Tuesday, 11 April 2017

ირამი_დაკარგული და მისტიკური ქალაქი ( ნაწილი I )



მითიური ქალაქი ირამი (იგივე უბარი) ნახსენებია ეგვიპტურ მითებსა და ყურანში. ქალაქის კოშკები ნაგები იყო ლითონისა და ძვირფასი ქვებისგანა მეფე შადადის დროს. გადმოცემით, უძველესი ქალაქი დაანგრია "ქარიშხალმა", რომელიც რამდენიმე დღე-ღამე მძვინვარებდა. ამის შემდეგ, ირამი  შთანთქა სილამ. ეს იდუმალი ქალაქი გაჩნდა ხუთი ათასი წლის წინ არაბეთის უდაბნოში. მას უბარი-სვეტებიანი ქალაქი  უწოდეს. ძველი სამყაროს ყველა ცივილიზაციამ იცოდა ამ აყვავებული ქალაქის შესახებ,  რომელიც სურნელოვანი ზეთებითა და მირით (საკმეველი) იყო სახელგანთქმული. შემდეგ ნელ-ნელა ყველამ მიივიწყა  ამ ქალაქის არსებობა და მისმა სახელმა ლეგენდაში  გადაინაცვლა.


უკანასკნელ დრომდე თვლიდნენ, რომ ირამი გამონაგონია, რომელიც მხოლოდ ყურანში, ისლამამდელ გადმოცემებსა  და "ათას ერთი ღამის" ზღაპრებში ცოცხლობს. მაგრამ კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე გამოჩნდა ძველი ქალაქის  ნაშთები. ტერიტორია თანამედროვე იემენშია. გაიგზავნა რამდენიმე ექსპედიცია.


გათხრებისას აღმოჩნდა დიდი ციხესიმაგრის ნანგრევები.  მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის ეს ნამდვილად მითიური ირამია თუ არა. ირამში სახლობდნენ მაღალი კულტურისა და გონების გოლიათი ადიტები. ყურანში ნათქვამია, რომ ადიტები ყველგან აგებდნენ სვეტებს მომაღლო ადგილებზე, რაც მეგალითებზე ერთგვარი მინიშნება გახლავთ.  სვეტები იგებოდა  უკვდავების მიღწევის იმედით. ებრაელები ადიტებს ნეფილიმების სახელით იცნობენ. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ირამისკენ მიმავალ   გზას მხოლოდ მაშინ იპოვი, თუ გამოიცნობ თავსატეხს, რომელიც დაშიფრულია  ირამზე არსებულ ლეგენდაში.

მუსლიმური გადმოცემის თანახმად, მათი წინაპარი იყო ადი-ნოეს პირდაპირი შთამომავალი. ადიტებს  ყველაფერი ჰქონდათ და ბედნიერად ცხოვრობდნენ,  მაგრამ ქედმაღლობა სიმდიდრის მატებასთან ერთად პირდაპირპროპორციულად ეზრდებოდათ. ღმერთმა გაფრთხილების სახით საშინელი გვალვა მოუვლინა. გვალვა სამი წელიწადი გაგრძელდა. წყლის დონემ დაიწია და მასთან ერთად ჩაესვენა ადიტთა მზეც. მაგრამ ადიტებმა ყურად მაინც არ იღეს ღვთის გაფრთხილება და აგრძელებდნენ წარმართულ რიტუალებს. ღმერთმა კიდევ ერთხელ და უკანასკნელად შეახსენა  თავი და გამოუგზავნა წინასწარმეტყველი, რომელიც შეეცადა მათ მაჰმადიანობაზე მოქცევას, მაგრამ ადიტებმა მოციქულს უარი უთხრეს და მატყუარა უწოდეს. ღმერთმა წყენა აღარ აპატია და საშინელი ქარიშხალა მოუვლინა. რის შემდეგ აყვავებული ქალაქი ჩაიმარხა უდაბნოს ქვიშაში. ყურანი არ გახლავთ ერთადერთი წიგნი, სადაც საუბარია "სვეტებიან ქალაქზე". მასზე ცნობა ჰქონდა პტოლომეოსსაც. ხოლო ჰეროდოტე ირწმუნებოდა, რომ უბარის საკმევლის ტყეს დარაჯობდა მფრინავი გველი. 

მეცნიერებმა სამგაზომილებიანი გრაფიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აღადგინეს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სვეტების ნაშთები. ისინი ფიქრობენ,  რომ ეს ნამდვილად "სვეტებიანი ქალაქი" უნდა ყოფილიყო.

არაბული მითოლოგიის მიხედვით, ირამი მდებარეობს უდაბნო რუბ ალ-ჰალიში. სავარაუდოდ, ამან შთააგონა ჰოვარდ ლავკრაფტი დაეწერა წიგნი უსახელო ქალაქზე, რომელიც ღრმადაა ქვიშაში ჩაფლული. თითქოს სწორედ ეს ადგილი ნახა სიზმარში "ნეკრონომიკონის"-არაბულად "კიტაბ ალ აზიფ"-ის ავტორმა, შეშლილმა პოეტმა, იემენელმა აბდულ ალ-ჰაზრედმა  მე-8 საუკუნეში. ლავკრაფტის ვერსიით, სწორედ ის გახლავთ "ნეკრონომიკონის" ავტორი (ლავკრაფტის ალტერ ეგო).

წიგნის ასლების ადგილმდებარეობა უცნობია. მათ შესახებ იციან მხოლოდ საიდუმლო სკოლების ხელდასმულებმა. როგორც ირკვევა, ალ-ჰაზრედის ტიტულს ჰქონდა ფარული მნიშვნელობა "შეშლილი პოეტი"-იდუმალი ცოდნის მფლობელი, რომელიც პირდაპირ ამყარებდა ურთიერთობას სხვა რეალობის უძლიერეს არსებებთან. ამბობენ, მე-7 საუკუნიდან მოყოლებული ყოველთვის რჩება ამ საიდუმლო წიგნის ერთნაირი რაოდენობა. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, პროფანებს(უზიარებელთ) უფლება არ აქვთ წაიკითხონ "მიცვალებულთა წიგნი". ვინც ამას გაბედავს ელოდება სასჯელი. 

ალ-ჰაზრედმა მოინახულა ჯერ ბაბილონის ნანგრევები, მემფისის კატაკომბები და მარტოობაში გაატარა ათი წელი არაბეთის დიდ უდაბნოში, რომელსაც არაბებმა რუბ ალ-ჰალი შეარქვეს, რაც "ცარიელ სივრცეს" ნიშნავს. თანამედროვენი მას უწოდებენ დაჰნას-წითელი უდაბნო. გადმოცემით, ამ უდაბნოში სახლობენ ბოროტი სულები. მოგვიანებით, "კიტაბ ალ-აზიფი" ითარგმნა ბერძნულად და ეწოდა"ნეკრონომიკონი", რაც ნიშნავს "მიცვალებულთა ჩვევების აღწერას-მიცვალებულთა კანონს". წიგნი ლათინურადაც ითარგმნა.

 XVI-XVII ს-ში "ნეკრონომიკონი" მოხვდა ჯონ დისთან, რომელმაც ის ინგლისურად თარგმნა.  "ნეკრონომიკონის" თანამედროვე ვერსია გაფორმებულია სტილიზებული ილუსტრაციებით, ხოლო ყდა ხელოვნების ნიმუშია.

                                                       


გადმოცემით, ამ წიგნს შეუძლია ჭიშკრის გაღება პარალელურ სამყაროებში. ჭიშკარი ორივე მხარეს იღება, მაგი ძალაუფლების სანაცვლოდ რისკავს შემოუშვას ჩვენს რეალობაში დამანგრეველი ძალის მქონე სულები. შესაძლოა სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ყოველთვის ობივატელთა თვალისგან დაემალათ "მიცვალებულთა წიგნი"- "ნეკრონომიკონი", რათა არავის შესძლებოდა მისი წაკითხვა. თუმც "ნეკრონომიკონს" შეუძლია არამარტო ნგრევა, ის ხსნის დიდ შესაძლებლობებს სხვა სამყაროთა წვდომაში, ე.ი. ცოდნის გაფართოებაში. მაგრამ იმისათვის რომ ეს შესაძლებელი გახდეს, საჭიროა კაცობრიობა ცოტათი "გაიზარდოს".

"ნეკრონომიკონის" თანახმად, დედამიწას მართავდნენ უძველესი და უძლიერესი არსებები სხვა სამყაროებიდან-სხვა განზომილებებიდან. ისინი თაყვანს სცემდნენ ღვთაება ქთულჰუს.


ქთულჰუ გახლავთ რვაფეხას  მსგავსი ურჩხული. მთვლემარე ქთულჰუ ოკეანის ფსკერზე განისვენებს. ალ-ჰაზრედმა მოინახულა მიტოვებული ქალაქი  ირამი (ქთულჰუს ცენტრი), სადაც ბევრ მაგიურ უცნაურობებს გაეცნო. ასაკში შესულმა ალ-ჰაზრედმა, რაც გაიგო და ნახა, აღწერა თავის პოეტურ წიგნში "კიტაბ ალ-აზიფ". ირამს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არაბულ მაგიაში. არაბებს სწამთ, რომ ირამი ააგეს ჯინებმა ადიტთა მეფე შადადის ბრძანებით. 

ბიბლიის ერთ-ერთი ვერსიით შადადმა და ჯინებმა ააგეს ირამი ადამის გაჩენამდე  დიდი ხნით ადრე. უფრო დაწვრილებით ამაზე საუბარია ტექსტში"ვერცხლის გასაღების ჭიშკარი":
"ძველი ვერცხლის გასაღები გააღებს საჭირო კარს, რომელიც კეტავს                     დროისა და სივრცის დერეფნებისკენ მისასვლელს. ის                                             გადაჭიმულია  საზღვრამდე,  იქცა ნაკრძალად                                                           ადამიანებისთვის. მას მერე, შადადმა თავისი ნიჭით აღმართა და                         დაფარა არაბულ პეტრაში მრავალსვეტებიანი ირამის დიდებული                       ტაძრები  და უამრავი მინარეთი." 
იქ, ციხესიმაგრის ქვაზე ამოკვეთილი იყო გიგანტური ხელი. ამ ხელს ერგება და მას აღებს ვერცხლის გასაღები. ქალაქი კვლავ რჩება  უხილავი ჩვეულებრივი თვალისთვის, მაგრამ ხანდახან ეჩვენება ხოლმე მოგზაურებს. მუქარიბებს (არაბი მაგები) სწამთ, რომ ირამი მდებარეობს რეალობის სხვა დონეზე, ვიდრე ეს გახლავთ ჩვეულებრივი ფიზიკურად არსებული ქალაქი. არაბი მისტიკოსებისთვის სვეტები წარმოადგენს უძველესთა დაშიფრულ სახელწოდებას.

       
ამგვარად, ირამი ანუ "სვეტებიანი ქალაქი" ნიშნავს "უძველესთა ქალაქს". არაბული ლეგენდის თანახმად, ირამი მდებარეობდა რუბ ალ-ჰალის უდაბნოში. მუქარიბებისთვის რუბ ალ-ჰალის აქვს ფარული მნიშვნელობა. არაბულ ტრადიციაში რუბ ალ-ჰალი ითარგმნება როგორც "ფარული კარი სიცარიელეში". მუქარიბთათვის რუბ ალ-ჰალი წარმოადგენს საიდუმლო ჭიშკარს (დაატი) სიცარიელეში (აინი). სწორედ ამ სიცარიელეში მდებარეობს "უძველესი ქალაქი". ლავკრაფტს მიაჩნია, რომ უძველესნი მოვიდნენ გარედან (სხვა განზომილებიდან). რუბ ალ-ჰალი გულისხმობს არა რეალურად არსებულ უდაბნოს, არამედ არაბულ ეკვივალენტს-დაატი, რომელშიც შედიოდნენ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში. ირამი არის ცარიელი მხარის ის ნაწილი, რომელიც ახორციელებს "სიცარიელესთან" და მის ბინადრებთან კავშირს. როცა მუქარიბი გადის ირამით სიცარიელეში, იგი აღწევს ფანას ანუ გაქრობას (აზრის წაშლას). გაქრობა არის უმაღლესი მიღწევა სუფიურ და მუქარიბულ მისტიციზმში. ალ-ჰაზრედის ერქვა "შეშლილი პოეტი". არაბულად შეშლილის შესატყვისია მაჯნუნი. ეს მნიშვნელობა მან მოგვიანებით შეიძინა, ხოლო მე-8 საუკუნეში ეს ტერმინი "ჯინებით შეპყრობილს" ნიშნავდა. ძველი ლეგენდების მიხედვით, ჯინები ჯერ კიდევ ადამამდე დაეშვნენ ზეციდან დედამიწაზე. ისინი წინ უსწრებდნენ კაცობრიობას და ამიტომ მათ ეწოდათ პროადამიტები. უმეტეს არაბულ მითებში პოეტებს შთააგონებენ ჯინები. ამიტომ ამტკიცებდა მუჰამედი, რომ ის არ იყო პოეტი. ამით სურდა ყველას სცოდნოდა, რომ მან აღთქმა ღმერთისგან მიიღო და არა ჯინებისგან. აქედან გამომდინარე, ალ-ჰაზრედის კონტაქტი ჯინებთან ჰქონია და მისი ნაწერები შთაგონებული იყო მათგან. რაც მოწმობს იმას, რომ ლავკრაფტი ფლობდა არაბული მაგიის უიშვიათეს წყაროს. სავარაუდოდ, ისტორიული ქალაქის უკან იდგა ქალაქი, რომელიც იმყოფებოდა მეტაფიზიკურ რეალობაში. იქ არის გასასვლელი დროისა და სივრცის დერეფნებისკენ. შესაძლოა სწორედ ამ დერეფნებიდან შემოდიან ჩვენთან სხვა სამყაროს წარმომადგენლები.

გადმოცემით, "ნეკრონომიკონის" განადგურება შეუძლებელია. მსოფლიოში ტრიალებს მისი 96 ხელნაწერი ასლი, მაგრამ მხოლოდ შვიდ მათგანს აქვს ნამდვილი ღირებულება-სამი არაბულ ენაზე, ერთი ბერძნულად, ორი ლათინურად და ერთი ინგლისურად. დანარჩენ ასლებს აქვს ხარვეზები. წიგნებს შეუძლიათ შეასრულონ ჭიშკრის ფუნქცია სხვა განზომილებაში. ამ წიგნის ფლობაზე ოცნებობდნენ პოლიტიკოსები და ოკულტისტები, მაგრამ გადმოცემით, წიგნი პატრონს თავად ირჩევს.

ლავკრაფტის ბევრი ნაწარმოები დაწერილია სიზმრებზე დაყრდნობით. ის ხედავდა სიზმრებს გაგრძელებით-იშვიათი სიზმრის ტიპი, როდესაც მომდევნო სიზმარი იწყება იმ მომენტიდან, სადაც წინა დასრულდა. სიზმრის მხილველი კი ხვდება, რომ სძინავს და სიზმარში ის სრულ გონებაზეა. ასეთი სიზმრები სუფიებისა და ბუდისტების პრაქტიკის მთავარი ნაწილია.  ბევრი მითი სწორედ სიზმრებიდანაა ამოსული. გადმოცემით, ლავკრაფტს ტელეპატიის უნარიც გააჩნდა. ამბობენ, დედამიწაზე რუბ ალ-ჰალის მსგავსი სხვა ადგილი არ არსებობს. ლავკრაფტის თქმით ალ-ჰაზრედმა იმოგზაურა ეგვიპტეშიც სხვადასხვა ოკულტური საიდუმლოების შესასწავლად.  მას დამასკოში ყოფნისას ახლო ურთიერთობა ჰქონია იოანე დამასკელთან. იქ დაწერა  წიგნი "ნეკრონომიკონი".

No comments:

Post a Comment