Tuesday, 8 August 2017

უძველესი ლამპების მუდმივი ნათების საიდუმლო


თურმე ჯადოსნური ლამპები მხოლოდ "ათას ერთი ღამის" ზღაპრებში არ არსებობდა, მათზე გვაწვდიან ცნობებს ანტიკური ხანის ავტორები.

მუდმივ მანათობელი ლამპები, რომელიც ჭვარტლის გარეშე იწვოდა, ხშირადაა ნახსენები მატიანეებში, რაც თავისთავად იწვევდა მეცნიერთა დიდ ინტერესს. ეგვიპტის პირამიდების აქამდე გადუწყვეტი გამოცანაც სწორედ ამ კითხვის წინაშე გვაყენებს: როგორ ახერხებდნენ ძველი ეგვიპტელები კედლების ფრესკებით მოხატვას სიბნელეში ისე, რომ  კვამლის კვალი არ ჩანს?

სავარაუდოდ არსებობდა მუდმივ მანათობელი ლამპები. ამ  ლამპების აღმოჩენას მიაწერენ ძველ ეგვიპტელებს. მათი წარმოდგენით  ასტრალური სხეული მუმიის ახლოს იმყოფებოდა სამი ათასი წლის განმავლობაში და მუმიაზე მიმაგრებული იყო მაგნიტური ძაფით, რომლის გაწყვეტა მიცვალებულს მხოლოდ საკუთარი ძალით შეეძლო. ეგვიპტელებს იმედი ჰქონდათ, რომ მუდმივ მანათობელი ლამპა, უხრწნელი და უკვდავი სულის სიმბოლო, აიძულებდა სულს დაშორებოდა  მიწიერ სამყოფელს და სამუდამოდ შერწყმოდა საკუთარ ღვთიურ "მე"-ს. ამიტომ ჰკიდებდნენ მდიდართა სამარხებში ასეთ ლამპებს. ტიტუს ლივიუსი წერდა, რომ ძველ მემფისში შესაძლებელი იყო ბევრი ასეთი ლამპის ნახვა.



ანტიკური ავტორები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ეგვიპტის უამრავი მიწისქვეშა ტაძრები და ლაბირინთები განათებული იყო უხილავი წყაროს სინათლით. გადმოცემით, ხეოპსის პირამიდის მიწისქვეშა სამუშაოების დროს განათებისთვის იყენებდნენ რამდენიმე ათეული მეტრი სიგრძის  რბილ ელექტროზონარებიან მოწყობილობას.  ამიტომაა შეუჭვარტლავი პირამიდების მიწისქვეშეთი და ფარაონთა განსასვენებლები.

პლუტარქეც ახსენებს ლამპას, რომელიც მან იუპიტერ-ამონის ტაძარში ნახა. ქურუმები არწმუნებდნენ, რომ ის წლების განმავლობაში ენთო. მიუხედავად იმისა ღია ცისქვეშ იყო, ქარი და წვიმა ვერ აქრობდა. წმინდა ავგუსტინეც აღწერს ვენერას ტაძარში მუდმივ მანათობელ ლამპარს.

1425 წელს საოცარი, მუდმივ მანათობელი ლამპა აღმოაჩინეს იულიას სამარხში, რომელიც გახლდათ ციცერონის ქალიშვილი. ლამპა ენთო 1600 წლის განმავლობაში დახურულ სივრცეში ჟანგბადის გარეშე და ანათებდა ახალგაზრდა ქალის სხეულს. გათხრების მოწმე გახლდათ ბენედიქტელი ბერი, რომელიც ლამპის სანახავად და იმის გასარკვევად მიიწვიეს, იყო თუ არა ეს საოცრება ეშმაკისეული ხრიკები. ბერმა სამარხში შესვლისას ნახა ცისფერ სინათლეში გახვეული ახალგაზრდა ქალის  უხრწნელი სხეული. მე-20 საუკუნეში თეოლოგიის მაგისტრი პიტაფიორე ცისტერიანელთა ორდენის მატიანეების შესწავლისას წააწყდა ჟამთააღმწერის საინტერესო ჩანაწერს "გარდაცვლილ რომაელ ქალზე". ტექსტიდან ირკვეოდა, რომ ცისტერიანელი ბერი ბენედიქტო შემთხვევით აღმოჩნდა სანტა მარია ნუოვას ტაძრის მახლობლად, სადაც მიწის მთხრელებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ძველი სამარხი. სწორედ მათ მიიწვიეს ბერი სამარხის დასათვალიერებლად, რომლის ყურადღება მიიქცია კედელზე დაკიდებულმა ცისფრად მოელვარე ლითონის ლამპამ. მან  ამის შესახებ უმალ აცნობა კარდინალს და აღნიშნულ ადგილზე მიიყვანა ის. კარდინალმა უხერხულად მიიჩნია სამარხში ჩასვლა და სარკოფაგის თოკებით  ამოტანა მოითხოვა. ბენედიქტო მეთვალყურეობდა მუშების საქმიანობას, თან სამარხის კედლებს ათვალიერებდა, რომელიც ფრესკებით იყო მოხატული, მაგრამ ლამპა კედელზე უკვე ვეღარ ნახა. სარკოფაგი მიწის ზევით აიტანეს, კარდინალმა დახედა ახალგაზრდა ქალის არაჩვეულებრივად შენახულ სხეულს და იკითხა ქრისტიანი იყო თუ არა მიცვალებული. პასუხი უარყოფითი მიიღო, ვინაიდან არც სარკოფაგის სახურავზე და არც სამარხში არ აღმოჩნდა ქრისტიანობის აღმნიშვნელი რაიმე ნიშანი. კარდინალმა სარკოფაგის კაპიტოლიუმზე გადატანა ბრძანა.  მიუხედავად ბენედიქტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვებისა, არავინ იცოდა ვინ წაიღო და სად გაქრა ლამპა.

ციცერონის ქალიშვილი იულია   



მსოფლიოს საოცრება "ალექსანდრიის შუქურაზეც" ანათებდა ცხრა მინიატურული მუდმივი სანათი. იქვე იყო შუქის გამაძლიერებილი და სხვა საოცარი მოწყობილობა. ვარაუდობენ, რომ მიწისძვრით გამოწვეული შუქურის ნგრევის შემდეგ, სანათები შეინახეს მიწისქვეშა საცავებში მემფისის მახლობლად.

როგორც ცნობილია, რომის მეორე იმპერატორ ნუმა პომპილუსს ჰქონდა გაუმჭვირვალე ბურთის ფორმის მუდმივი სანათი, რომელიც მისი თქმით ღმერთების ნებით გაჩნდა ტაძრის გუმბათქვეშ.

ბერძენი ავტორი ლუკიანე ყოველთვის დაწვრილებით აღწერდა საკუთარ მოგზაურობას. ჰელიოპოლისში (იგივე ბაალბეკი) ყოფნის დროს მან მოინახულა ჰერას ტაძარი, სადაც ნახა ჰერას ქანდაკება შუბლზე მანათობელი ქვით, რომელიც გარემოს ანათებდა.

პლუტარქე წერდა, რომ ეგვიპტის იუპიტერ-ამონის ტაძრის შესასვლელთან იყო ლამპა, რომელიც ქურუმთა მტკიცებით ანათებდა რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში და არ საჭიროებდა მოვლას.

პავსანიუსი აღწერს კაპიტოლიუმზე მდგარი იუპიტერის ტაძრის განსაკუთრებულ სამლოცველოს, სადაც იდგა ენეასის მიერ ტროადან წამოღებული ათენა-პალადას გამოსახულება. ქანდაკება განათებული იყო განსაკუთრებული ლამპით, რომელიც მუდმივად ენთო მთელი წლის განმავლობაში. ამას ადასტურებდნენ ტაძრის ქურუმები, რომლებიც ყოველი წლის მარტში ასუფთავებდნენ მას.

წმინდა ავგუსტინე თავის ნაშრომებში გვამცნობს უცნაური ლამპის შესახებ, რომელიც მან ნახა ეგვიპტეში, ქალღმერთ იზიდას ტაძარში. ავგუსტინე თავად დარწმუნდა, რომ მას ქარი და წყალი ვერ აქრობდა.

მე-15 საუკუნის ქრონიკა გვამცნობს რომის მახლობლად სენსაციურ აღმოჩენაზე. 1401 წელს, რომის მახლობლად აღმოაჩინეს პალანტეს სამარხში (ევანდრეს ვაჟი) ჩაუქრობელი ლამპა, რომელიც მიცვალებულს ედგა თავთან. დაკრძალვის თარიღიდან გამომდინარე ლამპა ენთო 2000 წელი, მაგრამ სარკოფაგის გახსნისთანავე ალი ჩაქრა.

"რომის ქრონიკებში" გაჩნდა ცნობა, რომ 1485 წელს აღმოჩნდა მავზოლეუმი სარკოფაგით, რომელიც შიგნით განათებული იყო კედელზე დაკიდებული ლითონის ლამპის ცისფერი სანათურით, რომელიც ათას ხუთასი წელი ენთო.

არაჩვეულებრივ ლამპებს ნახულობდნენ ინდურ და ჩინურ ტაძრებშიც, ასევე სამხრეთ ამერიკის საკულტო ნაგებობებში. კონკისტადორთა ჟამთააღმწერელი სამხრეთ ამერიკაში ბარკო სანტერენა წერდა, რომ  პარაგვაიში, ქალაქ გრან-მოქსოს ახლოს, ტბაში არსებულ კუნძულზე იყო ქალაქი, სადაც ოცი ფუტის სიმაღლის სვეტის თავზე ანათებდა დიდი "მთვარე". მისი შუქი ეფინებოდა ირგვლივ ტბას. ენდრიუ ტომასი ავტორი წიგნისა "ჩვენ არ ვართ პირველნი" წერს, რომ მას უამრავჯერ სმენია ინდონეზიის ჯუნგლებში ვილჰელმინას მთის ახლოს მდებარე სოფელზე, სადაც მოხვედრილი სტუმრები გაოცებული იყვნენ სვეტებზე დამაგრებული ქვის ბურთებით, რომლებიც საოცრად ანათებდა არემარეს მზის ჩასვლის შემდეგ.

ასეთივე ნათურებს ნახულობდნენ ევროპის ჩრდილოეთში. ერთ-ერთი ასეთი ლამპა აღმოჩნდა ინგლისში. შუა საუკუნეების ქრონიკებში ნათქვამია, რომ ბრისტოლში, ძველ სამარხში აღმოჩნდა ჩაუქრობელი ლამპა, რომელიც ენთო რამდენიმე ასწლეული. მასზე საუბრობდნენ როგორც ჩვეულებრივ, ნაცნობ მოწყობილობაზე.

სამწუხაროდ არცერთი ასეთი ლამპა მთელი არ გადარჩა. მეცნიერებს მხოლოდ ნამსხვრევები და ლითონის ნატეხები ხვდებოდათ. საიდუმლოებით მოცული ლამპების მუშაობის პრინციპის საინტერესო ჰიპოთეზა წამოაყენა იეზუიტ-მეცნიერმა ათანასე კირხერმა. მისი აზრით, ეგვიპტეში ნავთობის მდიდარი მარაგებია და ქურუმები მილებით უერთებდნენ ნავთობის წყაროს ლამპებს, რომელსაც ჰქონდა აზბესტის ფითილები.

ზოგიერთმა მკვლევარმა შეამჩნია, რომ მუდმივ მანათობელ ლამპებს ნახულობდნენ იმ ადგილებში, სადაც გვამის უხრწნელად შენახვის ტრადიცია ჰქონდათ. ჩვეულებრივ, გარდაცვლილთა შიგნეულებას ათავსებდნენ სპეციალურ ჭურჭელში სარკოფაგის ახლოს. ძველი სამეფოების ხანაში შიგნეულობას სულს მიათვლიდნენ. მას ერქვა "გულის ვარდი", " "მარგალიტი ლოტოსის ყვავილში". სული აძლევდა სხეულს სიცოცხლეს. ჩნდება კითხვა: თუკი ლამპებში არ იყო საწვავი და ფითილი, მათ მაგივრად გარდაცვლილთა სულები ანათებდა ჩაუქრობელ სანათებს? სამარხის გახსნისა და შიგ შესვლისთანავე სინათლე ქრებოდა.

ეგვიპტის "მიცვალებულთა წიგნში" არის ასეთი თავი "აღმასვლა სინათლისკენ", სადაც საუბარია მიცვალებულ ფარაონზე, რომელსაც ყოველთვის შეეძლო გამოსვლა თავისი სამარხიდან. ამისთვის მას სჭირდებოდა სასიცოცხლო ძალა, რომელიც ინახებოდა შუშის ჭურჭელში.

ალქიმიკოსები ამტკიცებენ, რომ ოქროს, ვერცხლის, ვერცხლისწყლის, ნავთობისა და ნავთის, ასევე ქაფურის ზეთისა და ქარვის განსაკუთრებული დამუშავების შემდეგ, ისინი გამოიყენებოდა ასეთი ლამპრების ასანთებად. ოქრო ყველაზე საუკუთესოა ასეთი ლამპრებისთვის. ის გადაჰყავთ თხევად მდგომარეობაში.  გახურებისა და დნობისას ყველაზე ნაკლებად ჰკარგავს ტენს. ამასთან შესაძლებელია უკან დააბრუნებინონ აორთქლებისას თავისავე გაცემული ტენი  და ამით ალს მუდმივი კვება მიეწოდოს. სავარაუდოდ ბიბლიური მოსესთვის ცნობილი იყო ეს საიდუმლო. _"უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი" ( გამოსვლათა, XXVII, 20)

ზოგ შემთხვევაში,  ფითილს მუდმივი ლამპრებისთვის  ამზადებდნენ  ქვისგან, რომელსაც უწოდებდნენ Lapis Carystius. ქალაქ კარისტოს მოსახლეობა არ მალავდა ამ ფაქტს.-"ისინი ფუმფულა ქვისგან ქსოვდნენ და რთავდნენ ქსოვილს ლაბადისთვის, სუფრისთვის და ა.შ. როცა ნივთები ჭუჭყიანდებოდა, წყლის მაგივრად მათ წმენდნენ ცეცხლით."

საფიქრებელია, რომ შორეულ წარსულში აღმოაჩინეს ჩვენთვის უცნობი ენერგიის წყარო, რომელიც უზრუნველყოფდა სინათლის სხივის ხანგრძლიობას. ძველი ცივილიზაციების მეცნიერება და ტექნიკა ვითარდებოდა  განსხვავებული გზით. ამიტომ მათ მიღწევებს ჩვენ აღვიქვამთ როგორც რაღაც ირაციონალურს.














No comments:

Post a Comment