გადმოცემით, ტროას ომის დაწყება უკავშირდება პარისს. პარისი გახლდათ პრიამოსის(ტროას მეფის) ვაჟი. პრიამოსის ცოლი ჰეკუბა ორსულობისას ოცნებობდა ცეცხლის გაჩენას, რომლისგანაც გამოიჩეკებოდნენ მოსისინე გველები. როდესაც დაიბადა ჩვეულებრივი ბავშვი, ქალმა ის მოსამსახურეს გადასცა, უბრძანა წაეყვანა იდას მთაზე და იქ მოეკლა. მოსამსახურემ ქალბატონის ბრძანება არ შეასრულა და ჩვილი მთაზე დატოვა. ბავშვი მწყემსებმა იპოვეს და გაზარდეს. ერთ დღეს, როდესაც პარისი საქონელს აძოვებდა მთაზე, ჰერმესმა მას სამი ქალღმერთი მიჰგვარა. ყოველი მათგანი პარისს ჯილდოს ჰპირდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მას ულამაზესად დაასახელებდა. ჰერა სთავაზობდა სიმდიდრესა და ძალაუფლებას, ათენა-სამხედრო გამარჯვებებს და სიბრძნეს, ხოლო აფროდიტე-სიყვარულს. პარისმა პირველობა აფროდიტეს მიანიჭა, რითაც ორი ქალღმერთის სახით შეურიგებელი მტერი გაიჩინა. ერთხელ პარისი შემთხვევით იმ ქალაქში აღმოჩნდა, სადაც მისი მშობლები იმყოფებოდნენ, მათ პარისში საკუთარი ვაჟი ამოიცნეს და გახარებულებმა დაიბრუნეს შვილი.
როგორც ირკვევა ტროას სამხ. აღმოსავლეთ მაღლობზე იყო პერგამოს სიმაგრე, ათენა პალადას ტაძარი, პრიამოსის(ტროას მეფის), ჰექტორის და პარისის(პრიამოსის ვაჟები) სასახლეები. ტროა ხელსაყრელ სავაჭრო ადგილზე იყო გაშენებული და საფიქრებელია, რომ დიდი შემოსავალი ექნებოდა და მდიდარიც უნდა ყოფილიყო.
მითის მიხედვით, ელენე იყო უალამაზესი ქალი-ზევსისა და ლედას შვილი. ის ცოლად გაჰყვა სპარტის მეფე მენელაოსს. მენელაოსი ინდოევროპელ ელინთა წარმომადგენელია. აფროდიტემ ელენეს შთააგონა ვნება პარისის მიმართ. პარისმა მოიტაცა ელენე და ტროას ომის დაწყებაც თითქოს ამ მოტაცებასა და მის გამოხსნას უკავშირდება. გარეგნულად უბრალო ისტორიულ სიუჟეტს გააჩნია რთული სტრუქტურა და გვახსენებს სხვა მითებს, რომლებიც ასევე დაკავშირებულია მოტაცებასა და განთავისუფლებასთან. მაგრამ ამ შემთხვევაში, მოქმედება არა ტროაში, არამედ ჰადესში ხდება-თეზევსი და პერსეფონე. ჰადესში შთასვლა-იმ ქვეყნად ყოფნა, აღნიშნავს მისტიურ სიკვდილს, რომელსაც მოჰყვება ხელახალი დაბადება. ხელდასმის მეშვეობით კანდიდატი იმაღლებს თავის ონტოლოგიურ სტატუსს და ხდება ღმერთების თანასწორი. მითის შინაარსს შეეძლო გამხდარიყო საფუძველი ხელდასმის წეს-ჩვეულებისა, რომელიც უნდა გაიარონ ახალგაზრდა მეომრებმა. მითის გმირები ან იპყრობენ ტროას, ან ჩადიან ჰადესის საუფლოში.
სიუჟეტში იკვეთება სრულყოფილებისა და სილამაზისა ძიება. ღმერთთა საუფლოში სილამაზის იდეალი გახლავთ აფროდიტე. მისი მიწიერი ორეულია ულამაზესი ელენე, მეგრამ ის დაფარულია ტროას კედლებს მიღმა. ამასთან ვიცით, რომ ეს კედლები ააგეს ღმერთებმა-აპოლონმა და პოსეიდონმა. თვით ტროა წმინდა ილიონია, ხოლო მასში დაფარულია რაღაც საკრალური განძი, რომლის მოსაპოვებლად მიდიან გმირები. მიუხედავად თავგანწირული მოქმედებისა და მონდომებისა, გმირებს ტროაში მოხვედრა არ ძალუძთ (გამონაკლისია ოდისევსი, მაგრამ ის საამისოდ გარეგნობას იცვლის). ტროაში მოსახვედრად გმირებმა უნდა გაიარონ უძველესი ხელდასმის წეს-ჩვეულება გადასვლისა, რომელიც აისახა ტროას ომის მითში.
"ტროას ომი, "ილიადა" ფაქტიურად არის პერიოდი, როდესაც ინდოევროპული მოდგმა უკვე მძლავრობს მცირე აზიაშიც და საბერძნეთშიც და პელაზგურ მოდგმას დეკადანსი ემუქრება, თუმც ტროას ომის უდიდესი გმირი-აქილევსი წარმოშობით პელაზგია." (ზვიად გამსახურდია) იკვეთება აშკარა კონფლიქტი ელინურ სამყაროსა და პროტოქართულ სამყაროს შორის. ტროელები პროტოიბერები არიან, ხოლო აქაელები-ელინები. ეს ის ხანაა, როცა ინდოევროპელნი უკვე აშკარად მძლავრობენ. "ამ კონფლიქტში იკვეთება ერთი რამ, რომ ამ ლაშქრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის პალადიუმის მოტაცება, რომელიც სიმბოლურად ტროასეული ცხენის მეშვეობით ხორციელდება. მართალია, სიმბოლურად აქ არის ქალის მოტაცების მოტივი, მაგრამ ელენე არის სიმბოლო ძველი წარმართული სოფიისა (სიბრძნის, სოფიას მოტაცება და შემდეგ მისი კვლავ გამოხსნა გავრცელებული მოტივია ანტიურ პოემებში), ხოლო ცხენი, როგორც მოგეხსენებათ, ინტელექტის სიმბოლოა ძველ ეპიურ პოეზიასა და მითოსში. აქაელთა, ელინთა მისსია-ინტელექტის განვითარება-არის უკვე ახალი ეტაპი ცნობიერებისა, ხოლო ძველკოლხური, ტროიანული, პელაზგური კულტურა ეს არის ნათელმხილველური კულტურა, რომელიც უსწრებს წინ ინტელექტისმიერ, აზროვნებით კულტურას." (ზვიად გამსახურდია).
ტროელთა მხარეზე იყვნენ თვით ტროა-ჰექტორი, დარდანები-ენეასი, პერკოტე-ასიოსი, პელაზგები-ჰიპოთრე, თრაკიელები, კიკონები, პაფლაგონია, მიზიელები, ფრიგიელები, ლიკიელები. აქილევსი თესალიელია და დასახელებულია პელაზგთა შორის და არა ბერძენთა შორის. ტროელთა მოკავშირენი არიან მელითონე ხალიბები. როგორც ვხედავთ, შეიქმნა დიდი კოალიცია მონათესავე ხალხებისა.
როგორც ყველა მითი, მითი ტროას ომზეც წარმოადგენს რეალურ ამბავს გადმოცემულს. არარეალური ფორმით, რომელიც შეიცავს ეზოთერულ აზრს და აღწერს ინიციაციის სხვადასხვა საფეხურებს. ცნობილ ფილოსოფოს-ეზოთერიკოსს მირჩა ელიადეს მიაჩნია, რომ ძველად სხვადასხვა დახურულ კავშირებში (მამაკაცთა, მეომართა და ქურუმთა საიდუმლო კავშირი) შესვლისას არსებობდა ხელდასმა. ვ.პროპი აღნიშნავს, რომ არსებობდა ორი ტიპის ხელდასმა-ასაკობრივი და სპეციალური, დაკავშირებული გმირის გამეფებასთან. ხელდასმის მსგავს ტიპს ვხვდებით ბერძნულ ჰეროიკულ ეპოსში. თითოეული გმირი ინიციაციას გადის სახლიდან მოშორებით(ტყეში, კუნძულზე, გამოქვაბულში). მეორე ტიპის ხელდასმაა გამოცდა, გმირობა, რომელიც კანდიდატს უფლებას აძლევს დაქორწინდეს ან მიიღოს ძალაუფლება-პერსევსი გადაარჩენს ანდრომედას, იაზონი მოიპოვებს ოქროს საწმისს. მესამე-ზოგიერთი გმირი ჩადის ჰადესში(ჰერაკლე, თეზევსი, ოდისევსი).
ზოგიერთი ხალხის ინიციაციის წეს-ჩვეულებისას ნეოფიტი (გამოსაცდელი) რაღაც დროის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ქოხში, რომელსაც ზოომორფული ნიშნები გააჩნია. ეს წეს-ჩვეულება წარმოადგენს სიმბოლურად ნეოფიტის ურჩხულის მიერ გადაყლაპვას (იონას ხომ ვეშაპი ყლაპავს), მეორე ფორმა ამ წესისა ნადირის ტყავში გახვევაა. ჰერაკლე და იაზონი, ასაკობრივი ხელდასმის შემდეგ, გვევლინებიან ვეფხვის (ავაზის) ტყავში. რა ფუნქციას ატარებს ჯადოსნური ცხოველი? მითებში გხვდება ცხენი, რომელსაც გმირი ისე გადაჰყავს, მიწას არ ეხება. ვიცით, რომ ცხენი პოსეიდონს უკავშირდება. პოსეიდონი კი თავად ქმნის ცხენებს და შეუძლია ცხენად გადაქცევა. ის ჯადოსნურ ცხენებს ჩუქნის ლეომედონტს და პელევსს.
ამგვარად, ომის გმირები (მენელაოსი, ოდისევსი) მხოლოდ ცხენის მუცელში ყოფნით იღებენ შესაძლებლობას გადალახონ საკრალური საზღვარი და მოხვდნენ ტროაში. ეს წმინდა ზღუდე ხომ ღმერთების აგებულია. ხის ცხენი არის სიმბოლო გადამყვანი ცხოველისა. იდუმალი ხელდასმა მოიცავს მეორე ეტაპსაც-მკვდართა საუფლოში შთასვლას. ის, ვინც მოხვდება ჰადესში, მას არ ეშინია სიკვდილის, ხდება უვნებელი ქთონური ძალების ზემოქმედების მიმართ. ტროას ომის გმირები შინ დაბრუნებამდე ჩადიან ჰადესში (ასე იქცევა ოდისევსიც). კუნძულები, სადაც მოგზაურობის დროს ხვდებიან ტროას ომის მონაწილენი, წარმოადგენს იმქვეყნიურ სამყაროს სიმბოლოს, ვინაიდან კუნძულებზე ჩვეულებისამებრ ცხოვრობენ ჯადოქრები, გოლიათები, ნიმფები და ისეთი არსებები, რომლებიც არ ეკუთვნიან ადამიანურ, ამქვეყნიურ სამყაროს.
მითის მიხედვით, ტროას აღება ხდება მხოლოდ ცხენის დახმარებით, ვინაიდან ვერც აქილევსი შველის ამ საქმეს. როგორც აღვნიშნეთ, ცხენი არქაულ ტრადიციაში არის სხვა განზომილებაში გადასასვლელი, სიმბოლურად-სხვა ხარისხობრივ მდგომარეობაში. რვაფეხიანი ცხენით მაგი ასრულებს თავის მისტიურ მოგზაურობას, ეტრუსკებთან ცხენს გადაჰყავს მკვდართა სულები მიწისქვეშა სამეფოში. ტროას ომი გრძელდება თითქმის 10 წელი. ათი წელი აქაელებმა ვერ შეძლეს ქალაქის კედლების აღება, რომელიც როგოც ვიცით თვით პოსეიდონმა ააგო. ე.ი. ტროა აუღებლად ითვლებოდა. გამოდის, რომ მისი ჩვეულებრივი ხერხით დამარცხება შეუძლებელი იყო. ამიტომ დამპყრობელმა ხის ცხენის დახმარებით, ეშმაკური ფანდით მოახერხა შიგნით მოხვედრა არა ისტორიულ, არამედ მითოლოგიურ რეალობაში. ამ ვერსიას თუ მივყვებით, მაშინ ჰომეროსის მიერ აღწერილი ტროა იღებს სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჰომეროსის ტროა იღებს ტრანსცედენტული ადგილის სტატუსს, რომლის იქით მიმდინარეობს შეტაკებები და ბრძოლა. ის ბრძოლები, რომელიც მიმდინარეობს ტროას კედლებს ქვემოთ და მის შიგნით-ორ ტომს შორის კი არ ხდება, არამედ არის იმ მოვლენის ანარეკლი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა. ტროას ცხენი კი ბოლოს ხსნის ამ მსოფლიო დრამას.
რატომ გახდა ცხენი ტროას დაცემის მიზეზი? ეს კითხვა ჯერ კიდევ ძველ დროში უჩნდებოდათ. გამოთქვამდნენ სხვადასხვა მოსაზრებას. მაგ: რომ აქაველებს ცხენის სახით ჰქონდათ საბრძოლო კოშკი ბორბლებზე ცხენის ფორმით, რომ ბერძნებმა ტროას შიგნით მოხვედრა მოახერხეს მიწისქვეშა გვირაბის დახმარებით და იმ კარით, რომელსაც ცხენი ეხატა. თანამედროვე მკვლევარები თვლიან, რომ ტროას ცხენი წარმოადგენს რომელიღაც სამხედრო ხერხის ალეგორიას, რომელიც აქაელებმა ქალაქის აღების დროს გამოიყენეს. ალყის მოხსნის საიმიტაციოდ აქაელებს ტროას კედლებთან ისეთი რამ უნდა დაეტოვებინათ, რისი ქალაქში შეტანა ტროელებისთვის სავალდებულოც კი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ცხენი.
ტროას მეფე დარდანოსს ჰყავდა არაჩვეულებრივი ცხენების რემა, რომელთა წარმოშობა უკავშირდება ჩრდ. ქარს-ბორეას. ყველა ღვთაებას ჰყავდა მისი განმასახიერებელი ცხოველი, რომლის სახის მიღებაც შეეძლო: ზევსი მითებში გარდაისახება ხარად, აპოლონი დელფინად, დიონისე-ავაზად. ცხენი ხანდახან, როგორც თავისუფლებისმოყვარე ცხოველი, ასოცირდებოდა სტიქიურ, არაკონტრილებად ძალასთან-მიწისძვრასთან და ნგრევასთან . ამ სახით ის იყო პოსეიდონის წმინდა ცხოველი. პოსეიდონი ოლიმპიურ ღმერთებს შორის გამოირჩევა თავაწყვეტილი ხასიათით და ნგრევისაკენ მიდრეკილებით.
ტროას ომის წაგებით დაიწყო ელინთა აღზევება, ვინაიდან ტროა გახლდათ პროტოიბერთა უკანასკნელი ბასტიონი. ძველ ავტორთაგან ცნობილია, რომ ბევრი ტროელი ომის დასრულების შემდეგ გაემართა ახალი მიწების საძიებლად. მკვლევარმა ა.საველიევმა თავისი ვერსია წამოაყენა ტროელებთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ ტროელები კულტურულად დაკავშირებული არიან სპარტელებთან-ეტრუსკებთან. მისი აზრით, დორიელებმა ისევე დაიპყრეს მიკენი, როგორც აქაელებმა გაანადგურეს ტროა. დორიელებმა პელოპონესი დაიპყრეს ციხესიმაგრე ამიკლეს აღებით ჩვ.წ. აღ-მდე მე-8 ს-ში. დაიწყო ეთნოწარმოშობის ახალი პროცესი. სპარტელებს ბაზა დარჩა ლაკონიის ჩრდილოეთით. მათი ადრინდელი სამხედრო ბანაკები ქალაქებად იქცა. სამხრეთში აქაელები იყვნენ. გამოთქმული ვარაუდი სპარტელების ტროელებთან სიახლოვის შესახებ არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული.
ტროელთაგან სპარტელებმა მემკვიდრეობით მიიღეს ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური კულტურის ნაწილი, როგორიცაა მოქალაქის პატერნები–პატრიოტისა და მოქალაქის–მეომრისა. გრძელი თმები და წვერები დამახასიათებელი ნიშანი იყო მცირე აზიური ბელადებისა და ღმერთებისათვის, როგორც არისტოკრატიზმის ნიშანი–პატერნი პოლიტიკური კულტურისა. სპარტელები კრეტელთა მსგავსად მეფეებს კრძალავდნენ თაფლის აბაზანაში, რომელიც გვამს გახრწნისგან იცავდა. აპოლონის კულტი ტროელებისათვის დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. ტროას კედლები ხომ აპოლონის აგებულად ითვლებოდა. პოლიტიკური კულტურის სხვა პატერნი, რომელიც ტროელბს აახლოვებს სპარტელებთან-ტალასოკრატია-პოლიტიკური და სამხედრო უპირატესობა ზღვაზე. სპარტელები, ისევე როგორც ტროელები, არ იყვნენ აქტიური მეზღვაურები. ტროელებმა არ შექმნეს ფლოტი, რომელიც შეძლებდა აქაელთა თავდასხმის მოგერიებას, ხოლო სპარტელებმა შექმნეს მხოლოდ ერთი საზღვაო კოლონია-ტარენტი. სხვათაშორის, ეტრუსკებმა ეს გაითვალისწინეს.
სპარტელთა დამახასიათებელი ანთროპოლოგიური იერი, რაც მათ განასხვავებდა კლასიკური ბერძნებისაგან, აღბეჭდილია სკულპტურულ პორტრეტებზე სპარტელებისათვის დამახასიათებელი იყო ამობურცული ცხვირის ფუძე-ოდნავ კეხით. ბერძნებს ცხვირი უფრო სწორი ჰქონდათ. ანთროპოლოგიური ნიშნებით სპარტები ადვილად არჩევდნენ თავიანთ დაუძინებელ მტერს, ისევე როგორც ტროელები არჩევდნენ მიკენელებს. გაკეთდა სახეების რეკონსტრუქცია. მიკენური სახის ტიპი გამოირჩევა გამოკვეთილი მკვრივი სახის ნაკვთებით, უფრო მსხვილი ზედა ტუჩით მოკლე, ფართო, ბრტყელი ცხვირი. მიკენელთა ასეთ ტიპებში ტროელები და სპარტელები ადვილად არჩევდნენ მტრის ხატს. ამასთან, ტროელთა და სპარტელთა ანთროპოლოგიური ტიპი შეიმჩნევა ეტრუსკთა ცივილიზაციაშიც. საბერძნეთისა და ეტრურიის საფლავის ქვების შედარება ბევრ საერთოს ავლენს.
No comments:
Post a Comment