ფილოსოფოსი ნიკოლოზ ფლამელი დაიბადა 1330 წელს ქალაქ პონტუაზში, ხოლო როდის გარდაიცვალა უცნობია. თუმც ნაპოვნი საფლავის ქვით თუ ვიმსჯელებთ, ის ცხოვრობდა 88 წელი და წავიდა იმქვეყნად 1410-1418 წ.
საფლავის ქვა შემთხვევით აღმოჩნდა პარიზის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაღაზიაში მას საჭრელ დაფად იყენებდნენ. ქვის ზედა ნაწილზე გამოსახულია მოციქული პეტრე გასაღებით, პავლე მახვილით და ქრისტე. გამოსახულებებს შორის განთავსებულია მზე და მთვარე. დაბლა ამოტვიფრულია ეპიტაფია ფლამელის საქველმოქმედო საქმიანობაზე. ფილა ახლა ინახება პარიზის შუა საუკუნეების მუზეუმში.
ფილოსოფიითა და ალქიმიით გატაცება მას უცბად არ სწვევია. კარიერის დასაწყისში ის ვაჭრობდა ძვირფასი და იშვიათი წიგნებით პარიზში. მისი ფარდული ყველამ იცოდა და ხალხი მას იმ დროის უჭკვიანეს ადამიანდ თვლიდა. მას ხელში უვარდებოდა უამრავი ტრაქტატი მაგიაზე, ფილოსოფიასა და ალქიმიაზე. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ შეეძლო ფილოსოფიური ქვის საიდუმლოს ამოხსნა.
როცა ფლამელმა შეაგროვა საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა ალქიმიაზე, შემდეგ დაოჯახდა და აიშენა პატარა სახლი. გადმოცემით, მას სიზმარში გამოეცხადა ანგელოზი უცხო ენაზე დაწერილი დიდი ფოლიანტით და უთხრა, რომ სწორედ ეს წიგნი აზიარებდა მას დიდ საიდუმლოს. მიუხედავად სატიტულე ფურცელზე ლათინურად დაწერილი წყევლისა, ფლამელი შეუდგა ტექსტის გაშიფვრას. წიგნი ეკუთვნოდა ებრაელ ღვთისმსახურ, ალქიმიკოს, ფილოსოფოს აბრაამს, სადაც საუბარი იყო ფილოსოფიური ქვის მიღებაზე, რომელიც ლითონს ოქროდ, ვერცხლად აქცევდა და უკვდავებასთან აზიარებდა.
ფლამელმა ძველებრაული არ იცოდა. ის გაემგზავრა ესპანეთში რათა გასაუბრებოდა ოკულტურ მეცნიერებათა მცოდნე არაბებსა და ებრაელებს. ესპანეთში მან გაიცნო ებრაელი ექიმი სანჩესი. ექიმმა დახედა თუ არა წიგნის გვერდების ასლებს, აღიარა, რომ ფლამელი ფლობდა რაბინ აბრაამის დაკარგულ წიგნს ფილოსოფიურ ქვაზე, რომლის დახმარებით ისრაელიტელი ბრძენნი მოიპოვებდნენ ხარკის გადასახად ოქროს. ფლამელი წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობდა აბრაამის წიგნის სიმბოლოთა ამოხსნაზე.
სამი წლის შემდეგ ფლამელმა მოახერხა ამ დიდი საქმის დასრულება და მიიღო ოქროს ზოდი. ამის მტკიცებულებად გამოდგება 1382 წლიდან მისი მოულოდნელი გამდიდრება. მან იყიდა 30 მდიდრული სახლი, მიწის ნაკვეთები პარიზთან და ბულონში. ააშენა თორმეტი ეკლესია და რამდენიმე საავადმყოფო, ფული შესწირა პირველ უსინათლოთა სახლს. აანაზღაურა უმანკო ჩვილ ბავშვთა სასაფლაოს რესტავრაცია. ფულს სწირავდა ჰოსპიტლებს.
ფლამელმა ძმისშვილს დაუტოვა ფილოსოფიური ქვის საიდუმლო, მაგრამ მემკვიდრემ ვერ შეძლო მისი ამოხსნა. სამაგიეროდ შთამომავლობას შემოუნახა ფლამელის თხზულებანი. მას მერე ცდილობენ ალქიმიკოსები ამ ნაშრომების ამოხსნას. 1624 წელს გამოვიდა ფლამელის ნაშრომების ინგლისური თარგმანი "ფილოსოფიურად წოდებული კურთხეული ქვის საიდუმლო აღწერა". მასში, როგორც წინასიტყვაობაში ამბობს ფლამელი, ამოხსნილია "იეროგლიფური ფიგურების ქვეშ დაფარული ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოებები, რაც შემხვდა ებრაელ აბრაამის წიგნში".
ფლამელის დატოვებული ხელნაწერის ასლი
ფლამელის სწრაფი გამდიდრება დამტკიცებულია დოკუმენტურად პარიზის არქივებში, სადაც მოცემულია ანგარიშები მის ნავაჭრსა და საჩუქრებზე. მიუხედავად იმისა, რომ თავად ფლამელი განაგრძობდა მოკრძალებით ცხოვრებას, ამავე დროს, დიდ თანხებს სწირავდა ეკლესიას, რაც იცავდა მას ჯადოქრობის ბრალდებისგან. 1404 წელს მან დაკრძალა თავისი მეუღლე უმანკო ჩვილ ბავშვთა სასაფლაოზე. სამი წლის შემდეგ კი ააგო მდიდრული ბარელიეფებით მორთული სახლი მონმორანსის ქუჩაზე, რომელიც პარიზის უძველეს შენობად ითვლება დღეს (Rue de Montmorency, 51. Метро Rambuteau). ახლა ამ შენობაში მდებარეობს რესტორანი "ნიკოლოზ ფლამელის ტავერნა". ეს სახლი ალქიმიკოსის სიცოცხლეში იყო უსახლკაროთა ღამის გასათევი. ღირებულება ბინადრობისა გახლდათ დღეში ორი ლოცვა. ფლამელი ცხოვრობდა და ცდებს ატარებდა სხვა სახლში, სად, არავინ იცის.



სიცოცხლის ბოლო წლების შესახებ კიდევ უფრო ნაკლებია ცნობილი. გარდაიცვალა 1410-1418 წლების შუალედში. საკუთარი ქონება ალქიმიკოსმა ანდერძით დაუტოვა სენ-ჟაკ-ლა-ბუშერის ეკლესიას. ეს ეკლესია 1797 წელს დაანგრიეს, მხოლოდ კოშკიღაა შემორჩენილი.
მოგვიანებით გაჩნდა ლეგენდები. გარდაცვალებიდან ორი საუკუნის მერე გახსნეს მისი საფლავი, მაგრამ ნეშთი იქ ვერ აღმოაჩინეს. საუკუნეების განმავლობაში ფლამელს ხედავდნენ ხან პარიზის ოპერაში, ხან ალპების გამოქვაბულში, ხან აღმოსავლურ ბაზარზე.
მე-17 საუკუნის ფრანგი მოგზაური პოლ ლიუკა ყვებოდა, რომ ქალაქ ბურსაში ის შეხვდა დერვიშს, რომელიც პირადად იცნობდა ფლამელს. დერვიშის სიტყვებით ალქიმიკოსმა მოაწყო ცოლის დაკრძალვის ინსცენირება. ხოლო შემდეგ მასთან ერთად გაემგზავრა ინდოეთში, სადაც დასახლდა იოგთა თემთან. იქ ცოლ-ქმარს ეყოლა ვაჟი.
არსებობს კიდევ რამდენიმე ვერსია. ერთის მიხედვით, ფლამელი დაბრუნდა პარიზში მე-18 საუკუნეში სენ ჟერმენის სახელით, მოგვიანებით ჟიულ ფულკანელის სახელით, რომელიც ცხოვრობდა მე-20 საუკუნის ორმოციან წლებამდე.
ამბობდნენ იმასაც, რომ ფლამელი საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ მისი არსებობა ბევრი დოკუმენტით არის დადასტურებული. რაბინ აბრაამის წიგნიც კი აღმოჩნდა პარიზის არსენალის ბიბლიოთეკაში. ეს გახლავთ გვიანი ასლი ნაშრომისა, რომელიც წიგნის სატიტულე ფურცლის მტკიცებით პატრიარქ აბრაამის დაწერილი იყო თავისი შვილი ლამექისთვის. ერთ-ერთ გვიანდელ სიაში საუბარია იმაზეც, რომ ამ წიგნის დახმარებით ვიღაც ამზადებდა ოქროს ევროპელი მონარქებისთვის მე-15 საუკუნეში, ვინც ფლამელის გარდაცვალების შემდეგ მართავდა ქვეყნებს.
ჩვენ დროში დაიბადა კიდევ ერთი ფანტასტიკური ვერსია_ნიკოლოზ ფლამელი იყო ძლიერი საიდუმლო საზოგადოების წარმომადგენელი, რომელიც იცავდა უძველეს სიბრძნეს. ფლამელისა და მისი მეუღლის უკვდავება ბევრჯერაა ნახსენები მხტვრულ ლიტერატურაში, დენ ბრაუნის "დავინჩის კოდი" და ჯოან როულინგის "ჰარი პოტერში".
No comments:
Post a Comment