ბერძნული მითოლოგიის თანახმად მდინარე სტიქსი იყო გადასასვლელი იმქვეყნიურ სამყაროში-ჯოჯოხეთში. ის მიედინებოდა ორ ვერცხლის მასიურ სვეტს შუა და მას იცავდა ორი ნიმფა.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ სტიქსი ახლაც არსებობს პელოპონესის ნახევარკუნძულის მთიანეთში. მაგრამ ახლა მას მავრონერი ჰქვია. მათი ასეთი დასკვნა ეფუძნება ამ მდინარის წყლით ალექსანდრე მაკედონელის მოწამვლის ვარაუდს. მდინარე მავრონერის წყლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ის შეიცავს ადამიანისთვის მომაკვდინებელ მიკროორგანიზმებს. ამ მიკროორგანიზმებით გამოწვეულ მოწამვლას თან ახლავს ისეთივე სიმპტომები რითაც იტანჯებოდა დიდი მხედართმთავარი.
მითის მიხედვით მიწისქვეშა იმქვეყნიურ სამყაროს მართავდა ზევსის ძმა ჰადესი. ესაა სიბნელითა და საშინელებებით მოცული სამეფო, სადაც ვერ აღწევს მზის სხივი და სადაც მიედინება მდინარე სტიქსი. მის ერთი ყლუპსაც კი შეუძლია დაგაკარგინოს გონება და გაგიქროს მოგონებები.
ყველა მიცვალებული ვალდებულია შესვას ის. სულები მას სვამენ მანამდე, სანამ დაბრუნდებიან ცოცხალთა სამყაროში ახალდაბადებული ჩვილის სახით. ჰადესს იცავს სამთავიანი ძაღლი ცერბერი.
მოხუცი, მკაცრი ქარონი, მიცვალებულთა სულების გადამყვანია და არავის აბრუნებს იქ, სადაც ანათებს მზე. მდინარეზე გადაყვანის საზღაურად ქარონი ფულს იღებს. ვინც უფულოდ მივა, მას ელოდება მდინარის ნაპირზე დარჩენა სამუდამოდ. ამიტომ ძველი ბერძნები მიცვალებულს პირში მონეტას უდებდნენ, რაც ქარონისთვის იყო განკუთვნილი. ცოცხალი ადამიანისთვის კი ჰადესის სამეფოში მოხვედრის ერთადერთი საშუალება გახლდათ ქარონისთვის პერსეფონეს ჭალაში მოწყვეტილი ოქროს რტოს მიტანა. ერთადერთი ვინც უფასოდ მოახერხა ჰადესის სამეფოში მოხვედრა იყო ჰერაკლე. მხოლოდ ჰერაკლეს არ გამოართვა ქარონმა ფული, ვინაიდან მისი მკაცრი გამოხედვის შეეშინდა. მაგრამ ამის გამო ჰადესმა ქარონს ერთი წლით ხუნდები დაადო. მეორე ვინც ცოცხალი მოხვდა ჰადესში გახლდათ ორფეოსი. ორფეოსმა კითარაზე დაკვრით მოხიბლა ქარონი. მესამე კი გახლდათ ენეასი. ენეასმა ჰადესში მოხვედრა პერსეფონეს ბაღის ოქროს რტოს საშუალებით მოახერხა. რტოს ჰადესის კარის გაღების ჯადოსნური ძალა გააჩნდა.
ისტორიულ ხანაში მდინარე სტიქსს თვლიდნენ ნონაკრისის შენაკადად-ჩრდილოეთ არკადიაში. ჰესიოდეს მიხედვით სტიქსი იყო მეათედი ნაწილი მიწისქვეშა მდინარეებისა, რომელიც ჩაედინებოდა ჰადესის სამეფოში, სადაც სტიქსს უერთდებოდა კოციტი. მისი წყალი კი იყო მომაკვდინებელი, მაგრამ მას უკვდავების ჩუქების უნარიც გააჩნდა. თეტიდამ თავისი შვილი აქილევსი მდინარე სტიქსში ამოავლო. რისი წყალობითაც აქილევსი დაუმარცხებელი გახდა. მხოლოდ ქუსლი , რომლითაც ის დედას ეჭირა, ჰქონდა მოწყვლადი.
გარდაცვლილთა სულები უნდა წარსმდგარიყვნენ ჯოჯოხეთის მეუფე ჰადესისა და მისი მეუღლის პერსეფონეს წინაშე. ჰადესი არ განსჯიდა მიცვალებულებს. ამას ასრულებდნენ ჯოჯოხეთის მოსამართლეები: მინოსი, ეაკი და რადამანთისი. პლატონის სიტყვებით, ეაკი ასამართლებდა ევროპელებს, რადამანთისი აზიელებს, ხოლო მინოსი მსჯელობდა საეჭვო შემთხვევებზე.
No comments:
Post a Comment