გველი-სიმბოლოებიდან უნივერსალური, რთული და ამავე დროს, ყველაზე გავრცელებული და ძველი სიმბოლო. გველის, გველეშაპის სახე ბევრ ძველ გადმოცემასა და ლეგენდაში ფიგურირებს, სადაც ის მისტიკური შარავანდედითაა მოსილი, ერთდროულად იწვევს პატივისცემასა და შიშს. ხშირად გველი და გველეშეპი ურთიერთმონაცვლეა, ხოლო შორეულ აღმოსავლეთში მათ არ განასხვავებენ.
გველის სიმბოლო მრავალშრიანია და სემანატიკურად ღრმა. განასახიერებს როგორც მამაკაცურ, ასევე ქალურ და ამასთან ანდროგინულ საწყისსაც. ის გახლავთ მკვეთრად გამოხატული ფალოსური სიმბოლო, მამაკაცური ძალა. გველი უჭირავს ხელში ყველა ქალღმერთს ან გარს ახვევია მას, მათ შორის, დიდ დედა ღვთაებას. გველი იძენს ქალურ თვისებებს, როგორიცაა: იდუმალება, ინტუიცია და ამავე დროს, არაპროგნოზირებადობაც, ვინაიდან მოულოდნელად ჩნდება და ქრება.
იმის გამო, რომ გველი მიწისქვეშ ცხოვრობს და შეხება აქვს ქვენა სამყაროსთან, მას წვდომა აქვს მიცვალებულთა მაგიასთან. ქთონური გველი-ქვესკნელის სამყაროს ღვთაებების აგრესიული ძალის გამოვლინებაა. მას მიიჩნევენ ინიციაციისა და გაახალგაზრდავების წყაროდ. ქთონური იპოსტასიდან გამომდინარე გველი მზის და ყველა მზიური, სულიერი ძალის მტერია, სიმბოლოა ბოროტი ძალებისა ადამიანში. ამასთან, პოზიტიური და ნეგატიური საწყისი მუდამ კონფლიქტშია ზევსისა და ტიფონის, აპოლონისა და პითონის, ოზირისისა და სეთის, არწივის და გველის მსგავსად. გველი შუამავალია ცასა და მიწას შორის, დედამიწასა და ქვესკნელს შორის. ის ასოცირდება ცასთან, მიწასთან, წყალთან და განსაკუთრებით სამყაროს ხესთან.
ამას გარდა, ისაა ბნელეთის გველეშაპი და განძის მცველი. გველს სიმბოლურად შეუძლია გამოსახოს მზის სხივები, ცაზე მზის გზა, ელვა და წყლის ძალა, ვინაიდან ის ყველა მდინარის ღვთაების ატრიბუტია.
გველი-ცოდნა, ძალა, მზაკვრობა, სინატიფე, ეშმაკობა, უკუნეთი, ბოროტება და ასევე ცდუნება. კოსმოლოგიურ კონტექსტში ისაა საწყისი ოკეანე, რომლისგანაც ჩნდება და ისევ უკანვე უბრუნდება მას საწყისი არადიფერენცირებული ქაოსი. გველი შეიძლება იყოს სამყაროს საყრდენი, ხოლო მასზე შემოხვევა და ურაბოროსად ქცევა-ციკლურობის სიმბოლო.
გველები და გველეშაპები-ზღურბლის, ტაძრების, განძის, ეზოთერული ცოდნის მცველები. ისინი წარმოქნიან ქარიშხალს, აკონტროლებენ წყლის ძალებს. მათ იხმობენ მიცვალებულთა ყოვლისშემძლე შელოცვების დროს. როგორც არსება, რომელსაც ძალუძს გადაადგილება ფეხებისა და ფრთების გარეშე, გველი განასახიერებს ყოვლისმომცველ სულს. ამ არსებას შეუძლია შეღწევა ხვრელებში, ასევე ადამიანის შიდა სამყაროსა და სინდისშიც კი. ზეციური გველი და ჩინური ლაჟვარდოვანი გველეშაპი გახლავთ ცისარტყელის სიმბოლო. ორივე ქმნის ამქვეყნიდან იმქვეყნიურში გადასასვლელ ხიდს.
ხეზე ან სხვა საყრდენის სიმბოლოზე გარშემოტყმული გველი განასახიერებს დინამიური ძალის გამოღვიძებას, ყოველი არსის სულთან, არსებობის ციკლურობასთან. როცა გველი ჩნდება ცხოვრების ხის გვერდით, ის სიკეთის მომასწავებელია, ხოლო შემეცნების ხესთან-საზიანოა და განასახიერებს ბოროტებას. ქალის სხეულზე (დიდი დედა ღვთაების) შემოხვეული გველი გახლავთ მზის სიმბოლო, ერთად კი გამოხატავს მამაკაცურისა და ქალურის თანაზიარობას.
ორი გველი გახლავთ დუალისტური ურთიერთსაპირისპირო წყვილის სიმბოლო. თუ ისინი ეხვევიან ხეს ან კვერთხს, ეს ნიშნავს ბუნების სპირალურ ციკლურობას.
აცტეკებისთვის ფრთოსანი გველი არის მზე, სული (ფრინველ კეცალისა და გველის ერთობა), აღორძინების ძალა, წვიმა, ქარი, ჭექა-ქუხილი და ელვა, ქარისა და წყლის საწყისი მიძრაობა, სიცოცხლის სუნთქვა, ცოდნა. ის თან ახლავს ქარისა და წვიმის ყველა ღმერთს. ამასთან, არის ფალოსის სიმბოლო, მარადიული ქმნილება, უსასრულო დრო, შუამავალი ადამიანსა და ღმერთს შორის, კეცალკოატლის ატრიბუტი. ის ასევე განასახიერებს დედამიწას-ქალს, რომელსაც მოსავს გველებისგან მოქსოვილი ქვედაბოლო. გველი შეიძლება იყოს კულტურული გმირი ან მითიური წინაპარი. მტაცებელი ფრინველი ძიძგნის ღმერთ-გველს, რომლის სისხლიდან იბადება კაცობრიობა, რაც სიმბოლოა პირველსაწყისი ერთობის დაყოფისა.
ჩინეთში გველს იშვიათად განასხვავებენ გველეშაპისგან და თუ ასეთი რამ ხდება, მაშინ ის ხდება უარყოფითის, ბოროტების, დესტრუქციის, სიცრუის საწყისი. და-ძმა ფონ-ჰისა და ნიუ-კუას გამოსახავენ ორ გველით, რომელსაც აქვს ადამიანის თავი. ისინი განასახიერებენ ინსა და იანს, კადუცეს მსგავსი მნიშვნელობით.
ქრისტიანობაში გველი ბივალენტური სიმბოლოა: ისაა ქრისტეც, როგორც სიბრძნე, ცხოვრების ხეზე აზიდული ცოდვის გამოსასყიდი და ეშმაკი მისი ქთონური იპოსტასით. გველი ან გველეშაპი სატანაა, მაცდური, ღმერთის მტერი და ცოდვით დაცემის მონაწილე. განასახიერებს ბოროტების, ნგრევის, მზაკვრობის, სიცრუის ძალებს, რომელსაც უნდა ძლიოს ადამიანმა საკუთარ თავში. დანტე გველს აიგივებს მტერთან. მაგრამ როცა ცხოვრების ხეზეა შემოხვეული, ის განასახიერებს სიბრძნეს, ხოლო როცა შემეცნების ხის გარშემო, მაშინ ლუციფერია და მავნე საწყისი. ჯვარზე და სვეტზე ასული გველი ქრისტეს პროტოტიპია. ქრისტიანულ ტრადიციაში გველი შეიძლება ჩაანაცვალოს გველეშაპმა ბაბილონის თიამათის მსგავსად. ქრისტიანული სატანა ესაა "უშველებელი გველეშაპი", რომელიც ეშმაკია, სატანა. ტერტულიანეს თქმით, ქრისტიანებმა ქრისტეს დაარქვეს "კეთილი გველი".
მინოსურ ცივილიზაციაში გველთან დაკავშირებული სიმბოლიკა დიდ როლს ასრულებდა კრეტაზე. კუნძულზე არსებობს წინარეისტორიული ხანის გველის კულტის არსებობის ფაქტობრივი მასალა. ოჯახის კერის მცველ დიდ ქალღმერთს გამოსახავდნენ გველებით ხელში. მოგვიანებით გველი ასოცირდებოდა მის შემცვლელ ღვთაებებთან.
ძველ საბერძნეთში გველი განასახიერებდა სიბრძნეს, ცხოვრების განახლებას, აღდგომას, განკურნებას და ამიტომ ის ესკულაპეს, ჰიპოკრატეს, ჰერმესის ატრიბუტად ითვლებოდა. გველი ესკულაპეს მხსნელისა და მკურნალის ერთ-ერთი ატრიბუტია. ის ასევე ეძღვნება ათენას, როგორც სიბრძნის სიმბოლოს და პითონის განგმირავ დელფოს აპოლონს, როგორც სინათლის სიმბოლოს. აპოლონი არამარტო მზეს ათავისუფლებს ქვესკნელის ძალებისგან, არამედ ათავისუფლებს ადამიანის სულს შთაგონებითა და ცოდნის სინათლით.
ინდუიზმის გველი-შაქტი, ბუნება, კოსმიური ძალის, ქაოსის, უფორმო ვედური ცეცლხლი აგნის გამოვლინებაა. შავი გველი გახლავთ სიმბოლო ცეცხლის პოტენციურობისა. კობრა ვიშნუს მთის სიმბოლოა და აღნიშნავს ცოდნას, სიბრძნეს და მარადიულობას. როგორც კოსმიური ოკეანე, ვიშნუს სძინავს დახვეულ გველზე პირველსაწყისი წყლების ზედაპირზე.
შუა საუკუნეებში გრძნეულთა სახლებში ბინადრობდნენ: ღამურები, კატები, მაიმუნები და გველები, ვინაიდან მათ შეეძლოთ ამ ცხოველებისგან ასტრალური სინათლის ძალის გამონთავისუფლება და საკუთარი მიზნისკენ მისი მიმართვა. სწორედ ამ მიზეზით, ეგვიპტეში და საბერძნეთის ზოგიერთი ქალაქის ტაძარში გველები დელფოს მისნის აუცილებელი დამხმარე საშუალება გახლდათ. გველის აურული სხეული ყველაზე საოცარი სანახავია, როგორიც შეიძლება ნახოს მისანმა. საიდუმლოება სწორედ მის აურაშია დაფარული, რაც ერთგვარი ახსნაა იმისა თუ რატომაა ყველა ხალხში გველი სიბრძნის სიმბოლო. ამას გარდა, ადამიანის ეპიფიზს (ჯალღუზისებრი სხეული) უწოდებენ სიბრძნის გველეშაპის თავს. უმაღლესი ენერგიის ამაღლებისას ტვინში, გარკვეულ ხანს ეპიფიზი კობრასავით ვერტიკალურ მდგომარეობას იღებს, იზრდება მოცულობაში მასავით და ბერავს მუზარადს.
გველი უძველეს ხალხებში, რწმენის მიუხედავად, პატივისცემის სიმბოლო იყო, უდიდესი საიდუმლო, რომელიც განასახიერებდა არამარტო ადამიანის გონებას, არამედ გონს, აღსრულებულს ღვთიური სიბრძნით. ინდურ ფილოსოფიაში გველის სულებს ან გველეშაპის სულებს, ასევე პატალას (ინდ. მიწისქვეშაქ ქვეყანა) ბინადრებს უწოდებენ ნაგებს. ნაგი-ბრძენი, დაჯილდოებულია იშვიათი მაგიური ძალით. ძველი გადმოცემების მიხედვით, ნაგებმა განბანეს ახალშობილი ბუდა, იცავდნენ მას სიცოცხლეში, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი მის ნეშთს. ხანდახან გველი ასოცირდება თავად ბუდასთან. ბუდიზმში გველი სანსარის ბორბლის ცენტრში განასახიერებს ბოროტებას.
ეგვიპტეში სიბრძნის სიმბოლო იყო ურეი-ცეცხლისმფრქვეველი კობრა. ეგვიპტელები მის გამოსახულებას შუბლზე იმაგრებდნენ. იცოდნენ, რომ ქვეწარმავალის ეპიფიზი დიდ განვითარებას აღწევდა. ურეის გამოსახულება გახლდათ ფარაონის ძალაუფლების სიმბოლო. ოკულტისტთა განმარტებით, ურეი ინიციაციის, ასევე საკრალური სიბრძნის სიმბოლოა. ამის გამო, ურეის იყენებდნენ ბერძნულ-ეგვიპტურ მაგიაში.
კადუცე-ჰერმესის მაგიური კვერთხის ირგვლივ შემოხვეული ორი გველი. კადუცეს ნახვა შეიძლება ეგვიპტურ მონუმენტებზე. ის გახლავთ კოსმიური, ასტრონომიული, ასევე სულიერი სიმბოლო. ჰერმესის კვერთხი წარმოადგენს ჰარმონიულ, ლამაზ კონსტრუქციას და არის ძველი ეზოთერული სიმბოლიკის განსახიერება. კადუცე ასევე წარმოადგენს ინდოეთის ძველი მისტერიების სიმბოლოს. მოგვიანებით, ბერძნებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ის. ეზოთერული კადუცე განასახიერებს საწყისი, პირველადი მატერიის დაცემას უხეშ მიწიერ მატერიაში. კადუცეს გააჩნია ადამიანთა დაძინებისა და გაღვიძების უნარი. შუა საუკუნეების ევროპაში კადუცე იქცა "ჰერმეტული ხელოვნების" (ალქიმია) სიმბოლოდ. კადუცე ასევე გახდა მედიცინის სიმბოლოც, მაგრამ მოგვიანებით ადგილი დაუთმო თანამედროვე ემბლემას, რომელზეც კვერთხი შეცვლილია თასით და ორის ნაცვლად გამოსახულია ერთი გველი.
გველი საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნის ხალხებში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა. ის, როგორც უძველეს მიწათმოქმედთა ქვეყანაში, დაკავშირებულია ქთონურ და ქალურ სიმბოლიზმთან. მათ აერთიანებთ ლუნარული სიმბოლიზმი და რეინკარნაციის იდეა. გველს თაყვანს სცემდნენ, როგორც სახლის და კერის მფარველს. ის დიდ დედა ღვთაებასთანაა დაკავშირებული. ისვევე როგორც სხვაგან, საქართველოშიც გველი ამბივალენტური არსებაა. ერთის მხრივ, სიკეთის მომტანია, კეთილდღების მცველია, მეორეს მხრივ, შიშის მომგვრელი და ცუდის მომასწავებელი.
საქართველოში გავრცელებული რწმენის თანახმად ყველა სახლს თავისი გველი ჰყავდა, იგივე ფუძის ანგელოზი, იგივე ადგილის დედა, რომელიც იცავდა სახლს. ფუძის ანგელოზი (სახლის გველი) საკრალურ არსებად ითვლებოდა და მას თაყვანს სცემდნენ. ქართველთა წარმოდგენით არსებობდა "ალალ" და "არამ" გველი. ალალ გველი საცხოვრებლის საძირკველში ან მის ახლოს ბინადრობა და იცავდა ოჯახს ბოროტებისგან. ფუძის გველის მოკვლა ოჯახის განადგურებას იწვევდა. გავრცელებული რწმენის მიხედვით, გველი ფლობდა თვალს, რომელიც ხვითოს, ნატვრისთვალის სახელითაა ცნობილი. მისი პოვნა დიდი იღბლის მომასწავებელი იყო. საქართველოშიც საკრალური გველი ქთონური არსებაა და უკავშირდება მიცვალებულთა სამყაროს, ამიტომ დაკავშირებულია გრძნეულებასა და სიბრძნესთან. სწორედ მას უკავშირდება "გველისმჭამელის" გრძნეულებაც.
გველი ქართულ მითოლოგიაში ხშირად ითვლება დაფარული განძის მცველად. მისგან დაცული საგანძურები ხშირ შემთხვევაში ნაციხვარებში, ნასაყდრალებში, გამოქვაბულებშია განთავსებული. მასთან მისვლის უფლება ყველას არ აქვს.-"ის უნჯი სად ინახვება, მხოლოდ უფროსებმა იციან, თითო-ოროლამ. იქ გველი სდარაჯობსკე." განძთან მიახლოება მხოლოდ მკადრეს(ჯვარის მსახური) ძალუძს. რასაც მკადრეები ხედავენ, იმას სხვა ვერ ხედავს. საგანძურის ხილვას ხშირად ახლავს შიშის განცდა, რადგან მხილველს საკრალურ რეალობასთან აქვს საქმე. თუ განძის მნახველი პიროვნება "მკადრე არ არის და არ გაუვლია მოწმიდარობის განსაცდელი, მაშინ სამეფო შთამომავლობა მას ნებას აძლევს შეეყაროს განძს, რომელსაც საფარველი ეხდება მის წინაშე. თავისი და ქვეყნის ცხოვრების საბედისწერო ჟამს ფარნავაზი მზეირმის წყალობით მიაგნებს უხსოვარი დროიდან საფარველდადებულ საგანძურს და მით იხსნის საკუთარ თავს და, რაც მთავარია, ქვეყანასაც. (ზ. კიკნაძე)
ქართული მითოლოგიიდან ცნობილი გველისფერი ღვთაება დამხმარეა და ჯაჭვით დაბმული გველის ან გველეშაპის სახით გვევლინება. გველისფერი განგმირავს ღვთაების მტრებს, ხოლო მის ერთგულ მსახურებს გასაჭირში ეხმარება.
No comments:
Post a Comment