უკანასკნელი ექვსი ათასი წლის წინ ეგვიპტელები წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ ველურ ტომებს-"მოხდა ისეთი რამ, რამაც გასაოცარ მოკლე დროში ნახევრად არაბული ტომების კონგლომერატი, რომელიც ნილოსის ნაპირებთან ცხოვრობდა, გადააქცია მაღალცივილიზებულ სახელმწიფოდ, რომელმაც 3000 წელი იარსება. მომხდარის შესახებ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ არქეოლოგიური მონაპოვრები ბევრ მასალას იძლევა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი აღმოჩენები ყველაფერზე გაგვცემს პასუხს-ლეონარდ კოტრელი
ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით, თოთმა (მოგვიანებით ჰერმესი)-ატლანტთა ქურუმ მეფემ დააფუძნა კოლონია ძველ ეგვიპტეში. ის იყო დიდი პირამიდის ამგები. მან მოახდინა ატლანტთა ძველი ცოდნისა და სიბრძნის ინტეგრირება. 16 000 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტელთა ძველ რასას. თოთი უკვდავი იყო. განუზომელმა სიბრძნემ ის ბევრი კოლონიის მმართველად აქცია სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ჩათვლით.
პირველად თოთის სახელს ფონეტიკური ფორმით ვხვდებით ჰერმოპოლისის ტექსტებში. ადრე ეგვიპტეში მთვარის ღვთაებას მხოლოდ იეროგლიფურად გამოხატავდნენ იბისის სახით. მეცნიერები თვლიან, რომ თოთის მთავარი კულტის ადგილი იყო ქალაქი, რომელსაც ადრე ჰმუნუ, ბერძნულ ხანაში კი ჰერმოპოლისი ერქვა. ა. ტურაევის (ეგვიპტოლოგი) აზრით, ქალაქ ჰერმოპოლისთან დაკავშირებული იყო სინათლის დაბადება და წყვდიადზე გამარჯვება. თოთი ჰერმოპოლისში წარმოდგენილი იყო როგორც უმაღლესი ღვთაება და ''მეუფე ცისა''. ნათლად ჩანს, რომ მთვარის ღვთაების სახელი თოთი პირვანდელი და მშობლიური არ არის ეგვიპტისთვის. იგი გარედან არის შეტანილი. თოთმა პირველობა მოიპოვა მთელი ეგვიპტის მასშტაბით. ''მიცვალებულთა წიგნში'' ის წარმოდგენილია როგორც კულტის დამაარსებელი, ეგვიპტის ყველა რელიგიური ცენტრის ქურუმი''.
გადმოცემით, თოთი უკვდავი იყო. მან დაამარცხა სიკვდილი და მიწიერი ცხოვრება თავისი ნებით დატოვა. როდესაც ამქვეყნიური ცხოვრებიდან წასვლის დრო მოუვიდა, ააგო დიდი პირამიდა ''ამენთის დარბაზების'' შესასვლელს ზემოთ. ყველაფერი ჩაწერა თავის ქრონიკაში და მცველები დააყენა საიდუმლოს დასაფარად. მოგვიანებით, ამ მცველთა შთამომავლები გახდნენ პირამიდის ღვთისმსახურები. ლეგენდის მიხედვით, "ამენთის დარბაზების'' მიწისქვეშა სამყარო იქცა ღმერთების დარბაზებად, სადაც გადადიოდა სული გარდაცვალების შემდეგ, რათა სამსჯავროზე წარმსდგარიყო. მომდევნო ეპოქებში თოთის ''ეგო'' სხვა ადამიანებში გარდაისახა, რაც მის ფილებზეა აღწერილი. მისი გარდასახვა სამჯერ მოხდა. ბოლო გახლდათ ჰერმესი-სამჯერ შობილი (ტრისმეგისტოსი). სწორედ მან დატოვა ჩანაწერები, რომელიც თანამედროვე ოკულტისტებისათვის ცნობილია როგორც ''ზურმუხტის ფილები''-სულ ათი ფილა, რომელიც ინახებოდა დიდ პირამიდაში ქურუმთა ზედამხედველობის ქვეშ. ათი ფილა დაყოფილია 13 ნაწილად. ღრმად შესწავლის მსურველს და მაძიებელს ეხსნება სიბრძნის გზა. ბოლო ორი ფილა ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
თოთის კულტი დაკავშირებულია ჰერმოპოლისთან და მიწისქვეშა ამენთის დარბაზებთან. მან შექმნა დამწერლობა და დაწერა მთავარი და ყველაზე უძველესი წიგნი "თოთის წიგნი", რომელიც განუსაზღვრელი ძალაუფლების საიდუმლოს შეიცავდა. პირველად ეს წიგნი გაკვრითაა ნახსენები "ტურისის პაპირუსში". ის გაიშიფრა და გამოქვეყნდა 1868 წელს. ტექსტში საუბარია ფარაონის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ფარაონის განადგურებას მაგიის დახმარებით. შეთქმულები სიკვდილით დასაჯეს, თოთის წიგნი კი პირველად დაწვეს. მაგრამ წიგნი ისევ გამოჩნდა ეგვიპტის ისტორიაში. ის აღმოჩნდა ჰანუასის (რამზეს მე-2 შვილი) ხელში. ეს გახლდათ დედანი დაწერილი თავად თოთის მიერ. წიგნი იძლეოდა ძალაუფლებას დედამიწასა და ციურ სხეულებზე. მისი დახმარებით შესაძლებელი იყო ცხოველებისა და ფრინველთა ენის ცოდნა, მკვდრების გაცოცხლება და მანძილზე ზემოქმედება. ასეთი წიგნი წარმოადგენდა დიდ საფრთხეს. ჰანუასმა წიგნი ცეცხლს მისცა ან ითვალთმაქცა. იმავე ტექსტიდან ირკვევა, რომ წიგნის დაწვა შეუძლებელია. ის ისევ ფიგურირებს წარწერებში სტელაზე, რომელიც მუჰამედ ალი ფაშამ აჩუქა მეტერნიხს და ისტორიაში შევიდა მისი სახელით. სტელა აღმოაჩინეს 1828 წელს. ის დათარიღებულია 360 წ-ით ჩვ.წ. აღ-მდე. მასზე გამოსახულია სამასზე მეტი ღმერთი, ვარსკვლავების ირგვლივ მბრუნავი პლანეტები. თოთი გვამცნობს, რომ ბრძანა წიგნის დაწვა, განდევნა დემონი სეთი და ბოროტების შვიდი მასწავლებელი. ბოლოს 360 წელს ჩვ.წ. აღ-მდე თოთის წიგნი თითქოს საზეიმოდ დაწვეს. მაგრამ დაახლოებით 300 წელს ჩვ.წ.აღ-მდე თოთი კვლავ გამოჩნდა. ამჯერად მას აიგივებენ ჰერმეს ტრისმეგისტოსთან, რომელიც ითვლება ალქიმიის ფუძემდებლად. ყოველი საკუთარი თავის პატივისმცემელი მაგი, განსაკუთრებით ალექსანდრიაში, ირწმუნებოდა, რომ ფლობდა თოთის წიგნს. თუმც წიგნი აღარავის უნახავს. მაგი, ვინც დაიკვეხნიდა რომ წიგნი ჩაიგდო ხელში, უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდებოდა.
ძვ.წ. აღ-ის პირველ საუკუნიდან გამოჩნდა ბევრი წიგნი, რომელიც ერთიანად წარმოადგენდა "Corpus hermeticum"-ს. მოგვიანებით, ყველაზე ცნობილი მათ შორის გახდა "Asclepius"-ი, სადაც ნახსენებია "თოთის წიგნი". "Asclepius"-ში მოყვანილია მაგალითები დაკარგული ცივილიზაციების ძლიერების შესახებ, როგორ ქმნიდნენ ქანდაკებებს, იხმობდნენ სულებს და მაგიის დახმარებით შთაბერავდნენ ქანდაკებებს სულებს. ასე შეიქმნა ეგვიპტური ღმერთები და თვით თოთი. Asclepiusi-ის რწმუნებით ეს ღმერთები მოქმედებდნენ ქრისტეს დროსაც: "ისინი ცხოვრობენ დიდ ქალაქში, რომელიც მდებარეობს ლიბიის მთებში. მეტს არაფერს ვიტყვი". ამ ოკულტური ნაშრომების ნახვა შესაძლებელია ნოკ ფესტუჟიერის "Corpus hermeticum"-ის გამოცემაში. ასეთი ტექსტები ავრცელებდა "თოთის წიგნის" შინაარსს. ინკვიზიციამ ოცდაათჯერ მაინც დაწვა ისინი. წიგნის დაწერაც კი შეიძლება იმ უცნაურ თავგადასავლებზე რაც შეემთხვა მათ ვინც აცხადებდა, რომ ფლობდა "თოთის წიგნს."
გადმოცემით, ჩვ.წ. აღ-მდე 1300 წელს ჰმუნუ მღელვარებამ მოიცვა და ამის გამო ქურუმთა დიდი ჯგუფები გაიგზავნა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის პირამიდის ქურუმთა ნაწილიც. ქურუმებმა თან გაიყოლეს წიგნი"ზურმუხტის ფილები"-თილისმა, რომლის სახელითაც ავლენდნენ ძალაუფლებას ქურუმობაში გაუწვრთნელ რასებზე. როგორც ლეგენდა გვიამბობს, ამ ფილების მფლობელს ეძლეოდა უფლებამოსილება თვით თოთისგან. მოგვიანებით, თითქოს ფილები უკან დააბრუნეს და მათი ასლებიც კია აღებული. რაც შეეხება ფილების მატერიალურ ასპექტს, მათ ჰქონდა ზურმუხტისფერ-მომწვანო ფერი, დამზადებული იყო ალქიმიური ტრანსმუტაციის საშუალებით. ფილების განადგურება შეუძლებელია, ვინაიდან მდგრადია ბუნებრივი ზემოქმედებისა და ნივთიერებათა მიმართ. სხვაგვარად, ფილების ატომური და უჯრედოვანი სტრუქტურა დაფიქსირებულია და მათში ცვლილებები ვერნაირად ხდება. ამ მხრივ, არღვევს იონიზაციის მატერიალურ კანონს. მათზე ამოკვეთილია ჩვენთვის უცნობი ნიშნები. ლეგენდის მიხედვით, ეს ფილები მფლობელს ანიჭებდა თოთის უფლებამოსილებას. ფილებზე აღბეჭდილი სიბრძნე იყო საფუძველი ძველი მისტერიებისა. პირველ ფილაზე დასახელებული იყო ოცდაათი ძლევამოსილი ატლანტიდის ადეპტი.
როგორც დროის ღმერთი, თოთი იყო უხუცესთა და ტახტის მემკვიდრეთა მფარველი.
როგორც სიბრძნის ღმერთმა კი გამოიგონა იეროგლიფები. იყო ავტორი იეროგლიფებით დაწერილი წმინდა წიგნებისა, მაგი და ბიბლიოთეკების ღმერთი. თოთი იყო სახელმწიფოსა და მსოფლიო წესრიგის მფარველი. ის გახლდათ ოზირისისა და ჰორის ე.წ. ვეზირი. როდესაც ისინი ეგვიპტეს მართავდნენ, ის შიკრიკისა და თანაშემწის ფუნქციას ასრულებდა. საიქიოში ოზირისს თოთი აწვდიდა მიცვალებულთა შესახებ ჩანაწერებს. ღმერთების საუფლოში თოთი გახლდათ ჰორისა და სეთის მომრიგებელი, ესწრებოდა სამყაროს შექმნას. აღთქმის მატარებელი თოთი შუამავალია უმაღლეს ღვთაებასა და ამქვეყნიურ სამყაროს შორის.
ალექსანდრე მაკედონელის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ, მოხდა ორი რელიგიური სისტემის შერწყმა. ბერძნული ღვთაება ჰერმესი გაიგივდა ძველეგვიპტურ ღვთაება თოთთან. მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ, გამეფდა პტოლემეოსთა დინასტია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ალქიმიის განვითარებაში. ალქიმიური კულტურის განვითარების ცენტრად ითვლებოდა სერაპისის ტაძარი. მასთან გაიხსნა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა.სწორედ ამ დროს გაჩნდა ალქიმიის საინტერესო პერსონაჟი ჰერმეს-ტრისმეგისტოსის სახით, რომელსაც ალქიმიკოსები მიიჩნევენ ალქიმიის ჭეშმარიტ ფუძემდებლად.
ერთმანეთს შეერწყა ორი ღმერთის თვისება-ჰერმესისა და თოთისა. ჰერმესი
ითვლება ასტრონომიის, ალქიმიის და სხვა მეცნიერებეთა ფუძემდებლად. მისი
სახელის მიხედვით ახალ მეცნიერებას ეწოდა ჰერმეტიზმი, რომელიც ალქიმიური
ცოდნის ელემენტებს შეიცავს. მას მიაკუთვნებენ მნიშვნელოვან თხზულებას
''ზურმუხტის ფილები'', სადაც აღწერილია ფილოსოფიური ქვის შექმნა და ზოგიერთ
სხვა ალქიმიური პროცესი სამყაროს მოწყობის შესახებ. ''ზურმუხტის ფილები'' ადგენს
შვიდ ძირითად პრინციპს: 1.მენტალობის პრინციპი. 2.ანალოგიურობის პრინციპი
(რაც ზემოთაა, ისაა ქვემოთ). 3.რითმულობის პრინციპი(ყველაფერი მცირდება განსაზღვრულ რითმში). 4.მიზეზობრიობის პრინციპი(ყველაფერს გააჩნია საპირისპირო, საწინააღმდეგო). 5.სქესის პრინციპი (ყველაფერს გააჩნია მამრობითი და მდედრობითი სქესი.
ეგვიპტურ მისტერიებში მიმდინარეობდა ტვინის გარკვეული უბნების სტიმულირების პროცესი. ადამიანის ცნობიერება ფართოვდება და მას შესაძლებლობა ეძლეოდა დაენახა უკვდავნი და სულიერი სამყაროს იერარქები. ''თოთის წიგნი'' აღწერს მეთოდს, რომლითაც შეიძლება ამ პროცესის სტიმულირება, რაც ''უკვდავების გასაღებია''. ლეგენდის მიხედვით, ''თოთის წიგნი'' ინახებოდა ოქროს ყუთში ტაძრის საკურთხევლის უკან. ამ ყუთის გასაღებს
ინახავდა ჰერმეტული არკანის უმაღლესი ხელდასმული.
ფარაონ ჰუფუსა(ჰეოფსი) და მის სამ ვაჟზე არსებული ლეგენდის მიხედვით დიდი პირამიდის საიდუმლო სქემები გადაეცა ღმერთ თოთს შესანახად. სავარაუდოდ მხოლოდ ჰეოფსმა იცოდა პირამიდაში არსებული საიდუმლო ოთახების შესახებ. მან სცადა გაერკვია სად ინახებოდა თოთის ტექსტები. ბერლინის მუზეუმში ინახება პაპირუსები, სადაც აღწერილია როგორ ეძებდა ფარაონი ჰუფუ(ჰეოფსი) " თოთის სიბრძნის კიდობანს".
მოგვიანებით, თოთ-ჰერმესის ბერძნულ ენაზე არსებული 42 წიგნი დაიკარგა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მომხდარი ხანძრის დროს. რომაელები მიხვდნენ, სანამ ეს წიგნები არსებობდა, ეგვიპტე მათ არ დაემორჩილებოდა. გადმოცემით ტომები რომელიც დაწვას გადაურჩა, უდაბნოში გადამალეს. მათი ადგილმდებარეობა იცოდნენ მხოლოდ საიდუმლო სკოლების ხელდასმულებმა. თოთ-ჰერმესმა თავის მიმდევრებს გაანდო თოთის წმინდა წიგნი. წიგნი შეიცავს საიდუმლო პროცესს, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება კაცობრიობის აღორძინება. მასში მოცემულია სხვა თხზულებათა გასაღებიც. წიგნის კონკრეტული შინაარსის შესახებ არაფერია ცნობილი. გვერდები დაფარული იყო უცნაური იეროგლიფებითა და სიმბოლოებით, რაც მის ამომხსნელს აძლევდა განუსაზღვრელ ძალაუფლებას ჰაერის სულებსა და მიწისქვეშა ღვთაებებზე.
No comments:
Post a Comment