Sunday, 9 May 2021

ქრისტეს ხელთუქმნელი გამოსახულება ვერონიკას მანდილზე


ბევრმა ამოუხსნელმა მოვლენამ მოაღწია ისტორიის სიღრმეებიდან და იესო ქრისტეს დროიდან ჩვენამდე. რელიგიურ რელიკვიებს შორის პირველ ადგილზეა ტურინის სუდარა, რომელზეც ქრისტეს გამოსახულებაა, მაგრამ ის ერთადერთი არტეფაქტი არ გახლავთ. იესოს  ხელთუქმნელი გამოსახულება შემორჩა ვერონიკას მანდილზეც, რომელზეც იესომ შეიწმინდა პირისახე. 

ქრისტიანული გადმოცემა გვიამბობს ლეგენდარულ სელის ქსოვილის მანდილზე იესოს ხელთუქმნელი გამოსახულებით. გადმოცემის თანახმად, გამოსახულება ქსოვილზე გაჩნდა მას მერე, რაც გოლგოთისკენ მიმავალ ტანჯვით აღსავსე გზაზე ქრისტეს ვერონიკამ  ოფლისა და სისხლის მოსაწმენდად  მანდილი მიაწოდა. სახარებაში არაფერია ნათქვამი ვერონიკასა და მის მანდილზე. ყველაზე ახლოს ამ ამბავთან დგას სასწაული, რომლითაც ქალი განიკურნა იესოს სამოსზე შეხებით. ქალის სახელი მოგვიანებით იდენტიფიცირდა აპოკრიფულ "პილატეს საქმენის"ვერონიკასთან. ეს ისტორია მე-11 საუკუნეში  გადამუშავდა და დაემატა ამბავი როგორ გადასცა იესომ ქალს ქსოვილზე გამოსახული საკუთარი გამოსახულება, რომლის დახმარებით ვერონიკამ განკურნა იმპერატორი ტიბერიუსი.

ტურინის სუდარის მსგავსად "ვერონიკას მანდილის"  წარმოშობა და სანდოობა უამრავ დისკუსიას იწვევს. იტალიურად მანდილს "ვოლტო სანტო" ანუ "წმინდა სახე" ჰქვია. იერუსალიმში ვია დოლორეზე დგას პატარა "წმინდა სახის" სამლოცველო. ტრადიციულად მას წმინდა ვერონიკას სახლად  და სასწაულის ადგილად მიიჩნევენ. 

ვარაუდობდნენ, რომ ვერონიკა იმყოფებოდა წმინდა პეტრეს ძველ ტაძარში, ვინაიდან იქ არსებული პატარა სამლოცველო მისი სახელითაა ცნობილი და ის აიგო პაპი იოანე VII-ის დროს. იქ არსებული მოზაიკა არ განეკუთვნება ვერონიკას ხანას. სარწმუნო ჩანაწერები იუწყება, რომ  1199 წლიდან, როცა ორმა მომლოცველმა სხვადასხვა დროს დაწერა რომში ყოფნის ანგარიში, იქ პირდაპირი მინიშნებაა ვერონიკას რეალურ არსებობაზე. 1207 წლიდან ქსოვილის ნახვა შესაძლებელი გახდა, ვინაიდან გამოიფინა საჯაროდ. მომდევნო ორასი წლის განმავლობაში მანდილი ითვლებოდა ყველაზე ძვირფას ქრისტიანულ რელიკვიად. იმ დროის ბევრმა მხატვარმა შექმნა მანდილის რეპროდუქცია. 1616 წელს პავლე V აკრძალა ვერონიკას მანდილის ასლების ხატვა.

ამ ხნის განმავლობაში მანდილი გაქრა თვალთახედვიდან და მასზე ჩანაწერებში აღარაფერია ნათქვამი. სავარაუდოდ, რელიკვია წმინდა პეტრეს ტაძარში დარჩა. 1907 წელს იეზუიტ ხელოვნებათმოცოდნე ჯოზეფ უილპერტს გამოსახულების შემოწმების ნება დართეს. მან თქვა, რომ ნახა ღია ფერის ოთხკუთხედი ფორმის დროისგან ფერდაკარგული ქსოვილი, რომელზეც მოჩანდა ერთამენთთან შეერთებული ჟანგისფერ-მოყავისფრო ლაქები.

რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ვერონიკა წმინდანად შერაცხა, თუმც სახარებაში მანდილთან დაკავშირებული სარწმუნო ცნობები არ მოიპოვება. ვატიკანს თუ ვერწმუნებით, ვერონიკა დიდხანს ინახავდა მანდილს. მოგვიანებით გაემართა რომში რათა იმპერატორ ტიბერიუსისთვის ეჩვენებინა ქსოვილი, რომლის შემწეობითაც ვერონიკამ განკურნა იმპერატორი. მანდილს განკურნების უჩვეულო თვისებები გააჩნდა. ამის შემდეგ ვერონიკამ ქსოვილი შესანახად გადასცა რომის პაპ კლიმენტის. და იმ დროიდან მანდილი ინახება რომის წმინდა პეტრეს ტაძარში.

1628 წელ პაპ ურბან VIII გამოსცა აკრძალვა მრევლისთვის მანდილის სადღესასწაულო ჩვენებასთან დაკავშირებით. მისი ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მანდილი გამოაქვთ საჯაროდ წელიწადში მხოლოდ ერთადერთხელ დიდმარხვის მეხუთე კვირას. ჩვენების დრო ხანმოკლეა. მასთან მიახლოების უფლება აქვთ მხოლოდ წმინდა პეტრეს ბაზილიკის ღვთისმსახურებს. 

2011 წელს ავსტრალიელმა კინემატოგრაფისტმა ვინსენტ რუელომ განაცხადა, რომ წმინდა პეტრეს ტაძარში დაცული მანდილი ნამდვილია. სამგანზომილებიანი ნეგატიური გადაღებისას, რომელიც ადრე ტურინის სუდარაზეც გამოიყენა, აქაც აღმოჩნდა ქრისტეს დაზიანებული სახე.

მაგრამ როგორც ცნობილია, არსებობს ვერონიკას მეორე მანდილიც, რომელიც ინახება იტალიის სოფელ მანოპელოს დედათა მონასტერში. 1999 წელს მამა პეტრე ფაიფერმა რომში მიმდინარე პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აღმოაჩინა მანდილი კაპუცინთა მონასტრის ეკლესიაში სოფელ მანოპელოში. პროფესორი ფაიფერი პროპაგანდას უწევდა ამ გამოსახულებას მრავალი წლის წინ. ის ამტკიცებდა, რომ გამოსახულება თავად ვერონიკას ეკუთვნოდა, რომელიც აღდგენის დროს, 1506 წელს ვატიკანიდან მოიპარეს. პროფესორს მიაჩნია, გამოსახულება ქსოვილზე, რომელიც ქრისტეს აკლდამაში ჰქონდა გადაფარებული, აღდგომის შედეგი იყო, ისევე როგორც ტურინის სუდარაზე. მისი აზრით მანდილის ისტორიას პირველ საუკუნესთან მივყავართ. უკანასკნელ ხანს ამ ქსოვილმა ფართო აღიარება ჰპოვა და 2006 წელს მას ბენედიქტ XVI ეწვია მოსანახულებლად.



ქსოვილი დამზადებულია იშვიათი ბოჭკოსგან-ბისუსი, რომელიც მოქსოვილია თხელი მოყვითალი სელისგან. მას ზღვის აბრეშუმის სახელითაც იცნობენ. ამ ქსოვილს იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები და ებრაელები. ის მხოლოდ ეგვიპტის ფარაონების სამარხებში გვხვდება.

სუდარის მსგავსად ეს გამოსახულებაც საღებავით ან სხვა ორგანული ნივთიერებით არაა შესრულებული. მეცნიერები იკვლევენ გამოსახულებას, მაგრამ საიდუმლო ჯერ არაა ამოხსნილი. ვატიკანი უარს აცხადებს აღიაროს იტალიის შორეულ მანოპელოს მონასტერში არსებული ვერონიკას მანდილის ნამდვილობა. 

მიუხდევად იმისა, რომ გამოსახულებას ღვთიურ წარმოშობისად მიიჩნევენ, ზოგიერთის აზრით მანოპელოს მანდილი უფრო ხელოვნური ქმნილების შთაბეჭდილებას ტოვებს. სტილისტურად  შუასაუკუნეების, ადრეული რენესანსის ხანის გამოსახულებას ჰგავს. ამასთან, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ქსოვილის რომთან კავშირის შესახებ. ერთ-ერთ ავტორს მიაჩნია, რომ ეს გამოსახულება ალბრეჰტ დიურერის დაკარგული ავტოპორტრეტია.






No comments:

Post a Comment