Monday, 17 February 2020

რა აკავშირებს ტამპლიერთა გოთიკურ ტაძრებს პეტრე იბერთან



პირველი გოთიკური ტაძარი პარიზის მახლობლად გახლავთ ბენედიქტელთა სააბატო სენ-დენი. გადმოცემის თანახმად, დიონისე არეოპაგელი (პარიზელი), რომელსაც აიგივებდნენ ათენელ დიონისე არეოპაგელთან, მონმარტრის მთაზე წამების შემდეგ მოჭრილი თავით თავისი ფეხით მივიდა ახლანდელი სენ-დენის სააბატოს ადგილზე და იქ დაკრძალვა უანდერძა ხალხს. მოგვიანებით, ათენელი დიონისე არეოპაგელი, ფსევდო დიონისე არეოპაგელი და დიონისე პარიზელი  შეერწყა ერთ პიროვნებას და მას მიეძღვნა სენ-დენის მონასტერი და სააბატო. 


სენ-დენის ადგილზე პირველი პატარა ტაძრის აგება კი მეფე დაგობერტის სახელს უკავშირდება. დაგობერტი ფრანკთა მეფე (629-639 წწ.) მეროვინგთა დინასტიიდან გახლდათ. აქვე უნდა გავიხსენოთ მეროვინგების დინასტიის თავისებურებაც, როგორც მეფე ჯადოქრებისა და ამასთან, ფრანკების კავშირი ტროადან გაქცეულ ჰექტორთან და სხვა ტროელებთან. სწორედ ამ დაგობერტმა ჩაუყარა საფუძველი სენ-დენის ტაძარს დიონისე არეოპაგელის და ამასთან პეტრე იბერის პატივსაცემად. სენ-დენის სააბატო ასეული წლების განმავლობაში რჩებოდა სამეფო სააბატოდ. აქ იყო მეფეთა საძვალე. აქ იღებდნენ განათლებას უფლისწულები.

მოგვიანებით, აბატმა სუგერისმა ამ ადგილზე ააგო პირველი გოთიკური მონასტერი (1135-1144 წწ.) აბატი სუგერისი იმდენად გავლენიანი პიროვნება იყო, რომ მეფე ლუდოვიკ VI და VII-ის მრჩევლად დაინიშნა.

როდესაც სუგერისმა გადააკეთა სენ–დენის ტაძარი, წმ. დიონისეს სამარხის ადგილზე აღმოაჩინა  დიონისე არეოპაგელის ფილოსოფიური შრომების ბერძნული ასლები. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს წიგნები ეკუთვნოდა ფსევდო დიონისე არეოპაგელს, იგივე პეტრე იბერს.

ფსევდო დიონისე არეოპაგელის შრომები ქრისტიანულიც არის და ნეოპლატონურიც.
ისინი მიეკუთვნება ყველაზე მისტიკურ ნაწერებს, სადაც საუბარია გამოუთქმელ
სინათლის მომნიჭებელ ღმერთზე, ხოლო ზეციურ იერარქიაში აღწერილია
შესაქმის ჰარმონიული ემანაციის სტრუქტურაზე, ღმერთის სამსახოვნებაზე. ფსევდო დიონისესთვის, ისევე როგორც წმ. ავგუსტინესთვის, რიცხვი განუყოფელია ბუნებისგან, როგორც ზეგრძნობად, ისე მიწიერ ყოფაში. მათი მტკიცებულებები ეყრდნობა პითაგორულ და პლატონურ პრინციპებს. სწორედ დიონისე არეოპაგელის პრინციპები დაედო საფუძვლად, როგორც ფილოსოფიური მოდელი სენ–დენის და მოგვიანებით აგებულ სხვა გოთიკურ ტაძრებს.

სუგერისმა მალევე გადააკეთა სააბატოს ტაძარი. ტაძრის ვიტრაჟები წარმოადგენდა ღვთიური სხივის ბუნებას–სამების ილუსტრაციას, როგორც ეს ესმოდა ფსევდო დიონისესა და ნეოპლატონიკოსებს. მანათობელი, აბსტრაქტული არსი (მამა), ვიტრაჟის შუშის ეფემერული მატერია(დედა), განათებული ბუნებისა და ადამიანის ხატება (შვილი). ეს ყველაფერი მიღწეული იყო ტყვიის ნახაზებითა და ფერადი შუშით. გოთიკური სტილი სწრაფად გავრცელდა საფრანგეთში. გოთიკური ტაძრების აგება საკრალურ გეომეტრიასთან და ნეოპლატიკოსებთანაა დაკავშირებული.

საკრალურ გეომეტრიას სწავლობდა ბევრი გამოჩენილი არქიტექტორი და მკვლევარი. მათ გაარკვიეს, რომ მისი დახმარებით ინახებოდა და გადმოიცემოდა არამარტო სასულიერო სწავლებანი, ზოგიერთ გეომეტრიულ მახასიათებელს გააჩნია ოკულტური მნიშვნელობაც. საკრალური გეომეტრია სცილდება რელიგიურობის საზღვრებს და იჩენს თავს ყველა კულტურის საკრალურ ცოდნასა და  ქვის ნაგებობებში, რომლის დანიშნულება ჩვენთვის ჯერაც გაურკვეველია. 



წმინდა მიწიდან ტამპლიერების დაბრუნებას მოჰყვა გოთიკური ტაძრების მშენებლობის ბუმი. ტამპლიერებმა აღმოსავლეთიდან მოიყოლეს საკრალური ცოდნა. მათ მიერ აგებული გოთიკური ტაძრების არქიტექტურის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოებას წარმოადგენს ფერადი ვიტრაჟები, რომელიც ტაძრის სარკმელებს ამშვენებს. ამ ვიტრაჟების უპირატესობა მასში შემომავალი სინათლის სხივის გაძლიერებაში მდგომარეობს. რაც მას განასხვავებს სხვა არქიტექტურული სტილის ვიტრაჟებისგან, ინტერიერის განათების ხარისხია. განათება მუდმივია, არა აქვს მნიშვნელობა ამინდის ცვლილებას. თენებისას, ფერადი მინები არაჩვეულებრივად ბრწყინავს. 

გოთიკური ტაძრების ვიტრაჟებს გააჩნია კიდევ ერთი უნიკალური თვისება, მოახდინოს ულტრაიისფერი სხივების ტრანსფორმაცია კეთილისმყოფელ სინათლედ. ამ ვიტრაჟების დამზადების საიდუმლო ჯერ ისევ ამოუხსნელია. ამ საიდუმლოს წვდომა თანამედროვე ანალიტიკური ტექნოლოგიის დახმარებითაც კი შეუძლებელია. ცნობილია, რომ ბევრისთვის საყვარელი სუფი პოეტი ომარ ხაიამი იკვლევდა ფერადი შუშის ოპტიკური თვისებების სრულყოფის საკითხს.


როდესაც შუა საუკუნეების სიმბოლიზმზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ვიხსენებთ
იმ დროის არქიტექტურას. არქიტექტურის ისტორიკოსი უილიამ ანდერსენი წერდა, რომ
გოთიკური შენობები ჩვენში იწვევს დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას, რომელიც არაჩვეულებრივ მუსიკას გვაგონებს. ეს მშვენიერი მუსიკა ტამპლიერების სახელს უკავშირდება. ტამპლიერთა ტაძრებითაა მოფენილი მთელ ევროპა. ერთი ვერსიით, ტამპლიერებმა თავისი ცოდნა გოთიკური ტაძრების ბარელიეფებში დაშიფრეს. უკვე რამდენი ხანია ხელოვნებათმოცოდნეები ცდილობენ იეროგლიფური ფიგურების საიდუმლოს ამოხსნას, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის მთავარ პორტალზეა განთავსებული, მაგრამ უშედეგოდ.  1000 წლიდან 1300 წლამდე საფრანგეთში აიგო ორასი ტაძარი.









No comments:

Post a Comment