დელისთან ახლოს, მინარეთ კუტბ-მინარის მოედანზე დგას 1500 წლის რკინის სვეტი. ინდოეთში მას "მსოფლიო საოცრებას" უწოდებენ. ამ სვეტის გარშემო მუდამ ტრიალებს მის დასათვალიერებლად მოსული ხალხი.
სვეტი აღმართეს 415 წელს მეფე ჩანდრაგუფტ II-ის პატივსაცემად. თავდაპირველად სვეტი ქვეყნის აღმოსავლეთით, ერთ-ერთი ტაძრის წინ იდგა. მას გვირგვინივით ამშვენებდა წმინდა ფრინველ გარუდას გამოსახულება. გარუდა ინდუიზმში ვიშნუს საფრენი ფრინველია. ბუდიზმში ეს ფრინველი გაბრწყინებული გონების ერთ-ერთი სიმბოლოა.
1050 წელს მეფე ანანგ პოლამ სვეტი დელიში გადაიტანა. სვეტის სიმაღლე შვიდ მეტრზე მეტია და იწონის 6,8 ტონას. მონოლითი 99, 72% სუფთა რკინისგან შედგება. მინარევი მხოლოდ 0,28%-ია. კოროზია არ ემჩნევა. რატომ არ იჟანგება სვეტი? ეს კითხვა დიდი ხანია აწუხებს ყველას. სუფთა რკინა ძალზედ იშვიათია. მეტალურგები მეტად რთული მეთოდით ადნობენ მას. როგორ მოახერხეს ძველმა ხელოსნებმა ამ საოცრების შექმნა, რომლის წინაშე ასეული წლებიც კი უძლურია. გამოითქვა სხვადასხვა ჰიპოთეზა, ფანტასტიკურიც კი.
ზოგიერთი მწერალი და მკვლევარიც სერიოზულად ამტკიცებდა, რომ ჩანდრაგუფტას სვეტი უცხოპლანეტელების ან ატლანტების ნახელავია. მეორე ვერსიით, სვეტი დამზადებული იყო რკინის მეტეორიტისგან, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა.
კოსმიური ჰიპოთეზებს სერიოზუ;ლად არავინ აღიქვამდა, მაგრამ დოქტორ სუბბარაუფას აზრს საზოგადოებამ სერიოზულად მიაქცია ყურადღება. მეცნიერის აზრით, სვეტზე გაკეთებული წარწერა გვამცნობს დელიში მისი დადგმის დროს და არა მისი "დამზადების თარიღს". ანუ, კოლონა შესაძლოა მე-5 საუკუნეზე უფრო ადრეა დამზადებული.
ცნობილია, რომ ინდოეთში იყო "დიდი რკინის ეპოქა", რომელიც დაიწყო ჩვ.წ. აღ-მდე მე-10 საუკუნეში. ის გრძელდებოდა ათას წელზე მეტ ხანს. იმ დროს ინდოელ მეტალურგებს სახელი ჰქონდათ განთქმული მთელ აზიაში, ხოლო ინდური ხმლები მეტად ფასობდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. ძველი ქრონიკები გვამცნობს, რომ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებისას ინდოეთის ერთ-ერთი სამთავროს მმართველმა მხედართმთავარს მიართვა საჩუქრად 100 ტალანტი ფოლადი. ფოლადი მაშინ ძალიან ძვირად ფასობდა.
გამოდის, მაკედონელის დროს, ჩვ.წ.აღ-მდე მე-4 საუკუნეში ინდური მეტალურგია ძალიან მაღალ დონეზე იდგა. თუკი ეს ასეა და ინდოელი მეტალურგები ფლობდნენ მსხვილგაბარიატიანი უჟანგავი რკინის დნობის საიდუმლოს, მაშინ ჩვენამდე რატომ მოაღწია მხოლოდ ჩანდრაგუფტას სვეტმა?
ერთ-ერთი ავტორის აზრით, ძველი მეტალურგები სუფთა რკინის მისაღებად გამოსადნობი რკინის ღრუბელს ხეხავდნენ, ფხვნილად აქცევდნენ და ცრიდნენ. მიღებულ რკინის სუფთა ფხვნილს ახურებდნენ გაწითლებამდე. უროს დარტყმით მისი ნაწილები ერთამეთს ეწებებოდა, ხდებოდა ერთი მთლიანი-ახლა ამ მეთოდს ფხვნილის მეტალურგიის სახელით იცნობენ.
მეცნიერებმა მრავალჯერ გამოთქვეს მოსაზრება, რომ უჟანგავი ლითონის საიდუმლო მის შემადგენლობაშია დაფარული. ამის შესამოწმებლად ინდოელი სპეციალისტები 1912, 1945, 1961 წწ-ში იღებდნენ რკინის სინჯებს ჩანდრაგუფტას სვეტის ქიმიური ანალიზისთვის. აღმოჩნდა, რომ ფოლადის თანამედროვე მარკებთან შედარებით, საკვლევ ნიმუშებში 5-ჯერ მეტია ფოსფორის შემადგენლობა, ხოლო მარგანეცისა და გოგირდის პროცენტი მეტისმეტად მცირეა.
მაგრამ, ამ მონაცემებმა მაინც ვერ მიიყვანა მეცნიერები "კოროზიისადმი მდგრადობის" ამოხსნამდე. ცოტამ თუ იცის, რომ ანალოგიური სვეტი, უფრო დიდი ზომის", რომელიც მე-3 საუკუნეშია დამზადებული და დგას ინდოეთის ქალაქ დჰარში.
ჩატარდა დჰარისა და დელის რკინის სვეტების კვლევა. ინგლისელმა მეცნიერებმა ნიმუშების სახით წააიღეს სვეტის ლითონის პატარა ნაწილაკები ლონდონში ფიზიკო-ქიმიური ანალიზისთვის. ლონდონში ჩასვლისას გაირკვა, რომ ნიმუშები ჟანგით დაიფარა. გამოდის, რომ სვეტიდან მოცილების შემდეგ ნიმუშები დაიჟანგა. შვედმა მეცნიერმა ი. ვრანგლენმა თავად სვეტზე აღმოაჩინა ძლიერი კოროზიის ზონა. გაირკვა, რომ სადაც სვეტი საძირკველთან ერთდება, ის ადგილი დაიჟანგა 16 მმ-ით მთელ დიამეტრზე. ე.ი. სვეტი ჰაერზე არ იჟანგება, მიწასთან კონტაქტით-იჟანგება.
No comments:
Post a Comment