Monday, 7 October 2019

გრაალის თასი და მისი კავშირი ქართველურ სამყაროსთან (ნაწილი III)




გრაალის მცველი ტიტურელის წინაპარი ბერილუსი ფრანკთა განმანათლებელი იყო და ამავე დროს, მათი მეფეც. მან იქორწინა არგუზილის ქალიშვილზე. მათ ეყოლათ ვაჟი, რომელსაც დაარქვეს ტიტურიზონი. თავად ტიტურიზონმა  იქორწინა არაგონელი მეფის ქალიშვილ იზაბელაზე.მათ კარგა ხანს არ ჰყავდათ შვილი, ამიტომ ცოლ-ქმარი სალოცავად უფლის საფლავზე-იერუსალიმში წავიდა, რათა უფალს შვილის ყოლას შევედრებოდნენ. უფალმა ისმინა მათი ვედრება. როცა ბავშვი დაიბადა, მას ტიტურელი დაარქვეს. ბავშვის დაბადებისას, მფარვლმა ანგელოზმა მშობლებს აუწყა, რომ მოვიდოდა დრო და ბავშვი ანგელოზის მსგავსი გახდებოდა, ყმაწვილკაცობაში დაიცავდა ქრისტიანობას. მომდევნო ისტორია გვიამბობს ტიტურელისა და მისი მამის ბრძოლას ქრისტიანობის დასაცავად. ტიტურელი დახასიათებულია როგორც ბრძენი, თავშეკავებული ვაჟკაცი. როდესაც ორმაცდაათს მიაღწია, ანგელოზმა აუწყა, რომ კეთილშობილებისა და გულმოწყალებისთვის იგი გრაალის მცველად აირჩიეს.

ალბერტ ფონ შანფერბერგი ისტორიას გრაალზე თავის პოემაში შემდეგნაირად მოგვითხრობს: ტიტურელმა დატოვა მშობლები და თავგადასავლის საძიებლად გაემართა უღრანი ტყისკენ . ტყეში აღმართულია მთა, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავნი ვერ ხედავენ. ესაა წმინდა მთა მონ-სალვატი. მოგვიანებით, ქვეყნიერების ყოველი კუთხიდან ტიტურელი შემოიკრებს რაინდთა ჯგუფს და მონ-სალვატს კვლავ ესტუმრება. ჯგუფი დაბანაკდება მთის მახლობლად. სწორედ ამ ბანაკის თავზე ალივლივდება გრაალი, რომელიც ანგელოზებმა მოიტანეს და მეომრებს ყველა სურვილს უსრულებს. მოგვიანებით, ტაძრის ასაგებად საამშენებლო მასალაც ჩნდება. თავიდან ტიტურელი ციხესიმაგრეს აგებს მთის მწვერვალზე. აქედან ებრძვის ის წარმართებს, რომლებსაც ციხესიმაგრეში შეღწევა სურთ. ტიტურელი გადაწყვეტს ტაძრის აგებას გრაალისთვის. ის მუდმივად მათ თავზე ჰაერში ლივლივებს. 

კლდე, რომელზეც უნდა აგებულიყო გრაალის ტაძარი იყო ონიქსის. მთა ლაპლაპებდა და მთვარესავით აშუქებდა. ის კრისტალივით გამჭვირვალე იყო. რაინდებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს შენობის ნახაზი. ის გამოუცნობი საშუალებით იყო დახაზული ქვის პრიალა ზედაპირზე. ტიტურელი თანამოაზრეებთან ერთად ოცდაათი წლის განმავლობაში აგებდა ტაძარს. ტაძარს მრგვალი ფორმა ჰქონდა. ტაძარი აგებული იყო ძვირფასი ქვებით, ოქროთი და ბრილიანტებით. პოეტი ალბერტ-ფონ შანფენბერგი მას უწოდებს "ხორამს". ხოლო რ.შტაინერის აზრით ის იდგა 72 სვეტზე, გაყოფილი იყო სამ 24 ნაწილად. აღმოსავლეთით მდებარეობდა საკურთხეველი. ტაძრის გეგმაში პრიორიტეტი აქვს რიცხვ 24. 3X24. ამ რიცხვს ვხდებით ჩვენ ეშებახთანაც, როდესაც ის აღწერს გრაალის თანმხლებ ქალწულებს. ისინი იყვნენ 24. ეს რიცხვი ფიგურირებს იოანეს გამოცხადებაშიც. უფალს 24 მოხუცი ჰყავს გარშემო. 

კომპლექსის აღმოსავლეთის დიდი სალოცავი მარიამის სახელობისაა, ხოლო მის გვერდით-იოანესი. შუაში დგას გამჭვირვალე ონიქსის მრწყინავ ძირზე მდაგრი ტაძარი, რომელიც ირეკლავს მთელ სალოცავს. ანგელოზებს საკუთარი ხელით მოაქვთ გრაალი. მრგვალ შენობას თავზე გუმბათი ადგას. მასზე ძვირფასი ქვა ბრწყინავს, რომელიც რაინდებს ღამით გზას უნათებს. ტაძრის ინტერიერი მიუთითებს მის სამსახოვნებას. ცენტარლური ნაწილი მორთულია ხელოვნური ხეებით, რომელზე ჩიტები და ანგელოზები სხედან. მომწვანო, ოქროსფერი ყურძნის ყლორტები გამოსცემენ ნაზ ბგერებს. ტაძარს აქვს გამჭვირვალე იატაკი, საიდანაც მოსჩანს კრისტალური ზღვა, მოცურავე თევზებითა და ზღვის ცხოველებით. ეს ყველაფერი მოძრაობაში მოჰყავს შენობის გარეთ მდგარ ქარის წისქვილს. ამ მშვენიერებას ზემოდან დაჰყურებს თაღი, ლურჯი ცის გამოსახულებით, მორთული ვარსკვლავების მსგავსი საფირებითა და ბრილიანტებით. ხელოვნური ცა მექანიკურად მოდის მოქმედებაში. ამ აღწერით გრაალის ტაძარი კოსმოსის სახითაა წარმოდგენილი.

ტიტურელი გრაალის რაინდებისთვის წარმოადგენს ტაძრის მორალურ, ალეგორიულ ინტერპრეტაციას. თანამედროვე ადამიანისთვის ყველაფერი საიდუმლოებითაა მოცული. წარმოუდგენელია, ალბათ ესპანეთში სადმე მართლაც იდგეს ასეთი ტაძარი. შესაძლოა პოეტს უნდოდა შეექმნა ტაძრის იდეალური სახე. პოემაში ნათქვამია, რომ რაინდები ატარებდნენ არა წითელ ჯვარს ტამპლიერებივით, არამედ მტრედს-სულიწმინდის სიმბოლოს. პოეტ ალბერტ ფონ შარფენბერგის მონაყოლიდან ირკვევა, რომ იდუმალი ტიტურელი ოთხასი წლის შემდეგ გადაწყვეტს ახლაგაზრდა ქალწულზე დაქორწინებას. რ.შტაინერი თვლის, რომ რაინდთა ამალა, რომელიც ტიტურელს ტაძრის აგებაში ეხმარება, მიცვალებულებისგანაა შემდგარი.

გრაალის ლეგენდის გაგება ძალზედ რთულია, თუ არა იცი ვინ იყვნენ არსებითად მისი მცველნი. ლეგენდა გედის სახით ასევე მიუთითებს მიცვალებულთან კავშირზე. გედი ხვდება და მიჰყავს გრაალის წარგზავნილები. თეთრ ფრთიანი გედი განასახიერებს არსებებს ანგელოზთა სფეროდან. ამ სფეროს ეკუთვნის აგრეთვე ტიტურელი. ტაძარი არის ახალი სხეული. ამგვარად, ტიტურელი საკუთარ თავს აგებს ოცდაათი წელი. მასში რეალობად იქცა სულიერი ტაძარი. მისი აგებული ტაძარი არაა ხილვადი. ის არამარტო მომავლის უხილავი სამმაგი სალოცავია, არამედ შესაძლებელია მისი როგორც სულიერი სიბრძნის წყაროს სამმაგი გაგებაც,რომლის ცენტრალურ პუნქტს წარმოადგენს სამსხვერპლო სიყვარულის ბარძიმი. ტაძარი არის ახალი სხეული. სულიერი ტაძარი ტიტურელში რეალობად იქცა.  როგორც იესო ქრისტეს სხეული ოცდაათი წლის განმავლობაში უნდა გარდასახულიყო, რათა იორდანეზე მიეღო სულიწმიდით ნათლობა, ასევე ტიტურელს ოცდაათი წლის ცხოვრებისეულ, ეთერულ სხეულში უნდა აეგო ტაძარი, რომელიც მიიღებდა წმინდა გრაალს. მეორე ასპექტში გრაალის ტაძარი არის ახალი მიწის წინასწარმეტყველური სახე. მაგრამ ჯერ ისევ არ არის ახალი იერუსალიმი. ეს მისი ჩანასახია.

იოჰან შტეინის აზრით, გრაალის მახვილი ჩვუელებრივი იარაღი არ არის. ესაა "სიტყვის" მახვილი. ტაძრის რაინდები ემსახურებიან ქრისტიანობას, "სიტყვას" როგორც იოანე ღვთისმეტყველს. დე ტრუა და ეშენბახი ახსენებს შუბს. მეაბჯრე დარბაზში გაატარებს შუბს, სადაც გრაალის ტანჯული მეფე პარციფალს მიიღებს. შუბის წვერიდან წვეთავს სისხლი. ეს ის შუბია, რომლითაც რომაელმა ლონგინოზმა იესო გამსაჭვალა მარჯვენა ფერდში.

რიჰარდ ვაგნერთან "პარციფალში" შუბის მოტივი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. შუბს ფლობს ბოროტი ჯადოქარი კლინგზორი. ამ იარაღით ის განუკურნებელ ჭრილობას მიაყენებს ამფორტასს მუცლის ქვემოთ. როცა ის შუბს გაუქანებს პარციფალს, იარაღი ჰაერში ჩერდება. პარციფალი ხელს სტაცებს შუბს და ერთი დარტყმით გააქრობს კლინგზორის მაგიურ ბაღსა და ჯადოსნურ სასახლეს.

ვალტერ იოჰან შტეინის წიგნში გრაალზე ჩნდება ვინმე ჰუგო ფონ ტუარა. ის გრაალის მიმდინარეობის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია კარლოს დიდის წრეში. გადმოცემის მიხედვით, ჰუგოს ცილი დასწამეს კარლოს დიდის წინაშე. ჰუგო ციხეში დაამწყვდიეს და სიკვდილი მიუსაჯეს. სასჯელი არ აღსრულდა, ვინაიდან კარლოს დიდმა გაარკვია სიმართლე და ფონ ტუარა დააჯილდოვა ძვირფასი საჩუქრით-ქრისტეს სისხლის წვეთებიანი რელიკვიით. ეს არ გახლავთ ჭრილობიდან გამონადენი სისხლი, არამედ წინადაცვეთისას გამონადენი სისხლის წვეთებია. შტეინის აზრით, ეს ნახევრად ლეგენდარული და ნახევრად ისტორიული ამბავი მიუთითებს გრაალის მიმდინარეობის არსებობაზე.

მე-12 საუკუნეში სისხლიანი რელიკვიის ფლამანდრიის ქ.ბრიუგში გადატანის ფაქტიც ამ კავშირზე მიუთითებს. მისი მიმღები გახლდათ დიტრიხ ელზასელი, რომელიც მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში იღებდა მონაწილეობას. დიტრიხ ელზასელმა ძვირფასი თასი უსახსოვრა ქ.ბრიუგს. მისი შვილი ფილიპე ელზასელი, ფლანდრიის გრაფი, იყო იმ საიდუმლო წიგნის მფლობელი, რომელიც გრაალის ეპოსის წერისას წყაროდ გამოიყენა კრეტიენ დე ტრუამ.

გრაალის იმპულსმა კვლავ გაიღვიძა მე-15 საუკუნეში. 1459 წელს დაარსდა როზენკრეიცერთა ორდენი, ხოლო 1429 წელს ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიპე კეთილმა დაარსა "ოქროს საწმისის ორდენი". გერმანიის იმპერატორ მაქსიმილიან I ჰაბსბურგის მეუღლე მარიამ ბურგუნდიელი გახდა "ოქროს საწმისის ორდენის " მეთაური.




No comments:

Post a Comment