Saturday, 14 March 2020

აბრაკადაბრა



აბრაკადაბრა-მაგიური ფორმულა, რომელიც  მატერიალური ფორმით წარმოდგენილია გადმობრუნებული სამკუთხედის სახით. პირველად ეს სიტყვა ნახსენებია ჩვ.წ.აღ-ის მე-2 ს-ში სამონიკის მედიცინის ტრაქტატში. სერენ სამონიკი გახლდათ იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის ექიმი. ეს ფორმულა გამოიყენებოდა პოლინოზის (ალერგიული დაავადება) სამკურნალოდ. სიტყვა-შელოცვას წერდნენ სვეტის სახით დაფაზე 11-ჯერ, ყოველ ამოწერაზე უკნასკნელი ასო იშლებოდა, ბოლოს რჩებოდა "a"ასო და გამოდიოდა სამკუთხედი. სიტყვის ასეთი სახით შემოკლებას უნდა გაენადგურებინა ბოროტი სულის ძალა. ავადმყოფი იკეთებდა შესაბამის თილისმას, რაც მას გამოჯანმრთელებაში შეუწყობდა ხელს.

ამ ფორმულის წარმოშობაზე არსებობს რამდენიმე ვერსია. ძველი აღთქმის ინგლისელი მკვლევარის ჯონ ალეგროს ვერსიით, ეს სიტყვა მომდინარეობს შუამდინარული გამოთქმიდან "აბ-ბა-თაბ-ბა-რი", რომელსაც წარმოთქვამდნენ ძველი შუმერები რელიგიური რიტუალების დროს. ამავე დროს, ეს სიტყვათშეთანხმება ისევე ჟღერს, როგორც ღმერთის აღმნიშვნელი არამეულად. ის გვხვდება ახალ აღთქმაში, "მამაო ჩვენოს" ლოცვაში. გ.ჰიგინსი თვლის, რომ სიტყვა აბრაკადაბრა კელტური ენიდან წარმოიშვა და შედგება სიტყვებისგან "აბრა" ან "აბარ"-ღმერთი და "კად"-წმინდა.  ხუან კერლოტს მიაჩნია, რომ აბრაკადაბრა  საწყისი უნდა ვეძებოთ ებრაულ ფრაზაში "abreg ad habra"_სიკვდილშიც მოიქნიე შენი ელვა". ზოგს მიაჩნია, რომ "აბრაკადაბრა" წარმოადგენს ქალდეური შელოცვლის მოდიფიკაციას "აბ ბადა კე დააბრა"-სიტყვასავით გაქრი. 

ელენა ბლავატსკაია თვლიდა, რომ "აბრაკადაბრა” არის გნოსტიკური ტერმინის "აბრაქსას" გვიანდელი დამახინჯება.  ასე უწოდებდნენ გნოსტიკოსები უმაღლეს ღვთაებას. როგორც წესი აბრაქსასს გამოსახავდნენ ადამიანის სხეულით, მამლის თავით და გველის ფეხებით. მას ასევე მაგიური სიტყვის დატვირთვა აქვს, რომელსაც იყენებდნენ გნოსტიკოსები ღვთაებისა და 365 ემანაციის წყაროს აღსანიშნავად, რომელიც შეესატყვისებოდა წელიწადის დღეების რაოდენობას. თუ ჩავატარებთ ამ სიტყვის მანიპულაციას რიცხვითი მაგიისა და რიცხვითი მნიშვნელობის დახმარებით ბერძნული ასოების გამოყენებით, მაშინ მივიღებთ: A=1, B=2, R=100, X=60, S=200 და შევკრებთ (ABRAXSAS=1+2+100+60+200+1+200) ვღებულობთ ისევ 365-ს. აბრაქსასი ნახევრად კეთილი და ნახევრად ბოროტი ღმერთია. მამლის თავი განასახიერებს თენებას და მზის სიმბოლოა, ადამიანის სხეული-მიწის ანალოგი, ხოლო ფეხების ნაცვლად გველები-წყვდიადის სამეფო, სიბნელისა და ბოროტების მაცნე. აბრაქსასის ხელში ფარი-სიბრძნე და მათრახი- ძალა. უნდა აღინიშნოს, რომ აბრაქსასის რიცხვითი ძალა ემთხვევა მითრას სახელის რიცხვით ძალას.





No comments:

Post a Comment