ტაძრელ რაინდთა ორდენის ისტორია კვლავ ბურუსითაა მოცული და ბევრ კითხვას ბადებს, რომელზეც პასუხის გაცემას მუდმივად ცდილობენ მკვლევარები, მათ შორისაა შუა საუკუნეების სპეციალისტი ლუი შერპანტიე. შერპანტიეს მიაჩნია, რომ ტამპლიერები იყვნენ არა იმდენად ბერები რამდენადაც მისიონერები. მათი ევროპული ცივილიზაციის შექმნისთვის მომზადება დაიწყო ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში იმ ადამიანთა მიერ, ვისაც მსოფლიოს მომავალი ადარდებდა და გულთან ახლოს მიჰქონდა. შერპანტიეს აზრით, ამ პროცესის დამაგვირგვინებელი ეტაპი გახლდათ ტაძრელთა "ექსპედიცია" იერუსალიმის სამეფოში, სადაც მათ შეძლეს ისეთი დოკუმენტების მოპოვება, რამაც ორდენს მისცა ცოდნა წარსულ ცივილიზაციებზე. ზოგიერთი მკვლევარი კი თვლის, რომ ტაძრელებმა გრაალი მოიპოვეს.
საიდუმლოებით მოცული მონაპოვრის ვერსია, რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ ბოლო დროს, მეცნიერები უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ანტიკურ დროში და უფრო ადრეც არსებობდა ცივილიზაციები, რომლებიც ფლობდნენ განსაცვიფრებელ ცოდნას. იმ შორეულ წარსულში მათ აღმოაჩინეს ენერგიისა და მატერიის საიდუმლო.
შერპანტიეს აზრით, ეს ცოდნა ტამპლიერებმა გამოიყენეს სასიკეთო მიზნით-პირველ რიგში ევროპაში მშვიდობიანი ცხოვრების აღსადგენად, რომელიც გაძარცვეს სარკინოზებმა და ვიკინგებმა. ტაძრელებმა დაიწყეს სოფლის მეურნეობის აღდგენა, აფუძნებდნენ მონასტრებს და მონასტრებთან არსებულ ფერმებს, გაჰყავდათ გზები და აგებდნენ ხიდებს. სწორედ ტაძრელთა დამსახურებით აიგო ევროპაში არაჩვეულებრივი ტაძრები, რომელთაც დღესაც აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი.
ტაძრელთა განადგურების მიზეზთაგან ერთის მიხედვით, ისტორიკოსები ფილიპე ლამაზის სიხარბეს ასახელებენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტს, რომ ტამპლიერებისთვის ცნობილი იყო ისეთი ფაქტები, რომელიც არ მოსწონდა კათოლიკურ ეკლესიას. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი მათი დევნისა და შემდეგ განადგურებისა.
დღემდე არ ცხრება საუბარი ტამპლიერთა ქონებასა და სიმდიდრეზე, რომელიც საიდუმლო ვითარებაში გაქრა ტამპლიერთა მონასტრებიდან.ზოგიერთი გადმოცემით, ბერი-რაინდები ფლობდნენ სპილენძის გრაგნილს-კუმრანში აღმოჩენილი მკვდარი ზღვის ერთ-ერთ გრაგნილს. ამ გრაგნილში მითითებულ ადგილებზე დამალული იყო სოლომონის ტაძრის განძი. მაგრამ დღემდე უცნობია ნახეს თუ არა ტაძრელებმა ის. ზოგიერთი თვლის, ვინაიდან ტაძრები აგებულია "საკრალური გეომეტრიის'' პრინციპებით, ამიტომ ტაძრების გეომეტრიაში ჩადებული უნდა იყოს გასაღები, რომლის გამოწვლილვით შესწავლის შემდეგ, შეიძლება გაირკვეს ტამპლიერთა განძის ადგილმდებარეობა.
ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ტამპლიერები თაყვანს სცემდნენ რაღაც თავებს. ჩხრეკისას, მათ საკომანდოროებში ნამდვილად ნახულობდნენ საკულტო თავებს. ცენტრალურ საკომანდოროში -ტემპლში ნახეს ქალის თავის რელიქვარიუმი. თავის ქალის ზედა ნაწილი იხსნებოდა, შიდა ნაწილი მოვერცხლილი იყო და მასში ინახებოდა სხვადასხვა ფერის ქსოვილი და ქალის ძვლები.
საკულტო თავებთან დაკავშირებით გაირკვა, რომ ტამპლიერები თაყვანს სცემდნენ ბაფომეტს-(ეშმაკეული თხის სიმბოლო, გამოიხატება ნახევრად ადამიანის, ნახევრად თხის სახით). ეს სიტყვა გადმოცემულია მცდარი ევროპული ტრანსკრიპციით არაბული სიტყვათშეთანხმებისა "აბუფიჰამათ''-"სიბრძნის წყარო''. სამი თავი ამშვენებდა ჰუგო დე პეინის გერბს. "შავი'' და "ბრძენი'' არაბულ ენაში გამოიხატება ერთი ფუძით-ფჰმ (ხმოვნები სემიტურ ენებში არ იწერება).
ბიბლიის მკველვარი ჰიუ შონფილდი, რომელმაც თარგმნა მკვდარი ზღვის გრაგნილები, დარწმუნებული იყო სიტყვა "ბაფომეტსა" და "სიბრძნეს" შორის კავშირში. მან გამოიყენა ამ იდუმალებით მოცული სახელის ამოხსნისთვის ათბაშის მეთოდი-ძველებრაული კრიფტოგრაფია. ამ კრიფტოგრაფიის გაშიფვრის მეთოდი გულისხმობს ანბანის პირველი ასოს ბოლო ასოთი შეცვლას.-"თუ დავწერთ სიტყვა "ბაფომეტს" ძველებრაული ასოებით და გამოვიყენებთ ათბაშს, შედეგად მივიღებთ "სოფიას"-სიბრძნე ბერძნულად.
ალქიმიაში ერთ-ერთი ფაზა, რომელიც წინ უსწრებს ფილოსოფიურ ქვად ქცევას, აღინიშნება "მკვდარი თავის'' სახელწოდებით. იგივე პროცესს მეორენაირად ეწოდება "გაშავება''. სუფიებიც ასევე ხშირად ხმარობენ თავის სიმბოლოს. სუფიური ფრაზა "ოქროს თავი'' მიუთითებს ისეთ ადამიანზე, რომლის შემეცნება "ოქროდ იქცა''. სუფიების განმარტებით, ბერძნული სიტყვა სოფია-სიბრძნესა და არაბული სიტყვა საფა-სიწმინდეს შორის არსებობს კავშირი.
ქალღმერთი ათენა ზევსის თავიდან იშვა. შეიმჩნევა კავშირი თავსა (ზევსი) და სიბრძნეს (ათენა) შორის. თავს, რომელსაც ტამპლიერები თაყვანს სცემდნენ, გარკვეული კავშირი აქვს ეგვიპტურ იზიდასთანაც. ერთ-ერთი ვერსიით, იზიდა მხარს უჭერს სეთს და ჰორი ამის გამო თავს ჰკვეთს დედას. იზიდა სიბრძნის , ჯადოქრობისა და მაგიის განსახიერებაა. მაშასადამე, მოკვეთა რა ჰორმა ბრძენი თავი იზიდას, ის იქცა "სიბრძნის თავად", რომელსაც შემდეგ თაყვანს სცემდნენ მისტიკოსები.
არანაკლები ჰიპოთეზები გამოითქვა ტაძრელთა ბეჭედთან დაკავშირებით, რომელზეც გამოსახულია აბრაქსასი. აბრაქსასი წარმოდგენილია მამლის თავით, ადამიანის სხეულითა და გველებით ფეხების ნაცვლად. მას ასევე მაგიური სიტყვის დატვირთვა აქვს, რომელსაც იყენებდნენ გნოსტიკოსები ღვთაებისა და 365 ემანაციის წყაროს აღსანიშნავად, რომელიც შეესატყვისებოდა წელიწადის დღეების რაოდენობას. თუ ჩავატარებთ ამ სიტყვის მანიპულაციას რიცხვითი მაგიისა და რიცხვითი მნიშვნელობის დახმარებით ბერძნული ასოების გამოყენებით, მაშინ მივიღებთ: A=1, B=2, R=100, X=60, S=200 და შევკრებთ (ABRAXSAS=1+2+100+60+200+1+200) ვღებულობთ ისევ 365-ს
აბრაქსასზე წერდა კარლ იუნგი და უწოდებდა მას: "მზე და სიცარიელის მუდამ დაფჩენილი უფსკრული", "ლამაზი გაზაფხულის დილა და მიწისქვეშა სამყაროს ურჩხული", "დღის ნათელი შუქი და სიგიჟის ყველაზე ბნელი ღამე". -"აბრაქსასი-ღმერთი, რომლის შეცნობა რთულია. მისი ძალა დიდია, ვინაიდან ადამიანი მას ვერ შეიგრძნობს. ადამიანი ხედავს მზის უმაღლეს სიკეთეს და ეშმაკის უსაზღვრო ბოროტებას, მაგრამ ვერ ხედავს აბრაქსასს, რადგან აბრაქსასი არის თავად ცხოვრება, რომლის წვდომა შეუძლებელია, ერთდროულად სიკეთის და ბოროტების დედა. ”-კ.იუნგი
აბრაქსასის ორსახოვნება არავისში იწვევს ეჭვებს, ამიტომ სრულიად გასაგებია რატომ იყენებდნენ ტამპლიერები სწორედ ამ სიმბოლოს ბეჭედზე. ისაა ნახევრად კეთილი და ნახევრად ბოროტი ღმერთი. მამლის თავი განასახიერებს თენებას და მზის სიმბოლოა, ადამიანის სხეული-მიწის ანალოგი, ხოლო ფეხების ნაცვლად გველები-წყვდიადის სამეფო, სიბნელისა და ბოროტების მაცნე. აბრაქსასის ხელში ფარი-სიბრძნე და მათრახი- ძალა.
ასეთივე სიმბოლიკა იყო ტაძრელთა დროშაზე. ის ნახევრად თეთრია და ნახევრად შავი.
No comments:
Post a Comment