღვნიშნე ბერილუსი კაპადოკიელი იყო. ის აღმოსავლეთიდან იყო ჩასული დასავლეთში. კაპადოკიელი იყო ნინო ქართველთა განმნათლებელიც. ნინოს მამა ზაბილონი რომის სამსახურში იყო და თავი გამოიჩინა ფრანკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მოიგო ბრძოლა და ბევრი ტყვედ აიყვანა. ტყვეებმა მას ქრისტიანულად მონათვლა სთხოვეს. ზაბილონმა გაიხარა, მონათლა ტყვეები და თავისუფლება მიანიჭა.ზაბილონი ფრანკთა განმანათლებელი გახდა. მოგვიანებით ის დაქორწინდა და შეეძინა ნინო ქართველთა განმანათლებელი. ტიტურელის წინაპარი ბერილუსიც ფრანკთა განმანათლებელი იყო და ამავე დროს მათი მეფეც. ქრისტიანული დოგმატიკის დამფუძნებლებად გვევლინებიან კაპადოკიელი მამები: ბასილი დიდი კესარიელი,  გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი.

Saturday, 17 June 2017

გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან (ნაწილი I)



მკვლევართა აზრით ტერმინი "გრაალი'' მომდინარეობს ძველპროვანსულიდან. სავარაუდოდ მისი ძირი კაპადოკიურია-"გრაცალ''. გრაალის მიმდინარეობა კაპადოკიაში მცხოვრებ ქართველურ ტომებს უკავშირდება. ქართლში არსებობს ამჟამად ყველასთვის კარგად ცნობილი სოფელი გრაკალი.

კაპადოკიელთა ქართულ სამყაროსთან კავშირზე ყურადღება გაამახვილა გერმანელმა მეცნიერმა კარლ ჰოლმა. პირველწყაროებზე დაყრდნობით მან ცხადყო, რომ ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში მცირე აზიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ადგილობრივ ენებზე მეტყველებდა. ამ მხრივ, ყველაზე მკვეთრ სურათს იგი კაპადოკიის მაგალითზე იძლევა. ანტიკური სამყაროს მკვლევარი მომზენი ხაზს უსვამს, რომ კაპადოკია რომის იმპერიის საწყის ხანაში სრულებითაც არ იყო ბერძნული. რანოვიჩი აღნიშნავს, რომ ბერძნულ და ლათინურ ენებზე მხოლოდ ქალაქის მაცხოვრებლები და მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საუბრობდა კაპადოკიაში. გადმოცემით, გრაალის პირველი მფლობელი გახლდათ ტიტურელი (კაპადოკიელი). გრაალის მოძრაობა შეიქმნა ჯერ კაპადოკიაში, შემდეგ პროვანსში და ლანგდოკში, სადაც ცხოვრობდა ძველი იბერიული მოსახლეობა.

Thursday, 15 June 2017

რიტუალური გამოქვაბული ტაილანდში



დედამიწაზე ბევრია ისეთი ადგილი არქეოლოგებსა და მეცნიერებს რომ იზიდავს. ასეთ ადგილებს განეკუთვნება ტაილანდში მდებარე გამოქვაბული, სადაც თავმოყრილია ადამიანის უამრავი ჩონჩხი. ამ გამოქვაბულს რიტუალური დანიშნულება ჰქონდა.

დევიდ ვოდლმა ცხოვრება ტაილანდის შესწავლას მიუძღვნა. იგი დაინტერესებული იყო სხვადასხვა ხალხის წეს-ჩვეულებების, რწმენისა და კულტების შესწავლით, რომელიც გავრცელებული იყო მოცემულ ტერიტორიაზე ძველად. XVI საუკუნის ჰოლანდიელი მოგზაურის  ჩანაწერების შესწავლისას, მან აღმოაჩინა ერთი ჩანაწერი ტაილანდის ჩრდილოეთით მცხოვრებ ტომზე. ეს ტომი ცხოვრობდა ჩაკეტილ სოციუმში. უკვე მაშინ დადიოდა ლეგენდები ამ მცირერიცხოვანი ხალხის დაუნდობლობაზე. ჰოლანდიელი მოგზაურის გადმოცემით  ბევრ საშინელ ამბავს ყვებოდნენ ამ პატარა ეთნოსზე.

მეცნიერზე ისე იმოქმედა ამ ჩანაწერებმა, რომ მან მოისურვა იმ ადგილის ნახვა და იქ არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. ჩანაწერებში ნახსენები იყო მოკლული მტრების ჩონჩხებით სავსე რიტუალური გამოქვაბული, სადაც  დიდი განძი ინახებოდა.

Sunday, 11 June 2017

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი II )

                                                         

 ნოსტრადამუსის მე-5 ცენტურის 54-ე კატრენში წერია:                                                                   "შავი ზღვიდან და დიდი ტარტაროსიდან გამოჩნდება მეფე, 
რომელიც მოვა იმისთვის, რომ შეაზანზაროს  გალია
(საფრანგეთი), ის გამოაღვიძებს ჩრდ. კავკასიასა და
ამიერკავკასიას, ბიზანტიაში (საბერძნეთი)                                                                                დატოვებს თავის გამაფრთხილებელ კვერთხს".               

ლუის სპენსი გახლდათ შოტლანდიელი მეცნიერი, მკვლევარი და ჟურნალისტი. ის დაინტერესებული იყო თემით, რომელიც სტატიის სათაურად გვაქვს გამოტანილი. საკუთარი კვლევის შედეგებს წიგნად აქვეყნებდა. გაგაცნობთ მის საინტერესო მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით.

სპენსის აზრით პლატონის მიერ ატლანტიდიდან შემოჭრის მითითებული, მიახლოებითი თარიღი ემთხვეა აზილიურ-ტარდენოაზიური ხალხების-იბერიული რასის ევროპაში განსახლების ხანას. ასევე აფრიკაში გადასახლებას-"ლიბია ეგვიპტემდე და ევროპა ეტრურიამდე წარმოადგენს რეგიონებს, სადაც პროტოიბერებმა ჰპოვეს სამშობლო. მათ ეკუთვნის მშვილდის გამოგონება. მამაკაცებს ჰქონდათ გრძელი თმა და გვირგვინის ფორმით იმაგრებდნენ მას." ლუის სპენსს მიაჩნდა, რომ ატლანტიდა დაიპყრო რასამ, რომელიც ჰგავდა ჩრდ.აფრიკის ბერბერებს ე.ი. იბერებს-მაღლები, კარგი აღნაგობისანი, მუქთმიანნი და წაბლისფერთმიანნიც, ნაცრისფერი ან ცისფერთვალება და ძალიან ჰგავდნენ კანარის კუნძულების გუანჩებს. სავარაუდოდ გუანჩები მათი შთამომავალნი უნდა იყვნენ. ბევრი მკვლევარი საუბრობს კანარის კუნძულების აბორიგენთა ბერბერულ ან იბერიულ ფესვებზე.

Saturday, 10 June 2017

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი I )

                                                                        ევროპის ხალხთა კარიბჭე კავკასიის                                                                                          ირგვლივ და  პონტოს სანაპიროზეა-                                                                                                                        კარლ რიტერი                                                                                                                      


როგორც ცნობილია ვილჰელმ ჰუმბოლდტს ეკუთვნის თეორია პროტოიბერიული, მედიტერანული რასის შესახებ. რაც გულისხმობს იმას, რომ სამხრეთ ევროპის: პირენეეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი მოსახლეობა იყო იბერიული. ძველ იბერთა გავრცელების არეალი ინდოეთსა და პალესტინასაც წვდებოდა. ჰუმბოლდტი მიუთითებდა იბერიული და სიცილიური სახელწოდებების მსგავსებაზე და აღნიშნავდა, რომ ესპანეთისკენ მიმავალ გზაზე იბერებმა შეიარეს სიცილიაში, იბერები სახლობდნენ სარდინიასა და კორსიკაზე, საიდანაც იძულებით გადასახლდნენ დასავლეთში. "ნათლად ჩანს, რომ სიკანები იყვნენ სიკულების მონათესავენი. სიცილიის ავტოხთონური მოსახლენი იყვნენ იბერები.  ლიგურები-დიდი ტომი უძველეს დროს სახლობდა ევროპის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში. იბერებს ეკავა კელტების შემოჭრამდე მთელი გალია, უმბრების, სამნიტების, ოსკების, ეტრუსკების დამიკვიდრებამდე."

ხშირად მიმდინარეობს დავა "იბერი"-ს ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით. გამოითქმება აზრი, თითქოს დასავლეთში მოსახლე იბერებს არაფერი აკავშირებდათ ჩვენ ძველ წინაპრებთან. ს. ჯანაშია მიიჩნევდა, რომ ყველა სხვა ხალხი ვისთვისაც აღმოსავლეთ ქართველნი ცნობილი იყვნენ ან არიან, ხმარობს ქართველთა ტომის და ეროვნების აღსანიშნავად ტერმინს არა ''ქართველ''–ს, არამედ სხვა სახელწოდებებს, რომლებიც სათანადო ანალიზის შედეგად ყველა ერთ ფუძეზე დადის. ეს არის ''იბერი''. ეს სატომო სახელი შესულია ბერძნულ მწერლობაში და აღნიშნავს ქართველ ხალხს. რომაელებმა ქართველთა აღსანიშნავად დაამკვიდრეს სახელწოდება ჰ ი ბ ე რ ი (Hiber).

Friday, 9 June 2017

შამბალა_მითიური ქალაქი, რომლის ნახვას ბევრი ოცნებობს



იდუმალებით მოცული ტიბეტი ყოველთვის იყო არამარტო ფილოსოფოსთა და მისტიკოსთა, არამედ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღების ცენტრში. სადღაც ჰიმალაის მთებს იქით მდებარეობს იდუმალი შამბალა. იქ მცხოვრებნი მართავენ მთელი მსოფლიოს ბედს.

გადმოცემით, შამბალა წმინდა ადგილია, სადაც მიწიერი სამყარო ზიარი ხდება შემეცნების უმაღლეს მდგომარეობასთან. აღმოსავლეთში იციან, რომ არსებობს ორი შამბალა: ერთი მიწიერი, ხოლო მეორე-უხილავი. მიწიერი შამბალას მდებარეობის შესახებ გამოთქმულია სხვადასხვა ვარაუდი. ერთის მიხედვით, ეს ადგილი მდებაორეობს უკიდურეს ჩრდილოეთში. ამბობენ, რომ ჩრდილოეთის ნათება უხილავი შამბალას სხივებია. ტიბეტში შამბალას ძველი სახელწოდება გახლდათ ჩანგ-შამბალა, რაც იგივე ჩრდილოეთის შამბალაა. ზოგიერთის აზრით, შამბალა მდებარეობს პამირში, თურქმენეთში, ან კიდევ ცენტრალურ გობში (მონღოლეთი).

სიანტერესოა, რომ ბევრი სხვა გამოგონილი მაგიური ადგილებისგან განსხვავებით, შამბალა რატომღაც აღნიშნულია ძველ რუკებზე.

ტიბეტელ ბუდისტებს მიაჩნიათ, რომ შამბალა მდებარეობს ჰიმალაებს მიღმა, ბროლის მთის ძირში. იდუმალ ქალაქში ცხოვრობენ მასწავლებლები. ისინი კულისებიდან მართავენ მთელი კაცობრიობის ბედს. იქ მოხვედრა ყველას არ ძალუძს-მხოლოდ მას ვისაც აქვს სუფთა გული და ნათელი სული. ასეთებისთვის იხსნება შამბალას კარი.

Wednesday, 7 June 2017

საოცარი "ცისფერი ხვრელი" და ეშმაკის ჭა



"ცისფერი ხვრელი" ვერტიკალური წყალქვეშა ქვაბულია, რომელიც მდებარეობს დაჰაბიდან 15 კილომეტრში უდაბნოს სანაპიროზე, წითელ ზღვაში. ამ ადგილს მყვინთავთა სასაფლაო შეარქვეს, ვინაიდან საყვინთავად ყველაზე საშიში ადგილია. მყვინთავები ეშვებიან ჭაში ell bells, რომელსაც  ეშმაკის ჭა შეარქვეს, გადალახავენ რიფებს და ამოდიან ცისფერი ხვრელიდან. მაგრამ უცნაური შემთხვევითობის გამო გამოცდილი მყვინთავები,  პროფესიონალური აღჭურვილობითაც კი, ბნელ სიღრმეთა მსხვერპლად იქცევიან ხოლმე.



არსებობს ადგილობრივი ლეგენდა, რომ უხსოვარ დროს აქ ცხოვრობდა ემირი. მას ჰყავდა ქალიშვილი. როცა ემირი საომრად მიდიოდა, მისი ქალიშვილი ორგიებს აწყობდა ადგილობრივ ყმაწვილებთან. მის უზნეობაზე ხმები რომ არ გასულიყო სასახლის კარს მიღმა, ემირის ქალიშვილი ყმაწვილებს   ორმოში ახრჩობდა. საბოლოოდ ემირმა მაინც შეიტყო საკუთარი შვილის სამარცხვინო საქციელის ამბავი და ბრძანა  დაესაჯათ ის. ემირის ქალიშვილი გადახტა ცისფერ ხვრელში და თან დაიმუქრა, რომ  ყველას თან წაიყვანდა ვინც ამ წყალში შესვლას გაბედავდა.

ეს ამბავი თუ ფანტასტიკას ჰგავს, სამაგიროდ ადამიანთა აქ დაღუპვა სავსებით რეალურია. დაღუპულ მყვინთავთა სამახსოვროდ სანაპიროზე მემორიალური დაფებიც კი გაკეთდა.

Saturday, 3 June 2017

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_ნურაგები, სარდინიის დიდი საიდუმლო



კუნძულმა სარდინიამ უძველეს დროს სახელი გაითქვა მცენარით, რომელიც აქ იზრდება-
sardonik hebra. ამ მცენარეს პატარა დოზით იყენებდნენ, როგორც ფსიქოტრონულ საშუალებას, ხოლო დიდი დოზით ის საწამლავია და მიღებისთანავე კლავს ადამიანს,
რასაც თან ახლავს კრუნჩხვები. მიცვალებულს სახეზე აღებეჭდება ერთგვარი ღიმილი.
სწორედ ამიტომ ბოროტ და დამცინავ ღიმილს სარდონულსაც უწოდებენ.

პირველი ადამიანები სარდინიაზე გამოჩნდნენ 10 ათასი წლის წინ. სავარაუდოდ ისინი აქ მოსული იყვნენ კუნძულ კორსიკიდან. ნეოლითის ხანაში კი კუნძულ სარდინიაზე გამოჩნდნენ იბერები, ეტრუსკები. მოგვიანებით მიემატნენ ჩრდ. აფრიკის მოსახლენი და ბერძნები. ახალმოსულნი მშვიდობისმოყვარენი იყვნენ. არქეოლოგიური გათხრებისას ძალზედ ცოტაა აღმოჩენილი იარაღი. კუნძულზე ვერ ნახავთ ციხესიმაგრეს. როგორც ჩანს, სოციალური სტრუქტურა საკმაოდ დემოკრატიული იყო. სარდინიაზე ძვ.წ. აღ. მე-3 ათასწლეულში უკვე არსებობდა დიდი ქვის ნაგებობები-მეგალითები, რომელიც "ოციერის" კულტურის სახელწოდებითაა ცნობილი. ნურაგამდელი ხანა დაახლოებით ჩვ.წ. აღ.-მდე 3800-2900წ.-ს განეკუთვნება.

Thursday, 1 June 2017

დაკარგული კუნძული ენვაიტენეტი



კუნძული ენვაიტენეტი მდებარეობს რუდოლფას ტბაზე, ჩრდილოეთ კენიაში. ესაა რამდენიმე კილომეტრიანი ხმელეთი, რომელიც საკმაოდ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. შემთხვევითი არაა, რომ ადგილობრივები მას უწოდებენ დაუბრუნებელს. იქ წასულთაგან არავინ დაბრუნებულა უკან.

კუნძულის მთელი სანაპირო ნიანგებსა და შხამიან გველებს-სამეფო კობრებს აქვს ოკუპირებული. ისინი იმალებიან ქვების ქვეშ და სილაში. ვინც ნიანგებსა და გველებს გადაურჩება, მას მაინც არ ასცდება კუნძულის წყევლა. ეს ლამაზი კუნძული დროდადრო  ბურუსში ეხვევა და რაღაცას მალავს.

ენვაიტენეტის კუნძულზე ადამიანთ საიდუმლო გაქრობის ისტორია იწყება 1630 წლიდან. იმ დროს რამდენიმე ოჯახმა გადაწყვიტა დამალოდა  მონათა მოვაჭრეებს. ამისთვის ამოირჩიეს რუდოლფას კუნძული ტბაზე. იქ მისულებმა შეამჩნიეს  მცენარეების  უცნაური ზურმუხტისფერი მწვანე ფერი. კუნძულზე ცხოველები და ფრინველები არ ჩნდა. უჩვეულო იყო ასევე გლუვი მოყავისფრო ქვების მოულოდნელი გაქრობა და შემდეგ კვლავ გამოჩენა. ქვები გროვებად ეწყო, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გააპრიალა.

კუნძულს თავშეფარებულნი შეეჯახნენ მისტიკური მოვლენების მთელ წყებას. ახალ მთვარეობისას ყოველთვის ისმოდა საშინელი ყვირილი და ხნგრძლივი კვნესა, რომელიც საათზე მეტხანს გრძელდებოდა ხოლმე. ახალმა მოსახლეებმა გაარკვიეს, რომ კუნძულის ზოგიერთი ადგილზე გადასვლა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ხის ტოტები ერთმანეთზე იყო გადახლართული. ამასთან, ღამით მათ აწუხებდა კოშმარები: სიზმარში ხედავდნენ იდუმალ არსებებს, რომელიც ბუნდოვნად ჰგავდნენ ადამიანებს.

უცნაური რამ მოხდა 1935 წელს, როცა კენიაში ბრიტანეთის ეთნოგრაფიული ჯგუფი მუშაობდა. კუნძულ ენვაიტენეტზე, ტბა რუდოლფას მახლობლად ჩავიდა ორი მეცნიერი  რათა ადგილობრივი ტომის ცხოვრება შეესწავლა. ისინი ყოველდღე  კოლეგებს შეტყობინებას უგზავნიდნენ. მას შემდეგ რაც შეწყდა მათგან შეტყობინება, მაშველთა ჯგუფმა იქაურობა თავდაყირა დააყენა, მაგრამ მეცნიერთა კვალს ვერსად მიაგნო. ძებნაში აბორიგენებიც ჩაერთვნენ, მაგრამ უშედეგოდ. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ და მეცნიერთა იდუმალებით მოცული გაქრობა დღესაც არაა გახსნილი.

კუნძულის პირველი მოსახლენი ამბობდნენ, რომ ქვები და მცენარეები მათ დასახლებაში ხშირად იკარგებოდა, მერე ისევ ჩნდებოდა, მაგრამ უკვე სხვა ადგილას. სავსე მთვარეობისას მათ ხშირად ესმოდა საშინელი ღრიალი დედამიწის სიღრმიდან, რაც ხანდახან რამდენიმე საათს გრძელდებოდა. მოსახლენი ირწმუნებოდნენ, რომ კუნძულზე მოჩვენებები სახლობენ-ადამიანისმაგვარი ნახევრად გამჭვირვალე არსებები. მათთან შეხვედრის შემდეგ ტომის წევრებს დროებით დამბლა ეცემოდა. ამ არსებების ყოველი გამოჩენის შემდეგ, კუნძულზე ტრაგედია ხდებოდა. ვინც გადაეყრებოდა მათ, იღებდა სერიოზულ ჭრილობებს, ავად ხდებოდა და კვდებოდა.

Wednesday, 24 May 2017

რა საიდუმლოს ინახავს კინტა დე რეგალეირას სასახლე



ლისაბონიდან 30 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ სინტრაში მდებარეობს იდუმალებით მოცული კინტა დე რეგალეირას მამული. მნახველი გაოცებაში მოჰყავს პარკში განთავსებულ  შესანიშნავ მღვიმეებსა და გამოქვაბულებს, რომლის ცენტრში დგას ულამაზესი სასახლე უამრავი ამოუხსნელი თავსატეხით, რაც დღემდე გამოცანად რჩება.



ამ ძველი ნაგებობის ისტორია XVII საუკუნეში იწყება. მისი სახელი ბარონესა რეგელეირას სახელთანაა დაკავშირებული, ვისი საკუთრებაც გახლდათ ეს მამული. მკვლევარები და ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მამული სავსეა მასონური სიმბოლიკით.

Tuesday, 23 May 2017

სტიქსი_ჯოჯოხეთში გადასასვლელი



ბერძნული მითოლოგიის თანახმად მდინარე სტიქსი იყო გადასასვლელი იმქვეყნიურ სამყაროში-ჯოჯოხეთში. ის მიედინებოდა ორ ვერცხლის მასიურ სვეტს შუა და მას იცავდა ორი ნიმფა.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ სტიქსი ახლაც არსებობს პელოპონესის ნახევარკუნძულის მთიანეთში. მაგრამ ახლა მას  მავრონერი ჰქვია. მათი ასეთი დასკვნა ეფუძნება  ამ მდინარის წყლით  ალექსანდრე მაკედონელის მოწამვლის ვარაუდს. მდინარე მავრონერის წყლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ის შეიცავს ადამიანისთვის მომაკვდინებელ მიკროორგანიზმებს. ამ მიკროორგანიზმებით გამოწვეულ მოწამვლას თან ახლავს ისეთივე სიმპტომები რითაც იტანჯებოდა დიდი მხედართმთავარი.

მითის მიხედვით მიწისქვეშა იმქვეყნიურ სამყაროს მართავდა ზევსის ძმა ჰადესი. ესაა სიბნელითა და საშინელებებით მოცული სამეფო, სადაც ვერ აღწევს მზის სხივი და სადაც მიედინება მდინარე სტიქსი. მის ერთი ყლუპსაც კი შეუძლია დაგაკარგინოს გონება და გაგიქროს მოგონებები.

Thursday, 11 May 2017

ლიკურგეს თასის გამოუცნობი საიდუმლო



ლიკურგეს თასი ანტიკური დროის ერთადერთი დიატრეტია-ზარის ფორმის ორმაგი შუშის კედლებიანი ნაკეთობა, რომელიც ფიგურებითაა მოხატული. ზემოდან შიდა მხარე  დამშვენებულია მოჩუქურთმებული ბადით. მეცნიერთა ვარაუდით თასი დამზადებულია ან ალექსანდრიაში, ან რომში IV საუკუნეში. ლიკურგეს თასი ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმს ამშვენებს.

ხელოვნების ეს ნიმუში უპირველეს ყოვლისა მისი არაჩვეულებრივი თვისებებითაა ცნობილი. ჩვეულებრივი განათებისას, როცა სინათლე წინიდან ეცემა, თასი მწვანე ფერისაა, მაგრამ თუ უკნიდან გავანათებთ იღებს წითელ ფერს. თასი ფერს იცვლის იმის მიხედვითაც, თუ რა სითხე ასხია მასში. ის ცისფრად ანათებს თუ  წყალს ჩაასხამენ. მაგრამ  ზეთით გავსებისას, ის ღაჟღაჟა წითელ ფერს იღებს.



რატომ დაარქვეს ამ დიატრეტს ლიკურგეს თასი? გორელიეფზე, რომელიც მას ამშვენებს, გამოსახულია ვაზშემოხვეული წვეროსანი მამაკაცის წამება. ყველა ცნობილი ბერძნულ-რომაული მითებიდან ამ სიუჟეტს ესადაგება მითი თრაკიელი მეფე ლიკურგეს შესახებ.

ლეგენდის მიხედვით  ბაკხური ორგიების მოწინააღმდეგე ლიკურგე თავს დაესხა მეღვინეობის ღვთაებას დიონისეს. დახოცა მისი თანმხლები ბევრი მენადე და გაყარა ისინი თავისი სამფლობელოდან. გონზე მოსულმა დიონისემ ასეთი შეურაცხყოფის გამო მეფეს მიუგზავნა ნიმფა ამბროზია. ლამაზმა ამბროზიამ მოხიბლა ლიკურგე და დაითანხმა ღვინის დალევაზე. მთვრალი მეფე შეშლილს ჰგავდა, თავს დაესხა საკუთარ დედას და მისი გაუპატიურება სცადა. შემდეგ ვაზის ასაჩეხად გაეშურა, მაგრამ ხანჯლით 
საკუთარი შვილი დრიანტე აჩეხა, ვინაიდან ვაზი ეგონა. ასეთივე ბედი ეწია მის მეუღლესაც.

საბოლოოდ ლიკურგე დიონისესთვის ადვილი მოსანადირებელი გახდა. საბოლოოდ პანებისა და სატირების ხაფანგში გაება. თავად მოიკვეთა საკუთარი ფეხი და მალევე გარდაიცვალა.

Wednesday, 10 May 2017

გენეტიკური დისკის საიდუმლო



კოლუმბიის ტერიტორიაზე ნაპოვნ ქვის დისკს, რომელსაც გენეტიკური დისკი დაარქვეს, 27 სანტიმეტრის დიამეტრი აქვს და იწონის 2 კგ-ს. ორივე მხარე დაფარულია ნაყოფის განვითარების   ყველა სტადიის გამოსახულებებით. ამ პროცესს ახლა ექიმები სპეციალური აღჭურვილობით ახერხებენ.  საიდან ჰქონდათ ასეთი მონაცემები ექვსი ათასი წლის წინ? რა ცოდნას ფლობდნენ  ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციის წარმომადგენლები?

კოლუმბიელი პროფესორი ჰაიმე გუტიერეს ლეტა ათეული წლებია აგროვებს  უძველეს ნივთებს. მისი კოლექციის უმეტესი ნაწილი აღმოჩენილია ნაკლებად შესწავლილ და რთულად მისასველ სუტატაუსას რაიონში, რომელიც კუნდინამარკას პროვინციაშია. ამ კოლექციაშია: ქვები ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებით, ასევე ნაკეთობები უცნობი სიმბოლოებითა და  უცნობ ენაზე შესრულებული წარწერებით.

გენეტიკურ დისკად წოდებული ექსპონატი დამზადებულია ლიდიტის ქვისგან. ეს ქვა მოიპოვებოდა ლიდიაში-მცირე აზიაში.  მინერალი სიმყარით გრანიტს უტოლდება, მაგრამ აქვს ფენოვანი სტრუქტურა და მისი დამუშავება რთულია.  ის დარლინგიტის, მელინიტის სახელებითაცაა ცნობილი. აქვს ხასხასა ფერი. ჯერ კიდე ანტიკური დროიდან მოყოლებული იყენებდნენ მას სამკაულებისა და მოზაიკის დასამზადებლად. მაგრამ მასზე რაიმეს ამოკვეთა თანამედროვე იარაღითაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის საშუალებას მისი ფენოვანი სტრუქტურა არ იძლევა. მიუხედავად ამისა, გენეტიკური დისკი დამზადებულია სწორედ ამ მინერალისგან. გამოსახულებები უფრო შტამპს ჰგავს ვიდრე ამოკვეთილ ნამუშევარს.

Monday, 8 May 2017

მაგიური ბროლის ბურთი



კვარცი ანუ მთის ბროლი უძველესი დროიდან ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო მაგიურ ქვად. მისტიკოსთა აზრით მას განსაკუთრებული ჯადოსნური ენერგია გააჩნია. მისი საშუალებით კვარცის კრისტალში გამავალი მზის სხივი იძენს სამკურანლო თვისებას. ამის გამო მთის ბროლის ნაკეთობას მტკივნეულ ადგილზე იდებდნენ სამკურნალო დანიშნულებით.

სამკურნალო თვისების გარდა მისტიკოსები ბროლს მიაწერენ დადებითი ზეგავლენის უნარს ინტუიციასა და ზემგრძნობიარე აღქმაზე. ფიქრობენ, რომ ამ ქვაში გავლილი სინათლის სხივი განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს ტვინზე: ხელს უწყობს აზრთა კონცენტრაციასა და გლობალურ საინფორმაციო ველში შეღწევას.

კრისტალების, სარკეების, ბროლის სფეროების საშუალებით რომ შესაძლებელია მხედველობით ჰალუცინაციების გამოწვევა, ამას ადასტურებს სხვადასხვა  ხალხის ლეგენდები და წერილობითი წყაროები: უძველესი პერუ, მაგადასკარი, ძველი საბერძნეთი, ინდოეთი და ეგვიპტე. ყველგან თვლიდნენ, რომ ამ საშუალებით შესაძლებელია წარსულისა და მომავლის დანახვა.

Saturday, 6 May 2017

იიგლავას კატაკომბების საიდუმლო



სამხრეთ მორავიის ქალაქმა იიგლავამ სახელი გაითქვა იქ არსებული კატაკომბებით, რასაც ბევრი მისტიკური ისტორია და ლეგენდა უკავშირდება. კატაკომბები XIII საუკუნეშია  აგებული. მიწისქვეშა ნაგებობა ოთხიარუსიანია, რომელიც 25 კილომეტრზეა გადაჭიმული ქალაქის ქვეშ.


როგორც წლების წინ, იიგლავას კატაკომბების ფენომენალური მოვლენები ახლაც აღვივებს თავგადასავლებისა და ამოუცნობი მოვლენების მოყვარულთა ფანტაზიას. ამბობენ, რომ ერთ-ერთ დერეფანში შუაღამისას ისმის ორღანის ხმა. არც მოჩვენებების ნაკლებობას უჩივიან. მეცნიერებს ჯერჯერობით ასეთ მოვლენებზე პასუხი არ აქვთ.

1996 წელს კატაკომბების კვლევას შეუდგა არქეოლოგიური ექსპედიცია. ჯგუფის წევრები აღიარებდნენ, რომ მიწისიქვეშ (10 მეტრის სიღრმეზე) მართლა ისმოდა საორღანო მუსიკის ხმა, რომლის წყარო დაუდგენელია. ახლომახლო არსად დგას ორღანი. ამ მოვლენასთან დაკავშირებულია ერთი ადგილობრივი ლეგენდა: უძველეს დროს, კატაკომბების სარდაფებში ინკვიზიტორებმა აწამეს ახლაგაზრდა მუსიკოსი, რომელიც არაჩვეულებრივად უკრავდა ორღანზე. წმინდა მამებმა მუსიკოსი ცოცხლად დამარხეს,  ვინაიდან გადამეტებული ნიჭი ეშმაკეულად ჩათვალეს.  საორღანო მუსიკა ახლა დღისითაც კი ისმის სწორედ მუსიკოსის წამების დღეს.

Codex Gigas_"ეშმაკის ბიბლიის" სახელით ცნობილი უზარმაზარი წიგნი



 ბიბლია, რომელიც "ეშმაკის ბიბლიის" სახელს ატარებს, იგივე Codex Gigas, გახლავთ XIII საუკუნის დასაწყისის უზარმაზარი ხელნაწერი წიგნი. ის დაიწერა ჩეხეთში, ქ.პოდლაჟიცეს (ბოჰემიის მხარე) ბენედიქტელთა მონასტრის კედლებში. წიგნის ზომა 90X50, წონა-75 კგ., ფურცლები დამზადებულია 160 ვირის ტყავისგან.




გადმოცემით, მონასტრის მორჩილმა ცოდვების გამოსყიდვის სანაცვლოდ ფიცი დადო, რომ ერთ ღამეში დაწერდა დიდ წიგნს და მინიატურებით დაამშვენებდა მას. მიხვდა რა, რომ ამის შესრულებას ვერ შეძლებდა, დასახმარებლად ეშმაკს მოუხმო. მან კი დახმარება გაუწია ბერს ჩანაფიქრის განხორციელებაში.  სანაცვლოდ წიგნს დიდი ძალა და დანიშნულება შესძინა. თითქოს ამის დასტური 290-ე გვერდზე მისი ცნობილი გამოსახულება გახლავთ. როცა წიგნი იპოვეს,  მასში 640 ფურცელი იყო. მაგრამ ფურცლები ძალიან დაცრეცილი  აღმოჩნდა და ჩვენამდე მხოლოდ 624-მა  მოაღწია. ხელნაწერი ლათინურადაა შესრულებული.