ცნობილი ამერიკელი ნათელმხილველი ედგარ ქეისი წერდა, რომ არსებობს საიდუმლო დარბაზი, რომლის შესასვლელის პოვნა შეიძლება სფიქნსის თათებშუა. ამ დარბაზში ინახება კაცობრიობის ისტორიის უცნობი დეტალები. სფინქსი დაიდგა როგორც მცველი, რათა ვერავინ მოახერხოს შემაერთებელ კამერებში შესვლა.
მედიუმის სიტყვებში ეჭვის შეტანა ალბათ არ შეიძლება, ვინაიდან აღმოსავლეთში უძველესი დროიდან არსებობდა გადმოეცემები, რომლის მიხედვით სფინქსის ქვეშ არის "ცოდნის დარბაზი", სადაც ინახება დაღუპული ცივილიზაციის ისტორია, სიბრძნე და ტექნოლოგიები.
"ცოდნის დარბაზის" არსებობას გვამცნობს ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი სინგელოსი, რომელიც ცხოვრობდა მე-9 საუკუნეში, ასევე ლეგენდარული ჰერმეტული წერილები. ძველ ნაწერებს თუკი ვენდობით, წმინდა წიგნები მიწის ქვეშ დამალა თავად სიბრძნის ღვთაება თოთმა. ამ ფაქტზე ლაპარაკობენ ეგვიპტის სატაძრო კომლექსების კედლებზე გაკეთებული ჩანაწერები, სადაც უძველეს საცავს ეწოდება "არქივთა პალატა", "ჩანაწერების დარბაზი" ან "ცოდნის დარბაზი".
გადმოცემით, საიდუმლო ოთახში ინახება ნივთები, რომელიც პირადად ღვთაება თოთს, ოზირისს, და იზიდას ეკუთვნოდა. ეს ფაქტი პირდაპირ ნახსენებია სამარხი ტექსტების ერთ შელოცვაში, რომელიც დათარიღებულია 2000 წ.ჩვ.წ.აღ-მდე.
საიდუმლო ოთახის შესახებ გვამცნობს ასევე კოპტური გადმოცემებიც, რომელიც ჩაწერილია არაბ მოგზაურთა მიერ. ტექსტებში საუბარია მიწისქვეშა გასასვლელებზე, რომელთაც სამი პირამიდიდან მივყავართ "ცოდნის საცავში". მაგრამ, ყოველ მიწისქვეშა გასასველელთან დგას "ჯადოსნური ქანდაკება-მცველი" და ანადგურებს დაუპატიჟებელ სტუმრებს.
ბერძენი ფილოსოფოსი იამბლიქე (მე-4 ს) წიგნში "საიდუმლოებებზე, განსაკუთრებით ეგვიპტელების, კალედონელების და ასირიელებისა" წერდა დერეფანზე, რომელიც აკავშირებდა დერეფნებს სფინქსის შიგნით დიდ პირამიდასთან. ტექსტის მიხედვით, მიწისქვეშა დერეფანში შესასვლელის აღმოჩენა შესაძლებელია სფინქსის თათებშუა.
ცნობილ რომაელ ისტორიკოს პლინიუსის თხზულებებშიც საუბარია მიწისქვეშა დარბაზებზე სფინქსის ქვეშ, სადაც დაფარულია აურაცხელი განძი. მსგავსი გამონათქვამები ბევრია, მათ შორის, უძველესი ხანის იმ ადამიანთა ჩვენებები, ვინც იმყოფებოდა აღწერილ მიწისქვეშა გვირაბებში, მაგრამ შორს წასვლა ვერ მოახერხა, ვინაიდან ხელს უშლიდა უამრავი ხაფანგი და რობოტი-ქანდაკებები.
მე–4 ს–ის რომაელმა ისტორიკოსმა ამიანე მარცელიუსმა დამატებითი ინფორმაცია დატოვა მიწისქვეშა საცავების შესახებ, საიდანაც ვგებულობთ, რომ კედლებზე გაკეთებული წარწერები მიწისქვეშა დერეფნებსა და გასასვლელბში იყო განთავსებული მეტად ღრმად, რათა ძველი სიბრძნე შემოენახათ და არ დაკარგულიყო.
ბრიტანეთის მუზეუმში ინახება ხელნაწერი ალ ტელესმანის სახელწოდებით, საიდანაც ირკვევა, რომ არსებობს გრძელი ოთხკუთხა ფორმის მიწისქვეშა გასასვლელი დიდ პირამიდასა და მდ.ნილოსს შორის, მაგრამ ეს გასასვლელი ბლოკირებულია.–''იმ დღეს, აჰმედ ბენ ტულენი და მისი თანხმლებნი შევიდნენ პირამიდაში გვირაბით და დარბაზში ნახეს უიშვიათესი ფერისა და სტრუქტურის თასი. იქიდან გამოსულებმა შეამჩნიეს, რომ მათ ერთი წევრი აკლდა. დააპირეს მისი მოძებნა, მაგრამ ის მალევე თავად გამოვიდა დედიშობილა, თან იცინოდა და ამბობდა: ''ნუღარ დამდევთ და დამეძებთ''. ამ სიტყვების შემდეგ სწრაფადვე შებრუნდა და პირამიდაში გაუჩინარდა. ნათლად ჩანდა, რომ ეს პიროვნება რაღაცამ მოხიბლა და მოაჯადოვა.'' ამის შემსწრე აჰმედ ბენ ტულენმა თასის ნახვა მოისურვა. ჩატარდა ექსპერტიზა, თასი აავსეს წყლით და აწონეს, შემდეგ ცარიელი აწონეს. ორივე შემთხვევაში არტეფაქტი ერთიდაიგივეს იწონიდა.
მე–10 საუკუნის ავტორი აღწერს რაღაც მექანიკურ ქანდაკებას, რომელიც არაჩვეულებრივად იცავდა დიდი პირამიდის ქვეშ არსებულ მიწისქვეშა დერეფნებს. მასუდის ნაწერიდან ირკვევა, რომ დამცავი ავტომატები დაპროგრამებული იყო იმათზე ვინც უღირსად იქცეოდა, სხვებს არ ერჩოდნენ. ამავე საუკუნის ავტორი მუტერდი აღწერს ერთ უცნაურ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გიზას ვიწრო გასასვლელში. -"ხალხი დამფრთხალი იყო, ვინაიდან მის თვალწინ გაჭყლიტა ადამიანი მოულოდნელად გამოსულმა ქვის კარმა და ჩაკეტა გასასველი".
1935 წელს დაიბეჭდა სტატია ჟურნალში ჰამილტონ მ. რაითის ავტორობით, რომელიც
ეხებოდა გიზას პლატოს ქვეშ ექსტრაორდინალურ აღმოჩენებს, რასაც დღეს უარყოფენ.
სტატიას თან ახლდა ორიგინალური ფოტოსურათები, რომელიც ეკუთვნოდა სელიმ
ჰასანს, ქაიროს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელს. სწორედ მან
გააკეთა აღმოჩენა.-''ჩვენ აღმოვაჩინეთ მიწისქვეშა გასასვლელები, რომელსაც
იყენებდნენ ეგვიპტელები 5000 წლის წინ. ესაა მიწისქვეშა გზა, რომელსაც მივყავართ
მეორე პირამიდიდან სფინქსამდე. ის ასევე აკავშირებდა ხეოფსის პირამიდას ხეფრენის პირამიდასთან. აქ გავთხარეთ დამატებით მთელი რიგი მაღაროები(შახტები), რომლებიც 125 ნაბიჯით ეშვებოდა კიდევ უფრო დაბლა ფართო მოედნებისა და დარბაზებისკენ. ზოგ ოთახში იდგა გრანიტის უზარმაზარი, ყრუდ დახურული სარკოფაგი."
1935 წელს ''სანდი ექსპრესსა'' და ''დეილი ტელეგრაფში" გამოქვეყნებული მასალა. |
1936 წელს წიგნში "დიდი პირამიდის სიმბოლური წინასწარმეტყველება"(Simbolic prophecy of the Great Pyramid) ჰარვი სპენსერ ლუისმა გამოაქვეყნა სფიქსის ქვეშ არსებული საკომუნიკაციო სქემა.
1988 წელს ვინმე ჰიუ ლუისმა გამოაქვეყნა გიზას პლატოს 2 ნახატი გეგმა. ერთ მათგანზე ნაჩვენებია სამი მიწისქვეშა გასასვლელი, რომელიც სფინქსს აკავშირებს ხეფრასა და ხეოპფსის პირამიდასთან, მეორეზე კი გამოსახულია სფინქსის ქვეშ არსებული მიწისქვეშა ნაგებობები.
1989 წელს იაპონელი მეცნიერები შეუდგნენ სფინქსის ქვეშ არსებული ტერიტორიის კვლევას. ქეისი მართალი აღმოჩნდა, სფინქსის მარცხენა თათის ქვეშ, ორი მეტრის სიღრმეში აღმოჩნდა სიცარიელე და გვირაბები. ეს იყო საუკუნის სენსაცია და სავარაუდოდ, ამას უნდა მოჰყოლოდა გათხრების წარმოება და კვლევა, მაგრამ ეგვიპტის ხელისუფლებამ მაშინვე აკრძალა კვლევების გაგრძელება.
იაპონელების შემდეგ, 1989 წელს სფინქსის ქვეშ სივრცე გამოიკვლია ამერიკელმა გეოფიზიკოსმა თომას დობეცკიმ. მისმა აპარატურამაც დააფიქსირა სწორკუთხა კამერის არსებობა სფინქსის წინა თათებქვეშ. თუმც ამერიკელს არ მისცეს უფლება მიეკვლია საკრალური ცოდნისთვის. აკრძალვა ზაჰი ჰავასისგან მოდიოდა.
დარბაზების არსებობა დამტკიცდა 1993 წლის კვლევის შედეგადაც. აღმოჩენა საჯაროდ დაფიქსირდა დოკუმენტურ ფილმში ''სფინქსის საიდუმლო'', რომელიც ერთი წლის შემდეგ, 30-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა NBC-ის ტელევიზიით. იგივე დადასტურდა 1994 წელს, როდესაც ეგვიპტის ხელისუფლებამ საუბარი დაიწყო ახალ აღმოჩენაზე. გათხრების ანგარიში გამოქვეყნდა გაზეთში სათაურით-''სფინქსის საიდუმლო გვირაბები''. მუშებმა, რომლებიც სფინქსის აღდგენის პროექტზე მუშაობდნენ, აღმოაჩინეს ძველი გასასვლელი, რომელიც მდებარეობდა სფინქსის ქვემოთ, სიღრმეში. საიდუმლო გვირაბი მიემართებოდა სფინქსის ჩრდილოეთ მხარეს თათებსა და კუდს შუა.
გრანდიოზული მიწისქვეშა ქალაქის აღწერის ნახვა შეიძლება დოქტორ სელიმ ჰასანის ანგარიშში-"გიზას გათხრები" 10 ტომად, რომელიც გამოქვეყნდა 1944 წელს ქაიროს სახელმწიფო გამომცემლობის მიერ. სელიმ ჰასანი წერდა: იმედი მაქვს, აღმოვაჩენთ მნიშვნელოვან ძეგლებს, როდესაც იქიდან მოვაშორებთ წყალს. მაღაროების სიღრმე 40 მეტრია. სამხრეთ ნაწილის კვლევისას აღმოჩნდა შესანიშნავი ქანდაკების თავი, რომელიც მეტისმეტი გამომსახველობითი ფორმითაა შესრულებული. ზოგიერთ გაზეთში დაბეჭდილი მასალის მიხედვით, ქანდაკება დედოფალ ნეფერტიტისა უნდა ყოფილიყო. ის დახასიათებული იყო როგორც ხელოვნების არაჩვეულებრივი ნიმუში. ამ ქანდაკების ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია. ანგარიშში აღწერილია მიწისქვეშ არსებული სხვა დარბაზებიც, რომელიც დაკავშირებული იყო საიდუმლო გასასვლელებთან. დოქტორ სელიმ ჰასანის განმარტებით არსებობს შიდა და გარე მოედნები. ასევე აღმოჩნდა ოთახი, რომელსაც chapel-ი (სალოცავი) უწოდეს. სალოცავის ცენტრში იდგა სამი დეკორატიული, ვერტიკალური სვეტი, რომლებიც ჰქმნიდნენ სამკუთხედს. კვლევისას, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ამ სვეტებს, ვინაიდან მათი არსებობის შესახებ ნახსენებია ბიბლიაში, რომელზეც საუბრობს ეზრა-თორას ავტორი(397წ.ჩვ.წ-მდე).
გიზას არქეოლოგიური ნაკრძალის ხელმძღვანელმა ზაჰი ჰავასმა 1999 წელს აშშ-ს ერთ-ერთი ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეგვიპტელმა არქეოლოგებმა გიზას პლატოს ქვეშ, დიდ პირამიდასა და სფინქსს შორის, კლდოვან საძირკველში აღმოაჩინეს გვირაბები და კამერები.
გამოჩნდა ახალი ინფორმაცია გიზას პლატოზე მიმდინარე საიდუმლო სამუშაოების
შესახებ, რომელიც იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ იმ ადგილს გარშემო მაღალი
მესერიც კი შემოავლეს.
ეგვიპტოლოგთა თქმით არქეოლოგიური გათხრების ბოლო წელს აღმოაჩინეს მიწისქვეშა ქალაქის შესასვლელი. სიცარიელის გავლის შემდეგ მათ დაინახეს უამრავი უზარმაზარი ტაძარი, არაჩვეულებრივი სასახლეები, მდინარეები და ტბები. ყველაფერი კი იმაზე მეტყველებდა, რომ ქალაქი შენდებოდა ერთიანი მკაფიო გეგმის მიხედვით. ქალაქის მთავარი შესასვლელი სფინქსის ტერიტორიაზეა დაცული. მეორე შესასვლელი მდებარეობს ქაიროს ერთ-ერთ კოპტურ ეკლესიაში, მაგრამ ზუსტი ადგილი არავინ იცის.
გაჩნდა მონაცემები, რომ პირველი მზვერავები მოხვდნენ მიწისქვეშა საიდუმლო
ქალაქში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მიწისქვეშა ქალაქის აღმოჩენის შემდეგ, ჩატარდა არქეოლოგთა შეხვედრა ავსტრალიაში, სადაც გიზას პროექტის მთავარმა ხელმძღვანელმა დოქტორმა ჯეიმს ჰერტეკმა დამსწრე საზოგადოებას უჩვენა ვიდეოსიუჟეტი ჩატარებულ სამუშაოზე, რომელსაც მან უწოდა ''სიღრმეთა კამერები''(CHAMBERS OF THE DEEP). ''სიღრმეთა კამერები' წარმოადგენს დოკუმენტური ფილმის ნაწყვეტს, რომელიც გადაღებულია მიმდინარე კვლევების დროს. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრაზე მოწვეული მეცნიერები მოულოდნელობისაგან პირდაღებულნი დარჩნენ, ვინაიდან ფილმი ყველაფერს თავდაყირა აყენებდა. ამიტომ საჭირო გახდა ფილმისა და მიწისქვეშა ქალაქთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვა.
ფილმი მოგვითხრობს დაკარგული მეგალითური მეტროპოლისის გამოკვლევაზე, რომელიც აგებულია 15000 წლის წინ მიწის ქვეშ. საიდუმლო ქალაქი ოცდაათი სართულით დაბლა ეშვება გიზას პლატოს ქვეშ. იმ დროს, როდესაც მეცნიერები ლაპარაკობდნენ სფინქსის მარცხენა თათის ქვეშ რაღაც ოთახის არსებობაზე, თურმე რეალურად იმალებოდა ლეგენდარული ''ღმერთების ქალაქი''. მიწისქვეშა ქალაქი აღჭურვილია წყალმომარაგების ჰიდრავლიკური სისტემით. მას გააჩნია ნილოსის დაბლობისხელა წყლის არხები. ფილმში ნაჩვენებია მასიური ნაგებობები, რომელიც უტოლდება ჩვენს უდიდეს ტაძრებს. მკვლევარებს იქ დახვდათ დიდი დარბაზები დამშვენებული უზარმაზარი ქანდაკებებით.
ჰერტეკის თქმით, როდესაც ექსპედიციის წევრები ქალაქში შევიდნენ, იქაურობა ცარიელი დახვდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის განათებული იყო ელექტროენერგიაზე მომუშავე მუდმივ მანათობელი ლამპრების საშუალებით. საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად მკვლევარებმა ლამპრებითა და კამერებით ხელში, რეზინის ნავების დახმარებით ფრთხილად გადალახეს ნახევარი კილომეტრის სიგანის მიწისქვეშა მდინარეები, წყალსაცავები და დიდი ტბები, რათა მოხვედრილიყვნენ იმ დალუქულ ნაგებობებეში, რომლებიც იქითა მხარეს მდებარეობდა. ჯ.ჰერტეკის გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა როგორ ხსნიდნენ ბეჭდებს, რანაირად იხსნებოდა ''ღმერთების მუზეუმის'' კარები. გაკეთებულია უამრავი უნიკალური ჩანაწერი და მოპოვებულია უამრავი აუხსნელი არტეფაქტი, რომელიც ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.
გაეცნო რა მიწისქვეშა ნაგებობებათა კომპლექსს, ჰერტეკი გაოგნებული დარჩა ზღაპრული კულტურის ხილვით. ავსტრალიაში შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ამ კულტურას უწოდა მეოთხე ცივილიზაცია, რომლის დაღუპვა გამოიწვია საყოველთაო
ბუნებრივმა კატაკლიზმებმა. მისი აზრით, ეს ცივილიზაცია დაიღუპა 12500 წლის წინ.
დოქტორმა ჰერტეკმა მსმენელებს წარუდგინა იმის მტკიცებულება, რომ ყველა ენას,
კულტურასა და რელიგიას ერთი წყარო აქვს, რომელსაც მეცნიერებმა უწოდეს ''მშობელი
ცივილიზაცია''. ჯ.ჰერტეკის თქმით, ეს იყო კულტურა, რომელმაც მოახერხა ადამიანის,
ცხოველებისა და მცენარეების გენეტიკურ კოდში შეღწევა. ეს იყო კულტურა, რომელმაც
შეიმეცნა სამყაროს ფიზიკური და ეზოთერული საფუძვლები. აქ იყო ის, რასაც ეძიებდა
უკვდავების გზაზე გილგამეში. ჯ.ჰერტეკმა ავსტრალიაში ჩატარებულ ლექციაზე ისაუბრა
''სინათლის ენაზე'' ანუ ადამიანის გენომეს ენაზე. მისი აზრით, ''სინათლის ენა''
გახლავთ წინარე ენა ყველა ენებისა. სწორედ ამ ენაზე საუბრობდა დაკარგული ცივილიზაცია.
1998 და 1999 წ-ს ავსტრალიასა და ევროპაში ჩატარებულ ლექციებზე ჰერტაკი ყვებოდა ერთსადაიმავე ისტორიას. მან განაცხადა, რომ აღმოაჩინა გზა ''ღმერთების ქალაქისკენ''. ჰერტეკი ამტკიცებდა, რომ კომპლექსი აღმოჩნდა 1978 წელს დისტანციური ზონდირების საშუალებით, რომლის შემდეგ სადათთან გაფორმდა საიდუმლო ხელშეკრულება კვლევების წარმოებასთან დაკავშირებით.
ლექციებზე ჰერტეკი აჩვენებდა დარბაზებისა და კამერების ვიდეოჩანაწერს. მნახველები ამტკიცებენ, რომ მართლაც იხილეს გიზას პლატოს ქვეშ დიდი ტაძრის მსგავსი უზარმაზარი, სვეტებიანი მიწისქვეშა დარბაზები, წყლის არხები და ტბა. ჰერტეკი ასევე ამტკიცებდა, რომ ჩანაწერები და არტეფაქტები აღმოაჩინა დახურულ კამერებშიც. გიზას პლატოს ქვეშ, რომ ნამდვილად არსებობს კამერები და გვირაბები ახალი ამბავი არ გახლავთ. ამაზე საუბრობს კოლინზ ენდრიუ ''ედემის ღმერთებში''. კოლინზი და სხვები მიუთითებენ, რომ ასეთი მიწისქვეშა სისტემები ნამდვილად უნდა არსებობდეს გიზაში, ვინაიდან პლატო კირქვოვანია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მიწისქვეშა წყლები და გამოქვაბულები.ძველეგვიპტურ ტექსტებში არის მითითება დარბაზებსა და გზებზე. "მათი არსებობა ნამდვილია და არა სიმბოლური. ისინი მდებარეობს ''როსტაუს'' დაბლა"(ასე უწოდებდნენ გიზას ძველად ეგვიპტელები).
No comments:
Post a Comment