Tuesday, 8 October 2019

გრაალზე შექმნილი სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებები და საქართველო (ნაწილი I)




ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოები შექმნილი წმინდა გრაალზე გახლავთ კრეტიენ დე ტრუას პარციფალის პოემა Perceval ou le Conte du Graal. ავტორმა ვერ დაასრულა ეს პოემა. ნაწარმოების გმირი პარციფალი კელტია და გაღარიბებული უელსის რაინდული გვარის წარმომადგენელი. გმირის სახე სავარაუდოდ აგებულია ძველ უელსურ საგაზე. უელსური საგების გმირები კი მჭიდროდ არიან დაკავშირებულ კელტ გმირებთან. კრეტიენ დე ტრუა ამტკიცებდა, რომ მისი ნაწარმოები ეფუძნებოდა იმ მონაცემებს, რომელიც მან ფილიპ ფლანდრიელის წიგნში ნახა. დე ბორანმა კი გამოიყენა ერთ-ერთი აპოკრიფული სახარება, რომელიც შუა საუკუნეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ეს გახლავთ ნიკოდიმეს "საქმე პილატესი", სადაც აღწერილია იოსებ არიმათიელის სინედრიონის წინაშე წარდგომა, თუ როგორ გამოეცხადა იესო ქრისტე არიმათიელს საპყრობილეში და გადასცა მას გრაალი-საიდუმლო სერობის თასი. ამის შემდეგ, როგორ მოხვდა გრაალი ბრიტანეთში. სწორედ ამას მოგვითხრობს რობერ დე ბორანი თავის პოემაში "იოსები არიმათიიდან", რომელიც დაწერილი უნდა იყოს 1200 წელს.

ამ პოემის საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა ვოლფრამ ფონ ეშენბახმა. ამ ვერსიით, აღმოჩნდა რომ პარციფალი სულაც არ გახლავთ კელტი. ამის გარკვევაში კი ეშენბახს დაეხმარა კიოტი, რომელმაც აღმოაჩინა გენეალოგიური ხე. რაც არც ბრიტანეთში იყო და  არც საფრანგეთში. მამის მხრიდან პარციფალი წარმოსდგება "ანშაუვეთა" გვარიდან (გერმანული საგვარეულო), ხოლო დედის მხრიდან ის უელსელია. ქალმა სამეფო მიიღო ანდერძით პირველი ქმრისგან-კასტისისგან. ის წარმოშობით გრაალის საგვარეულოდანაა და  ზენაციონალური საერთო საკაცობრიო მიმდინარეობის მფარველია. ეშენბახი აღნიშნავს, რომ ნაწარმოების წერისას მანაც გამოიყენა ძველი წყარო და ეყრდნობოდა ერთ პროვანსელ ტრუბადურს, რომელმაც თავისი მოთხრობა დაწერა არაბულ ენაზე. ეს ტრუბადური სავარაუდოდ გახლავთ კიოტი. ის ცხოვრობდა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში. ეშენბახმა კიოტის მონაყოლიდან სწორედ ეს ელემენტი გამოიყენა და ჩააქსოვა თავის პოემაში. პარციფალი ბევრი თავგადასავლის შემდეგ ხდება გრაალის მცველი. ლოენგრინი მის ვაჟია. ეშენბახმა გააერთიანა ორი სიუჟეტი: ლეგენდა წმინდა გრაალზე და ლეგენდა გედის რაინდზე. პოემაში საუბარია მონსალვატის მთაზე, რომელიც მიუვალ ადგილზე მდებარეობს. მის მწერვალზე დგას მარმარილოს ციხესიმაგრე. ამ ციხესიმაგრეში ცხოვრობენ გრაალის თასის მცველი რაინდები. რაინდები დროდადრო ჩნდებიან იქ, სადაც ჩაგრულებს სჭირდება დაცვა და დახმარება.

პოემაში ვგებულობთ, რომ მეფე ართური პარციფალის შვილს ლოენგრინს მთიდან აგზავნის ბარაბანტში. როდესაც მას საკუთარი წარმოშობის გამჟღავნება უწევს, ის საუბრობს ინდოეთში მდგარ მაღალ მთაზე, რომელმაც თავის წიაღში დაივანა გრაალი და მისი მიმდევრები. ისინი ვინც მეფე ართურმა თან წაიყვანა. იქვეა მონსალვატი, იქვე დგას ძვირფასი ქვებით მოხატული ტაძარი და სასახლე. ავტორი პოემაში გვამცნობს, რომ გრაალს იცავდა ტამპლიერთა ორდენი, რომლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა ცისტერიანელ მონაზონთა ორდენი. ამ ორდენის საპატივცემულო და გავლენიანი წევრი უნდა ყოფილიყო ავტორი ყველაზე განთქმული ნაწარმოებისა გრაალზე "Quest del saint Graal". რომანის გმირი წმინდა რაინდი გალაჰადი გმირული თავგადასავლების შემდეგ ხდება გრაალის მფლობელი და მცველი. მან წმინდა გრაალი მიიტანა წარმართობის ცენტრში ქ.სარასში, რომელიც მოგვიანებით გააქრისტიანა იოსებ არიმათიელმა. მისი გარდაცვალების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა არაჩვეულებრივი ამბის მომსწრე გახდა: გალაჰადის ხელი ციდან დაეშვა და გრაალი მთის მწვერვალზე აიტანა. რომანი მე-13 საუკუნეშია დაწერილი. ის მეტაფორულად მოგვითხრობს ადამიანისთვის გრაალის მიუღწეველობასა და უხილავობაზე.

პოემა ,,პარციფალი'' არის ალეგორიულ-მისტიკური ნაწარმოები. მეფე-ხუცეს იოანე არის პარციფალის ნახევარძმის ფაიერეფაცის ძე. სიტყვა ფაიერეფაცი ნიშნავს ,,შავ-თეთრ ვაჟს''. ფაიერეფაცი წარმოადგენს აღმოსავლური და დასავლური გზების შერწყმას, ამიტომაც არის იგი შავ-თეთრი. კიდევ იმიტომ, რომ მასში შერწყმულია ქრისტიანული და დასავლური სიბრძნე არაბულ სიბრძნესთან.

შუა საუკუნეების ,,მთავარ ეზოთერიკოსად" დასავლურ ტრადიციაში ითვლებოდა წარმოშობით მალიორკელი რაიმონდ ლული. ყველა ვისაც სურდა გასცნობოდა ეზოთერულ ცოდნას მიდიოდა ესპანეთში. ბევრი საიდუმლო ცოდნა მიიტანეს ესპანეთში არაბებმაც. მათ მიემატნენ ტამპლიერებიც. ეშენბახი ამტკიცებს, რომ თავისი ისტორია აღწერა ესპანური წყაროებიდან. 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ, ლტოლვილებმა დასავლეთ ევროპაში თან მოიყოლეს ჰერმეტიკოსების, ნეოპლატონიკოსების, გნოსტიკოსების, კაბალისტების, ალქიმიკოსების წიგნები.

"პარციფალში" გრაალი ქვაა. სახარებაში წერია, რომ ქვა რომელსაც მშენებლები მოექცნენ გაუფრთხილებლად წარმოადგენს სიონის მთის ტაძრის საძირკველს. ცნობილია, რომ ჩვენამდე მოღწეულ ყველა რელიგიურ-ფილოსოფიურ სიმბოლოებს შორის, ყველაზე საიდუმლოდ ითვლება ქვა. ქრისტე, მთა, ქვა არის სატურნის სინონიმები, რის წინაშე ქედის მოხრა დაკავშირებული იყო მის სიმბოლო-ქვასთან. მითიდან ცნობილია, რომ სატურნს უწინასწარმეტყველეს დამხობა. დამამხობელი კი მისივე შვილი იქნებოდა. ამიტომ სატურნი შვილებს დაბადებისთანავე ყლაპავდა. ცოლმა რეამ მეშვიდე ვაჟი იუპიტერი გადარჩენის მიზნით ქვით შეცვალა. ეს ქვა მოგვიანებით მოათავსეს დელფოს სალოცავში. მასზე წარწერა იყო ამოტვიფრული: "შეიცან თავი შენი". აქედან გამომდინარე სატურნის შინაგანი ბუნება გახდა სინონიმი ისეთი სულიერი ქვისა, რომელზეც საფუძველი ჩაეყარა მზის ტაძარს. ეშენბახი გიიომ დე ჟელონს, მეროვინგების მმართველს პირინეის პატარა სათავადო მიწიდან, გრაალის ოჯახის წევრად თვლის. გრაალის თემაზე შექმნილ ნაწარმოებებში პირველად და მხოლოდ ერთხელ დასახელდა გარკვეული პიროვნება.

ალბერტ შარფენბერგი ერთადერთია ვინც თავისი პოემის "ტიტურელის" ბოლოს აღწერა გრაალის სახლის გადასვლა შორეულ აღმოსავლეთში, ვინაიდან გრაალმა ცოდვით დამძიმებულ დასავლეთში აღარ მოისურვა დარჩენა. ფაირფიცს შეუყვარდა რეპანს დე შოი. მეუღლის სეკუნდილას გარდაცვალების შემდეგ მას ცოლად მოჰყავს რეპანს დე შოი, რომელიც ჩუქნის მას ვაჟს. მას იოანეს არქმევენ. "პრესვიტერი იოანე", ასე უწოდებენ ვაჟს და მის მიმდევარ მეფეებს. ესაა ლეგენდალური ფიგურა, რომლის უკან იდგა აღმოსავლური ქრისტიანობის რეალური გამავრცელებელი. მის ქვეყანას ეძიებდნენ ჯვაროსნები. როცა ფაიერფიცმა და მისმა მეუღლემ რეპანს დე შოიმ შეიტყვეს გრაალის მოახლოვება, გამოვიდნენ მის შესახვედრად. ამ ხნის განმავლობაში ფაიერფიცმა მოასწრო ირგვლივ არსებული ქვეყნების გაქრისტიანება. უზომო ქებას უძღვნის ავტორი ინდოეთის (ალეგორიულად) მეფეს. რომლის სიმდიდრესა და ღვთისმოსაობას გვამცნობს ავტორი. ის გახლავთ "სამი ინდოეთის" მეფე "პრესვიტერ იოანედ" წოდებული. მისი ქვეყანა მდებარეობს სამოთხესთან ახლოს, რომელიც ღმერთმა ამქვეყნიური სამყაროდან შუშის კედლით გამოყო. მთებიდან მოედინება მდინარე, რომელსაც სხვადასხვა ნახევრად ძვირფასი ქვები მოაქვს. ამ პრესვიტერ იოანეზე გვიან შუა საუკუნეებში მოდიოდა ცნობები დასავლეთის მპყრობელთაგან. მის შესახებ შეიტყვეს ჯვაროსნებმაც. ერთ-ერთი ვერსიით ხუცეს იოანედ დასავლეთში მიიჩნევდნენ დავით აღმაშენებელს. ევსევი კესარიელის ხელნაწერში (საუფლო ისტ. III -39) ხუცესი იოანე "ღმერთის მხილველის" მოწაფეა, თუმც ის არ შედიოდა თორმეტში. პარუა განიხილავს მითს იოანეზე როგორც რეალურს. უფრო ზუსტად ინიციაციურ რეალობას, რომლის სივრცის წვდომა ძალუძთ მხოლოდ ხელდასმულთ. თავის წიგნში პარუა აღწერს მარკო პოლოსა და მისი ოჯახის მოგზაურობას ხუცეს იოანეს სამეფოში. ის ამ სამეფოს აღწევს ინიციაციის გავლის გზით. მაგრამ პარუა ამ გზას და სამეფოს ანიჭებს სიმბოლურ განზომილებასაც, რომელსაც ეწოდება მსოფლიოს საკრალური ცენტრი. მის მოსაპოვლებად მხოლოდ უშიშარს და მამაცს შეუძლია გაეშუროს.

ამ ლეგენდარულ ქვეყნებში შევიდა პარციფალი და გრაალის მცველნი. გადმოცემით, პრესვიტერ იოანემ მოისურვა მიეღო ახსნა გრაალის სიწმინდეზე. თავად ტიტურელი ასწავლის მას, რომ გრაალი იყო კეთილშობილი ქვა, რომელიც უხსოვარ დროს მოიტანეს ანგელოზებმა დედამიწაზე. სწორედ ამ ქვისგან დამზადდა გრაალის თასი. ეს თასი ფიგურირებდა საიდუმლო სერობაზე, რომელიც იოსებ არიმათიელმა შეინახა. მოგვიანებით, ანგელოზმა თასი ტიტურელს მიუტანა და ანგელოზის ენაზე მას გრაალი ეწოდა. ტიტურელი ხუთასი წელი ცხოვრობდა და ინახავდა გრაალს. როცა მოისურვებს ამქვეყნიდან წასვლას, მოითხოვს ცხრა დღე არ აჩვენონ თასი, მხოლოდ მაშინ შეძლებს დატოვოს ამქვეყნიური ცხოვრება. პრესვიტერი იოანე აღფრთოვანებულია პარციფალის სიწმინდითა და ღირსებით. ის თავის სამეფო გვირგვინს სთავაზობს მას. პარციფალი თანხმდება მაშინ, როცა გრაალის კიდეზე ჩნდება წარწერა: ის უნდა გახდეს მეფე, ამასთან სახელი უნდა გაცვალოს ხუცეს იოანესთან. ათი წელი მეფობს პარციფალი ხუცეს იოანეს სახელით. როცა ღმერთი თავისთან მოიხმობს, მემკვიდრეობით ამ საქმეს აგრძელებს ფაიერფაცისა და რეპან დე შოის შვილი. გრაალის ყველა მცველი უკვე მოკვდავი ხდება, ვინაიდან გრაალის ხილვა მათ აღარ აახალგაზრდავებს. გრაალზე წარწერა კი უჩვენებს იმის სახელს ვინც უნდა გახდეს ხუცესი იოანე. ამის შემდეგ, გრაალის საძიებლად იქ წასულნი, ძირითადად მრგვალი მაგიდის რაინდები, უკან ცარიელნი ბრუნდებიან. გრაალი დაფარული რჩება აღმოსავლეთში თავის მცველებთან ერთად.


       


No comments:

Post a Comment