Sunday, 5 January 2020

ნეპალის "ციური" გამოქვაბულები



ჰიმალაის მთებში, 50 მეტრის სიმაღლეზე განთავსებულია კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები. გამოქვაბულების აგების მიზანი გაურკვეველია, ისევე როგორც მათი ამგებთა ვინაობა. ასევე საიდუმლოდ რჩება, როგორ ახერხებდნენ ამ სიმაღლეზე ასვლას ადგილობრივები. 10 ათასი მსგავსი გამოქვაბული იქნა აღმოჩენილი ამ ისტორიულ რეგიონში, მუსტანგის ყოფილ სამეფოში, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ნეპალის ჩრდილოეთ ნაწილში. ამ გამოქვაბულებში მოხვედრა მხოლოდ ალპინისტის აღჭურვილობითაა შესაძლებელი. ერთადერთი შესასვლელი ციცაბო კლდეზეა. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რანაირად ადიოდა აქ ხალხი. ნეპალთან შეერთებამდე (XVIII ს.), მუსტანგი სუვერენული სამეფო იყო. გასული საუკუნის ბოლომდე იქ უცხოელისთვის მოხვედრა მეტად რთული გახლდათ. ამ იზოლაციის დამსახურებით ტიბეტის ისტორიის ეს უნიკალური მტკიცებულებები ხელუხლებელი დარჩა. გამოქვაბულები მთის რბილ ქანებშია გამოკვეთილი. ზოგიერთი გამოქვაბული ათსართულიანი სახლის სიმაღლეზეა განთავსებული.



ჩატარებული კვლევებისას აღმოჩნდა რამდენიმე მუმიფიცირებული სხეული. ისინი დაახლოებით ორი ათასი წლისა უნდა იყოს. გამოქვაბულების კედლებზე ბუდისტური რელიგიის თემატიკაზე შექმნილი გამოსახულებებია. არქეოლოგიური კვლევისას ასევე აღმოჩნდა ბუდისტური ხელნაწერები, სურათები, კერამიკული ნაკეთობები, რომელიც დათარიღებულია XII-XIV საუკუნეებით.

რაც შეეხება "ციური გამოქვაბულების" დანიშნულებას, ის იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში. საწყის ეტაპზე გამოქვაბულებს იყენებდნენ სამარხ კამერებად, სადააც ატარებდნენ შესაბამის რიტუალს (3000 წლის წინ). მოგვიანებით, გამოქვაბულებმა დანიშნულება შეიცვალა, დაახლოებით X საუკუნეში მათ ხალხი საცხოვრებლად იყენებდა.

XIV-XV საუკუნეებში, მუსტანგის სამეფოს აყვავების ხანაში, გამოქვაბულებს მიეცა სალოცავი და მედიტაციის ადგილის ფუნქცია. როგორ ადიოდნენ აქ ბუდისტური კულტის მსახურნი და მუსტანგის მოსახლეობა, ჯერჯერობით გაურკვეველია. ზოგიერთმა მონასტრის სტატუსი მიიღო, როგორიცაა ცნობილი ლური გომბა, ჩუნგსი და ნიიპუხი. ყველაზე ცნობილი გამოქვაბული მდებარეობს 100 მეტრის სიმაღლეზე. იქ მისვლა შესაძლებელია ვიწრო მთის ბილიკის დახმარებით. მონასტერი ორი კამერისგან შედგება. პირველში ბუდისტური ტაძარია, მეორეში-ცნობილი ფრესკები.



არქეოლოგიური აღმოჩენების საფუძველზე მეცნიერებმა გამოთქვეს საკუთარი ვარაუდი ამ გამოქვაბულების დანიშნულებასთან დაკავშირებით: გამოქვაბულები ასრულებდა თავშესაფრის ფუნქციას უამინდობისა და მტრის თავდასხმის შემთხვევაში. გამოქვაბულებში ხალხი საკუთარ ქონებას ინახავდა. ძნელად მისასვლელი ადგილები შესაფერისი თავშესაფარი იყო განდეგილებისთვის, რომლებიც სულიერი განვითარების პრაქტიკას ეწეოდნენ, ვარჯიშობდნენ და ეძიებდნენ გაბრწყინებას ხალხისგან იზოლირებულად.




სხვადასხვა ვარაუდების მიუხედავად, მაინც გამოცანად რჩება ამ გამოქვაბულების საწყისი დანიშნულება და მათი ამგების ვინაობა. არც იმის დამამტკიცებელი დოკუმენტები არსებობს როდის გაჩნდა აქ მონასტრები. გამოქვაბულების გაჩენის ისტორია კიდევ კარგა ხანს იქნება ბნელით მოცული.




No comments:

Post a Comment