Saturday, 7 March 2020

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_ზღვის ხალხები



ტერმინი "ზღვის ხალხები" გაჩნდა ძველ ეგვიპტეში . ასე უწოდებდნენ ნილოსის სანაპიროს მოსახლენი მცირე აზიასა და ბალკანეთში მცხოვრებ უცხოელებს. ესენი იყვნენ: თევკრები, შარდანები, შეკელეშები(სიკულები), ფილისტიმელები. ისინი ზღვის ხალხებად მონათლეს, ვინაიდან ეგვიპტელებსა და მათ შორის იყო ხმელთაშუა ზღვა. ეს ტერმინი აღადგინა და ხმარებაში შემოიტანა თანამედროვე ფრანგმა მეცნიერმა გასტონ მასპერომ.

"ზღვის ხალხების" გამოჩენა ისტორიულ ასპარეზზე დროში ემთხვევა ტროას დაცემას და შემდგომ პერიოდს. როგორც ეგვიპტური წყაროებიდან ირკვევა, ზღვის ხალხები კარგად შეიარაღებული, მომზადებული მეომრები იყვნენ. ჰქონდათ შესანიშნავი ფლოტი გამოცდილი მეზღვაურებით. მეტად საინტერესოა, რომ საომარი მოქმედებებისას ყველგან საკუთარი ოჯახებით დადიოდნენ. გამოდის ბინადარ ცხოვრებას არ ეწეოდნენ, მაგრამ რატომ?- ველურები ნამდვილად არ იყვნენ. ე.ი. რაღაცამ აიძულა ისინი ასეთი ცხოვრება აერჩიათ.  ტროა პროტოიბერთა ბოლო ბასტიონი იყო. მის დაცემას კი მოჰყვა ადგილობრივთა მიგრაცია, რაზეც ბევრს საუბრობენ ძველი ავტორები. სავარაუდოდ ''ზღვის ხალხები'' ხმელთაშუაზღვისპირა მოსახლეობაა ანუ მედიტერანელები, რომლებიც შეავიწროვეს ეგვიპტელებმა, აქაველებმა, ხეთებმა, უგარიტელებმა. გამოდევნილნი ისინი დასახლდნენ ანატოლიის სანაპირო ზოლსა და ახლომდებარე კუნძულებზე. როგორც ჩანს, ტროა მათი უკანასკნელი ფორფოსტი გახლდათ. ტროას ომიდან ნათლად ჩანს, რომ ტროელთა მხარეს სწორედ ისინი იბრძვიან.
ამ ომში დამარცხების შემდეგ იწყება მედიტერანელთა შეტევები ხეთებზე, რასაც მოჰყვა ხეთთა იმპერიის ნგრევა, დაინგრა უგარიტიც. მედიტერანელებმა შეუტიეს ეგვიპტესაც.


ცნობილ ორიენტალისტ ე.მეიერის აზრით ტროას დაცემა სავარაუდოდ უნდა მომხდარიყო 1184 წ.-ს ჩვ.წ.აღ-მდე. ტროას ომის მონაწილე ზოგიერთი გმირი კი მოგვიანებითაა შემოყვანილი სხვა თქმულებებიდან. ზოგიერთი გმირი, თუნდაც ჰექტორი, პოეტის მიერაა გამოგონილი. ელენეს მოტაცებას მითოლოგიური საფუძველი აქვს. მითი შეერწყა პელოპონესში უკვე გაბატონებული ბერძნებისა და მიკენის მეფის თავდასხმას ტროაზე. მეიერს მიაჩნია, რომ ეოლიური ელემენტები მასში შევიდა მოგვიანებით. აქილევსის გამოჩენით ასახულია მოგონებები ბრძოლაზე, რომლითაც ეოლილელებმა მოახდინეს მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის კოლონიზაცია.

ცნობლი ირლანდიელი მეცნიერი, მწერალი, პოეტი რ. გრეივსი მიიჩნევს, რომ ''ზღვის ხალხები'' გამოყარეს ეგეოსის სანაპიროებიდან ჩრდ.აღმოსავლეთიდან მოსულებმა. გამოძევებულნი დაიძრნენ თავისი სამკვიდროდან, მიაღწიეს ბრიტანეთს და ირლანდიას. ზოგიერთი აფრიკისა და ესპანეთის გავლით შევიდა ირლანდიაში. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დასახლდნენ სირიასა და ქანაანში, მათ შორის ფილისტიმელები. ებრაელთა ადრეული მითოლოგიის კავშირი ბერძნულ და კელტურ მითოლოგიასთან მეცნიერს სწორედ ეგეოსელთა დამსახურებად მიაჩნია.

ეგეოსის ზღვის სივრცეში შემოჭრილი ინდოევროპელნი განვითარების დონით ბევრად დაბალ საფეხურზე იდგნენ, განსაკუთრებით დორიელები. მათ შემოჭრას, როგორც უკვე აღინიშნა, მოჰყვა ხალხთა დიდი გადასახლება. "ზღვის ხალხები" წარმოადგენდა კოალიციას იმ ხალხებისა, რომლებიც თავისი საარსებო სივრციდან განდევნეს.  შემორჩენილ წყაროებში აღნიშნულია მათი დაუნდობლობა. ისინი  ყველაზე და ყველაფრზე იყრიდნენ ჯავრს. კოალიცია სადაც კი გაივლიდა, ყველაფერს ანადგურებდა. მათ შემდეგ, თითქოს ცხოვრება ჩერდებოდა ასეულობით წლების განმავლობაში. ისტორიკოსებმა იმ ხანას "ბნელი საუკუნეებიც" კი უწოდეს.

მეცნიერებმა ზღვის ხალხები ერთ დიდი გამოცანად მონათლეს. კოალიციამ პირველი გამანადგურებელი დარტყმა  მიაყენა ხეთების სამეფოს. პირველ რიგში გადაჭრეს ჩრდილო-დასავლეთის სავაჭრო გზები და შემდეგ, იზოლაციით დასუსტებული მთავარი ეკონომიკური არტერია დედაქალაქი ხათუსა. ქალაქი მთლიანად გადაწვეს. მისი ნანგრევები არქეოლოგებმა მხოლოდ მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს. ხეთებს მოჰყვა უგარითის განადგურება.

ჩვ.წ.აღ-მდე 1777 წელს ზღვის ხალხებს ბრძოლა მოუხდათ რამზეს III-ის ჯართან. აქ განიცადეს მათ დიდი დამარცხება. რის შემდეგ, ისინი ნელ-ნელა გაქრნენ ისტორიიდან. რამზესის ბრძანებით ხმელთაშუაზღვისპირეთში დასახლდნენ ფილისტიმელები. სავარაუდოდ, ისინი უნდა ყოფილიყვნენ გადარჩენილ ზღვის ხალხთა ნაწილი.

ზღვის ხალხების, ეგვიპტურად აქაიავაშას, შემადგენლობაზე მხოლოდ ეგვიპტური წყაროებით შეიძლება მსჯელობა. ამ წყაროებში კი ეს ხალხები მხოლოდ თანხმოვნებით არიან ნახსენები. ამიტომ, მაგ. PLST მიაჩნიათ პელაზგებად, ფილისტიმელებად, ასევე დანარჩენნი. სავარაუდო სიაში ხვდებიან: ტროელები, ტირსენები (ეტრუსკთა წინაპრები), სიკულები, შარდანები. ე.ი. თითქმის ყველა ის ხალხი, რომელიც ინდოევროპელთა შემოსევამდე ბინადრობდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთში. 


შარდანები იყვნენ კარგი მეზღვაურები. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი თანამედროვე სარდინიელების წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შარდანები დარდანების მონათესავე ხალხი და ტროას მოსახლენი იყვნენ.

მოგვიანებით, შარდანების დედაქალად იქცა პალესტინის ქალაქი აჰვათი. პირველი ცნობები მათ შესახებ გვხვდება ტელ-ელ-ამარნას არქივში არსებულ დიპლომატიურ თიხის ფილებზე. შარდანები არამარტო კარგი მეზღვაურები, არამედ კარგი დაქირავებული მეომრებიც იყვნენ. ისინი ეგვიპტელთა ჯარში მსახურობდნენ. რამზეს II-ის დროს მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რამზეს III-ის დროს კი, ისინი გაიყვნენ. ნაწილი ფარაონის მხარეს იბრძოდა, ნაწილი ზღვის ხალხების მხარეს. სავარაუდოდ,  ნაწილმა კოლხეთშიც შემოაღწია. კოლხური სელი, იმ დროს, სარდონულის სახელით იყო ცნობილი.

ტროაში მცხოვრებ დარდანებისა და შარდანების  მეზობლები იყვნენ თევკრები. თევკრებიც, ისევე როგორც სხვა ზღვის ხალხები, არ იყვნენ ინდევროპელნი. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ტროა თავიდან ეკუთვნოდა კრეტის მეფე თოიკროსს-თევკრს. მის ხალხს ერქვა თოიკროსები-თევკრები. სხვა  ვერსიით, ისინი ეტრუსკთა მონათესავენი იყვნენ. ანტიკური ავტორები ეტრუსკთა სამშობლოდ თვლიდნენ მცირე აზიას. ასეა თუ ისე, ყველანი ერთი მოდგმის მონათესავე ხალხები იყვნენ. თურშებმა-ტირსენებმა ბინა დაიდეს ეტრურიაში. ზაქალები გახდნენ სიკულები სიცილიაში. შარდანებმა თავისი სახელი მისცეს კუნძ. სარდინიას. 

ერთ-ერთი ემიგრირებული ხალხი, რომლებიც ადრე ხეთებმა დაიპყრეს, იყვნენ ასირიელებისთვის ცნობილი მუშკები, ხოლო ბერძნებისათვის-მოსხები. ისინი დაბინავდნენ ევფრატის ზემო წელში და ჰიერაპოლში. 

რაც შეეხება ფილისტიმელებს, რომლებიც ბოლოს პალესტინაში დაფუძდნენ, უნდა ყოფილიყვნენ ბალკანეთიდან ან დასავლეთ მცირე აზიიდან. ისინიც პელაზგები იყვნენ. ბიბლიაში მათ სამშობლოდ დასახელებულია კრეტა. ფილისტიმელებს უცნაური ფორმის ხომალდები ჰქონდათ, არაჩვეულებრივი კერამიკა და ანთროპოიდული სარკოფაგები. ქანაანის იმ ტერიტორიას, სადაც დასახლდნენ ფილისტიმელები ანუ პელაზგები, ეწოდა "პელესტ". ამ ადგილის სახელწოდებაც სწორედ მათ უკავშირდება – პელაზგთა ანუ შემდგომ ფილისტიმელთა ეგვიპტური სახელწოდება.

პალესტინაში მისვლის შემდეგ მათ აითვისეს ქანაანის დიალექტი. ფილისტიმელებს ეკუთვნოდა პალესტინაში ხუთი ქალაქი-პოლისი: აშდოდი, აშქელონი, ღაზა, გათი და ექრონი. მათ  ლითონის დნობის ძველი ხელოვნება არ დაუკარგვათ. ფლობდნენ რკინის ხმლების, ხანჯლების, ნამგლების და გუთნის ნაწილების გამოდნობის უნიკალურ ტექნოლოგიასა და საიდუმლოს, რამაც  ხანგრძლივი დროით აქცია მოწინააღმდეგებისთვის მოუწყვლადად. ზოგიერთები მსახურობდნენ მეფე დავითის დაცვაში იერუსალიმში.

თავიდან პალესტინაში მოიყოლეს კრეტა-მიკენური კულტურის ნიშნები. რაც ნათლად იკვეთება მათ კერამიკულ ნაკეთობებზე. 1150 წ.-და ჩვ.წ.აღ-მდე უკვე ქრება ეს ნათესაობა.

რამზეს III-თან დამარცხების შემდეგ, ზღვის ხალხების დარჩენილი ნაწილი დარჩა პალესტინაში. მათ დაიმორჩილეს ქანაანის სამხრეთ სანაპირო. ფილისტიმელების კონტროლქვეშ აღმოჩნდა იორდანეს ველი და ქვემო გალილეა. ჩვ.წ.აღ-მდე მე-11 საუკუნეში ფილისტიის დედაქალაქი გახდა აშდოდი. ბიბლიიდან ცნობილია ფილისტიმელთა მუდმივი კონფლიქტი ებრაელებთან. პირველი დიდი დარტყმა ამ ხალხს მიაყენეს ასირიელებმა. საბოლოოდ კი გაქრნენ ალექსანდრე მაკედონელის დროს, ვინაიდან მაკედონელმა არამარტო პალესტინა, არამედ ეგვიპტეც დაიმორჩილა.




ეგვიპტური ბარელიეფები, რომელზეც გამოსახულნი არიან ზღვის ხალხთა მეომრები, აღმოჩენილია რამზეს III-ის სამარხ ტაძარში. რამზესი მათ უწოდებდა არამარტო ზღვის ხალხებს, არამედ კუნძულების ხალხებსაც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მოვიდნენ კრეტიდან ან კვიპროსიდან. ზღვის ხალხები ნამდვილად არ იყვნენ ბერძნები, ვინაიდან ეგვიპტელები მათ წვერის გარეშე გამოსახავდნენ. ძველი ბერძნები კი წვერს ატარებდნენ ჩვე.წ.აღ-ის მე-4 საუკუნემდე. რომაელებმა  წვერის გაპარსვა  ეტრუსკებისგან ისწავლეს.







No comments:

Post a Comment