Thursday, 15 October 2020

სად ინახება ბიბლიური აღთქმის კიდობანი

 


ბიბლიიდან ცნობილია, რომ აღთქმის კიდობანში ინახებოდა ათი მცნების ფილები, რომელიც ღმერთმა გადასცა მოსეს სინას მთაზე. სანამ მოსე ღმერთის დავალებას იღებდა (რასაც საკმაო დრო დასჭირდა), ისრაელიტელები დაიღალნენ ლოდინით, ეჭვი შეეპარათ დაპირებებში და გადაწყვიტეს დაბრუნებოდნენ ძველ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. დაამზადეს ოქროს ხბო და მას ეთაყვანებოდნენ. რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ღმერთი მათგან მოითხოვდა. სინას მთიდან დაბრუნებული მოსე თანატომელთა საქციელმა აღაშფოთა. განრისხებულმა ფილები ძირს დაანარცხა და დაამსახვრია.

ოქროს ხბოს განადგურების შემდეგ, დამნაშავეები დაისაჯნენ. ღმერთის მითითებით და ნებით დამზადდა ახალი ფილები. მოსე ისევ ავიდა სინას მთაზე, სადაც ღმერთმა ფილებზე ხელახლა ამოკვეთა ათი მცნება. მოსემ ეს ფილები აღთქმის კიდობანში შეინახა. 

ბიბლიიდან ცნობილია, რომ აღთქმის კიდობანი ადამიანისთვის  საშიში იყო, ვინაიდან ხელის მიკარებაც კი  სიკვდილს იწვევდა. ამიტომ ის სპეციალურად აკაციის ხისგან დამზადებული და ოქროთი მოვარაყებული ორი გრძელი კეტით გადაჰქონდათ. ერთხელ ბეთ-შემეშის მოსახლეობამ ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე კარავში შეიხედა, სასიკვდილო განაჩენმა არ დააყოვნა და ყველა დაიღუპა, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი.

ძველი აღთქმის მთავარი სიწმინდე ოქროს კიდობანი, რის გამოც ააგო სოლომონ მეფემ ტაძარი, საიდუმლოდ გაქრა და აღარ ხსენდება მეორე იერუსალიმის ტაძრის მშენებელობისას. მას აღარც წმინდა ნივთებში ახსენებენ, რომელიც ბაბილონელებმა გაიტანეს იერუსალიმიდან და არც მომდევნო ხანაში.

კიდობანი ბოლოს ნახსენებია იერემიას წინასწარმეტყველებაში. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის დაცემა, კიდობნის გაქრობა, ბაბილონელთა ტყვეობაში ჩავარდნა, იმ შემთხვევაში თუ ისრაელიტელები ცოდვებს არ მოინანიებდნენ. რაც მოგვიანებით ახდა კიდეც. 

გადმოცემის თანახმად, სოლომონის ტაძრის ქვემოთ ბევრი საიდუმლო გვირაბი და ოთახი იყო, რათა შემოსევის დროს, გადაემალათ სიწმინდეები. არქეოლოგები ადასტურებენ, რომ ტაძრის ქვეშ, მორიას მთის შიგნით დიდი სიცარიელეა. გათხრები წინ ვეღარ მიიწევს, ვინაიდან იურიდიულად ახლა იერუსალიმის ეს ნაწილი ეკუთვნის მუფტების საბჭოს და ექვემდებარება იორდანიის მეფეს.

ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ კიდობანი ტაძრის ქვეშ ინახება, გახდა კუმრანში ნაპოვნი სპილენძის გრაგნილი, სადაც დაშიფრული იყო ტაძრის განძის ჩამონათვალი, რომელიც ბაბილონელთა შემოსევის წინ გადამალეს.მათ შორის ნახსენებია მღვდელმთავრის სამოსი და ზოგიერთი წმინდა ჭურჭელი. ამასთან, თავად კიდობნის შესახებ არაფერია ნათქვამი. აღნიშნულ ტექსტში, ინფრომაციის სიმწირის გამო, შეუძლებელია გრაგნილში ჩამოთვლილი რომელიმე ნივთის პოვნა.



მუსლიმებს სჯერა კიდობნის მეჩეთის ქვეშ არსებობისა. მათი გადმოცემებით, რელიკვია მხოლოდ მაშინ აღმოჩნდება, როცა ყურანის ცნებებს აღასრულებენ მთელ მსოფლიოში. ისრაელიტელებს არ სჯერა მუსლიმების. ამიტომ დადის ლეგენდები, რომ ებრაელებმა უკვე დიდი ხანია იპოვეს კიდობანი მორიას მთის ქვეშ, მაგრამ  მალავენ. ვინაიდან ქრისიტიანებსა და იუდეველებს არ უშვებენ მორიას მთაზე, გადაწყდა მის გვერდით ძიების დაწყება. 1982 წელს არქეოლოგები ატარებდნენ  გათხრებს ძველ ქალაქში, გავიდნენ გვირაბზე, რომელიც შედიოდა მორიას მთის ქვეშ ისრაელის მხრიდან. მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბრძანა შესასვლელის ამოქოლვა, რათა მუსლიმებთან კონფლიქტი არ გაემწვავებინა.

ერთ ერთი გადმოცემის თანახმად, მეფე სოლომონი მიხვდა, რომ მიწისქვეშა სამალავები არ  უშველიდა სიწმინდის უსაფრთხოდ შენახვას, ამიტომ მან თითქოს ტაძარში დატოვა კიდობნის ასლი, ხოლო დედანი გაუგზავნა ახლობლებს ეთიოპიაში. ამავე გადმოცემის მიხედვით საბაოთის დედოფალს, რომელიც იქიდან იყო და სოლომონს სტუმრობდა, შეუყვარდა სოლომონი და მას გაჰყვა ცოლად (სოლომონს შვიდასი ცოლი და სამასი მხევალი ჰყავდა). ქორწინების შემდეგ მათ შეეძინათ ვაჟი და დაარქვეს მანელიქი, რომელიც მოგვიანებით ეთიოპიის მეფე გახდა. სწორედ ამ მანელიქს უკავშირდება კიდობნის ისტორია, რომელიც შემდეგ თითქოს ეთიოპიაში აღმოჩნდა და ეთიოპელები თვლიან, რომ მათი კიდობანი ნამდვილია, ხოლო ებრაელებისა ყალბი. 

ეთიოპელებს ორი ვერსია აქვთ კიდობანთან დაკავშირებით. პირველი ვერსიის მიხედვით, კიდობანი მოათავსეს დედაქალაქ აქსუმში მდებარე მეფის სასახლეში. მეორე ვერსიით, ის გადამალულია კუნძულზე, რომელიც მდებარეობს ტანას ტბაზე. ეთიოპელებს სჯერა საკუთარი ვერსიის და იცავენ იმას, რასაც აღთქმის კიდობნად თვლიან. რელიკვიებთან წვდომა მხოლოდ ერთ ბერს აქვს, რომელსაც არ შეუძლია დატოვოს ეკლესიის ტერიტორია.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მანელიქმა გაიტაცა კიდობანი, რომელსაც 12 მღვდელმთავარი აცილებდა. ბევრი მეცნიერი ეთანხმება ამ ვერსიას, აღნიშნავენ რა, რომ მე-4 ს. ჩვ.წ. აღ-მდე აფრიკის ერთ მივარდნილი ქვეყანაში  იუდაიზმის მიმდევრები გაჩნდნენ. ეთიოპელ იუდეველთაგან ბევრი ახლაც თვლის, რომ არის იმ 12 მღვდელმთავრის შთამომავალი. რვაასი წლის განმავლობაში ეთიოპიაში იყო იუდაური კულტის ცენტრი. შემდეგ მოვიდნენ ქრისტიანები, ახალი რელიგიის მიმდევრები, მოახერხეს მეფის მოქცევა ქრისტიანობაზე და კიდობანი მიისაკუთრეს. კიდობანი აქსუმში დიდ ეკლესიაში განათავსეს, რომელიც წმ.მარიამის სახელზე ააგეს.სავარაუდოდ, აქსუმის წმინდა მარიამის ამ სალოცავში ინახება აღთქმის კიდობანი. ტამპლიერებმა დაიჯერეს ეს ვერსია და ეთიოპიაში მის საძებნელად ჩავიდნენ.


აღთქმის კიდობანს ეძებდნენ ნაცისტებიც და მათ მიერ შექმნილი "ანენერბე". სწამდათ, რომ ეს ნივთი თავისი მაგიური ძალით დაეხმარებოდა მთელი მსოფლიოს დაპყრობაში. საბედნიეროდ ნაცისტებმა ვერ ჩაიგდეს კიდობანი ხელში.

არქეოლოგი დევიდ ფლინი ფიქრობს, რომ კიდობანს ცუდად ეძებდნენ და ის ინახება მორიას მთის მიწისქვეშეთში. საჭიროა მის საძიებლად  ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება.

რონ უაიეტმა, სიძველეების ცნობილმა მკვლევარმა, განუცხადა ისრაელის ხელისუფლებას, რომ მიაკვლია სამი რელიგიის სიწმინდეს. მისი მონაცემებით კიდობანი გოლგოთაზე, ქვებით ჩახერგილ გამოქვაბულშია. ხელისუფლებამ ურჩია თავი შეეკავებინა ხმაურიანი განცხადებებისგან. 

ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით 1960 წლის შემდეგ კიდობანი ინახებოდა ეთიოპიის ქალაქ აქსუმის წმ. მარიამის ეკლესიაში, რომელსაც უფრთხილდებიან და ინახავენ მორწმუნეები.

2020 წელს ეთიოპია დიდმა სისხლისღვრამ და არეულობამ მოიცვა, რომელიც ერთ-ერთი პილოტიკური ლიდერის მკვლელობას უკავშირდებოდა. ეს არეულობა სამოქალაქო ომში გადაიზარდა. როდესაც 2020 წლის ნოემბერში მეამბოხეები შეიჭრნენ აქსუმში და ძალიან მიუახლოვდნენ წმ.მარიამის ეკლესიას, ადგილობრივები ეკლესიის დასაცავად გამოვიდნენ. ისინი ცდილობდნენ, რომ ეკლესია დაეცვათ ძარცვისა და აღთქმის კიდობნის გატაცებისგან. შეტაკების დროს დაიღუპა 800 ადამიანი. ხალხი შეშინებული იყო, რომ მეამბოხეებს კიდობანი ერითრეაში ან ადის-აბებაში არ გადაეტანათ. ამის შემდეგ კიდობნის კვალის მოძებნა გაჭირდებოდა.

კიდობანი წარმოადგენდა გამოცანას. მისი შეხება და ტრანსპორტირება საფრთხეს წარმოადგენდა. "როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან."  -"ასე მოიქეცით, რომ ცოცხლები დარჩნენ და არ დაიხოცონ, როცა წმიდათა წმიდას მიუახლოვდებიან. აარონი და მისი შვილები მივიდნენ მათთან და თითოეული თავის საქმეზე და თავის წასაღებ ტვირთთან დააყენონ."-რიცხვნი 4-6, 15,20

რა იყო სინამდვილეში აღთქმის კიდობანი: მცნებათა საცავი თუ ძლიერი იარაღი? რა გახდა ნამდვილი მიზეზი მისი გაქრობისა? ამ საიდუმლოებით მოცული არტეფაქტის დეტალური შესწავლის გარეშე, ძნელია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.





No comments:

Post a Comment