Sunday, 30 May 2021

ლეგენდერული, დაკარგული ოაზის-ქალაქი ზერზურა


იმ უამრავი ლეგენდიდან და მითიდან, რომელიც უკავშირდება საჰარის უდაბნოს, ყველაზე მომხიბვლელი და იდუმალებით მოცული გახლავთ ლეგენდა ზერზურას დაკარგული ოაზისის შესახებ. გადმოცემით, ეს მწვანე სამოთხე მდებარეობს ლიბიის უდაბნოს ქვიშაში. ზოგს მიაჩნია, რომ ზერზურას ოაზისი მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ თავგადასავლების მოყვარულთ ასეთი მსჯელობა ვერ აფერხებს. შესაბამისად, ძალ-ღონეს არ იშურებენ აფრიკის ელდორადოს აღმოსაჩენად.

ზერზურას ეტიმოლოგია სავარაუდოდ უკავშირდება არაბულ "ზარზარს"-შოშია ან პატარა ჩიტუნა. ოაზის-ქალაქის ისტორია პირველად ნახსენებია უსმან ალ-ნაბულსის ხელნაწერში, რომელიც გახლდათ სირიის ემირი და ფაიუმის მმართველი მე-13 საუკუნეში. ის საუბრობს მიტოვებულ ოაზისზე, რომელიც სავარაუდოდ მდებარეობდა ფაიუმის სამხრეთ-დასავლეთით. ორასი წლის შემდეგ უფრო მომხიბვლელი და დეტალური აღწერა შემოგვთავაზა უცნობმა ავტორმა "კიტაბ ალ-კანუშში-"წიგნი დაფარულ მარგალიტზე", რომელიც თავისებური გზამკვლევია განძზე მონადირეთათვის. წიგნში ჩამოთვლილია ეგვიპტის ოთხასამდე ქალაქი, სადაც სავარაუდოდ გადამალული იყო განძი, ასევე სხვადასხვა შელოცვები იმ ბოროტი სულებისგან გასანთავისუფლებლად, რომლებიც იცავდნენ განძს. ხელნაწერის მიხედვით, ქალაქი ზერზურა თეთრ მტრედს ჰგავს და მის ჭიშკარზე ამოკვეთილია ჩიტი. ქალაქში შეხვალ და აღმოაჩენ აურაცხელ სიმდიდრეს, ასევე სასახლეში მძინარე მეფესა და დედოფალს. მათთან შეხების გარეშე უნდა წამოიღო მხოლოდ განძი.

ისტორიული ჩანაწერის თანახმად, ბენგაზში ჩასულმა აქლემების გამყოლმა ჰამიდ კეილიმ ემირს უამბო, რომ იმყოფებოდა ქალაქ ზერზურაში. მონათხრობიდან ვიგებთ, რომ ჰამიდ კეილი ქარავანთან ერთად მიემართებოდა მდინარე ნილოსიდან დაჰლას უდაბნოსკენ და მოულოდნელად აღმოჩნდა ქვიშის საშინელ ქარიშხალში. სტიქიას ყველა ემსხვერპლა კეილის გარდა, რომელიც შემთხვევით გადარჩა. ქარიშხლის ჩაწყნარების შემდეგ, ის სამალავიდან გამოვიდა და მიხვდა, რომ შტორმის შედეგად ყველა ნაცნობი ორიენტირი შეცვლილიყო. გაუწყლოვნების გამო  ცუდად გახდა და ბოდვა დაეწყო. ამ მდგომარეობაში მყოფი კეილი  შემთხვევით აღმოაჩინა უცნობ ადამიანთა ჯგუფმა. გადმოცემით, უცნობი ადამიანები იყვნენ  მაღლები, ქერათმიანნი და ცისფერთვალება. არაბული იატაგანის ნაცვლად შეიარაღებულნი იყვნენ ხმლებით. მათ წაიყვანეს კეილი ქალაქ ზერზურში, უვლიდნენ და ზრუნავდნენ მასზე.  ქალაქში მოხვედრა შესაძლებელი იყო ხეობით, რომელიც გადიოდა ორ მთას შუა. ხეობიდან გზა მიდიოდა ქალაქის ჭიშკრისკენ. მასზე ამოჭრილი იყო უცნაური ფრინველი. ქალაქში იდგა მდიდრულად მოწყობილი თეთრი სახლები აუზებით, სადაც ბანაობდნენ თეთრი ქალები და ბავშვები. ჰამიდ კეილის თქმით, ზერზურას მოსახლეობა მას კეთილად ექცეოდა და საუბრობდა უცნაურ არაბულ ენაზე, რომელსაც ის ვერ იგებდა. ქალაქელები სავარაუდოდ არ იყვნენ მუსლიმები, ვინაიდან ქალები არ ატარებდნენ ჩადრს და მეჩეთებიც არსად ჩანდა.

აქლემების გამყოლმა ეს ისტორია უამბო ამირს დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.  მმართველი დაინტერესდა რანაირად აღმოჩნდა ის ბენგაზში და გაარკვია, რომ ჰამიდი გამოიპარა ზერზურადან. ამირი გაოცდა, თუკი ზერზურას მოქალაქეები კარგად ექცეოდნენ გამცილებელს, მაშ რატომღა უნდა გამოპარულიყო იქიდან.  მან დაცვას კეილის გაჩხრეკა უბრძანა. ჩხრეკისას, ჰამიდს ძვირფასი ლალისთვლიანი ოქროს ბეჭედი აღმოაჩნდა ჯიბეში. ბეჭდის მფლობელთან დაკავშირებით ამირმა სათანადო პასუხი ვერ მიიღო მისგან, ამიტომ  ნაქურდალად მიიჩნია და ჰამიდისთვის ხელების მოკვეთის ბრძანება გასცა. გავიდა დრო და ამირი ხელქვეითებთან ერთად  ზერზურას მოსაძებნად გაეშურა უდაბნოში, მაგრამ უშედეგოდ, არაფერი გამოუვიდა.

უცნობ წყაროთა მიხედვით, ბეჭედი ბოლოს გადაეცა ლიბიის მეფე იდრისს, რომელიც 1969 წელს დაამხო მუჰამედ კადაფმა. ამბობენ, ბეჭედი ბევრმა ექსპერტმა შეისწავლა და გაირკვა, რომ ის ევროპაში იყო დამზადებული მე-12 საუკუნეში. სავარაუდოდ, კეილიმ ბეჭედი მოპარა ზერზურელებს. შესაძლოა ისინი იყვნენ პირველი ევროპელი ჯვაროსნების ნარჩენნი, რომლებიც დაიკარგნენ საჰარის უდაბნოში იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე და დასახლდნენ უდაბნოში. ბეჭდის არსებობის შესახებ დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. ამას გარდა, ჰამიდ კეილი ბრძანდებოდა ზერზურას ამბის მთხრობელი და შესაძლოა სწორედ ის იყო კიტაბ ალ კანუშის ავტორი, ვინაიდან ხელნაწერი სწორედ იმ დროს, მე-15 საუკუნეში გამოქვეყნდა.

ევროპელთაგან, პირველმა ოაზისზე საუბარი დაიწყო ინგლისელმა მოგზაურმა, ეგვიპტოლოგმა სერ ჯონ ჰარდნერ უილკინსონმა. ამბობდა, რომ მას გაგონილი ჰქონდა ზერზურაზე-პალმების ჩრდილქვეშ არსებულ ძველ ნანგრევებზე თვალუწვდენელი ქვიშის ზღვის შუაგულში. ამ ოაზისს დროდადრო აწყდებოდნენ მომთაბარეები, თუმც ამ ადგილის აღმოჩენის ყველა ცდა წარუმატებლად მთავრდებოდა. 


სერ ჰარდინერ უილკინსონს ადგილობრივები უყვებდონენ "შავთა ოაზისზე", რომელმაც  ეს სახელწოდება მას მერე მიიღო, რაც ის დაიპყრეს საიდანღაც მოსულმა შავკანიანებმა. შავკანიანებმა მოიტაცეს რამდენიმე ადამიანი და წაიყვანეს უდაბნოში. უილკინსონის ვარაუდით, სწორედ "შავთა ოაზისი" უნდა ყოფილიყო ზერზურა. მკვლევარებმა იპოვეს ბევრი უცნობი ოაზისი, რომელიც ნახსენები ჰქონდა უილკინსონს თავის წიგნში, მაგრამ ლეგანდარული ზერზურა  ვერსად ნახეს.

მე-19 საუკუნეში ზერზურით დაინტერესებამ ახალი ძალით იფეთქა, განსაკუთრებით გერმანელი მკვლევარის გერჰარდ როლფსის ქვიშის ზღვაში მოგზაურობის შემდეგ. მაგრამ ზერზურას ძიების ნამდვილი ბუმი დაიწყო მეოცე საუკუნეში, როცა "ზერზურას კლუბიც" კი შეიქმნა, რომლის წევრები იყვნენ ისინი, ვინც უდაბნოს ათვისებით იყვნენ დაინტერესებული. 

საფრანგეთის ეკვატორიულ აფრიკასა და ეგვიპტეს შორის საქარავნო ვაჭრობის დროს არაერთხელ გაჩნდა ინფორმაცია გზასაცდენილ, დაკარგულ არაბებზე, რომლებიც მოულოდნელად გადააწყდნენ ოქროს მინარეთიან  არაჩვეულებრივ ოაზისს. უდაბნო ცნობილია მირაჟებით და სრულიად შესაძლებელია ეს ოაზისიც მისი დამსახურება ყოფილიყო. მოგვიანებით მათ ვეღარ იპოვეს იქ დასაბრუნებელი გზა.

მკვლევარ ჰარდინგ კინგს, რომელმაც იმოგზაურა დაჰლას ოაზისის დასავლეთით, გაგონილი ჰქონდა ბევრი ისტორია ზერზურას შესახებ. მას უყვებოდნენ, რომ იდუმალებით მოსილი შავკანიანები  ქვიშიდან მოვიდნენ დაჰლაში. კინგი შეხვდა ასევე ორ ბედიუნს, რომლებმაც განუცხადეს მას, რომ ნახეს დიდი პალმებიანი და ნანგრევებიანი ოაზისი, რომელიც რუკაზე თეთრ ლაქად იყო აღნიშნული.

ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მოძრავი ქვიშა მრავალი წლის განმავლობაში იჭრებოდა დაჰლაში და სწორედ მან დაფარა ზერზურა. დიუნების მუდმივი მოძრაობის შედეგად შესაძლოა კვლავ გაიხსნას მივიწყებული ოაზისი, მაგრამ ვერავინ იტყვის როდის მოხდება ეს. 

გრაფი ლასლო დე ალმაში უნგრეთის საჰაერო ძალების ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი გახლდათ. მას ყურს მისწვდა ამბავი ლეგენდარულ ზერზურას ოაზისზე და გადაწყვიტა მისი მონახულება. 

1932 წელს, მკვლევარ-ავიატორი სერ რობერტ კლეიტონი და გრაფი ლასლო ალმაში ავტომობილებითა და მსუბუქი თვითმფრინავით გაეშურნენ ზერზურის საძიებლად. პილოტმა თვალი მოჰკრა და გადაიღო ფართო ხეობა ულამაზესი აკაციებით. საშინელი სიცხე და წყლის ნაკლებობა სარისკოდ ხდიდა დაშვებას, ამიტომ კვლევები გადაიდო ზამთრისთვის. სამწუხაროდ, სერ რობერტ კლეიტონმა ეს ვეღარ მოახერხა, ვინაიდან გარდაიცვალა უდაბნოში შეყრილი ინფექციისგან. ასე დასრულდა მისი ძიება.

მიუხედავად ყველაფრისა, გარკვეული ხნის შემდეგ, ამ საჰაერო ექსპედიციის ორმა წევრმა მაინც მიაღწია რუკაზე არარსებულ ხეობას. აღმოსავლეთით მეორე ხეობაც აღმოჩნდა. გრაფმა ლასლო დე ალმაშიმ, რომელიც ეგვიპტის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრიც იყო, დასავლეთით კიდევ ერთს-მესამე ხეობას მიაგნო. ამ ექსპედიციის დროს, ალმაში შეხვდა მოხუც არაბს, რომელიც მრავალი წელი ცხოვრობდა ქუფრში და ყველაზე უკეთ იცნობდა უდაბნოს. ეს ადამიანი არწმუნებდა გრაფ ალმაშის, რომ ხეობები, რომელიც თვითმფრინავიდან დაინახეს, იყო სწორედ ქუფრელებისთვის ცნობილი ზერზურა. მისი თქმით, იმ ადგილებში მრავლად იყო თხები, მელიები და ფრინველები. სწორედ ამ ფრინველების გამო დაარქვეს იმ ადგილს ზერზურა.

ზერზურას პირველი ფოტო


გრაფი ლასლო დე ალმაში


მიუხედავად  ხანგრძლივი და სისტემატური ძიებისა, ალმაშიმ დაკარგული ქალაქის ნანგრევებს ვერ მიაგნო. 

იდუმალებით მოცული ოაზისის ძიება დღემდე გრძელდება.







No comments:

Post a Comment