Saturday, 15 February 2020

ტამპლიერთა ორდენი, დავით აღმაშენებლი და საქართველო (ნაწილი II)




როგორც ცნობილია, მარიამ-მართა, დავითის მამიდა ცოლად გაჰყვა მიხეილ მე-7, სავარაუდოდ 1072-74 წ. მარიამს ეყოლა ვაჟი-კონსტანტინე პორფიროგენეტი, რომელიც ალექსი კომნენის ქალიშვილზე, ანაზე დაინიშნა. მიხეილ ფსელოსი (კონსტანტინეს გამზრდელი) გვამცნობს, რომ კონსტანტინე ახალგაზრდა გარდაიცვალა. კონსტანტინეზე ცნობები 1087-89 წლიდან წყდება. ფსელოსი მარიამზე საუბრისას მისი გვარის სიძველესა და უპირატესობას უსვამს ხაზს ყველა არსებულ სამეფო გვართა შორის. მარიამ -მართას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ტოსკანის დედოფალთან და მის მემკვიდრე მატილდა ტოსკანელთან (გოტფრუა ბულონელის დედობილი). პეტრე განდეგილზე პაპი გრიგოლ მე-7, როგორც ადრეც აღვნიშნე, წერს რომ პეტრე ერთხელ გარდაიცვალა თავის სამშობლოში-იბერიაში, მაგრამ ანგელოზმა ის საიქიოდან დააბრუნა და მოავლინა იტალიას, რათა ამცნოს დასავლეთის საქრისტიანოს, რომ მოვიდა ჟამი უფლის საფლავის გამოხსნისა. ერთ-ერთი გადმოცემით, ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა გარკვეულწილად ეკუთვნის მიხეილ დუკას და მარიამ-მართას.


მეტად ყურადსაღებია იმ პერიოდის დიდი მეფეების საგვარეულო წარმომავლობა და მათი ნათესაური ურთიერთობები. მალიქ შაჰის შვილს ცოლად ჰყავდა მარიამ-მართას მული, ასე რომ როცა გიორგი II ჩავიდა მასთან ზავის დასადებად და მალიქ შაჰმა ის მიიღო "როგორც ძმა და ნათესავი'' სულაც არ არის სიმართლეს მოკლებული.

პეტრე განდეგილი, ისევე როგორც პეტრე იბერი, ქართველი მოღვაწე იყო და ხშირად მათ ერთმანეთში ურევდნენ. მაგრამ ამ ორ პიროვნებას ერთმანეთისგან საუკუნეები აშორებდა. ამასთან დაკავშირებით კირიონ ეპისკოპოსი წერს: "ჩვენი ვარაუდი, რომ არსებობდა ორი ქართველი მოღვაწე სახელად პეტრე, ისინი რომ სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ საქართველოს გარეთ და სხვადასხვა ცენტრებში მოღვაწეობდნენ, დარჩებოდა მხოლოდ ვარაუდად, საბედნიეროდ, რომ არა მცხეთიდან, სხევტიცხოვლიდან ჩამოტანილ გაფანტულ ხელნაწერებში არ აღმოჩენილიყო ხელნაწერი, რომელიც ნათელს ჰფენდა ამ ბნელით მოცულ საკითხს... წმ. გრიგოლ დიაოლოგოსი საუბრობს მე-5 საუკუნეში მოღვაწე პეტრე იბერზე და არა პეტრე განდეგილზე." კირიონ ეპისკოპოსი პეტრე განდეგილზე წერს შემდეგს:  "მოხეტიალე მქადაგებელი პეტრე განდეგილი მოუწოდებდა ხალხს უფლის საფლავის გამოხსნისკენ კლერმონში კრების ჩატარებამდე, შემორჩენილია მის ცხოვრებაზე ბევრი ისტორია-იერუსალიმში მომლოცველობაზე, მისადმი პატრიარქის მიმართვაზე, ქრისტეს გამოცხადებაზე, იტალიაში პაპთან მის შეხვედრაზე, სადაც მან თითქოს დაარწმუნა ურბან II დახმარება გაეგზავნა იერუსალიმში. ეს ისტორიები სავარუდოდ ლოტარინგიაში დაიბადა, სადაც პეტრე ცხოვრობდა  ნენმუსტიეს სააბატოში, ჯვაროსნული ომიდან დაბრუნების შემდეგ...ვინ იყო სინამდვილეში პეტრე განდეგილი? გვიბერტ ნოჟანელი აღწერს მას როგორც მომცრო ტანის კაცს, რომელიც ვირზე ამხედრებული დადიოდა. ხალხში მისი ქადაგება ჯვაროსნულ ლაშქრობაზე დიდი მოწონებით სარგებლობდა...პეტრე ძალიან ხელგაშლილი იყო ღარიბთა მიმართ. რასაც ჩუქნიდნენ დიდ ნაწილს არიგებდა.." კირიონ ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ ბევრ ქრისტიან მოღვაწეს ახსენებენ მატიანეებში, მაგრამ უმეტესი მათგანი უცბად არ ქცეულა ლეგენდად, ისევე როგორც კარლოს დიდი და თუნდაც დავით აღმაშენებლი. "პატარა კაცი, რომელიც ვირით დადიოდა, ორმოცდაათ  წელზე ნაკლებ დროში იქცა დასავლეთის დიდი ეპოპეის მთავარ მოქმედ პიროვნებად. რაღას არ წერდნენ მასზე! არ კმაროდა, რომ ჯვაროსნული ლაშქრობის მოთავის როლი არგუნეს,  არისტოკრატულ წარმოშობაც მიაწერს , გამოჩენილ მეცნიერად, გოტფრუა და ბოლდუინ ბულონელების აღმზრდელად და ბოლოს სამაგალითო მეომრადაც აქციეს."

"მზე მეფენი ევლინებიან კვლავ ქვეყანას სხვადასხვა განპიროვნებით, აღვივებენ თავიანთ ქმედებით ძალას ღვთიურისა მოწოლილი ბნელისა და ქაოტიურის წინააღმდეგ. გოგი და მაგოგი, ტრადიციათა ცნობით, ხალხია: ბოროტისა და უკუღმართების მატარებელნი. საკვირველი არაა, თუ ეს რწმენა გაცხოველდა ჯვაროსანთა რიგებში, რომელნიც იბრძოდნენ წმინდა საფლავის განთავისუფლებისათვის. და აი ერთი ჯვაროსანი აღნიშნავს სიხარულით-დავითმა, საქართველოს მეფემ, გოგსა და მაგოგს კასპიის საზღვარზე ბჭენი გადაურაზაო. და ვის შეეძლო ეს, თუ არა "მზე მეფეს", ანუ "მღვდელ მეფეს"? ხედავ კარდუ, სად ასულა სახელი აღმაშენებლისა?" -გრიგოლ რობაქიძე

იონე ბატონიშვილის თანახმად, დავით აღმაშენებლის მეფობისას ქართლში ჩამოსულა იერუსალემის მეფე ბალდუინი; "ამა რიცხვსა შინა იყო ბალდვოინ იერუსალიმის მეფედ, რომელმანცა მრავალი ძლევა მიიღო სარაცინელთა ანუ არაბთა ზედა. და ესე ბალდვოინ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისამებრ სხვათა ისტორიებითა".

დასავლეთში აგრერიგად პოპულარული იოანე ხუცესის (პრესვიტერ იოანე) პიროვნებაში მეფე დავითი განსახიერდა. სწორედ ამაზე წერს გრიგოლ რობაქიძე: "დავითმა, საქართველოს მეფემ, დაირქვა სახელი Predbyter Johannes",(პრესვიტერი იოანე) გადავიდა აღმოსავლეთში და იქიდან მოდის ეხლა საქრისტიანოს მოსაშველებლადო. შევჩერდეთ ამ ცნობაზედ. საშუალო საუკუნოებში წამოიჭრა მძაფრად ევროპაში იდეა "მეფე-მღვდლისა."Das Heilige Romische Reich" გერმანელ მეფეთა მიერ ქმნილი, მსოფლმნიშვნელოვანი ცდა იყო ამ იდეის განხორციელებისა. ცდა ცდად დარჩა, რადგან "მღვდელისა" და "მეფეს" შეერთება ერთ პიროვნებაში არ მოხდა.კიდევ მეტი: იგი მღვდელისა და მეფის ერთიმეორესთან შეხლად იქცა. ამ შეხლაში მღვდელი დარჩა თავისთვის და მეფე თავისთვის. მარცხი ამ ცდისა საბედისწეროდ იქცა მთელი დასავლეთისათვის, ნატვრა მღვდელისა და მეფის ერთ-სახედ ქცევისა ისე ღრმად იყო საშუალო საუკუნეთა ევროპაში ფესვგამდგარი, რომ მნატვრელთ მონატრებული სინამდვილედ წარმოესახად: შორს აღმოსავლეთში არსებობს მფლობელი, რომელიც ერთსა და იმავე დროს "მღვდელიც" არის და "მეფეც", სახელით: "პრესბიტერ იოჰანეს", ფიქრობდნენ დასავლეთში. პრესბიტერ: მღვდელთმთავარი. და აი ინგლისურ მატიანეს ეს მღვდელთმთავარი დავით აღმაშენებელი ჰგონია. არც ერთ ისტორიულ მფლობელს, თუ გინდ "მზემეფედ" სახულს, არ რგუნებია სახელის ასეთი ამაღლება: მითიური რეალობის ისტორიულ პიროვნებად ქცევა.''

დავითმა სახელი ისე გაითქვა, რომ კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, მაგრამ ევროპაში ის  ცოცხალი ეგონათ და კვლავ მის იმედად იყვნენ, როგორც ქრისტიანობის დამცველისა და მესიიის მახვილის.

გრიგოლ რობაქიძე თავის ესეში "დავით აღმაშენებელი" ახსენებს ვინმე ა.სამნდერსს, რომელსაც დაუწერია წიგნი "კავკასია", სადაც ის საუბრობს მეფე დავითზე, როგორც პრესვიტერ იოანზე. ალ. სანდერსი გახლდათ ფსევდონიმი ალექსანდრე ნიკურაძისა, რომლის სახელი დაკავშირებულია გერმანიაში ნაცისტების მიერ შექმნილ "ქართულ ლეგიონთან". ალ. ნიკურაძე იყო ალფრედ როზენბერგის სიძე. სავარაუდოდ ხელი მიუწვდებოდა არქივებში დაცულ მასალაზე. სანდერსს ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ამონარიდები ამოღებულია პაპ ჰონორიუს III-ის მიერ ეპისკოპოსებისადმი გაგზავნილი წერილიდან (Chronica Alberici monachi trium fontium ad annum 1221. ,,Monumenta Germaniae historica'' SS XXIII p.911), სადაც ის დავითს ახსენებს როგორც პრესვიტერ იოანეს და მის საომარ მოქმედებებსა და გამარჯვებებზე საუბრობს. 

ჰონორიუსი განცხადებას აკეთებს კარდინალ პელაგიუსის მოწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით, სადაც ის ამბობს, რომ მან პელაგიუსისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მეფე დავითი პრესვიტერად წოდებული, ღვთის მოშიში ადამიანი შეიჭრა სპარსეთში თავისი შეიარაღებული ძალით..... იქვე, პელაგიუსის მეორე ცნობაც არის, რომელიც ავინიონში გაგზავნილ ინფორმაციაში(რა გზით, არ ჩანს) იტყობინება, რომ საქართველო არის ქრისტიანული ქვეყანა კარგად შეიარაღებული და ერთი სული აქვთ ჩაებან სარკინოზთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ინფორმაცია ეკუთვნის კალგერიკს. ტექსტიდან ჩანს, რომ დავით აღმაშენებელზეა საუბარი.

მკვლევარი რიჰარდ ჰენინგსი თავის ოთხტომეულში მონაცემებსა და ციტატებს იყენებს სწორედ ალ.სანდერსის წიგნიდან, სადაც ერთი თავი ეძღვნება იოანე პრესვიტერს ანუ დავით აღმაშენებელს.

პრესვიტერ იონაზე არსებობს შემდეგი გადმოცემა, რომელიც ცნობილ ფილოსოფოს-პითაგორელ აპოლონ თიანელთანაა დაკავშირებული. აპოლონი წარმოშობით კაპადოკიიდან იყო, ქალაქ თიანადან. ნეტარი თეოფილაქტე საუბროს ერთდროულად
ეფესოში მყოფ ორ იოანეზე: ერთი-აპოკალიფსის ავტორი, მეორე-იოანე პრესვიტერი (იოანე პრესვიტერი გახლავთ არქეტიპი მორწმუნე ადამიანისა, რომელშიც თანაბრად შერწყმულია სულიერი და საერო ხელისუფლება). თეოფილაქტეს თხრობიდან ირკვევა, რომ სახარების ავტორი დაკავშირებულია ეფესოში მყოფ მეორე იოანესთან, რომელიც პრესვიტერის წოდებას ატარებს, არის უხუცესი (არა ასაკით, არამედ სტატუსით). ზოგი მკვლევარის ვარაუდით, სწორედ ეს პრესვიტერ იოანე ფლობდა გრაალის თასს, რომელზეც საუბრობდენენ როზენკრეიცერები როგოც მასწავლებელთა მასწავლებელზე და ის რაღაცით უნდა იყოს დაკავშირებული აპოლონ თიანელთან, შესაძლოა თავად ის ყოფილიყო.

კიდევ ერთ საინტერესო საკითხს უნდა შევეხოთ. გაუთავებელი საუბარი მიდის ტამპლიერთა აღმსარებლობასთან დაკავშირებით. მათი მართლმადიდებლობასთან დამოკიდებულება თითქოს დახურულ თემად ითვლება. ერთი დეტალი იქცევს ყურადღებას ტაძრელთა წესდების მეორე სტატიიდან, სადაც ნათლად მითითებულია, რომ: "თუკი, რომელიმე ტაძრელი ჩამოშორდება აღმოსავლურ ქრისტიანობას (NEGOTIO ORIENTALIS CHRISTIANITATIS) და თავისი არყოფნით ვერ მოისმენს საღვთო მსახურებას, მაშინ ცისკრის ლოცვის ნაცვლად წაიკითხოს ღვთის სადიდებელი 13 ლოცვა, ყოველ საათში-შვიდჯერ...ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ აღმოსავლური ქრისტიანობა აქ ტყუილად ნახსენები არ უნდა იყოს. კიდევ ერთი, ტამპლიერები ლიტურგიის დროს წარმოთქვამდნენ:  "QUONIAM TUUM EST REFNUM ET VIRTUS GLONIA I SAECULA SAECULARUM'', რაც წარმოადგენს კარგად ცნობილ მართმადიდებლურ ფორმულას: " თვალი შენი მეუფება, ძალა და დიდებაა უკუნითი უკუნისამდე'', რაც ამოღებულია რომის პაპთა მიერ ღვთის მსახურებიდან.

თუმც, ორდენი იმყოფებოდა პაპის იურისდიქციის ქვეშ, განთავისუფლებული იყო ყველანაირი ვასალური მოვალეობებისაგან და ემორჩილებოდა მხოლოდ რომს. ეპისკოპოსებს უფლება არ ჰქონდათ მათი ეკლესიიდან განკვეთის. 

ტაძრელთა წესდებაში ეწერა:1. "ბოროტი'' ყოველთვის ცდილობს დაასუსტოს ადამიანი სულიერად, ამიტომ საჭიროა მას მუდმივად შევეწინააღმდეგოთ; 2. "ბოროტთან'' ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება-მორჩილება, ლოცვა და რელიგიური ერთგულება;  3.ქრისტიანისთვის ტიტული, სიმდიდრე, მდიდრული სამოსი და სამკაული, ნუგბარი და სასმელი, ფუფუნების ნივთები-არაფერია და არც უნდა იღწვოდეს მისთვის; 4.მონაზვნებმა უნდა იშრომონ, რაინდები უნდა ემსახურებოდნენ ღმერთს-ბრძოლა, სწორედ რომ შრომაა; 5. საძმოს მოთხოვნილების საკუთარი ნებით და მოვალეობის უცილობელი შესრულება- ესაა გადარჩენის გზა.





No comments:

Post a Comment