Wednesday, 11 March 2020

საიდუმლოებით მოცული "ადამის ხიდი"


ინდოეთსა და შრი-ლანკას ზღვით თუ გადაუფრენთ, შეამჩნევთ თითქმის ზედაპირზე არსებულ უცნაურ მეჩეჩს, რომელიც აკავშირებს კუნძულსა და კონტინენტს ერთმანეთთან. მუსლიმები ამ მეჩეჩს "ადამის ხიდს" უწოდებენ, ხოლო ინდუსები-"რამას ხიდს."

მუსლიმთა სახელწოდება განპირობებულია მათი რელიგიით. ისინი თვლიან, რომ სამოთხიდან გამოდევნილმა ადამმა პირველად ცეილონზე დადგა ფეხი, როცა დედამიწაზე ჩამოვიდა. ინდოეთში კი ის გადავიდა ამ უცნაური მეჩეჩით, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ხიდს.

ინდუისტები  თვლიან, რომ  მეჩეჩი ხელოვნურად შექმნილი ხიდია, რომელიც იმპერატორ რამას ბრძანებით უხსოვარ დროს ააგო მაიმუნთა ჯარმა ჰანუმანას მეთაურობით. ამ ხიდზე გადავიდნენ რამას ჯარები შრი-ლანკაში მის მმართველ დემონ რავანთან საომრად, რომელმაც მოიტაცა რამას შეყვარებული სიტა.


შუასაკუნეების არაბულ რუკებზე ეს ადგილი აღნიშნულია, როგორც წყალს ზემოთ არსებული ხიდი, რომლითაც მსურველს შეეძლო ინდოეთიდან გადასულიყო შრი-ლანკაში. სიტუაცია შეიცვალა 1480 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც მოჰყვა შტორმი, ხიდი დაჯდა და ნაწილობრივ დაიშალა.


ხიდის სიგრძე 50 კილომეტრია. სიგანე მერყეობს 1.5-დან 4 კმ-მდე. ზღვის სიღრმე ამ ნაგებობის გარშემო 10-12 მ-ია. მისი დიდ ნაწილი დაფარულია წყლით, ხანდახან ერთი მეტრით. ასე რომ, მასზე გავლა თავიდან ბოლომდე შესაძლებელია მუხლამდე, ანდა წელამდე წყალში.

ერთადერთი სერიოზული დაბრკოლება ე.წ. გასასვლელია კუნძულ რამესვარსა და რამნადის კონცხს შორის, რომელიც ხელმისაწვდომია პატარა სავაჭრო ხომალდებისთვის. დიდი გემები შრი-ლანკის შემოვლით დადიან, რის გამო ზედმეტი 800 კილომეტრის გავლა უწევთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად 1850 წელს ინგლისელმა კომანდრომა ტეილორმა შეიმუშავა "რამას ხიდის" გასწვრივ არხის გაყვანის გეგმა. 1955 წელს ჯავაჰარლალ ნერუმ მოისურვა ამ გეგმის განხორციელება.

ნამდვილი ვნებათაღელვა 21-საუკუნეში დაიწყო, როცა ამ მიზნის განსახორციელებლად შეიქმნა კორპორაცია"სეტუსა-მუდრამი". ის არხის მშნებლობასც კი შეუდგა ადგილზე, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო სამუშაო იარაღის ნაწილი უკან დაბრუნდა პორტში, ვინაიდან ისინი დამტვრეული იყო. მოულოდნელმა შტორმმა გაიტაცა მშენებლობაში მონაწილე გემები და სამუშაოს არ მიეცა გაგრძელების საშუალება. მორწმუნე ინდუისტებმა უმალვე განაცხადეს, რომ მაიმუნთა მეფე ჰანუმანი დარაჯობს თავის შექმნილს.

მითების უკან ხშირად იმალება დაფარული რეალობა. რამდენიმე წლის წინ NASA-მ გამოაქვეყნა სურათები, რამაც გააოცა შრი-ლანკისა და ინდოეთის მოსახლეობა. ამ სურათებზე კარგად ჩანს ხიდი ინდოეთსა და შრი-ლანკას შორის. სურათების პუბლიკაციის შემდეგ, ინდოეთის პრესაში გაჩნდა სტატია, სადაც  აღნიშნული იყო, რომ ამერიკელების გადაღებული სურათები ინდური თქმულებების რეალობის მტკიცებულებაა. და რომ რაც რამაინაშია ნათქვამი, მათ შორის რამას ხიდის მშენებლობაზე, ნამდვილად მოხდა.

ინდოეთის გეოლოგიურმა სამსახურმა გადაწყვიტა ხიდის შესწავლა. სპეციალისტებმა შეისწავლეს ხიდის სტრუქტურა. გრუნტიდან ამოიღეს ნიმუშები და გაუკეთეს გულდასმითი ანალიზი. გაირკვა, რომ წყალქვეშა ბორცვი (ხიდი) ნამდვილი ანომალიაა, ვინაიდან ფსკერზე მოულოდნელად ჩნდება.

ბორცვი კაჭრებისგანაა შემდგარი, რომელშიც შედის კირქვა, ქვიშა და მარჯანი. კაჭრები ზღვის ქვიშაზეა, რომლის სისქე 3-დან 5 მ-მდეა. მხოლოდ ქვიშის ქვეშ იწყება ქვის მყარი გრუნტი. კაჭრების ქვეშ ქვიშის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ბორცვი ბუნებრივი წარმონაქმი არაა, არამედ ზემოდანაა დადებული ქვიშის გრუნტზე. 

უცნაურია ხიდის უზომო სიგანე, თუნდაც ჯარის გადასაყვანად. ლეგენდები ამბობენ, რომ მშენებელი მეომარი მაიმუნები რვა მეტრი სიმაღლის იყვნენ. რვამეტრიანებისთვის ხიდის ეს სიგანე ნორმალური იქნებოდა.

საინტერესოა ასევე ხიდის ასაკი. ლეგენდებიდან გამომდინარე ინდუისტი თეოლოგები ამბობენ, რომ "რამას ხიდი" მილიონი წლისაა, სხვები 20 ათას წელს ასახელებენ.

წყალქვეშა არქეოლოგი ალოკ ტრეპატი თვლის, რომ ხიდი ძველი ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ააგეს 4 000 წლის წინ. არიელთა შემოსევის გამო კი ისინი იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ ინდოსტანიდან შრი-ლანკაში.

ინდოეთის ხელისუფლებას სურს "რამას ხიდი" უფრო გააღრმავოს, რომ გემებს გაუადვილოს მიმოსვლა, რასაც ეწინააღმდეგებიან ინდუისტები.






No comments:

Post a Comment