ცეცხლი-სინათლის და სიცოცხლის ზეიმი სიბნელესა და სიკვდილზე, განწმენდისა და ოჯახის სიუხვის სიმბოლო. ცეცხლი სასიცოცხლო ენერგიის, ნაყოფიერების სიმბოლოა, მზის სხივის ანარეკლი, ღვთიური საჩუქარი, ღმერთებისგან მოტაცებული სინათლე და ცოდნაა. ის მედიატორიცაა ცასა და მიწას შორის: სამსხვერპლოდ შერჩეულს წვავდნენ, რათა ის ზეცაში წასულიყო ღმერთებთან. ცეცხლში იმალება ღთაებრივი ძალა, რომელიც აცოცხლებს ადამიანის გულს, შთააგონებს და აღანთებს მას. ცეცხლით ნათლობა საწყისი სიწმინდის აღდგენაა, ედემის ბაღში სიმბოლური დაბრუნება. როგორც მითების უბადლო მცოდნე მირჩა ელიადე წერდა, ცეცხლში გავლა არის ადამიანური შესაძლებობების მიღმა გასვლა. ცეცხლი სამყაროს შექმნის ერთ-ერთი პირველადი ელემენტია, აქტიური მამაკაცური საწყისი; წყალთან შერწყმით ის ბადებს სიცოცხლეს. ელვას მოსდევს გამანაყოფიერებელი წვიმა. ალქიმიაში ცეცხლი გამოისახებოდა სამკუთხედით, რაც ნიშნავს სამი სტიქის გაერთიანებას (მიწა, ჰაერი, წყალი) მეოთხეში (ცეცხლი).
ცეცხლი გახლავთ სახლის, კერიის საკრალური ცენტრი, რომლის ჩაქრობით წყდება სიცოცხლე. ძველ რომში კერიის წმინდა ცეცხლს, ქალღმერთ ვესტას ცეცხლს, ინახავდნენ ქალი ქურუმები-ვესტალები. ისინი ვალდებული იყვნენ დაეცვათ ცეცხლი და საკუთარი უბიწოება. ამ უკანასკნელი პირობის დარღვევა ითვლებოდა ცეცხლის წაბილწვად და დამრღვევს მიწაში ცოცხლად მარხავდნენ.
ცეცხლი მჭედელ ღვთაებათა ატრიბუტიცაა: ბერძნული ჰეფესტოსი, რომაული ვულკანის, სკანდინავური თორის და .შ. ინდურ ტრადიციაში ცეცხლი ღვთიური სინათლე და ღვთიური სიბრძნეა. ამავე დროს, ისაა გამანადგურებელი ძალა შივას მორჩილებისთვის. გამანადგურებელი ცეცხლი მრისხანე ქალღმერთ კალის ატრიბუტია, შივას მეუღლის.
პითაგორელებისთვის ცეცხლი ასოცირდება ტეტრაედრთან, ვინაიდან პირველი ელემენტია, ხოლო ტეტრაედრი გეომეტრიაში პირველი ფიგურაა. ალქიმიკოსები ცეცხლს გარდაქმნის, ტრანსმუტაციის საშუალებად მიიჩნევდნენ. ყველაფერი ცეცხლიდან იბადება და მას უბრუნდება.
ჰერაკლიტეს აზრით სამყარო ესაა მარადიული ცეცხლი-მუდმივად აალებადი და მუდმივად ქრობადი. მითებში სწორედ ცეცხლთანაა დაკავშირებული კაცობრიობის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა. მითი პრომეთეზე სწორედ ამის დასტურია. ცეცხლის დამორჩილება, მისი ფლობა არის გარდამტეხი კაციობრიობის ცივილიზაციის გზაზე. ცეცხლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ლითონის დნობა.
ინდუიზმში აგნი ცეცხლის ძლიერი ღვთაებაა. ცეცხლი წმინდა ხუთი ელემენტის შემადგენელია, რომლისგანაც შედგება ყველა ცოცხალი არსება. ის წმინდა რელიგიური რიტუალების შემადგენელი და აუცილებელი ატრიბუტია.
ზოროასტრიზმში შემოქმედმა შექმნა სამყარო ცეცხლის, წყლის, მიწისა და ეთერისგან. ცეცხლი მუდმივად გამოიყენება აჰურა მაზდას აღსანიშნავად, რომელიც გახლავთ ზოროასტრიზმის ღმერთი. ტაძრებში წმინდა ცეცხლი არასდროს ქრება. მის შენარჩუნებაზე ზრუნავს ქურუმი და იყენებს მხოლოდ სანდალოზის ხეს. ახალ სალოცავში ცეცხლი გადააქვთ ძველიდან, ხოლო ოჯახის ცეცხლი სახლიდან არსად გააქვთ. ყოველ დილით ცეცხლისთვის ლოცვას აღავლენენ.
ქრისტიანობაში ცეცხლი არის რწმენის, სულიწმინდის სიმბოლო და ამავე დროს, ცოდვებისთვის სასჯელი. ცეცხლის სიმბოლიკასთანაა დაკავშირებული ნაძვის ხეზე ცეცხლის ჩაქრობა და ანთება. ჩაქრობა წარსულის გაცილებაა, ანთება ახლის შეხვედრა. მითის მიხედვით, ფენიქსი კვდება ცეცხლის ალში, რომელისგანაც შემდეგ იბადება ბარტყი. ოლიმპიური ცეცხლი მშვიდობისა და ხალხთა ერთობის სიმბოლოა. ძველ საბერძნეთში ოლიმპიადის დროს წყდებოდა საომარი მოქმედებები.
ცეცხლის ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა სალამანდრა. ეს ცხოველი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია. ძველი ტრაქტატები გვამცნობს, რომ სალამანდრა ცხოვრობს ცეცხლში და აძლევს ჭკვიანურ რჩევებს მათ, ვინც მიმართავს. ცეცხლს გააჩნია გამანადგურებელი ძალა, მაგრამ ამავე დროს, განწმენდაც შეუძლია.
ერთ-ერთი მისტიკური ინდური ტექსტი ამტკიცებს, თუ ადამიანი ისწავლის ცეცხლის სტიქიაზე კონცენტრირებას საკუთარ თავში, რომელიც ჭიპთანაა, აქვს სამკუთხედის ფორმა და ალისფერია, ეს ადამიანი ცეცხლში რომ ჩავარდეს, ცოცხალი გადარჩება და არ დაიღუპება.
No comments:
Post a Comment