Monday, 12 October 2020

თასი, როგორც საკრალური სიმბოლო

 


თასი ერთ-ერთი უძველესი ძალის მატარებელი ნივთია და მნიშვნელოვანი ატრიბუტი რიტუალებისა. მასში ინახება შესაწირი უმაღლესი ძალებისადმი. ამიტომ ის უნდა მომზადდეს და ეკურთხოს ძირითადი მაგიური პრინციპების შესაბამისად. ჩვენი წინაპრები ღმერთებს შესაწირს ხელისგულებით მიართმევდნენ. მას მერე, რაც ადამიანმა ისწავლა ხის, ქვის, ლითონის დამუშავება, ამ მიზნით უკვე იყენებდნენ თასს.

თასი ნიშანია, რითაც ადამიანი ცხოველისაგან განირჩევა. იგი კულტისა და კულტურის საფუძველია. ,,გილგამეშში'' ენქიდუს განკაცება იმით ხდება, რომ ის სწავლობს თასის ხელში დაჭერას. თასი არის საკულტო ცხოვრების საშო. თასიდან აღმოცენდება კულტი. როგორც საკულტო საგანი ის ზეციური წარმოშობისაა. თასი კულტის აღორძინების ჭურჭელია. ე.ი. თასი საკრალური დანიშნულების საგანია. ის ზიარების ჭურჭელია უპირატესად და ამაშია მისი საკრალურობა და სიმბოლური დანიშნულება. 

თასი უპირველეს ყოვლისა გახლდათ საგვარეულო თილისმა. ის გადაეცემოდა მამიდან შვილს, რათა წინაპრებთან კავშირი არ გაწყვეტილიყო. ამიტომ გახლავთ გვარის საკრალური სიმბოლო, ამავე დროს, დიდი დედის საშოს, კაცობრიობის დამბადებლის სიმბოლოც.

დასავლეთ ევროპულ ტრადიციაში თასი განიხილება ცოდნის, სულიერი გაბრწყინების სიმბოლურ ემბლემად. თასის სიმბოლიკა ბევრწილად დამოკიდებულია მის  შემცველობაზე. სავსე თასი-სიმდიდრის სიმბოლო, ცარიელი განასახიერებს სიკვდილს. სწორედ აქედან იღებს სათავეს უძველესი ტრადიცია დაცლილი თასის, ჭიქის მტვრევისა, რითაც ადამიანი სიკვდილს იცილებს თავიდან.

რელიგიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია რიტუალურ თასებს. ძველი ბერძნები ღმერთებისთვის სასმელის მისართმევად იყენებდნენ თიხის, ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს ფიალებს. რიტუალური თასები ცნობილი იყო  ბევრი ხალხისთვის.

ქრისტიანობაში ოთხ ლგენდარულ თასს გააჩნია წმინდა რელიკვიის სტატუსი. პირველი მათგანი გახლავთ უკვდავების თასი, რომელიც ჰქონდა ბიბლიურ ადამს, მაგრამ ცოდვით დაცემის გამო, ეს მშვენიერი თასი დაიკარგა.  მეორე თასიცაა ნახსენები ძველ აღთქმაში. ამ თასით მიიღო სასმელი ზეციური ანგელოზისგან წინასწარმეტყველმა ილიამ. ორი თასი კი იესოს სახელს უკავშირდება. ერთი მათგანი საიდუმლო სერობის დროს გამოიყენა იესომ, ხოლო მეორეში იოსებ არიმათიელმა შეაგროვა ჯვარზე გაკრული იესოს სისხლი. მოგვიანებით, ქრისტიანულმა გადმოცემებმა გააერთიანა ეს ორი თასი წმინდა გრაალის ფორმაში.

სახარებაში ოანე ნახსენებია თასით ხელში, საიდანაც ძვრება გველი-მოწამლული სასმელის ალეგორია. ეს სიუჟეტი გახლავთ ეფესოში იოანეს თავგადასავლის ზღაპრული ილუსტრაცია. არტემიდეს ტაძრის ქურუმმა აიძულა ორი დამნაშავე დაელია მოწამლული სასმელი, რომლებიც ცდილობდნენ გაეძარცვათ ძველი ტაძრის საგანძური. ისინი იოანეს თვალწინ დაიხოცნენ ტანჯვით. ამის მერე, ქურუმმა იოანეს რწმენა აბუჩად აიგდო და მას შხამიანი თასი მიაწოდა. იოანემ გულში ლოცვა აღავლინა, უშიშრად შესვა სასმელი და ცოცხალი გადარჩა. უფრო მეტიც, წარმართს დაუმტკიცა ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტება და უმალ მკვდრეთით აღადგინა მოწამლული დამნაშავეები.

პოეტი იოჰან იოზეფ გიობენი(18-19ს.) თვლის, რომ  თასში ჩაქსოვოლია უძველესი იდეა ქურუმთა საიდუმლო სიბრძნისა. იგი პარალელს ავლებს ჰერაკლეს და ჰერმეს ეგვიპტელის თასებს შორის, ასევე სპარსეთის ლეგენდარული მეფის ჯემშიდის თასთან. ბუდასაც ჰქონდა თავისი თასი. ჰერაკლეს თასი აჩუქა მზის ღმერთმა ჰელიოსმა. გადმოცემით, ბუდას თასი ეგვიპტური წარმოშობისა იყო და ის ჩვ.წ.-მდე 12 ათასი წლის წინ გაჩნდა. 

სპარსულ ჯემშიდის თასში უკვდავების ელექსირია. თასი ეკუთვნის მითებისა და ლეგენდების გმირ ჯემშიდს. ყველაფერი კი ავესტას კაცობრიობის წინაპარ იიმადან დაიწყო, რომელიც ბიბლიური ნოეს პროტოტიპია და მასავით კაცობრიობა უნდა გადაარჩინოს კატასტროფას, ოღონდ ნოესგან განსხვავებით დიდ მიწისქვეშა თავშესაფარს აგებს. დროთა განმავლობაში ავესტის გმირი იიმა სპარსულ მითოლოგიაში იქცა ჯემშიდად. მას ბევრ გამოგონებას მიაწერენ. ამ უძლიერესი მეფის მმართველობისას გაქრა დაავადებები, სიცოცხლის ხანგრძლიობა გაიზარდა, ხალხი მშვიდობიანად ცხოვრობდა და თანაარსებობდა. მან ასწავლა ხალხს სახლის აგურით შენება, ოკეანეებზე აფრიანი ხომალდებით ცურვა. ჯემშიდის სახელი ისეთი მნიშვნელოვანი გახდა, რომ ის ასოცირდებოდა აქამენიდთა იმპერიის დედაქალაქ პერსეპოლისთან, რომელიც კიროსის დაარსებული იყო. საუკუნეების განმავლობაში ხალხი პერსეპოლისს "ჯემშიდის ტახტს" უწოდებდა. ვინც ჯემშიდის თასიდან შესვამდა ელექსირს, უკვდავი ხდებოდა. ამ მაგიურ ნივთს  წინასწარმეტყველებისთვისაც იყენებდნენ. მასში შეიძლებოდა სამყაროს შვიდი ზეცისა და ჭეშმარიტების დანახვა.


სასწაულმოქმედი ბუდას თასი ბევრ წყაროშია ნახსენები. პურუშაპური ან პეშავარი იყო ბუდას თასის ქალაქი, რომელიც იქ მიიტანეს ბუდას გარდაცვალების შემდეგ. დიდი ხნის განმავლობაში სცემდნენ მას თაყვანს. ჩვ. წ.აღ-მდე 400 წელს ჩინელი მოგზაური ფაჰიენის დროს, თასი ჯერ ისევ პეშავარში იყო, მისთვის სპეციალურად აგებულ მონასტერში. ისტორიოგრაფები  ბუდას თასის ადგილმდებარეობაზე სპარსეთის ქალაქ კარაშარას ასახელებდნენ, სადაც პეშავარიდან გადაიტანეს და შემდეგ ის გაქრა. ამ თასზე არსებობს ლეგენდა, რომ თითქოს ყველასთვის მოულოდნელად ჩნდება ჰაერში. თასის წარმოშობა ეგვიპტეს უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, მაითრეას ახალი ეპოქის დაწყების წინ ეს თასი კვლავ გამოჩნდება. 

სურათზე გამოსახული თასი სავარაუდოდ ბუდას ეკუთვნის. ის 1934 წელს გამოუგზავნეს ნ. რერიხს. რერიხის აზრით, ბუდას თასისის კვლავ გამოჩენა ამართლებს წინასწარმეტყველებას, რომელიც გაკეთდა ათასი წლის წინ. ნამდვილად ბუდას თასია ეს თუ არა, არავინ იცის.











No comments:

Post a Comment