Tuesday, 25 August 2020

ნიღაბი, როგორც სიმბოლო


ცხოვრება მასკარადია...განა ასე აუცილებელია ერთიდაიგივე ნიღბის ტარება? ნიღაბზე და თქვენზეა ეს დამოკიდებული. თუ ნიღაბი არ გიხდებათ, ხელს გიშლით, თუ გეჩვენებათ, რომ ის გაიძულებთ ისეთი როლის თამაშს რისთვისაც არ ხართ შექმნილი, შეეცადეთ გამოცვალოთ; ისინი ხომ უამრავია. აი, დიდი იმედების მომცემი პოლიტიკოსის ნიღაბი, ეს მხატვრის ნიღაბია, რომელსაც  ყველაზე მეტად მოუხდება ხასხასა კოვბოური სამოსი გახსნილი საყელოთი; აი, მომავალი ექიმის ნიღაბი, სათვალეებიანი, გამჭოლი მზერით. კიდევ გაქვთ არჩევანის დრო, მაგრამ იყავით ფრთხილად! ნიღაბი თავად შეუდგება მეჯლისის მართვას. სხვა ნიღბები მიგიღებენ ისეთად როგორიც ჩანხართ. შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ნიღაბი, როცა მიემართებით ცხოვრების მასკარადზე.–ანდრე მორუა
ნიღაბი დიდ როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. მას ხანგრძლივი ისტორია გააჩნია და პირველსახით წარმოაჩენს ყველა არსებული საზოგადოების ტრადიციის მნიშვნელოვან ელემენტს. სხვადასხვა ხალხის კულტურებში ნიღაბი ასრულებდა მაგიური რიტუალების მნიშვნელოვანი ატრიბუტის როლს და გააჩნდა საკრალური ფუნქცია. რიტუალური ნიღბები ითვლება აბორიგენ ტომთა მრავალფეროვანი კულტების ერთ-ერთ სიმბოლოდ. ასეთი ტრადიცია აქვთ აფრიკის, ცენტრალური ამერიკის, პოლინეზიისა და ავსტრალიის ხალხებს. რიტუალების შესრულებისას ნიღაბი ღმერთის (ნათელი) ან დემონური (ბნელი) საწყისის განსახიერება ხდებოდა. ითვლება, რომ რიტუალის აღსრულებისას ბოროტი სულები დროებით ნიღბებში სახლდებიან, რის შემდეგ შამანი კლავს ბოროტ სულებს, ანადგურებს ნიღაბს, რომელშიც ისინი ჩასახლდნენ. ნიღაბი აიგივებდა ადამიანს ცხოველური სამყაროს, ჩრდილთა, წინაპართა პერსონაჟებთან.

ნიღაბი იდუმალების, შენიღბვის, ილუზიისა და ტრანსფორმაციის სიმბოლოა. წარმართულ რელიგიებში ნიღაბი გამოხატავდა ზებუნებრივ ძალას და განასახიერებდა ცხოველისა თუ გარდაცვლილი ადამიანის სულს. ამგვარად, ის გახლდათ ერთგვარი გამტარი სულთა საუფლოში. ამიტომ იქმნებოდა მიცვალებულთა დასაკრძალი ნიღბები, რომელიც გამოსახავდა მიცვალებულს. ასეთი ნიღბის ხმარება დაკავშირებული იყო რელიგიურ წარმოდგენებთან. ძველად სწამდათ, რომ სხეულს მოცილებული სული უკან უბრუნდებოდა საკუთარ ცხედარს. მას უნდა ამოეცნო საკუთარი თავი. სახე მიცვალებულს ხრწნის შედეგად შეცვლილი ექნებოდა, რაც სულს აურევდა გზა–კვალს და ის ვეღარ შეხვდებოდა სხეულს, რაც შეაფერხებდა მიცვალებულის მკვდრეთით აღდგომას. ამიტომ იყო, რომ ეგვიპტურ და მიკენურ სამარხებში ნიღბები შეძლებისდაგვარად ზუსტად გამოსახავდა გარდაცვლილი ფარაონებისა და მეფეების სახეებს.


არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა მიცვალებულთა სახეებზე ნიღბები მათვის დამახასიათებლი ნიშნებით. სწორედ ასეთია ტუტანჰამონის ნიღაბი.


აფრიკული ნიღაბი უხილავი სამყაროს გამოხატულებაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ მასალას, რომლისგანაც ნიღაბია დამზადებული. ნიღბებს იყენებდნენ ინიციაციური რიტუალების დროს, როდესაც ახალგაზრდა ზრდასრული ხდებოდა. ნიღბები დიდ როლს ასრულებდა საიდუმლო რელიგიურ კავშირებში, რასაც თან ახლდა ინიციაციური სისტემა. ასეთი კავშირები ეყრდნობოდა სხვადასხვა პრინციპებს. ასეთი საიდუმლო კავშირების უმეტესობა იყენებდა მაგიის სხვადასხვა ფორმას.  სწამდათ ბოროტი და მახინჯი სულების არსებობის და მათ "ცრუ პირებს" უწოდებდნენ. მაგ. იროკეზების წარმოდგენით უსხეულო სულებს საშინელი სახეები აქვთ.  ისინი ჰაერში დაფრინავენ და საშინელ დაავადებებს ავრცელებენ. ამ დაავადებებისგან განსაკურნად ადგილობრივები მიმართავდნენ ქალს, რომელიც ხელმძღვანელობდა "ცრუ პირთა" კავშირს. ქალი კავშირიდან ავადმყოფის განსაკურნად აგზავნიდა ნიღბიან პირს. ასეთი კავშირების კომპეტენციაში შედიოდა დაავადების მკურნალობა. აფრიკელების ამგვარ ერთობათა უმეტესობა დაკავშირებული იყო მიცვალებულის კულტთან. ამ კავშირების წევრები წლის გარკვეულ დროს იკეთებდნენ საშინელ ნიღბებს და გამოსახავდნენ გარდაცვლილ წინაპრებს. განსაკუთრებით გამოკვეთილი იყვნენ ადამიანი ჯიქები. დღესაც არსებობს ასეთი კავშირები აფრიკაში. ისინი საკმაოდ დიდი საფრთხის მატარებელნი არიან საზოგადოებისთვის.

საკარნავალო ნიღბების ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის და  მისტერიებიდან იღებს სათავეს. შემდეგ ეს დღესასწაული გადავიდა რომში "სატურნალიის" სახით. როგორც ყველა დღესასწაული, კარნავალიც წარმოაჩენდა ადამიანის ყოფიერების გარკვეულ პრობლემებს. საკარნავალო მხიარულების უკან იდგა დიდი სურვილი ადამიანური შესაძლებლობების ჩვენებისა და მტკიცებისა, რაც ფანტასმაგორიული ნიღბებისა და ტანსაცმლის საშუალებით ხდებოდა.

ნიღბის მორგებაში არის რაღაც მისტიური, ვინაიდან ის დღემდე ხიბლავს ადამიანებს. ამ დროს ადამიანის სულიერ სამყაროში ხდება გარდასახვა. ამიტომ ნიღბის ტარება არცთუ დადებითი შედეგის მომტანი უნდა იყოს. ცნობილი ფრანგი ფილოსოსფოსი და მეტაფიზიკოსი რენე გენონი წერდა: 
"სატურნალიებში" როლები იცვლებოდა, რაც ''ამოყირავებული სამყაროს" სახეა. ცნობილია, რომ თავდაყირა დაყენება წარმოადგენს სატანიზმის ყველაზე გავრცელებულ ფორმას.  უნდა შევძლოთ ამის დანახვა სატურნის ''ბოროტეულ" ასპექტში, რომელიც იგივე "ოქროს საუკუნის" დაცემული ანგელოზია. ასეთი ტიპის დღესასწაულებზე აუცილებლად არსებობს სატანური ელემენტი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მდაბიო ადამიანებს სწორედ ეს ელემენტი ხიბლავს და ახარებს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ კარნავალის ერთ–ერთ ფორმაზე –''მასკარადზე". საკარნავალო ნიღბები ხშირად გვაგონებს ცხოველებს და დემონებს, რაც წარმოადგენს მდაბიო, ინფერნალური ტენდეციების ფიგურალურ "მატერიალიზაციას". უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თითეული ირჩევს შეუცნობლად იმ ნიღაბს, რომელიც  ესადაგება და მის მიდრეკილებას შეესაბამება. შეიძლება ითქვას რომ ნიღაბი, რომელმაც თითქოსდა უნდა დამალოს ინდივიდის ნამდვილი სახე, პირიქით ააშკარავებს  შინაგან სამყაროს, რომელსაც პიროვნება ყველასგან მალავს. საქმის ვითარებას თუკი ღრმად შევისწავლით, ნაკლებ დამაიდებელ სიმპტომს აღმოვაჩენთ. რაც იმას მოწმობს, რომ არეულობამ გაარღვია საარსებო სივრცე და  საყოველთაო სახე მიიღო ისე, რომ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ და ვიმყოფებით საშინელ, "მუდმივ კარნავალზე".
 მე-18 საუკუნე იქცა კარნავალების საუკუნედ. მოხდა ამ დღესასწაულის არისტოკრატიზაცია და მან  მიიღო ბოჰემური გართობის ხასიათი. კარნავალების ტრადიციულ ქალაქად იქცა ვენეცია.








No comments:

Post a Comment