პეკინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ძველი ბუდისტური მონასტერი. სწორედ აქ, მიწისქვეშა საცავში საუკუნეების განმავლობაში ბერები ინახავდნენ ქვის ფილებს, რომელზეც ამოტვიფრული იყო იეროგლიფური წარწერები. ბუდისტი ბერები დარწმუნებული არიან, რომ ამ ფილებზე ინახება კაცობრიობის მომავალი, ჩვენი ცივილიზაციის არსებობის უკანასკნელ დღემდე.
საიდუმლო მიწისქვეშეთში მხოლოდ გერმანელი მეცნიერი ლოტარ ლედეროზე შეუშვეს- აღმოსავლეთ აზიის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი ჰაიდელბერგის უნივესიტეტში. მან მოახერხა უძველესი ტექსტების ნაწილობრივ გაშიფრვა. თავის ჩანაწერებში მეცნიერი აღნიშნავდა, რომ სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი ვერ აღმოაჩინა. ტექსტების უმეტესი ნაწილი ბიოგრაფიულ ხასიათს ატარებდა და ეძღვნებოდა მონასტრის დამფუძნებლის საქმიანობას.
ერთ ფილაზე აღმოჩნდა უცნობი ავტორის გამაფრთხილებელი ტექსტი ციდან ჩამოვარდნილ ქვასთან დაკავშირებით. სპეციალისტთა აზრით საუბარი ეხებოდა დედამიწაზე მეტეორიტებისა და ასტეროიდების ჩამოვარდნას.
უნიკალური ბიბლიოთეკა ათასი წლის წინ შექმნეს ბერებმა და შეინახეს მიწისქვეშ. ისინი გრანდიოზულ კატასტროფებს ელოდნენ, რაც შეარყევდა და დაღუპავდა მთელ მსოფლიოს. ამიტომ გადაწყდა ბუდისტური სწავლების სიბრძნე და ცოდნა შემოენახათ მომავალი თაობებისთვის და ცივილიზაციებისთვის. სწორედ ამ მიზნით მათ დამალეს ქვის ფილები მონასტრის მიწისქვეშ.
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ბერები ამ ტიტანურ სამუშაოს შეუდგნენ მე-6,7 სს-ში. მათი მიზანი იყო ქვის ფილებზე უკვდავეყოთ ბუდისტური სწავლება და წინასწარმეტყველება ისე, რომ არ დაერღვიათ წმინდა კანონები. საერთო ჯამში მონასტერში 15 ათასი სხვადასხვა ზომის ქვის ფილაა. ტექსტების ამოტვიფრა ხანგრძლივი, შრომატევადი იყო და დიდი დრო ესაჭიროებოდა. ამიტომ სამუშაომ დასრულებული სახე მიიღო მე-12 საუკუნეში. ამ ხნის განმავლობაში "მწერალთა" რამდენიმე თაობა გამოიცვალა. საოცარია, რომ ყველა მათგანს სწამდა სამყაროს მოახლოებული დასასრულის, მაგრამ არა წამიერი კატასტროფის, არამედ როგორც გახრწნის, დაცემის, გადაშენების მტანჯველი პროცესის შედეგი, რომელიც მათი აზრით დაიწყო 553 წელს. იმ დროს ჩინეთში შეუბრალებლად დევნიდნენ ბუდას მიმდევრებს. ბუდიზმის მოწინააღმდეგენი წვავდნენ წმინდა წიგნებს, რაც ბერებისთვის მტკიცებულება იყო იმისა, რომ ბოლო ჟამის დრო იდგა. ისინი ელოდნენ უბედურებებს და სწამდათ, რომ ცოდვილი სამყაროს დასასრული დადგებოდა.
ბუდისტი ბერები ექვსი საუკუნის განმავლობაში უტოვებდნენ გზავნილებს მომავალ თაობას. მიწისქვეშ დამალულ იეროგლიფებიან ქვის ფილებს მზის სხივები არ შეხებია მრავალი ასეული წლის განმავლობაში. ფილების დიდ ნაწილს თავიდან მალავდნენ მთის გამოქვაბულებში, რომლის შესასვლელები ბერებმა წინასწარ ამოქოლეს. მაგრამ მოვიდა დრო და მონასტრის წინამძღვარმა განაცხადა, რომ ზეციური ნიშანი მიიღო, რომლის თანახმად, როცა სამყაროს დასასრულის ჟამი დადგებოდა, მთებს გადაუვლიდა უზარმაზარი ტალღა და წყალი ამოავსებდა გამოქვაბულებს. ამიტომ გადაწყდა ქვის ბიბლიოთეკის გადარჩენა მოსალოდნელი წყალდიდობისგან და მისი შენახვა მონასტრის მიწისქვეშ. მათი წაკითხვა კარგა ხნის განმავლობაში არავის უცდია. ამ ცოტა ხნის წინ ბერებმა გადაწყვიტეს ტექსტების შინაარსის გარკვევა. სწორედ ამ მიზნით მიიწვიეს ძველჩინური ენისა და ლიტერატურის სპეციალიასტი.
ტექსტის ასლები გადაიტანეს ქაღალზე. შედეგად მიიღეს სქელტანიანი წიგნი. გერმანელი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ტექსტებში ბუდას სწავლება იყო გადმოცემული. მაგრამ მოგვიანებით გაოცება ვერ დამალა, როცა ფილებზე ამოიკითხა ქვეყანაში მიმდინარე იმდროინდელი რეალური ამბები.
იეროგლიფური წარწერების შინაარსი ცვლის ევროპელთა წარმოდგენას ტრადიციულ ბუდიზმზე. იმის გამო, რომ ტექსტებს წერდა სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა დროს, ისინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან სტილითა და შინაარსით. ზოგი ტექსტი დაწერილია ფილოსოფიური ტრაქტატის ფორმით, შელამაზებული აღმოსავლური იგავებით, სხვები უფრო ჟამთააღწერას ჰგავს. ზოგი პირადი დღიურის შთაბეჭდილებას ტოვებს, სადაც აღწერილია ავტორის ფიქრები, განცდები, იმედი, ასევე წარსულის, აწმყოს და მომავლის მისეული ხედვა.
სამყაროს დასასრულზე კი, რისიც ასე ძალიან სწამდათ ტექსტების ავტორებს, ბევრგანაა საუბარი. დროთა განმავლობაში წარმოდგენა ბოლო ჟამზე იცვლებოდა და სამყაროს დასასრულს ისინი ხედავდნენ ზნედაცემულობაში, მოუსავლიანობასა და ცის მნათობთა მოძრაობაში. ბუდისტი ბერები ელოდნენ, რომ ზეციდან დაეცემოდა ქვის ლოდები, რომელიც გაანადგურებდა ყველაფერს, რაც ადამიანის ხელითა და ბუნების მიერ იყო შექმნილი. ასეთი აღწერა ძალიან ჰგავს პლანეტის ასტეროიდთან შეჯახებით და მსხვილი მეტეორიტების ჩამოვარდნით გამოწვეულ გლობალურ კატასტროფას. ჯერჯერობით ტექსტებში ზუსტი თარიღი თუ როდის უნდა მოხდეს კატასტროფა არაა მოკვლეული. თარიღის ძიება კვლავ გრძელდება.
No comments:
Post a Comment