Thursday, 17 August 2017

რას ეყრდნობა ინდოელთა რწმენა იესოს საფლავის ქაშმირში არსებობის შესახებ



როზაბალი სხვადასხვა ისლამურ, ბუდისტურ, სანსკრიტულ პირველწყაროებში მოხსენიებულია როგორც იესო ქრისტეს საფლავი, რომელიც მდებარეობს ქაშმირში.

X საუკუნის ირანელი ისტორიკოსი შეიხ ალ-საიდ-უს-სადიკი მის ცნობილ ნაშრომში "იქმალ-უდ-დინი" მოგვითხრობს იესოს თოთქოსდა ინდოეთში ორ მოგზაურობაზე და მისი იუზ ასაფის სახელით გარდაცვალებაზე ქაშმირში. ეს წიგნი გამოიცა ირანში 1883 წელს. მოგვიანებით  წიგნი თარგმნა გერმანელმა აღმოსავლეთმოცოდნემ მაქს მიულერმა. წიგნში იუზ ასაფის იგავია მთესველზე, რომელიც ჰგავს იესოს იგავს მათეს სახერებიდან.-"გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას ჩავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი.  ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა.  ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.  ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი.  ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი."- მთესველი ბრძენია, ხოლო თესლები მისი ბრძნული სიტყვები.  ფრინველთა აკენკილი თესლები იმ ადამიანებს ჰგავს, ვისაც არ ესმის სიტყვის. კლდოვანზე დაცვენილი თესლები,-ერთ ყურში შესული და მეორედან გამოსული ბრძნული სიტყვები.  ეკლებში დათესილი ის არის, ვისაც ნამდვილად ესმის და ხედავს, მაგრამ არაფერს აკეთებს.  ხოლო კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას, გონებით ჩასწვდება მას და შესაბამისად მოიქცევა.

არსებობს ასევე ვარლაამისა და ჯოსესაფატის არაბული ვერსია "ბალაუხარისა და ბუდასაფის" წიგნი, რომელიც გამოიცა ბომბეიში და მასში მოთხრობილია იუზ ასაფის გარდაცვალების შესახებ: "და მიაღწია მან ქაშმირს, ყველაზე შორეულ რაიონს. აქ მისი სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდა. ის მიიცვალა და მემკვიდრეობა დაუტოვა თავის მოსწავლეს, სახელად აბაბიდს. ყველაფერი სრულყოფილი იყო რასაც ის აკეთებდა. და მან უთხრა: "მე ღირსეული სამარხი ვნახე, მოვრთე ის და მივიტანე ლამპრები. ჭეშმარიტებით შევკრიბე ფარა, რომელიც გაფანტული იყო და ვისთვისაც მოვლენილი ვიყავი. და ახლა,  უკანასკნელად ამოვისუნთქავ, გავათავისუფლებ სულს სხეულისგან ჩემი ამა ქვეყნიდან ამაღლებისას.  მიაქციეთ ყურადღება მითითებებს რაც მოგეცათ და ნუ ასცდებით ჭეშმარიტების გზას-მისდიეთ მას მადლიერებით-დაე, აბაბიდი იყოს მეთაური". შემდეგ მან აბაბიდს მისთვის ადგილის მოსწორება მოსთხოვა.; ფეხები გაასწორა და დაწვა; მიაბრუნა თავი ჩრდილოეთისკენ, ხოლო სახე აღმოსავლეთისკენ, და განისვენა.

იუზ ასაფის საფლავი მდებარეობს  ძველი შრინაგარის ცენტრში. შენობა მოგვიანებითაა აგებული საფლავის გარშემო. საფლავს ეწოდება "როზაბალი".  იგივე რაუზა ბალი.  ტერმინი "რაუზ" გამოიყენება გამოჩენილი ადამიანების საფლავის აღსანიშნავად. სამარხის ნაგებობის შესასვლელზე ამოკვეთილია წარწერა,  რომელიც გვამცნობს, რომ იუზ ასაფი შევიდა ქაშმირის ველზე მრავალი ასეული წლის წინ და, რომ მისი ცხოვრება  ჭეშმარიტების მტკიცების მსახურება გახლდათ. შენობაში ორი სხვადასხვა სქელი ქსოვილით დაფარული საფლავის ქვაა.


ზომით დიდი ეკუთვნის იუზ ასაფს, ხოლო მომცრო-მუსლიმ წმინდანს სეიერ ნასირ-უდ-დინას, რომელიც  მე-15 საუკუნეში დაკრძალეს აქ. ნამდვილი საფლავები მდებარეობს აკლდამაში, შენობის იატაკქვეშ. ვიწრო ხვრელით შესაძლებელია  დაბლა არსებული სამარხის დანახვა. იუზ ასაფის ნაშთის სარკოფაგი მიმართულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იუდაური წესის შესაბამისად. რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ იუზ ასაფი არ იყო მუსლიმთა წმინდანი. ინდუსები და ბუდისტები კი მარხავენ მხოლოდ ასკეტებსა (სადხუ) და წმინდანებს (ჩვეულებისამბრ გვამებს უკეთებენ კრემაციას). აქედან გამომდინარე, იმ ადგილზე განისვენებს ადამიანი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ როგორც წმინდანს ისლამის გავრცელებამდე.



მომლოცველები ხშირად ტოვებენ სანთლებს საფლავის ქვაზე. რამდენიმე წლის წინ მოაშორეს მრავალი საუკუნის განმავლობაში დაგროვილი ცვილი. აღმოჩნდა: ქვაზე ამოტვიფრული იყო ფეხის ორი ტერფი, აზიაში ფართოდ გავცელებული ტრადიცია წმინდანების საფლავზე, მათ შუა ჯვარცმა და გვირგვინია. ფეხის ტერფები მიუთითებს გარდაცვლილის პიროვნულობაზე, ისევე როგორც თითის ანაბეჭდი. მოქანდაკეს გამოსახული აქვს ჯვარცმის იარები. იარების განლაგება აჩვენებს, რომ მარცხენა ტერფი მიჭედებული იყო მარჯვენაზე. ჯვარცმა, როგორც დასჯის ფორმა, არ იყო ცნობილი ინდოეთში.


 ქაშმირის ძველი ლიტერატურული ნაწარმოებები მოწმობენ თითქოს იუზ ასაფი და იესო ქრისტე ერთიდაიგივე პიროვნებაა. ერთი ძველი ხელნაწერი სამარხს აღწერს როგორც "ისი რუუხ ალაჰის"(იესო ღვთის სული) საფლავს. ათასობით მორწმუნე მოდის ამ საფლავთან მოსალოცად-არამარტო მუსლიმები, არამედ ინდუსები, ბუდისტები და ქრისტიანები. ებრაელები ამ საფლავს უწოდებენ "ჰაზრატ ისა საჰიბ"-უფალი იესოს საფლავი.

ქაშმირში არსებული  ძველი ხელნაწერები ამტკიცებენ, რომ სარკოფაგზე არსებული დამცავი შენობა აიგო ჩვ.წ. აღ-ის 112 წელს. მას მერე საფლავს უვლის ერთი ოჯახი. საფლავის მცველებმა 1776 წელს გამოსცეს ოფიციალური რწმუნების სიგელი, როგორც მტკიცებულება  ამ წმინდა ადგილის მნიშვნელობაზე.

 დასავლეთის მკვლევარები უარყოფენ იუზ ასაფის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იესო ქრისტესთან. ინდოელი პროფ. ჰასეინი ემხრობა იუზ ასაფისა და ქრისტეს იდენტიფიცირებას, მაგრამ ამავე დროს თვლის, რომ იუზ ასაფის ქაშმირში მოსვლის ლეგენდა გავრცელდა სპარსეთსა და ავღანეთიდან. მას მიაჩნია, რომ იესოს ყველაზე ადრეული ხსენება პაპირუსზე შესრულებულ სანსკრიტულ ხელნაწერშია "ბჰავიშია მაჰაპურანა", რომელიც შეადგინა სუტამ 115 წელს ჩვ. წ.აღ, საიდანაც ირკვევა, რომ 76 წელს საკთა თავადი-შალი ვაჰანა პამპორში, შრინაგართან ახლოს შეხვდა წმინდა ადამიანს, თეთრკანიანს, თეთრ სამოსში, რომელიც წარუდგა მას როგორც იშვარა-პუტარამი (ღვთის შვილი) და კანია-გარბამი (ქალწულისგან შობილი). ის შორიდან მოვიდა, სადაც განსაცდელში აღმოჩნდა და გამოეშურა აქეთ საქადაგებლად, როგორც ისა მასიხი-მესია იესო.







No comments:

Post a Comment