2017 წელს სამხრეთ თურქეთში ფერმერი საკუთარ ნაკვეთზე არხს თხრიდა, შემთხვევით ბარი ქვას მოხვდა, მოულოდნელად დიდი ქვა დაინახა ამოუცნობი წარწერებით. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ წარწერა მკვდარ ლუვიურ ენაზე იყო შესრულებული. წარწერის გაშიფვრის შემდეგ ცნობილი გახდა კიდევ ერთი უცნობი უძველესი სამეფოს არსებობის შესახებ.
ქვა დათარიღდა მე-8 საუკუნით ჩვ.წ. და ის გახლდათ გამარჯვების სტელა. მასზე აღწერილი იყო საომარი მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფრიგია. როგორც ცნობილია, ფრიგია იმ დროს იყო ძლიერი სამეფო წინა აზიაში.
ფრიგიის სამეფოს მზე ჩაესვენა მომთაბარე კიმერიელთა შემოსევების შედეგად. ტექსტში საუბარია მეფე ხართაფუს მიერ ფრიგიის ჯარისა და მათი მეფის მიდასის (იგივე მითას) დამარცხებასა და ფრიგიის განადგურებაზე.
ფრიგიის ისტორიაში ცნობილია რამდენიმე მმართველი მიდასის (ბერძნულად), იგივე მითას (ასირიულად) სახელით. უფრო მეტად ცნობილია ორი მათგანი. ერთი მართლაც ისტორიული პიროვნებაა. ის ფრიგიას მართავდა მე-7 საუკუნეში ჩვ.წ. აღ-მდე. ისტორიულ მითას ჰყავდა წინამორბედი მითიური მეფის სახით, რომელსაც ორი ლეგენდა უკავშირდება. პირველი ლეგენდის მიხედვით, მიდასი იყო გორდიასისა და კიბელეს ვაჟი. იმის გამო, რომ მიდასმა სალამურზე დაკვრის შეჯიბრის დროს თავისი სიმპატია მოწინააღმდეგე კანდიდატის მიმართ გამოხატა, განრისხებულმა აპოლონლმა ის ვირის ყურებით დაასაჩუქრა. მიდასი ვირის ყურებს ყველასგან მალავდა, ვერც ვერავის ეუბნებოდა სიმართლეს. ამოთხარა ორმო და ორმოს ჩასძახა საკუთარი ამბავი. ორმოდან ამოიზარდა ლერწამი. მწყემსმა ბიჭმა ამ ლერწმისგან სალამური გამოთალა. დაკვრის დროს სალამურმა გასთქვა მიდასის საიდუმლო ვირის ყურების შესახებ.
![]() |
ისტორიული მიდასის სამარხი |
ნაპოვნ ქვაზე არსებული ტექსტიდან უცნობია რომელ მიდასზე იყო საუბარი. სახელი ხართაფუ ენიშნა მკვლევარებს. რამდენიმე წლის წინ, სამხრეთით, 12 კილომეტრის მოშორებით, ჩამქრალი ვულკანის ადგილზე აღმოჩნდა დიდი რაოდენობით იეროგლიფური წარწერები კლდეზე. ერთ-ერთ წარწერაში ნახსენები იყო სახელი ხართაფუ. იმ დროს მეცნიერებმა ვერ გაიგეს ვისზე იყო საუბარი. ამ ორი ტექსტის შედარების შემდეგ კი, მკვლევარები მიხვდნენ, რომ მიაკვლიეს დაკარგულ სამეფოს, რომელიც დამარხული უნდა ყოფილიყო ამ ვაკეზე და ყორღანის ქვეშ.
"ბორცვის ქვეშ შესაძლოა იყოს სასახლეები, ქუჩები, ძეგლების და ახალი ცივილიზაციის სახლები. ნაპოვნი ქვა არის არაჩვეულებრივი მონაპოვარი, რაც შესანიშნავი დასაწყისია"-განაცხადა ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს ოსბორნმა.
ქალაქი მიახლოებით 12 კვ.კილომეტრზეა გაშლილი, რაც იმ დროისთვის დიდ მასშტაბებზე მიუთითებს. აღნიშნულ ადგილზე 2019 წელს დაიწყო აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია.
No comments:
Post a Comment