Saturday, 28 March 2020

"ბაღდადის ბატარეის" საიდუმლო




1938 წელს ბაღდადის მახლობლად, ძველი პართიის დასახლების, ჰუჯუთ რაბუს ნანგრევებში აღმოჩნდა უცნაური ნივთი. ეს გახლდათ 14 სმ-ის  ყვითელი თიხის ქოთანი. ქოთანი დახუფული იყო ბიტუმით, რომელშიც გატარებული კოროზია მოდებული რკინის წნელი მოჩანდა.  წნელს გარშემო სპილენძის ცილინდრი ეხვეოდა. კიდეები შედუღებული იყო კალით და ტყვიით. ყველაფერი გაკეთებული იყო ძალიან უბრალოდ და ჰგავდა პრიმიტიულ ელექტრონულ ბატარეას.

ამ არტეფაქტის აღმოაჩენას მიაწერენ გერმანელ არქეოლოგ ვილჰელმ კიონინგს. კიონინგის აზრით,  მჟავითა და ტუტით გავსებულ ბატარეას შეეძლო 1 ვოლტი ელექტროენერგიის გამომუშავება. ცნობილია, რომ ელექტრო ბატარეა გამოიგონა იტალიელმა ფიზიკოსმა ალესანდრო ვოლტმა 1800 წელს, რაც მეტისმეტად მნიშვნელოვანი გამოგონება გახლდათ, ვინაიდან მან ძირფესვიანად შეცვალა ადამიანის ცხოვრება.

იგივეს თქმა ნაპოვნ არეტფაქტზე  რთული ჩანდა. პასუხის  ძიებაში კიონინგმა ბაღდადის სიძველეთა მუზეუმში ბევრი ექსპონატი დაათვალიერა. მისი ყურადღება მიიპყრო სპილენძის მოვერცხლილმა ლარნაკებმა, რომელიც აღმოაჩინეს შუმერული ქალაქის ნანგრევებში,  ერაყის სამხრეთით. ლარნაკები დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე  2500 წელს განეკუთვნებოდა. ისინი ვერცხლის თხელი ფენით სავარაუდოდ, ელექტროლიტის მეთოდით იყო მოვარაყებული.

როგორც ცნობილია, ელექტროლიტური დანალექის დახმარებით შესაძლებელია ერთი ლითონით მეორის დაფარვა (მოოქროვება, მოვერცხვლა). ეს მეთოდი-გალვანოსტეგია 1838 წელს გამოიგონა გერმანელმა ელექტროტექნიკოსმა იაკობმა. გამოდის, შუამდინარეთში ამ მეთოდს იყენებდნენ რამდენიმე ათასი წლის წინ.

როდის და ვინ შექმნა "ბაღდადის ბატარეა"? დასახლება ჰუჯუთ რაბუ, სადაც არტეფაქტი იპოვეს, განეკუთვნება პართიის ხანას. (მე-3 ს. ჩვ.წ.აღ-მდე -- მე-3 ს ჩვ.წ.აღ-ით). სავარაუდოდ, პართიელებმა ვიღაცისგან გადაიღეს ბატარეის კეთება-რომელიღაც განვითარებული ცივილიზაციისგან.

1947 წელს ამერიკელი ფიზიკოსი უილარდ გრეი მუშაობდა მაღალი ძაბვის ლაბორატორიაში, პისფილდში. მან დაამზადა "ბაღდადის ბატარეის" ზუსტი ასლი. ელეტროლიტად  გამოიყენა სპილენძის სულფატი.  გრეის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბატარეამ 2 ვოლტის ძაბვის ელექტრონული დენი გამოიმუშავა.


გრეის ექსპერიმენტმა გამოიწვია სამეცნიერო წრეების დაინტერესების ტალღა ნაპოვნი მოწყობილობის მიმართ. მთავარი კითხვები მაინც პასუხგაუცემელი დარჩა: როდის დამზადდა ბატარეა? რისთვის იყენებდნენ მას?  ერთეული აღმოჩენაა, თუ ეს მოწყობილობა კარგად იყო ცნობილი შუამდინარეთში?

კამათი დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ ,"ბაღდადის ბატარეის" სხვა ეგზემპლარი ჯერაც არ არის აღმოჩენილი. მართალია მსგავსი აღმოჩენები გაკეთდა დედამიწის სხვა ადგილებზე, კერძოდ ეგვიპტეში, მაგრამ მათი ინტერპრეტირება, როგორც "ბაღდადის ბატარეა", შეუძლებელია. თავად ამ ბატარეამაც ვერ მიიღო სამეცნიერო წრეებში სრული აღიარება.

მკვლევართა უმეტესობა მას მიაკუთვნებს პართიის ხანას, მაგრამ არავინ ჩქარობს აღიაროს პართიელთა პრიორიტეტი ელექტროობის გამოგონებაში. დოქტორი ჯონ სიმპსონი ბრიტანეთის მუზეუმის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომელი, მხარს უჭერს სხვა მოსაზრებას: ქოთანი, რომლისგანაც დამზადებულია "ბაღდადის ბატარეა", პართიული კი არა, სასანიდური ირანისაა. თავად ხელსაწყო დიდი სირთულით არ გამოირჩევა, მაგრამ საოცარი მხოლოდ ისაა: ვინ და რანაირად მიხვდა ამ ელემენტების შეერთებას და თან ზუსტად ასეთი ხერხით. ნათელია,ზოგი გამოგონება ბევრად ადრე გაკეთდა, ვიდრე ამა თუ იმ მოვლენის ძირითად პრინციპს მიხვდებოდნენ მეცნიერები.

ჩინელებმა კომპასი გამოიგონეს დიდი ხნით ადრე, სანამ შეიქმნებოდა დედამიწის მაგნიტური ველის თეორია. ადამიანს აუცილებელი არაა ესმოდეს რანაირად მუშაობს ესა თუ ის ხელსაწყო-მთავარია ის მუშაობდეს.

მეცნიერთა უმეტესობა იზიარებს კიონინგის აზრს, რომ "ბაღდადის ბატარეას" იყენებდნენ ლითონთა ელექტრონული მოოქროვებისა და მოვერცხლისთვის. 1978 წელს წელს გერმანელმა მეცნიერმა არნე ჰებერტმა მოამზადა "ბაღდადის ბატარეის" რამდენიმე ასლი, რომლის ელექტროლიტად გამოიყენა ძველი შუამდინარელებისთვის ხელმისაწვდომი ახლადგამოწურული ყურძნის წვენი. ამ ბატარეის საშუალებით მოხერხდა პატარა ქანდაკების მოოქროვება. ექსპერიმენტი დადებითი შედეგით დასრულდა.

ძველად ელექტრობის გამოყენება შეიძლებოდა მედიცინაშიც. ერთ-ერთ ძველბერძნულ სამედიცინო ტრაქტატში ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად რეკომენდებულია ფეხის ქუსლებზე ელექტრული წყვილთვალას მიდება.

საინტერესო ჰიპოთეზა წამოაყენა ძველი მეტალურგიის სპეციალისტმა დოქტორმა პოლ კრედოკმა. მისი აზრით,  ელექტრობატარეას, სავარაუდოდ, იყენებდნენ ქურუმები ტაძრებში. პარალელურად შეერთებული რამდენიმე ბატარეა დამალული იყო ლითონის ქანდაკების ან კერპის შიგნით. ვინც კი მიეკარებოდა ქანდაკებას, იღებდა სუსტ, მაგრამ საგრძნობ დენის დარტყმას.  ადამიანის საიდუმლოს უზიარებლისთვის ასეთი რამ მაგიური ძალის მტკიცებულება იყო, რომელიც კერპიდან მოდიოდა და შთააგონებდა ღვთისა და ქურუმის მორჩილებას.







No comments:

Post a Comment