აზგარდი ძველი გერმანული და სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით გახლავთ ღმერთ დემიურგების მიერ შექმნილი სამი სამყაროდან ერთ-ერთი. მიდგარდის (ადამიანების სამყარო) და ჰელჰეიმისგან (მიწისქვეშა სამყარო) განსხვავებით ესაა ღმერთების საუფლო. ის ზეცაშია და განასახიერებს მომავალს. აზგარდი ადამიანთა სამყაროსთან დაკავშირებულია ზეციური ხიდით-ცისარტყელით. ეს სიახლოვე შემთხვევითი არ გახლავთ. თვლიდნენ, რომ სამყაროები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. და როცა ადამიანთა სამყარო დაიღუპება, აზგარდიც დაინგრევა, ვინაიდან ის აგებულია ძლიერი იფან იგდრასილის ტოტების გარშემო, რომელიც იზრდება მიდგარდში. ყველა ღმერთი ერთად ცხოვრობს, მაგრამ ყოველ მათგანს აქვს საკუთარი სასახლე. ოდინის სასახლეს ვერცხლის სახურავი აქვს. აზგარდში მდებარეობს ვალჰალაც, ომში დაღუპულ გმირთა სავანე. ვალჰალაში მოხვედრა ყველა მეომრის ოცნებაა. კედლებში 540 კარია. საჭიროების შემთხვევაში, ყველა კარიდან 800 მეომარი გამოვა 540 X 800=432000. ეს ციფრი მათემატიკურად დაკავშირებულია პრეცესიასთან, ანუ ამდენი წელი სჭირდება მზეს ბუნიობისას პრეცესიის შედეგად გადაინაცვლოს 60 გრადუსით, გაიაროს ორ ზოდიაქალურ თანავარსკვლავედში. ვალჰალაში მოხვედრაზე ოცნებობდა ყველა ვანდალი თუ სკანდინავიელი და არა მარტო ისინი. ედების მიხედვით, ირკვევა, რომ ''არიელები'' გერმანიასა და სკანდინავიაში იყვნენ მოსულები. სწორედ ამ გადმოცემებს ეყრდნობოდა ჰიტლერი.
თავად იმირი კი წარმოიშვა ნისლისგან. სამმა ღმერთმა: ოდინმა, ვილიმ და ვეიმ
ჩამოაგდეს იმირი და მისგან შექმნეს სამყარო. როდესაც ოდინმა წესრიგი დაამყარა,
ააგო ჯადოსნური სასახლე აზგარდი. სწორედ ეს აზგარდი მდებარეობს მთის მწვერვალზე, სადაც 12 ღმერთი (ეზირი) თანაარსებობდა.
ძველი გერმანული ქრონიკების მიხედვით აზთა ტომის ბელადმა ზიგთემ ჩვ.წ. აღ-ის პირველ საუკუნეში კასპიის ზღვიდან მოიყვანა თავისი ხალხი ჩრდ.ევროპაში. მან შავი ზღვით გაიარა რუსეთზე, სადაც მმართველად დატოვა ერთ-ერთი თავისი ვაჟი. იგივე გააკეთა საქსონიაში და ბავარიის ჩრდილოეთ ნაწილში. შემდეგ გაემართა დანიისკენ, სადაც ლიდერად აღიარეს მისი მეხუთე ვაჟი სკოლდა. აქედან გადავიდა შვედეთში, სადაც გილფმა პატივი მიაგო მას და აზიარა თავის მისტერიებს. აქ მართავდა ზიგთე. აქვე დაირქვა სახელი ოდინი. იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა ზიგთუნუ. გამოსცა ახალი კანონები და დააფუძნა ქურუმთა კლანი "დროთარი", რომელიც შედგებოდა 12 ღვთისმსახურისგან. ისინი ასრულებდნენ საიდუმლო რიტუალებს და აღასრულებდნენ სამართალს. აზთა ქვეყანა, საიდანაც ოდინი მოვიდა, მდებარეობდა კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შუა.
ქართულ (მეგრულ) მითოლოგიაში საკმაოდ ცნობილია ბარაქისა და ჭირნახულის ღვთაება ოდი, რომლის გარეგნობა უკავშირდება ვერძს. ცნობილია ამ ღვთაების სადიდებელი სიმღერაც "ოდოია". შესაძლოა ამ ღვთაების სახელს ოდინთან საერთო ეტიმოლოგია აკავშირებდეს.
ისლანდიურ საგა "ედაში" ამ ქვეყანამ აზგარდის სახელი მიიღო. ის მდებარეობდა სამხრეთის მთებში, დონს იქით. გერმანულ და სკანდინავიურ მითოლოგიაში აზები არიან კეთილი საწყისის მატარებელნი ვანებისგან განსხვავებით. (ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით "რა კავშირი აქვს სკანდინავიურ ვალჰალას, აზგარდს კავკასიასთან და კერძოდ სვანეთთან" ). ვანები ბოროტი საწყისის მატარებელნი არიან. მათი ძალაუფლება გერმანელებსა და სკანდინავებზე დაამხო ოდინმა, აზების მეფემ.
ამგვარად, აზგარდი ძველ დროს მდებარეობდა კავკასიაში, ხოლო აზები სავარაუდოდ, არიელეთა "ნორდიული რასა" იყვნენ მისულები გერმანიასა და სკანდინავიაში.
ჰილტლერი კავკასიაში ეძებდა არიული რასის და ოდინის სამშობლოს. შუა საუკუნეების გერმანელი ქრონისტი საქსონი ამტკიცებს, რომ ვიკინგების სამშობლო უძველეს დროს იყო კავკასია. ეგვიპტელები ოზირისს, ოდინის ანალოგს, უწოდებდნენ სწორედ აზარს. ნაცისტური გერმანიის მისტიკოსებს მიაჩნდათ, რომ თუ ადოლფ ჰიტლერი 1942-43 წლებში შეძლებდა კავკასიის დაუფლებას, მეორე მსოფლიო ომის ბედი მათ სასარგებლოდ გადაწყდებოდა.
როგორც ცნობილია, ოკულტიზმით გატაცებული ჰიტლერის ინიციატივით შექმნილმა ჯგუფმა "ანანერბემ" ტიბეტშიც ჩაატარა ექსპედიცია. იქ ტიბეტელმა ლამებმა უთხრეს, რომ დედამიწის ჭიპი და საშო იყო კავკასია, რომელიც ტიბეტის დასავლეთით მდებარეობს. ევერესტის დასავლეთით კი იალბუზის მთაა. სწორედ კავკასიაში უნდა ეძებნა აზგარდი და ცოდნის დარბაზიც, რომლის ნახვასაც ლამობდა. დარბაზი, სადაც ინახებოდა თოთის წიგნი. "ანენერბე" თავიდან მას ეძებდა აფრიკაში კილიმანჯაროს მთაზე, მაგრამ ადგილობრივ ხალხთან კონტაქტისა და მათი ლეგენდების გაცნობის შემდეგ ჯგუფის წევრები მიხვდნენ, რომ კილიმანჯარო არ შეესაბამებოდა მათი ინტერესის ობიექტს და გეზი კავკასიისკენ აიღეს.
ტიბეტში არსებული ძველი ტექსტების მიხედვით, ჰიმალაის მთების ჯაჭვი დედამიწის სარტყელია. აღწერის მიხედვით, ამ სარტყლის "ჭიპი" მზის ჩასვლის მხარეს, სადაც მერუს ფესვებია, ჰიმალაების ჩრდილოეთით მდებარე მთებშია. თავად მერუ არ მდებარეობს დედამიწის ცენტრში ანუ "ჭიპში, მხოლოდ მისი ძირი და ფესვებია ჭიპში, რაც მას აკავშირებს " ცენტრალურ ქვეყანასთან, რომელიც არასდროს დაიღუპება". ინდურ და სპარსულ სიმღერებში ჩნდება კაი-კაუსი (კაუსიკი=კავკასია). ის მიემართება აზბურჟისკენ (ასბურგი=აზგარდი), სადაც ჩადის მზე. ტექსტის სიმბოლიკა გვეუბნება შემდეგს: დედამიწის "ჭიპი" მდებარეობს ჰიმალაების დასავლეთით ანუ კავკასიაში. მერუს მთის (სამყაროს ხის სიმბოლო) ფესვები არის სწორედ ამ ჭიპში. ის დაკავშირებულია ცენტრალურ ქვეყანასთან, რომელიც არასდროს იღუპება, ანუ კავკასიის ფესვები განლაგებულია დედამიწის ჭიპში. ვერტიკალურად ჩრდილოეთ-სამხრეთი და ჰორიზონტალურად აღმოსავლეთ-დასავლეთი ქმნის ოთხქიმიან ტოლგვერდა ჯვარს, რომლის ცენტრი დედამიწის ცენტრშია- კავკასიაში, სადაც ოთხივე ტოტის ფესვები იყრის თავს.
დედამიწის ჭიპის განსაკუთრებული საკრალურობა წარმოდგენილია ადამისა და წმინდა სამი იერარქიის(წმინდა სამება) დაბადებით. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით დედამიწის ჭიპად მიჩნეულია პირველი ადამიანის დაბადების ადგილი. არიელებისთვის დედამიწის ჭიპი არის ის ადგილი, სადაც "აგნია" როცა ის დედამიწაზეა, ხოლო ცეცხლის თაყვანისცემა დაკავშირებულია მითთან პრომეთეზე.
მითებში დედამიწის ჭიპი განიხილებოდა როგორც საშოში, ქვესკნელში ჩასავლელი. ელინებს კავკასია მიაჩნდათ ჰადესის მიწისქვეშა სამყაროდ, სადაც სამყაროს ხის ფესვებია. სპარსული გადმოცემებით, ქაფის (კავკასია) მთებში მდებარეობს გალერეა, რომელიც გოლიათებმა ააგეს და იქ შემონახულია უძველესი ადამიანთა ქანდაკებები. მათ უწოდებენ სულიმანებს ანუ აღმოსავლეთის ბრძენ მეფეებს.
ფინიკიელებისთვის კი "ქაფი" ანუ კავკასია უკიდურეს ჩრდილოეთს ნიშნავდა. მათ მიაჩნდათ, რომ იქ სახლობდა ღვთაება ბაალ-ქაფონი. ბიბლიის მიხედვით, სწორედ იქიდან შემოიჭრებიან გოგი და მაგოგი (იაჯუჯები და მაჯუჯები).
ამიტომ გერმანელმა ნაცისტებმა კავკასიონის უმაღლესი მწვერვალები იალბუზი და ყაზბეგი გამოაცხადეს არიელთა წმინდა მთებად, შუქურად რომელიც არიელებს მიუთითებდა მათ უძველეს სამშობლოზე. კავკასიის წმინდა მიწაზე დაბრუნება გერმანელებისთვის იქცა უდიდეს სიმბოლურ აქტად. მაგრამ კავკასიური აზგარდის რწმენა ჰიტლერისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ნორვეგიელი მკვლევარი და მოგზაური ტურ ჰეიერდალი დაინტერესდა ამ თემით. ის თვლიდა რომ კავკასიის მთებშია ძველ გერმანელთა ლეგენდარული ღმერთების ქალაქი აზგარდი და შეუდგა პირველად საძიებო სამუშაოებს, ეყრდნობოდა რა იმავე რწმენას რასაც ჰიტლერი და დარწმუნებული იყო, რომ ძველ გერმანელთა კვალს იპოვიდა კავკასიაში. ჰეიერდალი ენდობოდა საგა "ედას". 2000 წელს საქართველოში ყოფნისას მან აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორია მოიცავს პასუხებს უამრავ ისტორიულ საიდუმლოებაზე. მან ვერ შესძლო დაწყებული საქმის, სანუკვარი ოცნების აღსრულება და მისი ბოლომდე მიყვანა, ვინაიდან სამწუხაროდ გარდაიცვალა. მას ხომ ძალიან სურდა ფარდა აეხადა ბევრი საიდუმლოსთვის.
რა კავშირი აქვს სკანდინავიურ ვალჰალას, აზგარდს კავკასიასთან და კერძოდ, სვანეთთან (ნაწილი I )
ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა
ReplyDelete