Friday, 11 October 2019

გრაალზე შექმნილი სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებები და საქართველო (ნაწილი II)




როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეშენბახის თქმით ძველი არაბული ხელნაწერი გრაალზე აღმოაჩინა პროვანსელმა კიოტმა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში. ვინ იყო მისი ავტორი?-ფლეგეტანისი-ბუნების დიდი მცოდნე, სოლომონის გვარიდან. მამა არაბი ჰყავდა, დედა-ებრაელი, რომელიც თაყვანს სცემდა კუროს, გააჩნდა წინასწარმეტყველების უნარი. "ფლეგეტანისი" სავარაუდოდ გამრუდებულად გადმოცემული არაბული სიტყვებია-  Felek და Tani. არაბულად FalekTani ჰერმესის სახელია. შესაძლოა ფლეგეტანისი ჰერმესის ფსევდონიმია. დედამიწაზე მიმდინარე მოვლენები განსაზღვრულია მნათობთა მოძრაობით. თანავარსკვლავედების შესწავლით ფლეგატანისი ჩასწვდა ბევრ საიდუმლოს, რაზეც ის კრძალვით საუბრობდა. მან თქვა, რომ არსებობდა საგანი გრაალის სახელწოდებით. ეს სახელწოდება თითქოს მან ვარსკვლავებზე დაკვირვებით წაიკითხა. ანგელოზთა მიერ ჩამოტანილ გრაალზე ადამიანებს უნდა ეზრუნათ მას შემდეგ, რაც გაქრისტიანდებოდნენ. ისინი ისეთივე უცოდველი და სუფთანი უნდა ყოფილიყვნენ როგორც ანგელოზები. ეს სიტყვები არ იწერებოდა პირდაპირი მნიშვნელობით.

ეშენბახთან გრაალი დაკავშირებულია იდუმალ მეფეთა დინასტიასთან, რომელიც მართავს გრაალის ძალის დახმარებით. ავტორი კარგად იცნობდა ტამპლიერებს, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა პალესტინაში. შესაძლოა ამ თემასთან დაკავშირებით მას რაღაც ჰქონდა მოსმენილი, რაც გამოიყენა შემდგომ თავის შემოქმედებაში.

სხვა წყაროების მიხედვით, ძველი ასტრონომი ფლეგეტანისი ცხოვრობდა 1200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე, ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლის დროს. მისი სახელი სპარსულია და ნიშნავს "ვარსკვლავთმცოდნეს". ამ ვერსიაში არავითარ დინასტიურ გენეალოგიასთან არ აქვს საქმე გრაალს, ვინაიდან ებრაელებს მაშინ მეფეები არ ჰყავდათ, რაც მეტ მაინტრიგებელ მნიშვნელობას იძენს. "სოლომონის გვარი" ეშენბახთან შესაძლოა სიმბოლურად ნიშნავს ბრძენთა გვარს. იქნებ ეშებახისა და დე ტრუას მოწოდებული ცნობები ფლეგეტანისზე მიანიშნებს, რომ ის უფრო ძველი გვარიდან იყო ვიდრე სოლომონი.

დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის შესახებ, თუ ვინ არიან კიოტი და ფლეგეტანისი. ზოგი თვლიდა, რომ ისინი გამოგონილი პერსონაჟები არიან, სხვები-ისინი ნამდვილად არსებობდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ კიოტი იგივე გიოტ დე პროვენეა, ბერი და ტრუბადური, რომელიც ცხოვრობდა პროვანსში. ის წერდა სატრფიალო სიმღერებს, სატირულ ლექსებს, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული. სავარაუდოდ, მას ეშენბახი უნდა შეხვედროდა 1184 წელს მაინცში სამების დღესასწაულზე, სადაც ფრიდრიხ ბარბაროსა შვილებს რაინდებად აკურთხებდა. ამ ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ პოეტებიც და ტრუბადურებიც ქრისტიანული სამყაროდან. სავარაუდოდ, აქ მოხდა მათ შორის გრაალზე აზრთა გაზიარება. რაც შეეხება ფლეგეტანისს, თუკი კიოტი ნამდვილად არსებობდა, მაშინ ფელეგეტანისიც რეალური პიროვნება უნდა ყოფილიყო.

ეშენბახის "პარციფალში" რაინდები ცხოვრობენ მონსალვატის ციხესიმაგრეში, სადაც იცავენ გრაალს. ისინი ტამპლიერები არიან, რომლებიც ხშირად მიდიან შორეულ მხარეებში თავგადასავლის საძიებლად. ბრძოლის შედეგს რაც უნდა იყოს, სახელი თუ დამცირება, ისინი გულღიად იღებენ, როგორც ცოდვების გამოსყიდვას. საკვები მათთან ძვირფასი ქვის დახმარებით მოდის. მას უწოდებენ "Lapis exilis". ამ ქვას ვინც თვალს შეავლებს ავადმყოფობისგან იკურნება, აღარ ბერდება, ქალიც და მამაკაციც ახლაგაზრდულ სახეს იღებს. ქვას ისეთი ძალა აქვს, რომ ძვლები და სხეული კვლავ ახლაგაზრდობას იბრუნებს. ეშენბახის პოემა სავსეა ალეგორიებით. სახარებიდან ვიცით, რომ ქვა თავად იესოა, "ქვა რომელზეც უარი თქვეს მშენებლებმა". გადაგდებული ქვა, ტაძრის საძირკევლი, სიონის კლდე.

ევროპის მმართველთა სამეფო დინასტიები გაჩნდა გოდფრუა დე ბულიონელთან ერთად.ამიტომ ბედნიერია ის დედა, რომლის შვილსაც ბედმა გრაალის სამსახური განუმზადა. ვინაიდან გრაალის მცველნი არიან ტამპლიერები, შესაბამისად მისი მფლობელნი განსაკუთრებული ოჯახის წევრები არიან მრავალრიცხოვანი განშტოებით გაფანტული მთელ მსოფლიოში. ზოგიერთმა მათგანმა არც კი იცის ვინაა სინამდვილეში. ერთ-ერთი მათგანი ცხოვრობს  გრაალის ციხესიმაგრე მუნსალვატში, მოგვიანებით კატართა ლეგენდარული ციხე მონსალვა, რომლის მომავალი ისეთივე საბედისწერო აღმოჩნდა, როგორც ციხესიმაგრე მონსეგიურისა.

ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ იდუმალებით მოცული პირები: გრაალის მცველი და გამცილებელი რეპანს დე შოი, ამფორტასი-"მეფე მეთევზე". გრაალის ციხის მემეკვიდრე საბოლოოდ ხდება პარციფალი. გრაალის მსახურნიც უნდა ეზიაროან ასევე რაღაც საიდუმლოს. გრაალის რაინდები სხვებს ეხმარებიან. თავად მათ ეხმარება ბედი. ხანდახან რომელიმე სამეფო უპატრონოდ რჩება. თუ იმ სამეფოს საზოგადოება ღმერთს ემორჩილება და სურს ჰყავდეს რჩეული მეფე გრაალის ლაშქრიდან, სურვილი უსრულდება. საჭიროა ასეთი გზით რჩეულ მეფეს ხალხი პატივს სცემდეს, ვინაიდან ის ღვთითკურთხეულია. ეშენბახს თუ ვერწმუნებით ფლეგეტანისი გრაალის ამბის სავარაუდო ავტორი უნდა იყოს. კიოტმა მოთხრობა გრაალზე ნახა ჰერცოგ ანჟუელის სახლის არქივში. გამოდის პარციფალის ძარღვებში ჩქეფდა ანჟუელთა გვარის სისხლი.

როგორც ვიცით, ანჟუელთა სახლი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ტამპლიერთა ორდენთან და წმინდა მიწასთან. ფულკ ანჟუელი ხდება ტამპლიერი. 1131 წელს ის ქორწინდება ლეგენდარულ მელუზონაზე, გოდფრუა ბულიონელის ძმისშვილზე და ხდება იერუსალიმის მეფე. "ორდენის" დოკუმენტის მიხედვით ანჟუს მფლობელი პლანტაგენეტები დაკავშირებული იყვნენ მეროვინგების გვართან. ეშენბახის პოემის მოქმედება ვითარდება საფრანგეთში. ამ შემთხვევაში (ზოგიერთი ჟამთააღმწერის საპირისპიროდ) ართურის სამეფო კარი, კამელოტი ნანტშია, მეროვინგების სამეფოს დასავლეთ საზღვართან. ეშენბახის მიხედვით გმირი ჩნდება უელსიდან (Waleis), გალთა სამშობლოდან. შესაძლოა საუბარია არა უელსზე-ვალეისზე, არამედ ძველი საფრანგეთის რეგიონ ვალუაზე (Valois). მაგრამ გეოგრაფიული აღწერით ის უფრო ჰგავს შვეიცარიის ვალეს, ლემანის ტბის ნაპირთან. გამოდის ართური იმყოფებოდა ბრეტანში, ნანტის რაიონში. ხოლო პარციფალი დაიბადა შვეიცარიაში.

"პარციფალი" არ გახლავთ უბრალო ნაწარმოები. მასში ბევრი საიდუმლოა, რომლის ამოხსნა უნდა შეძლოს თავად მკითხველმა. გრაალის მცველობა ანგელოზებიდან გადავიდა მაზადანების გვარზე. მაზადანმა გრაალი გადასცა ტიტურელს, ტიტურელმა-ფრიმუტელს, ხოლო ფრიმუტელმა ამფორტასს. ამ უკნასკნელმა, რომელიც გრაალის მეფე იყო, გრაალის გაერთიანების სიმბოლოდ აირჩია მტრედი. ამ გაერთიანების წევრები არიან რაინდები სახელად "Templeise" და ებმებიან ბრძოლაში საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად. რჩეულები მოდიან გრაალის ციხესიმაგრეში. მოდიან ბავშვობის ასაკში, სხვადასხვა ქვეყნის მდიდარი და ღარიბი ოჯახებიდან. ხანდახან მათ აგზავნიან  სხვა ქვეყნების სამართავად. ამ გაერთიანების წევრთა შორის იყო გედის რაინდი ლოენგრინიც და პრესვიტერი იოანეც, ქრისტიანული აღმოსავლეთის ლეგენდარული მეფე.

ერთ-ერთი ვერსიის მიხდვით, წმინდა გრაალი კატარებთან მოხვდა მონსეგიურში. ადგილობრივი არისტოკრატია მფარველობას უწევდა კატართა მოძრაობას, როგორც საფრანგეთის მეფეთაგან საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნების საშუალებას.
გადმოცემით, ისინი ინახავდნენ გრაალს, რომელიც რომაელ ლეგიონერთა მიერ აღებული
იერუსალიმის (ძვ.წ.აღ.66 წ-ს იმპერატორი ტიტუსი) დროს, სამხედრო ალაფს წარმოადგენდა. სოლომონის ტაძრის საგანძურში არსებული გრაალის თასი თითქოს, ვესტგოთთა მეფე ალარიხმა, რომის აღების შემდეგ 410 წელს, ნადავლის სახით გაიტანა გალიაში-კარკასონში, ყოფილ რომის პროვინციაში. არსებული ვესტგოთური სამეფო დაეცა არაბ-მუსულმანებთან ბრძოლაში. ამის შემდგომ, სოლომონის ტაძრის განძი თითქოს გადაიტანეს ტოლედოში. მოგვიანებით, ამ საგანძურში აღმოაჩინეს გრაალი და დამალეს მონსეგიურში, რომლის დაცემის შემდეგ, თითქოს გრაალი ინახებოდა გამოქვაბულ საბართეშის მიწისქვეშა ტალანებში. ბიზანტიელ ისტორიკოს პროკოფი კესარიელის მიხედვით, სოლომონის ტაძრის განძი რომიდან გაიტანა არა ალარიხმა, არამედ ვანდალმა ჰეიზერიხმა. ამ ვერსიის მიხედვით, იერუსალიმის განძი(მათ შორის გრაალიც) რომიდან გაიტანეს კართაგენში. როდესაც აღმოსავლეთ რომის იმპერატორ იუსტინიანე 1-ის მხედართმთავარმა ბელიაზარმა დაიპყრო ვანდალთა სამეფო ჩრდ.აფრიკაში და გაძარცვა კართაგენი, ყველაფერთან ერთად ხელს გააყოლა ''მეორე რომში'' იერუსალიმის ტაძრის განძი. ამ ვერსიას თუკი ვერწმუნებით, მაშინ სავსებით გასაგები გახდება რანაირად მოხვდა კონსტანტინეპოლის აია-სოფიას ტაძარში გრაალის თასი, საიდანაც ის თითქოს ვენეციელმა ჯვაროსნებმა გაიტაცეს.

ასეა თუ ისე, გრაალის კვლევას სათავეში ჩაუდგა ნორდიული თეორიის ფუძემდებელი ოტო რანი. ოტო რანი იკვლევდა გრაალის და ოქროს საწმისის კავშირს არგონავტებთან. ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით არგონავტები თვალს ადევნებდნენ თასს, რომელიც ეკიდა სამყაროს მთაზე, სადაც იზრდება სინათლსი ხე. ოტო რანმა მოინახულა მონსეგიურის ნანგრევებიც, სადაც გადმოცემით მას ეგულობოდა გრაალის თასი. ამ ექსპედიციის შემდეგ, მან გამოაქვეყნა წიგნი "ჯვაროსნული ლაშქრობა გრაალის წინააღმდეგ". წიგნში გრაალს ის უწოდებს "ნიბელუნგთა თასს". 1937 წელს ლანგდოკში მეორედ მოგზაურობისას რანი უკვალოდ გაქრა.

არსებობს თქმულება, რომელიც გრიგოლ რობაქიძემ "გრაალის მცველში" გამოიყენა: როცა ნაპოლეონი იტალიაში ლაშქრობდა, ფრანგებმა გენუა დაიკავეს. ისინი სან-ლორენცოს ტაძარში შევიდნენ. ტაძრის ერთ სენაკში უბრალო ტყავის შალითა იპოვეს. მასში იდო ოქროს ქსოვილში გახვეული სმარაგდის ექვსკუთხა თასი. თქმულების მიხედვით ის კესარიიდან იყო ჩამოტანილი, სადაც ჰეროდეს ძველ ტაძარში ინახებოდა. ეს ტაძარი არაბებს მეჩეთად ჰქონდათ გადაკეთებული. თასი ჯვაროსნებმა ჩამოიტანეს. ის ინახებოდა სან-ლორენცოს ტაძარში და წმინდა გრაალად ითვლებოდა. წელიწადში ერთხელ მორწმუნეები მთელი იტალიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან იკრიბებოდნენ სან-ლორენცოს ტაძარში წმინდა გრაალის სანახავად. ნაპოლეონმა თასი გააგზავნა პარიზში, რათა დაედგინა მისი მიწიერი ღირებულება. ამ ამბის მიმდინარეობისას ფრანგების ჯარი მონსალვატის მთასთან დაბანაკდა, სადაც იდგა ციხესიმაგრე. თქმულება ამ ციხესიმაგრეს უკავშირებს ლოენგრინსა და რაინდებს. ფრანგების ჯარმა შეუტია მთას და მთლიანად დაანგრია იქ არსებილი ბენედიქტელთა მონასტერი. მონასტერში ინახებოდა ქრისტეს სასწაულმოქმედი ხატი. გადმოცემით, მოციქულმა ლუკამ თავად გამოჭრა ის ხისგან. ეს ხატიც განადგურდა. ბენედიქტელთა მონასტრის ნგრევისას, პარიზში გაიბზარა სან-ლორენცოს ტაძრიდან ჩატანილი თასი.

გრაალის თემით დაინტერესდა აკაკი ბაქრაძეც. მისი აზრით ეს თემა საქართველოში სათანადოდ არ არის შესწავლილი.-"მსურს, რომ მკითხველმა მიაქციოს ყურადღება ერთ აუხსნელ და უცნაურ რამეს: ქრისტეს კვართი და გრაალი განუყოფელია." (აკ.ბაქრაძე) გერმანელი მეცნიერი ფონ სკერსტი წიგნში "გრაალის ტაძარი კავკასიაში. წინაქრისტიანობა სომხეთსა და საქართველოში" (Der Gralstempel im Kaukasus) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კავკასიაში არსებობდა გრაალის ტაძრები. სვეტიცხოვლის მშენებლობის ლეგენდის გაანალიზებისას ის წერს: როცა გოლგოთაზე მაცხოვრის ჭრილობიდან სისხლი მოედინებოდა, მოხდა ქრისტეს მისტიური გაერთიანება მიწასთან. ამის შემდეგ ქრისტეს ეთერული, ასტრალური და ხატება "მე" მრავალმხრივად და განუზომლად განეფინა სულიერ სამყაროში. ეს ყველაფერი გვხდება წმ.ავგუსტინესთან, თომა აქვინელთან, ფრანცისკო ასიზელთან. სკერსტი თვლის, რომ ნინოს გადაწყვეტილებით ააგეს სვეტიცხოველი იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართია. ამიტომ სვეტიცხოველი წარმოადგენს გრაალის ტაძარს. გრაალის ნაკვალევს სკერსტი ხედავდა ქრისტიანობამდელ ეპოქაში, კერძოდ მითებში არგონავტებზე და პრომეთეზე.

გრაალის მცველობა დიდ მიღწევად ითვლებოდა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის. ეს თემა უკავშირდება ციკლს მეფე ართურსა და მრგვალი მაგიდის რაინდებზე, ასევე  ყველაზე ძლიერ და გავლენიან ტამპლიერთა ორდენს.


                  გრაალზე შექმნილი სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებები და საქართველო                    (ნაწილი I)

               


No comments:

Post a Comment