Friday, 31 January 2020

ლეგენდარული ტროა, პროტოიბერთა უკანასკნელი ბასტიონი (ნაწილი III)



ტროას დაცემას დიდი გამოძახილი ჰქონდა, ვინაიდან მას ბევრი ცვლილებები მოჰყვა იმდროინდელ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რასაც მოწმობს ანტიკური ავტორების მხრიდან ყურადღების გამახვილება არსებულ გადმოცემებზე თუ მასალაზე, რომელიც ამ თემას ეხება.

საერთო სურათი ასეთია:  ტროას ომს გადარჩენილმა ენეასმა მამამის ანქიზესთან და რამოდენიმე ახლობელთან ერთად დატოვა ტროა და გაემგზავრა აპენინის ნახევარკუნძულისკენ, სადაც დასახლდა კიდეც. რომის იულიუსთა გვარის იმპერატორები თავიანთ წინაპრად ენეასს და მის ძეს ასკანიუსს (სოფ. ასკანა საქართველოში) თვლიან. ენეასი გახლდათ ტროელ გმირ ანქიზესა და აფროდიტეს შვილი. პრიამოსს სძულდა ენეასი როგორც ტახტის მეტოქე. ტროას ომში ენეასი თავიდან არ იღებდა მონაწილეობას. ის მოგვიანებით ჩაერთო ამ ომში და ამის მიზეზი გახდა აქილევსი. ენეასმა მხრებით გამოიტანა მამამისი ანქიზე ალმოდებული ტროადან შემოიკრიბა გადარჩენილი ტროელები და ოცი გემით ჯერ თრაკიას მიადგა. აქ დაარსა ქალაქი  ენეა.  ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, დელფოს მისნის რჩევით, აპენინისკენ აიღო გეზი.შვიდი წლის ხეტიალის შემდეგ მიაღწია აპენინის ნახევარკუნძულს. ენეასმა ააშენა ქალაქი "ლავინიუმი''(ასეთი ქალაქი მართლაც აღმოჩნდა ლაციუმში არქ. გათხრებისას). 30 წლის შემდეგ, ენეასის ძემ ასკანიოსმა (იულიუსმა) ააშენა ქ. ალბა-ლონგა და გახდა იულიუსთა გვარის მამამთავარი. აპიანეს ცნობით, ენეასის შვილს თავიდან ერქვა ე(ი)ბრილიონი, ებრი=იბრი. ასკანიოსს იგივე ებრილიონს ლათინებმა თავიდან ზედმეტ სახელად შეარქვეს იობა, ვინაიდან მისი წარმოშობა გადმოცემით უკავშირდებოდა იუპიტერს, საიდანაც გაჩნდა მისი სახელი იული, აქიდან იულიუსთა გვარი."იუპიტერთან დაკავშირებულია თეთრი რასსა, მერკურთან - შავი, ვენერასთან - წითელი, ხოლო მარსთან ყვითელი, ანუ მონგოლური რასსა. იუპიტერის რასსის პირველადი რასსობრივი სუბსტრატი არის სწორედ ეს იაფეტური".-(ზვიად გამსახურდია)  ვერგილიუსი ენეასზე ამბობს, რომ ის წარმოშობით კავკასიიდანაა.

სტრაბონის ცნობით, ტროას დაცემის შემდეგ, ტროელთა ერთი ნაწილი ადრიატიკის ზღვის შორეულ ნაპირზე გადასახლებულა. პლუტარქე კი აღნიშნავს, რომ რომი დაარსეს ან ბალკანეთიდან ლტოლვილმა პელაზგებმა, ან გადარჩენილმა ტროელებმა, ან კოლხთა მეფის აიეტის დის კირკესა და ოდისევსის ვაჟმა რომანოსმა. კიდევ ერთ ვერსიას გვაწვდის ჰესიოდე თავის "თეოგონიაში", სადაც გვაუწყებს, რომ  ჰელიოსის ასულ კირკეს ოდისევსისგან ეყოლა აგრიოსი, ლათინოსი და ტელეგონე, რომლებიც ტირსენების იგივე ეტრუსკების წინაპრები და გამგებლები გამხდარან.

შუა საუკუნეების ანონიმი ავტორის ''ფრანკთა ისტორიის წიგნიდან''( მე-8 ს.) ვგებულობთ, რომ  ტროას ომში დაღუპული ჰექტორის შვილი რამდენიმე ტროელთან ერთად დასახლდა დუნაის სანაპიროზე და დაარსა იქ ქალაქი სიკამბრი, რომელიც მათ ცენტრად ითვლებოდა საუკუნეების განმავლობაში. რომის იმპერატორმა ვალენტინიანე მე-2 (მე-4ს.) მოუწოდა მათ ერთიანი ძალით შებრძოლებოდნენ ალანებს. ვალენტინიანე მოხიბლულა მეომართა კეთილშობილებით და თითქოს მათთვის უწოდებია ფრანკები (ფრ.Fierte). რომაელებთან შექმნილი უთანხმოების გამო, ფრანკებმა დატოვეს საცხოვრებელი ტერიტორია და შეაღწიეს გერმანიაში, დაფუძნდნენ რეინზე და აირჩიეს სამი მმართველი. ტროელთა მეორე ნაწილმა, თითქოს სენაზე დააფუძნეს ქ.ლუტეცია. როდესაც ახალი მმართველი აირჩიეს, მან შეუცვალა სახელი ქალაქს და ტროას გმირის-პარისის საპატივცემულოდ მისი სახელი დაარქვა. ირკვევა, რომ ფრანკთა მეროვინგების დინასტიის პირველი მეფის გვარი სწორედ ტროელებისგან მოდის, რასაც მოგვიანებით დიდ  ანგარიშს უწევდა თავად ნაპოლეონი.

მაგრამ პარიზის სახელწოდებასა და დაარსებაზე მეორე ვერსიაც არსებობს-კელტური. ამ ვერსიის მიხედვით, პარიზის სახელწოდება უკავშირდება კელტთა ერთ-ერთი ტომის პარისების ეთნარქს. ისინი ცხოვრობდნენ იქ, სადაც ახლა პარიზია. ამ ისტორიის მეორე ვერსია გახლავთ რომაული, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ეს თვალსაზრისი საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. ქალაქის სახელწოდება ტროას ომის გმირის პარისის დამსახურებაა (პრიამოსის შვილი).  დაწვრილებითი მონაცემები არ არსებობს და ზუსტად უცნობია რანაირად მოხვდა პარისი იმ მიდამოებში. ხოლო ენეასის გამგზავრება აპენინის ნახევარკუნძულზე და მისი სახელის დაკავშირება რომის დაარსებასთან,  ვერგილიუსის კალამს ეკუთვნის ''ენეიდაში."(სხვათაშორის, ვერგილიუსი ეტრუსკი გახლდათ).

როგორც ცნობილია, პირველი გათხრები ტროას მითიური ქალაქისა განახორციელა ყველასთვის კარგად ცნობილმა შლიმანმა. გათხრების დროს მან უამრავი ოქროს ნაკეთობა აღმოაჩინა. 



შლიმანის მიერ ჩატარებული გათხრების შემდეგ, ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები კიდევ რამოდენიმეჯერ ჩატარდა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გათხრების წარმოება გადაწყვიტა გერმანელმა არქეოლოგმა, პროფესორმა მანფრედ კორფანმა. მან კვლავ განაახლა ტროას ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა. შლიმანის შემდეგ ჩატარებული გათხრებით გაირკვა, რომ ტროას 9 ფენა არსებობდა და არა ერთი. ტროა ცხრაჯერ აღდგა ფერფლიდან, მაგრამ საბოლოოდ მაინც განადგურდა  აქ შემოჭრილი ბერძნების მიერ. მართალია ის კვლავ განაგრძობდა არსებობას, მაგრამ პროტოიბერთა კვალი იქ გაქრა. არქეოლოგ კორფმანის აზრით, რომელიც მუშაობდა ტროას ხელახალ გათხრებში, ადგილზე  აღმოჩენილი  არხები  წარმოადგენდა მტრისთვის გათვალისწინებულ ჩვეულებრივ ხაფანგს. 




ბოლო დროის აღმოჩენების საფუძველზე, ის დარწმუნებულ იყო, რომ ეგეოსის ზღვისა და კავკასიის მოსახლეობას შორის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა. ''ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ძვ.წ. აღ.-ის მე-2 ათასწლეულში ტროას კონტაქტები ჰქონდა შავი ზღვის სანაპიროს რეგიონთან''-ამბობს კორფმანი. მისი აზრით, საჭიროა სპეციალისტებმა მეტი ყურადღება დაუთმონ შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე მოვლენებს. ის დარწმუნებული იყო, რომ პირველად ბრინჯაო, სპილენძი, კალა აქ გამოადნეს და შესაძლებლად მიაჩნდა ცნობილი ''ტროას ოქრო'', რომელიც შლიმანმა აღმოაჩინა,სწორედ აქ იყო დამზადებული. ასეთი აზრი მეცნიერს იმანაც განუმტკიცა, რომ ტროას ტერიტორიაზე ახალი მონაპოვარი, რომელიც ადრეულ ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება (უპირველეს ყოვლისა, კალა და ოქრო) კავკასიური წარმოშობისაა, რაც ამტკიცებს რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. 2500-2200 წელს, ამ ორ რეგიონს შორის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა.



ამ კავშირების დამადასტურებელად აღიარეს ტყვისბოლოს აღმოჩენა საქართველოში, სადაც ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. სამარხების გარდა აქ მიაგნეს დასახლების 8 ფენას, რომელიც განეკუთვნება ადრეული რკინის-შუა ბრინჯაოს ხანას. გრუნტის ნიმუშების შემოწმებამ და სხვა ანალიზებმა მეცნიერები დაარწმუნა იმაში, რომ ამ ტერიტორიის ბინადარნი სულაც არ იყვნენ მიწის მუშაკნი, რაზეც მიანიშნიბდა გათხრების დროს აღმოჩენილი ობსიდიანის-ვულკანური შუშის ჩამონაჭრები. ძველად, ეს მასალა ძალიან პოპულარული იყო, რადგან ადვილად შეიძლებოდა მისი ზედაპირის გაპრიალება. ობსიდიანისგან ამზადებდნენ საჭრელ იარაღს და სამკაულებს. სავარაუდოდ, ამ ადგილზე არსებობდა მსხვილი სახელოსნო. იმის გამო, რომ აქ დამზადებული იარაღი მცირე რაოდენობისა იქნებოდა,  აქ მოსახლე ხელოსნები მუშაობდნენ ძირითადად ექსპორტზე. ობსიდიანს მოიპოვებდნენ თრიალეთის ქედის მიდამოებში, რომელიც დაახლოებით 160 კმ-ის მოშორებით უნდა ყოფილიყო. გორაკზე აღმოჩნდა სამარხი, სადაც მიცვალებული დასვენებული იყო ეტლზე, რომელსაც ოთხი ბორბალი ჰქონდა.



გერმანელი მეცნიერი მანსფელდი დააინტერესა ეტლმა. საერთოდ საომარი ეტლები იყო ორბორბლიანი, ხოლო რიტუალური-ოთხბორბლიანი. ამ ადგილზე რიტუალური მსვლებობები არ ჩატარდებოდა, შესაბამისი საკულტო ნაგებობების არარსებობის გამო. მანსფელდმა გაიხსენა, რომ ბოჰემიაში, ზემო ავსტრიასა და ბავარიაში მიცვალებულებს კრძალავდნენ ოთხბორბლიან ეტლზე, რომლითაც ეზიდებოდნენ ლითონის მადნეულს. ე.ი. ტყვისბოლოს აღმოჩენილ ეტლზე ბრინჯაოს საუკუნეში გადმოჰქონდათ ობსიდიანი და მადნეული მოშორებული ადგილიდან. აქ მზადდებოდა უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელსაც შემდეგ ექსპორტზე აგზავნიდნენ. მიცვალებული მორთული იყო ოქროს, წითელი სერდოლიტის და შავი აქატის მძივებით.





No comments:

Post a Comment