Saturday, 17 June 2017

გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან (ნაწილი I)



მკვლევართა აზრით ტერმინი "გრაალი'' მომდინარეობს ძველპროვანსულიდან. სავარაუდოდ მისი ძირი კაპადოკიურია-"გრაცალ''. გრაალის მიმდინარეობა კაპადოკიაში მცხოვრებ ქართველურ ტომებს უკავშირდება. ქართლში არსებობს ამჟამად ყველასთვის კარგად ცნობილი სოფელი გრაკალი.

კაპადოკიელთა ქართულ სამყაროსთან კავშირზე ყურადღება გაამახვილა გერმანელმა მეცნიერმა კარლ ჰოლმა. პირველწყაროებზე დაყრდნობით მან ცხადყო, რომ ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში მცირე აზიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ადგილობრივ ენებზე მეტყველებდა. ამ მხრივ, ყველაზე მკვეთრ სურათს იგი კაპადოკიის მაგალითზე იძლევა. ანტიკური სამყაროს მკვლევარი მომზენი ხაზს უსვამს, რომ კაპადოკია რომის იმპერიის საწყის ხანაში სრულებითაც არ იყო ბერძნული. რანოვიჩი აღნიშნავს, რომ ბერძნულ და ლათინურ ენებზე მხოლოდ ქალაქის მაცხოვრებლები და მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საუბრობდა კაპადოკიაში. გადმოცემით, გრაალის პირველი მფლობელი გახლდათ ტიტურელი (კაპადოკიელი). გრაალის მოძრაობა შეიქმნა ჯერ კაპადოკიაში, შემდეგ პროვანსში და ლანგდოკში, სადაც ცხოვრობდა ძველი იბერიული მოსახლეობა.

გრაალის პირველი მფლობელი კაპადოკიელნი სულიწმინდის გადმოსვლის დღეს იხსენებიან, რაც მოციქულთა საქმეშია მოცემული. კაპადოკიელები ესწრებოდნენ სულიწმინდის გადმოსვლას. გრაალის მისია კი არის სულიწმინდის მისია, ვინაიდან ის ღვთისმშობლის სიმბოლოა.

თურქ არქეოლოგებსაც გაუჩნდა ვერსია, რომლის თანახმად, გრაალის თასის ძიება საჭიროა ძველ ქალაქ ანტაკიაში (ახლ. ხათაგი)აღმოსავლეთით მდებარე ბაზილიკაში. გაზეთ ,,ჰურიეთში'' გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ თასი რომლიდანაც იესო ღვინოს სვამდა საიდუმლო სერობისას, ინახებოდა თურქეთში-ანტაკიაში. არქეოლოგის აზრით, ანტაკია იერუსალიმის შემდეგ, მეორე წმინდა ქალაქია. მოციქულები სწორედ აქეთ გამოეშურნენ. აქედან წავიდა ღვთისმშობელი ეფესოში და წმინდა თასიც თან წაიღო. თვით იესო ამბობდა: მასშია ჩემი სული და ჩემი სისხლი. სწორედ ანტაკიაში დაიწერა ,,მათეს სახარება''(ანტაკია ყოფილი ელინური ანტიოქიაა). გრაალის თასი, რომ კაპადოკიას უკავშირდება, ამაზე მეტყველებს კიდევ ერთი ფაქტი: პირველი საუკუნის ცნობილი მისტიკოსი აპოლონ თიანელი გახლდათ კაპადოკიელი. ქალაქი თიანაც იქ მდებარეობდა. თიანელს ბევრ სასწაულებს მიაწერენ. ერთ-ერთია ქალაქ თიანას გადარჩენა შავი ჭირის ეპიდემიისგან. აქვე, აპოლონმა იწინასწარმეტყველა დომიციანეს მომავალ სასჯელზე.

შუა საუკუნეების ევროპაში ცნობები გრაალის შესახებ ჩნდება პირველად მე-12 ს-ის ბოლოს, როდესაც ფრანგმა პოეტმა კრეტიენ დე ტრუამ პირველად გამოსცა ეპოსის ფორმით "გრაალის მაძიებელთა ამბავი". ცოტა მოგვიანებით, მეორე ფრანგმა რობერ დე ბორანმა შექმნა პოემა ''იოსებ არიმათიელი''. მან პოემის მხოლოდ პირველი ნაწილის დაწერა მოასწრო. ნაწარმოები დაუმთავრებელი დარჩა. 

მე-13 ს-ში გრაალის თემამ თავი იჩინა გერმანიაში. ვოლფრამ ფონ ეშენბახმა უფრო სრულყოფილი ფორმით გადმოსცა გრაალთან დაკავშირებული მოტივები. ეშენბახის შემდეგ გრაალის თემაზე შეიქმნა კიდევ ერთი საინტერესო პოემა. მისი ავტორი გახლდათ ალბერტ შარფენბერგი.

გრაალის ძიება ქრისტიანისთვის არის ჭეშმარიტების ძიების მუდმივი გზა, საკუთარი "მე''-ს ძიება. ესაა ღვთიური ცოდნა განკუთვნილი მხოლოდ რჩეულთათვის, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა სიმბოლოებისა და ალეგორიების სახით. 

იოსებ არიმათიელის ბიძაზე დე ბორანის რომანში ნათქვამია, რომ ის იყო ''ხელგაშლილი მეთევზე'', ვინაიდან სწორედ მან დაიჭირა თევზი გრაალის სუფრისთვის. რატომ ''მეთევზე''? ელინიზმის ორფიულ მისტერიებში მისტაგოგი ატარებდა ''მეთევზის''სახელს, საიდანაც ნათლად ჩანს ადრექრისტიანული თემის კავშირი ძველ მისტერიებთან. გენისარეთის სანაპიროზე მეთევზეები ქრისტეს მოციქულნი გახდნენ. ამ თვალსაზრისით, ისინი ერთდროულად იყვნენ მეთევზეებიც და მოძღვარნიც.

გრაალის გადატანა დასავლეთში უკავშირდება ტიტურელის სახელს. სწორედ ის გახლდათ გრაალის პირველი მეფე დასავლეთში. მის შესახებ ლეგენდა გვიამბობს, რომ კაპადოკიის მეფე სენაბორის შვილებიდან სამმა გამოიჩინა თავი იერუსალიმის აღებისას ვესპასიანეს დროს. ერთ-ერთს ერქვა ბერილუსი-ბერილი, რომელიც დაქორწინდა მეფე არგუზილის ქალიშვილზე და მიიღო ფრანკთა სამეფო. მის ორ ძმას უკვე ჰქონდა სამფლობელოები დასავლეთში. სამივე ძმა იქ მისვლამდე გაქრისტიანდა. სენაბორის სამივე ვაჟი იყო სულიერი მეფე მსგავსად შუა საუკუნეების სამი აღმოსავლელი ბრძენისა, რომლებიც მართავენ ზღაპრულ ქვეყანას. მათი გვირგვინი უხილავია მიწიერი მზერისთვის. ისინი სულში ბრწყინავენ  რ. მეიერი ძმების კაპადოკიურ წარმოშობას უკავშირებს შავი ზღვის მისტერიებს. მისი სახით სენაბორის სამეფო გვარის ქვეშ იგულისხმება მისტერიული გაერთიანება, რომელიც არსებობდა შავი ზღვის სანაპიროზე. გრაალის პირველი მეფის ბერილუსის სახელი მომდინარეობს ქვის სახელიდან ბერილუსი-ბერილი, რაც ქართულად ბივრიტს ნიშნავს. ბერილუსმა მონაწილეობა მიიღო წარმართების წინააღმდეგ ბრძოლაში. მოგვიანებით გახდა ფრანკთა მეფე. აღმოსავლეთიდან ჩავიდა დასავლეთში და გააქრისტიანა ანუ განანათლა მის ხელისუფლებას დაქვემდებარებული ხალხი. სწორედ ეს კაპადოკიელი უდებს სათავეს გრაალის შთამომავლობას დასავლეთში.

 საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქრისტიანული დოგმატიკის ფუძემდებლები არიან კაპადოკიელი მამები: ბასილი დიდი კესარიელი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ნაზიაზნელი. ისინი IV საუკუნეში მოღვაწეობდნენ და შექმნეს ქრისტიანული ცხოვრების დოგმები. მათთან იყო დაახლოებული ევაგრე პონტოელი. წმინდა მამებს მთელ აღმოსავლეთ საქრისტიანოში  იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. აშკარაა, რომ იმდროინდელი საქართველოსა და კაპადოკიას შორის არსებობდა სულიერი კავშირი, რომელიც არ შეწყვეტილა.

დასავლურ ტექსტებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გრაალის შემეცნებისთვის აუცილებელია ძველი სიბრძნის ფლობაც. ამ ძველ სიბრძნეში იგულისხმება ვარსკვლავთმეტყველება და ბუნების ძალების შემეცნება. დასავლური გრაალის კავშირი აღმოსავლეთის სულიერ ცხოვრებასთან და რომ ის სათავეს სწორედ აღმოსავლეთში იღებს, რაც ნათლად ჩანს კრეტიენ დე ტრუას, დე ბორანის, ეშენბახის ტექსტებიდან. ისინი არც მალავდნენ, რომ ეყრდნობოდნენ მანამდე არსებულ წერილობით ტექსტებს. მოხსენებული ტოპონიმიკიდან ირკვევა, რომ გრაალის მისტერიების სულიერი წყარო სწორედ კავკასიაშია. ეშენბახს მოხსენებული აქვს კავკასიის ქედთან არსებული ქვეყანა-ტაურონიტი(ტაბრონიტი), საიდანაც(რასაც შტაინერიც აღნიშნავდა) მომდინარეობს მძლავრი მისტერიული კულტურა. ამ ქვეყნის სახელი ალეგორიულია, მაგრამ ცნობილია, რომ კავკასია, როგორც სულიერი ფენომენი, მჭიდროდაა დაკავშირებული გრაალის მისტერიების საფუძველთან.

მოხდა გრაალის მისტერიების გადატანა აღმოსავლეთიდან დასავლეთში. ცნობილია, რომ კაპადოკიასა და კოლხეთში იყო უძველესი მისტერიული ცენტრები. ამის შესახებ წერს უ. ველტმანი: ,,ბერძნული მითები მიუთითებენ კოლხეთზე-ადგილზე, სადაც არგონავტებს ''ოქრის საწმისის'' მოპოვება სურდათ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იქ ჯერ კიდევ გმირების ეპოქაში ძვ.წ 1400 წ-მდე არსებობდა მისტერიული ცენტრები. ასეთივე აზრს გამოთქვამს რ.შტაინერი: ''კოლხეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, უძველეს დროს დაარსდა მისტერიული სკოლა, რომელმაც იარსება დიდხანს, ქრისტიანული დროის ჩათვლით".

გრაალი ეზოთერული თვალსაზრისით ტაბუდადებული სიბრძნის საიდუმლოთა და მისტერიების სიმბოლოა. ანტიკური ხანის ავტორები დიოდორე სიცილიელი, ჰეროდოტე და სხვები აღნიშნავენ ეგვიპტური მისტერიების სულიერ მემკვიდრეობას კოლხეთთან. ჰანს გზენგერი მიუთითებს, რომ სწორედ კოლხეთიდან ხდებოდა ეგვიპტური ეზოთერული ცოდნის გამჟღავნება ბერძნული სამყაროსათვის.ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, გრაალის მისტერია უშუალოდ ვნების პარასკევს ანუ გოლგოთის მოვლენიდან იღებს სათავეს. გრაალთან დაკავშირებულია ადამიანის ასტრალური სხეულის განწმენდა ქვენა ინსტიქტებისა და ვნებებისგან. ძველი ბერძნები კი ადამიანის ასტრალური სხეულის გარდაქმნის ამ უდიდეს სულიერ პროცესს ''ოქროს საწმისის' სურათხატით გამოსახავდნენ.

არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში პელაზგური არგოსის კულტურის დროს არის კოლხეთის სულიერ ცენტრში დაგროვილი ცოდნის ათვისება. პოეტი იოჰან გორესი თვლის, რომ ''გრაალში'' ჩაწნულია უძველეს ქურუმთა სიბრძნე. ჰერაკლეს თასი, რომელსაც ბაკხუსის მისტერიების დროს იყენებდნენ, მზის ღმერთი ჰელიოსის საჩუქარი იყო, რომელიც კოლხი მედეას პაპა გახლდათ.

გრაალის შესახებ დაწერილი ყველა ტექსტი ატარებს ალეგორიულ ხასიათს და გადმოქვცემს გრაალის იმ მოძრაობაზე, რომელიც არსებობდა ევროპაში მე-8-10 ს-ში. მათი ალეგორიულობის გამო, მკვლევარებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ისინი ისტორიულ სინამდვილეს არ შეიცავდნენ. მაგრამ, ამასთან დაკავშირებით ისიც ცნობილია, რომ ჯვაროსნებმა აღმოსავლეთის ექსპედიციებისას ბევრი საინტერესო მასალა და სასულიერო ტექსტები მოიპოვეს, რომელიც შემდეგ ევროპაში ჩაიტანეს. ეს ტექსტები ხშირად აერთიანებდა მოაზროვნეებს და ისინი ქმნიდნენ ორდენებს. სწორედ მათ შეუქმნეს რენესანსის დაწყებას საფუძველი ევროპაში.


                     გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან ( ნაწილი II)

                     გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან (ნაწილი III)






























  










No comments:

Post a Comment