ესპანეთის ქალაქ ანტიკერაში მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეგალითური კომპლექსი: მენგას სამარხი, ვიერა და ელ რომერალი. მსგავსი ნაგებობები აღმოჩენილია ესპანეთის სხვა პროვინციებშიც-ნავარა, გალიცია.
დოლმენები კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. დოლმენი ვიერა განეკუთვნება "კამერისა და დერეფნის" კატეგორიას, სხვადასხვა სიგანისაა, წარმოადგენს გრძელ დერეფანს და აგებულია უზარმაზარი ქვის ბლოკებით. ამ დოლმენისგან რამდენიმე მეტრში მდებარეობს დოლმენი მენგა. კამერის ფსკერზე შესასვლელი გამოთხარეს ჯერ კიდევ უძველეს დროს განძის მაძიებლებმა და გაძარცვეს დოლმენი. მენგა კოლოსალური ზომებითაა ცნობილი. მესამე დოლმენი გახლავთ ელ რომერალი. მასში დერეფანი და ორი მრგვალი კამერაა. თავისთავად ეს მეგალითები განეკუთვნება ევროპის წინარეისტორიის მონუმენტური არქიტექტურის ადრეულ ფორმას და თარიღდება მე-5 ათასწლეულის დასაწყისით ჩვ.წ. აღ-მდე, ნეოლითის ხანით, დაახლოებით 6500 წლის წინ. მეგალითური მონუმენტური არქიტექტურა დასავლეთ ევროპაში მჭიდროდაა დაკავშირებული მიწათმოქმედ და მესაქონლე თემებთან. სავარაუდოდ, მეგალითებს იყენებდნენ როგორც სამარხს, ტაძარს და ატარებდნენ რიტუალებს.
ნეკროპოლის ახლოს აღმოჩენილია ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის რამდენიმე დასახლების ნაშთები, როგორიცაა ხარის გამოქვაბულები და ხარის გორა. დოლმენი ყოველთვის დაფარულია ქვებითა და მიწით, რომელიც ქმნის გორაკს. მაგრამ ათასწლეულების განმავლობაში ხელოვნური გორაკები დაიშალა და დღეს მოჩანს ამ კონსტრუქციის კარკასი.
სამივე დოლმენი ქალაქ ანტიკერაშია, მაგრამ ისინი სხვადასხვა დროსაა აღმოჩენილი. მენგა აღმოაჩინეს მე-17 ს-ში. ვიერა-არქეოლოგმა ხოსე ვიერამ 1905 წელს. ელ რომელარს კი მიაკვლია ორმა ძმამ.
მენგას კედლები აგებულია შვიდი ქვის ბლოკისგან, უკანა კედელი ერთი ქვისაა. დოლმენი გადახურულია ხუთი 180 ტონიანი ქვის ბლოკით, ჭერის ბლოკების გასამაგრებლად დგას სამი ვერტიკალური ქვა. სიმაღლე 27,5 მ.
კონსტრუქცია ისეა აგებული, რომ მისი შესასვლელიდან იშლება ხედი "შეყვარებულთა კლდისკენ" (La Peña de los Enamorados). ამ კლდეს უკავშირდება ერთი ლეგენდა, რომელიც მე-15 საუკუნისაა და ბევრ მწერალსა და პოეტს აქვს ნახსენები. გადმოცემით, გრანადის არაბი მმართველის მოსამსახურე და სახელგანთქმულ მეომარ ჰამეთს შეუყვარდა არჩიდონელი გოგო ტაზგონა. ჰამეთმა მოიტაცა გოგო, მაგრამ გოგოს მეგობრებმა ამის შესახებ აცნობეს მის მამას. მამა გამოეკიდა გამტაცებელს. საბოლოოდ ორივე დაიღუპა. ერთი ვერსიით, ორივე კლდიდან გადახტა, რის შემდეგ ამ კლდეს ეწოდა "შეყვარებულთა კლდე". მეორე ვერსიით, მდევარნი დაეწიენ ჰამეთს და მოკლეს, ხოლო ტაზგონამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
შეყვარებულთა კლდე
მენგაში აღმოაჩინეს ადამიანის ნაშთები, რაც იმის დასტურია, რომ ამ დოლმენს სამარხის დანიშნულება ჰქონდა. გათხრების დროს ასევე აღმოჩნდა ქვისა და ბრინჯაოს იარაღები. მენგა გადახურულია მიწაყრილით.
ვიერა
ვიერა წარმოადგენს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ქვის ბლოკების კომპლექსს. მასში ერთი ჰორიზონტალური დერეფანია, რომელიც 29 ბლოკისგანაა აგებული, რომლის ბოლოში განთავსებულია სწორკუთხა დერეფანი. მისი სიგრძე 19 მ-ია, სიმაღლე 2 მ. გათხრების დროს აქ აღმოჩნდა კერამიკული ნაკეთობები და სამარხი. დოლმენი გადახურული 50 მ. მიწაყრილით. მზებუდობისას მზის სხივი ეცემა დერეფანს და ის რამდენიმე წუთით ანათებს დოლმენს. მეგალითურ ნაგებობას გაუკეთდა რესტავრაცია და მან ცვლილება განიცადა, ვინაიდან შესასვლელი ოდნავ სამხრეთით გადაიტანეს.
ვიერასგან 4 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს მესამე დოლმენი ელ რომერალი. განმასხვავებელი ამ ნაგებობისა მისი ტრაპეციული ფორმაა. ამასთან, მას განასხვავებს ორი მრგვალი ფორმის დერეფანიც. პირველი დერეფანი სავარაუდოდ სამარხის ფუნქციას ასრულებდა, ვინაიდან იქ აღმოჩნდა მამაკაცების ნაშთები. მეორე დერეფანში მეცნიერებმა აღმოაჩინეს კერამიკული ნაკეთობები და ცხოველთა ნაშთები. ყორღანის სიმაღლე 9 მ-ია, დიამეტრი 90 მ. ზოგიერთის აზრით, დოლმენები შესაძლოა იყო პორტალი სხვა განზომილებებში, აკუსტიკური და ასტრონომიული მოწყობილობა.
No comments:
Post a Comment