Sunday, 16 May 2021

ყველაზე უცნაური გრაგნილები, კოდექსები და უძველესი წიგნები ისტორიაში

მენდოსას კოდექსი

კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში დაწყებული პირველი იეროგლიფებიდან და ასოებიდან, დასრულებული თანამედროვე ფილოსოფიური ტრაქტატებით, ადამიანი იყენებდა დამწერლობას აზრის გამოსახატავად სხვადასხვა საკითხზე. ზოგიერთი წიგნი-დიდი რთული ტრაქტატებია, რომელიც არ ექვემდებარება გაშიფვრას დღესაც კი. ზოგის წარმოშობა გაურკვევლია, ზოგის-შინაარსი. ლიტერატურის ჩასახვის დროიდან კაცობრიობამ დააგროვა უამრავი ისეთი ნაწარმოები, რომელიც დღემდე აოცებს მეცნიერებს.

მენდოსას კოდექსი-აცტეკთა ილუსტრირებული კოდექსი, რომელიც დაიწერა დაახლოებით 1541 წელს. მასში დაწვრილებით არიან აღწერილი აცტეკები და მათი მმართველები, ცხოვრების ფორმა, კულტურა და ბევრი სხვა რამ.

კოდექსი დაიწერა აცტეკთა დამპყრობელ ესპანეთის მეფისთვის. ამიტომ წიგნში გაკეთებულ წარწერებს აქვს ესპანური თარგმანი, ასევე განმარტებები, რათა ეს ნაშრომი გასაგები ყოფილიყო ესპანეთში. კომენტარებს წერდა ესპანელი მღვდელი. ის თავისუფლად საუბრობდა აცტეკთა ნაუათლის ენაზე, მაგრამ თავად კოდექსი შედგენილი იყო ადგილობრივების მიერ.

აღნიშნული ნაშრომი იყო არაჩვეულებრივი და მისი ისტორიაც უცნაური გახლდათ. კოდექსი დაიწერა იმპერატორ კარლ V-თვის და ის ხომალდით გააგზავნეს ესპანეთში. ხელნაწერმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. გემს თავს დაესხნენ ფრანგი მეკობრეები და გაძარცვეს. წიგნი აღმოჩნდა საფრანგეთში. ის შეიძინა მეფე ჰენრიხ II-ის კოსმოგრაფმა ანდრე ტევემ, რომელმაც შეიტანა თავისი სახელი ხელნაწერში ხუთჯერ და ორ მათგანში მიუთითა 1553 წელი.

მოგვიანებით, ინგლისელმა რიჩარდ ჰაკლაიტმა იყიდა კოდექსი და ინგლისში წაიღო. მაგრამ ენის არცოდნის გამო, ტექსტის შინაარსი ყველასთვის გაუგებარი გახლდათ. წიგნმა რამდენჯერმე შეიცვალა პატრონი და საბოლოოდ, 1659 წელს მოხვდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში. იქ ინახებოდა წლების განმავლობაში, სანამ  მეცნიერებმა არ აღმოაჩინეს და 1831 წელს კანონიერ დოკუმენტად არ აღიარეს.

ლუციფერის პრინციპი   

"ლუციფერის პრინციპი" არ გახლავთ ისტორიული ნაშრომი. მისი ხსენება შეუძლებელი იყო იმ რეზონანსის გამო, რომელიც ამ წიგნს მოჰყვა საზოგადოებაში. ზოგს მიაჩნია, რომ წიგნის ავტორები იყენებენ მეცნიერებას ბოროტებისა და ფაშიზმის პროპაგანდისთვის.

ნაშრომის ავტორები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ბოროტება ნიცშეს პრინციპებით უბრალოდ ცუდი კი არა, არამედ კაცობრიობის არასასურველი მხარეა, რომლის ოდესღაც აღმოფხვრის იმედი აქვთ ადამიანებს. სინამდვილეში, თურმე ესაა შემოქმედებითი ძალა, რაც ჩვენი არსებობის სტრუქტურაში დევს. წიგნის ზოგიერთი პოსტულატის კითხვისას შეიძლება გაოცდე და საკუთარ თავს დაუსვა კითხვა: რატომ არ აიკრძალა ეს წიგნი საერთოდ?- "შენ არ ხარ ბოროტი, ვინაიდან არასრულყოფილი ხარ; შენ ბოროტი ხარ, ვინაიდან ცხოვრებისეული ყველა სტრუქტურა თავისი არსით ნაწილობრივ ბოროტია...და ბიოლოგია გვეუბნება, რომ ეს ასეა. ბოროტება შენს დნმ-შია. შეურიგდი ამას..."

რიპლის გრაგნილი    

"რიპლის გრაგნილი"-ინგლისური ალქიმიური ტექსტი, მეტისმეტად ოკულტური, ფარული აზრითა და გამოცანებით სავსე. ნაშრომს მიაკუთვნებენ ინგლისელ ჯორჯ რიპლის, რომელიც ცხოვრობდა 1415-1490 წლებში. გრაგნილის შინაარსის გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია. შუა საუკუნეების ნაწარმოებთა უმეტესობა სხვა სამყაროზე ზღაპარივით იკითხება. ეს ალქიმიურ-ოკულტური ნაშრომი კიდევ უფრო შორსაა ამ სამყაროსგან, ვიდრე იმ დროის ჩვეულებრივი ნაშრომები.

წიგნში ხშირადაა ნახსენები ოკულტური სიმბოლიკა, რომლის გაშიფრვა შეუძლებელია. ერთი შეხედვით, ტექსტის მიზანია ალქიმიის შინაგანი არსის ახსნა, ლითონების ოქროდ გადაქცევისკენ სწრაფვა. მაგრამ ალქიმიაზე ახლა გარკვეულწილად თითქმის არაფერი ვიცით.

ფილოსოფიური ქვის ძიების, ტყვიის ოქროდ გადაქცევისა და "სიცოცხლის ელექსირის" შექმნის გარდა, ალქიმიის უფრო ღრმა მნიშვნელობა მდგომარეობდა ისეთი ნივთიერების მოძიებაში, რომელიც გაწმენდდა ალქიმიკოსის სულს. აი, რატომაა "რიპლის გრაგნილი" და სხვა ალქიმიური ნაშრომები ასეთი პირქუში, თითქმის სურეალისტური ლიტერატურული ნაწარმოები, მეტაფორებით, აბსტრაქციით, პოეზიით გამსჭვალული, სადაც მიზნები შეფარულია სიმბოლიზმში. ეს ნაშრომი წარმოადგენს შუა საუკუნეების უცნაურ საიდუმლოს.

სატანის წერილები   

სატანის სალოცავის მოძღვრის პიტერ გილმორის დაწერილი "სატანის წერილები" სულაც არაა დაფარული საუკუნოვანი საიდუმლოთი და არც აზრია მასში არეულ-დარეული. ესაა ესეების, იდეების, სოციალური კომენტარების კრებული. ის ძირითადად ეყრდნობა ანტონ ლავეის შრომებს, რომელმაც ოფიციალურად დააფუძნა ეშმაკის ეკლესია.

წიგნში გილმორი განიხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა სატანისტთა ქორწინება. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ერთსქესიანთა ქორწინებაზე. გილმორი ადამიანებს ადარებს შავ ხვრელებს-ზოგიერთი იზიდავს სხვებს საკუთარი გავლენის სფეროში. ვინც უფრო ძლიერია თავისით მიიწევს წინ ინდივიდუალური გზით, იმ დროს, როცა სხვები პარაზიტირებენ საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე  "ეწებებიან თავის პატრონებს".

როხონცის კოდექსი   

უკვე 180 წელია, რაც "როხონცის კოდექსის" გაშიფრვას ვერ ახერხებენ. ეს ხელნაწერი საჩუქრად გადაეცა უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიას მე-19 საუკუნეში. მას მერე ბევრი ენათმეცნერი მუშაობდა ამ ხელნაწერზე, მაგრამ ერთი სიტყვის გაშივფრაც კი ვერ მოახერხა. უფრო მეტიც, ის ვერ დაუკავშირეს ვერცერთ ენას. ხელნაწერი არ არის რომელიმე კულტურის ძველი ნაშრომი. ის მიზანმიმართულადაა დაწერილი არსისა და აზრის დასაფარად. მკვლევარები ვერ იგებენ რაზეა მასში საუბარი.

ამ არაჩვეულებრივად ილუსტრირებული ხელნაწერის ისტორიაც უცნობია. სავარაუდოდ, ის პირველად გამოჩნდა 1743 წელს როხონცის ბიბლიოთეკაში, უნგრეთში. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები უნგრულად არაა დაწერილი, მიაჩნიათ, რომ ის უნდა იყოს ლოცვები და ეკუთვნოდა  უნგრელს. 1838 წელს უნგრელმა თავადმა გუსტავ ბატიანმა, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა, თავისი ბიბლიოთეკა საჩუქრად გადასცა უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიას. სწორედ მაშინ სცადეს "როხონცის კოდექსის" თარგმნა თანამედროვე ენაზე, მაგრამ უშედეგოდ. ის მართლაც მსოფლიოში ყველაზე საიდუმლოებით მოცული ლიტერატურული ნაწარმოებია. თუმც ზოგიერთი მას მისტიფიკაციად მიიჩნევს.

მომავლის ნიშანთა და წინასწარმეტყველებათა
ქრონიკები

წიგნი "მომავლის ნიშანთა და წინასწარმეტყველებათა ქრონიკები" დაწერილია ინგლისურ ენაზე. კონრად ლიკოსტენმა ეს წიგნი გამოსცა 1557 წელს. წიგნში საკმაოდ ფართოდაა თავმოყრილი  მონსტრების კოლექცია, ოკულტური რწმენები, დაკვირვებები გალეის კომეტასა და შემზარავ ცხოველებზე, ასევე ბევრი სხვა რამ, დაწყებული ადამისა და ევასგან, ძველი საბერძნეთით და შუა საუკუნეებით დასრულებული.

ესაა ალმანახი ადამიანის სრულიად უცნაურ რწმენებზე ძველი ისტორიიდან დაწყებული 1557 წლამდე. ის შეიცავს ბევრ ბნელით მოცულ, ფატალისტურ წინასწარმეტყველებებს, რომელიც შინაარსით ძალიან წააგავს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებას ჩვენს თანამედროვეობაზე. ქრონიკებში ასევე აღწერილია ზღვის ურჩხულები, სტიქიური უბედურებები. წიგნი დიდი ენციკლოპედიაა, რომელიც "გამოცხადების" ფორმითაა დაწერილი.

ნაგ-ჰამადის კოდექსი        

ნაგ-ჰამადის კოდექსი გახლავთ ქრისტიანული ხელნაწერების დიდი კოლექცია, რომელიც ინახებოდა ეგვიპტის უდაბნოში 1600 წლის განმავლობაში და შემთხვევით აღმოჩნდა 1945 წელს. ის მთლიანობაში წარმოადგენს ქრისტიანული გნოსტიციზმის საფუძველს, რომელიც მივიწყებიდან 1600 წლის შემდეგ აღმოჩნდა. ამ ხნის განმავლობაში იყო მრავალი ცდა გაენადგურებინათ ადრეული ქრისტიანობის ნაწარმოებები. ბევრი ნაშრომი, რომლის შესახებ ახლა გახდა ცნობილი, ბიბლიიდან ამოიღეს პოლიტიკურ და რელიგიურ მიზეზების გამო. ამიტომ ნაგ-ჰამადის კოდექსი გახლავთ ძირითადი დასაყრდენი.

კოლექციაში შესულია თომას სახარების ერთადერთი სრული ტექსტი, რომელიც ყველაზე საინტერესოა, ვინაიდან მასში თავმოყრილია იესოს გამონათქვამთა უმეტესი ნაწილი.

ეს დიდი ბიბლიოთეკა გვთავაზობს იესოს ცხოვრების ალტერნატიულ მოთხრობებს, რომელიც შედგება 52 ტექსტისგან, 13 ტომად ტყავის ყდაში. ადრეული ქრისტიანობის ჟამს  არსებობდა ბევრად მეტი სექტა და ტექსტი, რაზედაც მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდა. ამ დიდმა აღმოჩენამ სინათლე მოჰფინა ადრეულ ქრისტიანთა რწმენას. გნოსტიკური მიდგომა უფლებას იძლევა ქრისტიანობას შევხედოთ ოკულტური კუთხით.

ძალა მართალია ანუ გადარჩენის  
უნარი

"ძალა მართალია" ან "გადარჩენის უნარი"-უცნაური ნაშრომი, რომელიც რაგნარ რედბერდის ფსევდონიმითაა დაწერილი. არავინ იცის ავტორის ნამდვილი სახელი. ამ წიგნის ძირითადი აზრი მდგომარეობს ძლიერთა გამართლებაში. მათ რაც სურთ უეჭველად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მაშინაც კი, როცა სრული უსამრთლობაა რაც სურთ. ეს უცნაური წიგნი დაიბეჭდა 1890 წელს.

არაა საკვირველი, რომ ინგლისში, ვიქტორიანულ ეპოქაში ეს ნაშრომი, რომელიც ყველა კულტურულ ღირებულებასთან წინააღმდეგობაში მოდის, ანონიმურად გამოიცა, ვინაიდან ადვილად მოსალოდნელი იყო ავტორი დაეჭირათ ან მოეკლათ.

"ძალა მართალია" აკრძალული წიგნების სიაშია შესული. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში შესაძლებელია ამ წიგნის ნახვა, გამომცემელთა უმეტესობა უარს აცხადებს მის დაბეჭდვაზე, ვინაიდან ნაწარმოები მხარს უჭერს ეგოიზმს, ანარქიას და ძალას. "ძალა მართალია" ემხრობა სრული სოციალური დარვინიზმის იდეას, უარყოფს ყველანაირ ეთიკურ ნორმას, ასევე ბუნებრივ ადამიანურ და სამოქალაქო სამართალს ან ყველანაირ სამართალს, რომელიც არ ეყრდნობა ძალას და ძალაუფლებას. წიგნის თანახმად, ძალა ერთადერთია, რომელსაც შეუძლია სამართალის დამყარება ამქვეყნად. 














No comments:

Post a Comment