Saturday, 6 May 2017

Codex Gigas_"ეშმაკის ბიბლიის" სახელით ცნობილი უზარმაზარი წიგნი



 ბიბლია, რომელიც "ეშმაკის ბიბლიის" სახელს ატარებს, იგივე Codex Gigas, გახლავთ XIII საუკუნის დასაწყისის უზარმაზარი ხელნაწერი წიგნი. ის დაიწერა ჩეხეთში, ქ.პოდლაჟიცეს (ბოჰემიის მხარე) ბენედიქტელთა მონასტრის კედლებში. წიგნის ზომა 90X50, წონა-75 კგ., ფურცლები დამზადებულია 160 ვირის ტყავისგან.




გადმოცემით, მონასტრის მორჩილმა ცოდვების გამოსყიდვის სანაცვლოდ ფიცი დადო, რომ ერთ ღამეში დაწერდა დიდ წიგნს და მინიატურებით დაამშვენებდა მას. მიხვდა რა, რომ ამის შესრულებას ვერ შეძლებდა, დასახმარებლად ეშმაკს მოუხმო. მან კი დახმარება გაუწია ბერს ჩანაფიქრის განხორციელებაში.  სანაცვლოდ წიგნს დიდი ძალა და დანიშნულება შესძინა. თითქოს ამის დასტური 290-ე გვერდზე მისი ცნობილი გამოსახულება გახლავთ. როცა წიგნი იპოვეს,  მასში 640 ფურცელი იყო. მაგრამ ფურცლები ძალიან დაცრეცილი  აღმოჩნდა და ჩვენამდე მხოლოდ 624-მა  მოაღწია. ხელნაწერი ლათინურადაა შესრულებული.

Codex Gigas ითვლება ყველაზე უცნაურ, დიდი მიზიდულობის ძალის მქონე წიგნად. მის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ დიადნი ამაქვეყნისანი, მაგრამ მას ყველასთვის უბედურება მოჰქონდა. მასზე ნადირობდნენ ალქიმიკოსები და მაგები. მის გამო კლავდნენ, სულს ჰყიდიდნენ და სასჯელზე მიდიოდნენ.


წიგნი შეიცავს ძველ და ახალ აღთქმას, სამედიცინო რეცეპტებს, მაგიურ შელოცვებს, 14 ლათინურ ტექსტს, ისიდორე სევილიელის "ეტიმოლოგია", იოსებ ფლავიუსის "იუდეველთა ომი", კოზმა პრაღელის "ბოჰემიის ქრონიკა", საეკლესიო დღესასწაულების კალენდარსა და მონასტრის ბერების სახელებს.

მრავალი წელია მეცნიერებსა და სპეციალისტებს აწუხებს კითხვა: რა მიზნით შეიქმნა ეს წიგნი და ვინ იყო მისი ავტორი. ბენედიქტელთა მონასტერმა წიგნი გაყიდა შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო. "ეშმაკის ბიბლია" თეთრი ბერების ორდენის მონასტერში აღმოჩნდა. ორდენის ბერები ბენედიქტელთანაგან განსხვავებით ატარებდნენ თეთრ სამოსს. Codex Gigas გადაიტანეს პრაღის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ სედლეცში. ბერებმა წიგნი საპატიო ადგილზე განათავსეს სასაფლაოს მახლობლად, რომლის მიწა ნაკურთხი იყო გოლგოთიდან ჩამოტანილი მიწით. მოგვიანებით ეს ორდენიც გაკოტრდა. ეპისკოპოსმა წიგნის შავოსანი ბერებისთვის დაბრუნება ბრძანა. ამის შემდეგ მონასტერში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა და  ათეულ ათასაბოთ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1565 წელს უფლისწულ რუდოლფ II-ს  ნოსტრადამუსმა მამის  სიკვდილი უწინასწარმეტყველა,  ხოლო თავად უფლისწულს წმინდა რომის იმპერატორობა. ამ წინასწარმეტყველების შემდეგ რუდოლფ II  ოკულტიზმით დაინტერესდა. ოცნებობდა Codex Gigas ხელში ჩაგდებაზე.  მან ყველა ღონე იხმარა ბენედიქტელი ბერების დადებითი განწყობის მოსაპოვებლად. ბერებმა წიგნი მას საჩუქრად მიართვეს. უფლისწული რუდოლფი წიგნის შესწავლამ გაიტაცა. ცოტა ხანში მეფის კარი არეულობამ მოიცვა და რუდოლფი იძულებული გახდა ტახტი ძმისთვის დაეთმო. იმპერატორი უმემკვიდრეოდ მარტოობაში გარდაიცვალა. სამეფო კი მტრის-შვედთა ხელში აღმოჩნდა. იმპერატორის ციხესიმაგრე გაძარცვეს, მათ შორის სამეფო ბიბლიოთეკა. შვედებმა თან გაიყოლეს ბიბლიოთეკის ყველაზე ცნობილი წიგნი Codex Gigas.

შვედმა მეომრებმა წიგნი საჩუქრად, ერთადერთ ქალ მეფეს ევროპაში, კრისტინას (ქრისტინეს) მიართვეს. კრისტინამ ის ციხესიმაგრის ბიბლიოთეკაში განათავსა. მაგრამ Codex Gigas დიდ ხანს არ ყოფილა მის ხელში.  ათ წელიწადში კრისტინამ უარი თქვა ტახტზე, მიიღო კათოლიკობა და გაემგზავრა რომში. "ეშმაკის ბიბლია" კი სტოკჰოლმში დატოვა, სადაც  დღემდე ინახება.

ხალხმა წიგნს "ეშმაკის ბიბლია" ამაოდ არ უწოდა. მასში მაგიური შელოცვებია თავმოყრილი. ასევე აღწერილია "ეშმაკის განდევნის" რიტუალი. წიგნიდან დაკარგულია 8 ფურცელი და არავინ იცის რა ეწერა მათზე. 1697 წელს გაჩენილ ხანძარს გადაურჩა Codex Gigas, მაგრამ ზოგიერთ გვერდზე უცნაური ჩრდილები გაჩნდა. ამასთან ეს ჩრდილები იმ ფურცლებზე გამოისახა, რომელიც ახლოსაა ეშმაკის გამოსახულებიან ფურცელთან. შესაძლოა ამიტომ ეს ფურცელი ყველაზე დაბინდული ჩანს სხვა ფურცლებთან შედარებით.

ამჟამად Codex Gigas სტოკჰოლმში, შვედეთის სამაფო ბიბლიოთეკაში ინახება. 2007 წელს პირველად მოხდა მისი ექსპონირება საკუთარ სამშობლოში, ჩეხეთში .





No comments:

Post a Comment