გადმოცემით, მეფე სოლომონს ჰქონდა საყვარელი ბეჭედი, ალექსანდრე მაკედონელს-გვირგვინი. ისინი არასდროს იშორებდნენ ამ თილისმებს, ვინაიდან ლეგენდის მიხედით, ეს ნივთები მეტეორიტული რკინისგან იყო დამზადებული.
ხალხი ყოველთვის თაყვანს სცემდა ციდან ჩამოვარდნილ საგანს. მეტეორიტული რკინისგან იარაღს ამზადებდნენ ეგვიპტელები, ინდიელები. ძველად ადამიანი მეტეორიტს თვლიდა ღმერთების მატერიალურ განსახიერებად, რაც მას აქცევდა თაყვანისცემის ობიექტად. მეტეორიტის დავარდნის ადგილზე აგებდნენ საკულტო ნაგებობებს, ხოლო რკინის მეტეორიტებისგან ამზადებდნენ საკულტო თილისმებს, ამულეტებს. ოქროსთან, ვერცხლთან და სპილენძთან შედარებით ის უფრო მტკიცე, მყარი და ცეცხლგამძლე იყო.
ძველი ლეგენდები გვიამბობენ, რომ ჰუნთა ბელად ატილას, თემურლენგის, მეფე ართურის იარაღი ზეციური წარმოშობისა იყო. ყველა მითოლოგიაში მეტეორიტის ჩამოვარდნა ასოცირდებოდა იეროგამიასთან-ცის ღმერთისა და მიწის ქალღმერთის ქორწინებასთან. მეტეორიტის მიწაში ღრმად ჩავარდნა გახლდათ სიმბოლო ცისა და მიწის შერწყმისა და ახალი სიცოცხლის დაბადებისა.
მაგები მეტეორიტს განიხილავენ როგორც ძლიერ და აქტიურ ლითონს, მაგრამ დაუმორჩილებელს, რომელიც არ ექვემდებარება გარეგან ზეგავლენას, ამიტომ მას გააჩნია დამცავი თვისებები. მისგან დამზადებული ბეჭდები, გულსაკიდები, ამულეტები შავი ძალების ზემოქმედებისგან იცავს ადამიანს. ძველ ეგვიპტეში მიცვალებულს საფლავში ატანდნენ მეტეორიტს, როგორც საშვს ზეცაში. ერთ-ერთ პირამიდაში ნაპოვნია რკინის მეტეორიტის სამკაული. ძველი ეგვიპტელები ასეთ რკინას ოქროსა და ვერცხლზე უფრო მეტად აფასებდნენ. ძველ საბერძნეთში კი არტემიდას ტაძარში იდგა კონუსის ფორმის დიდი მეტეორიტის მთავარი კერპი. ჩვ. წ. აღ-მდე 1200 წელს ჩამოვარდნილ მეტეორიტს ძველმა ბერძნებმა "ღვთის სახლი" დაარქვეს და განათავსეს ორქომენის ტაძარში. ებრაელებმა მეტეორიტებს "ღვთის სავანე" უწოდეს და წინადაცვეთას ასრულებდნენ მეტეორიტისგან დამზადებული დანებით. 1,5 ტონა უხეშ ქსოვილში გახვეული რკინის "საჩუქარი" აღმოაჩინეს მეცნიერებმა მექსიკის უძველეს ტაძარში. ჩვ. წ.აღ-მდე მე-4 საუკუნეში სირიაში ჩამოვარდა მეტეორიტი, რომელსაც უწოდეს "ჰელიოგაბალი" (ასირიულად "ელლა"-ღმერთი, ხოლო "გაბალი"-შემოქმედი) და თაყვანს სცემდნენ როგორც მზის სიმბოლოს. რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ის რომში გადაიტანეს, სადაც მისთვის ააგეს მეტეორის ტაძარი, ხოლო რომის იმპერატორი ამ ტაძრის უმაღლესი ქურუმი გახდა.
იბნ ისჰაკი გვამცნობს როგორ ჩავარდნენ ცდუნებაში ისმაილის შთამომავალი არაბები და დაიწყეს ქვების თაყვანისცემა. მათი ერთ-ერთი უძველესი კერპი გახლდათ მანატი. ქალის ეს კულტი მექასა და მედინას შორის იდგა. მას სწირავდნენ მსხვერპლს. ქალის მეორე კერპი ალ-ლატი მდებარეობდა ტაიფაში, რომელიც წარმოადგენდა ოთხკუთხედ კლდეს. ყველაზე ცნობილი კი აღმოჩნდა ქააბის შავი ქვა , (სავარუდოდ მეტეორიტი) რომელსაც მაჰმადიანები სცემენ თაყვანს. მათ სჯერა, რომ ის ადამის გაქვავებული მფარველი ანგელოზია. მაჰმადიანები თვლიან, რომ დიდი სამსჯავროს დადგომისას შავი ქვა კვლავ ანგელოზად გადაიქცევა. მუსულმანთა რელიგიური დღესასწაულის ყურბან ბაირამის დაწყებისას მორწმუნე მაჰმადიანები მოსალოცად (ჰაჯი) მექაში მიემართებიან, სადაც ალ-მასჯიდ ალ-ჰარამში -"წმინდა მეჩეთი", ტერიტორიაზეა "წმინდა სახლი" ქააბი, რომელიც გახლავთ კუბის ფორმის ქვის შენობა. იქ მდებარეობს წმინდა ქვად წოდებული შავი ქვა (ალ-ჰაჯარ ალ-ესვად) და ის გახლავთ თაყვანისცემის მთავარი ობიექტი. გადმოცემით, ეს ქვა ადრე თეთრი იყო, მაგრამ ადამიანთა ცოდვამ შეუცვალა მას ფერი.
ქააბს (კუბი) ბილიკი არტყამს. მომლოცველები მას შვიდჯერ უვლიან გარშემო და შავ ქვას ეამბორებიან, რითაც იხსნიან ცოდვებს.
1980 წელს მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ შავი ქვა მექადან 1080 კილომეტრში არსებული კრატერ ვარაბიდან არის წამოღებული. წმინდა რელიქვია გაქვავებული ფოროვანი მინაა. ამიტომ ის საკმაოდ მყარია, მყიფე და წყალზე ტივტივებს. ამ თეორიის მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ კრატერის ასაკი სულ რამოდენიმე ასეულ წელს ითვლის. თუმც არსებობს ლეგენდები რომლის მიხედვით მეტეორიტული კრატერი რამდენიმე ათასი წლისაა. მისი დავარდნისას გამოყოფილი ენერგია უტოლდებოდა ატომურ აფეთქებას.
როგორც ისტორიიდან ირკვევა, ქააბი არაბებისთვის მაჰმადიანობის მიღებამდე იყო საკულტო ადგილი. აქ შავი ქვის გარდა 360 კერპი იდგა, მათ შორის აბრაამის გამოსახულება. 630 წელს, როცა მუჰამედი შევიდა მექაში, ტაძარი გაწმინდა კერპებისგან, შავ ქვას კი პატივით შეახო კვერთხი, შეინარჩუნა ჰაჯის ყველა წესი და ამის მერე, მორწმუნეები თაყვანს სცემდნენ ერთ ღმერთს.
დღესდღეობით ქააბი დაფარულია შავი აბრეშუმის ქსოვილით-ქისვა. გადასაფარებელს ყოველ წელს ცვლიან და ვარდის წყალს აპკურებენ. ძველ ქისვას პატარა ნაჭრებად ჭრიან და მომლოცველებზე ჰყიდიან. გადასაფარებლის ზედა მხარეზე ოქროსა და ვერცხლის ძაფით ამოქარგულია ყურანიდან ამოღებული გამონათქვამები-სურა. ქააბის ირგვლივ აგებულია მეჩეთი ხარამი, რომელსაც "აკრძალულ მეჩეთსაც" უწოდებენ. პირველი მეჩეთი აქ ააგეს 638 წელს. ახლანდელი მეჩეთი კი განეკუთვნება 1570 წელს.
შავი ქვა
შავი ქვის ისტორიაში საინტერესო დეტალები იკვეთება. 930 წელს ის მოიპარეს კარმატებმა. მისი პოვნა მხოლოდ 21 წლის შემდეგ მოხერხდა. ნამდვილი იყო თუ არა შეამოწმეს და წყალში ჩააგდეს. ვინაიდან ქვა არ ჩაიძირა, დარწმუნდნენ, რომ ქვა ნამდვილი იყო. 1050 წელს ეგვიპტის ხალიფამ რელიქვიის გასანადგურებლად ხალხი გააგზავნა. ქააბს ორჯერ გაუჩნდა ხანძარი. ყოველივე ამის შემდეგ, ქვა დასკდა 15 ნაწილად. ისინი ახლა შეერთებულია ცემენტით და მოთავსებულია ვერცხლის ბუდეში.
შავი ქვა ქააბის გამოცანად რჩება. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ის ენერგიის აკუმულატორია, ისევე როგორც ყველა მეტეორიტი. მაჰმადიანებს სწამთ, რომ საშინელი მსჯავრის დღეს შავი ქვა ისევ თეთრ მარგალიტად იქცევა.
No comments:
Post a Comment