"დრაკონის სახლები", იგივე დრაგა, ასე ეწოდება 20 ქვის მეგალითური სახლის ნანგრევს კუნძულ ევბეის სამხრეთით. სახლები აგებულია მასიური ქვის ბლოკებით დუღაბის გარეშე. სახურავები ქვის ფილებითაა გადახურული.
ვინ და რომელ ხანაში ააგო ეს შენობები, ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს. მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგების მიერ ნაპოვნი ჭურჭლის ფრაგმენტების ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ "დრაკონის სახლები" არსებობდა ელინისტურ კულტურამდე.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ სახლები ჩვ.წ.აღ-მე-5-7 ს.ს-ში უნდა იყოს აგებული, რაც საეჭვოა, ვინაიდან ეს შენობები არ არის ნახსენები კლასიკურ ტექსტებში. პირველად ისინი ახსენა მე-18 ს-ში ინგლისელმა გეოლოგმა, მოგზაურმა ჯონ ჰოკინსმა. საინტერესოა, რომ ადგილობრივ ფოლკლორში ტერმინი "დრაკონი" აღნიშნავს არამარტო საშინელ ურჩხულს, არამედ არსებას, რომელსაც ზეადამინური შესაძლებლობები გააჩნია.
ნაგებობები დღემდე რჩება არქეოლოგიურ გამოცანად. "დრაკონის სახლებს" მართკუთხა კონსტრუქცია აქვს. აგებულია უზარმაზარი ქვებით, ციკლოპური წყობით, ერთმანეთზე დაწყობილია დუღაბის გარეშე. ქვებს შორის დარჩენილი სივრცე ამოვსებულია წვრილი ქვებით. სახურავი გადახურულია უზარმაზარი ქვის ფილებით, მათ შორის დატოვებულია ღრიჭოები სინათლის შესასვლელად.
"დრაკონის სახლები" ყველაზე კარგად შემორჩენილია ოხის გორაზე. "დრაკონის სახლი" აქ 1386 მ. სიმაღლეზეა. აქვს 2 მ.სიგანის კარი სამხრეთის კედლის შუაგულში. ჭერის სიმაღლე 2.4 მ-ია იატაკი დაგებულია ქვის ფილებით.
ერთ-ერთ სახლს საოცრად ლამაზი ჭერი აქვს
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გამაგრებული და უზარმაზარი ნაგებობები შეიქმნა საფრთხისგან დასაცავად და თავშესაფრად. რატომ არ არის ნახსენები ეს ნაგებობები ძველ წყაროებში? მათზე ინფორმაცია მიღებულია მხოლოდ ადგილობრივთა ფოლკლორიდან. მათ შორის, ინფორმაცია დრაკონებზე, ვინც ეს სახლები ააგო.
No comments:
Post a Comment