Sunday, 30 April 2017

შვიდი სიკვდილის ველი



ინდოეთის ჩრდილოეთ მხარეს, ჰიმალაის მთიანეთში მდებარეობს ადგილი, რომელმაც ნამდვილად დაიმსახურა "შვიდი სიკვდილის ველის" სახელი, ვინაიდან ცოტამ თუ მოახერხა  იქიდან ცოცხალმა დაბრუნება. თითქმის ასი წელია რაც ადგილობრივები ამ ადგილს გვერდს უვლიან და უარს ეუბნებიან თავგადასავალთა მაძიებელიებს იქ გაცილებაზე. ველის მონახულება კანონით აკრძალულია და მისი კოორდინატებიც გასაიდუმლოებულია.

"შვიდი სიკვდილის ველმა" სახელი გაითქვა XIX საუკუნეში, მას მერე, რაც ადგილობრივი მონადირე ნადირობისას შემთხვევით ამ ადგილზე აღმოჩნდა. ამინდი გაუარესდა, წვიმამ დაუშინა და მონადირემ იქვე ახლოს მდებარე გამოქვაბულს შეაფარა თავი.
როცა ცეცხლი დაანთო გასათბობად, მაშინღა აღმოაჩინა, რომ გამოქვაბულში მარტო არ იმყოფებოდა. კუთხეში სამხედრო ფორმაშემოფლეთილ ჩონჩხს მოჰკრა თვალი. იქვე იყო ოფიცრის ჩანთაც. მონადირემ ჩანთაში ორი პისტოლეტი, პირადი ნივთები და ბლოკნოტი იპოვა. ეს ბლოკნოტი საბოლოოდ ხელთ ჩაუვარდა ავანტურისტ, განძის მაძიებელ გრემ დიკფორდს. გაყვითლებული ფურცლების კითხვისას დიკფორდი მიხვდა, რომ ხელში ეჭირა ბრიტანეთის კოლონიური ჯარის კაპიტან რიჩარდ ბეტერფილდის დღიური.

ადგილობრივებისგან ბეტერფილდს გაგონილი ჰქონდა "შვიდი სიკვდილის ველის" განძის შესახებ-რაჯას დაკარგული განძი. ათკაციან რაზმთან ერთად ის განძის საძიებლად გაეშურა. დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ისინი მიადგნენ ტბას. კაპიტანმა გადაწყვიტა მეორე დღეს ტივი შეეკრა და მეორე ნაპირზე გადასულიყო. იმ ღამით კი იქვე დაბანაკდნენ მოსასვენებლად. დილით, გაღვიძებისთანავე შეამჩნია, რომ  მისი თანმხლები მთელი ჯგუფი უკვალოდ გამქრალიყო. ცეცხლი ისევ ენთო, ყველა ნივთი ხელუხლებლად ელაგა თავის ადგილზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს ჯარისკაცებმა ტბაში ბანაობა ერთდროულად გადაწყვიტეს. კაპიტანი ტბას მიუახლოვდა და შიგ ჩაიხედა, მაგრამ შეშინებული გადახტა უკან. დღიურის ჩანაწერი იტყობინებოდა, რომ ტბის ფსკერზე კაპიტანმა ვიღაცის საშინელი, მოელვარე თვალთა მზერა დაინახა, რომელიც მას წყალში ჩახტომას აიძულებდა. კაპიტანმა თავს ძალა დაატანა, მოტრიალდა და უკანმოუხედავად გაიქცა. თავს ცუდად გრძნობდა, მთელი სხეული ეწვოდა, თავბრუ ეხვეოდა, გონება ერეოდა. გამოქვაბული მოძებნა და იქ შეაფარა თავი, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

დღიურის გაცნობის შემდეგ, გრემ დიკფორდს რაჯას განძის ძიება  ცხოვრების მიზნად ექცა. მან ზუსტად გამოთვალა ველის კოორდინატები, შეკრიბა თავისნაირი ავანტურისტთა ჯგუფი და 1902 წელს ექსპედიცია დიკფორდის ხელმძღვანელობით მთებისკენ გაეშურა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა.

გავიდა ცოტა ხანი და მთის ერთ დასახლებაში გამოჩნდა ტანსაცმელშემოფლეთილი, თვალებარეული მამაკაცი. ეს იყო დიკფორდი. ის სავადმყოფოში გადაიყვანეს. დიკფორდი ლუღლუღებდა რაღაც მფრინავ ცეცხლზე, რომელმაც მისი მეგობრები მოკლა, მზერით მკვლელი ღამის მოჩვენებებზე, გაურკვეველ ღამის აჩრდილებზე. დიკფორდს კანი მთლიანად დამწვარი ჰქონდა, თავზე თმა კი სულ დასცვენოდა. ჰქონდა მაღალი სიცხე და ციებ-ცხელება. განძის მაძიებელი სამ დღეში ტანჯვით გარდაიცვალა.

ხელისუფლებამ  ყურადღება არ მიაქცია შეშლილი კაცის ნაბოდვარს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ  ჯგუფში იმყოფებოდა გავლენიანი ჩინოსნის ნათესავი, რომელმაც მოითხოვა მეცნიერთა ჯგუფის გაგზავნა ველზე ექსპედიციის დაღუპვის მიზეზების გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ ველზე ბევრი შხამიანი გველი ბინადრობს, ამასთან ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ამ ადგილებში თუ შეგხვდებათ. აქვე იზრდება უამრავი შხამიანი მცენარეც. ტბა კი გამოჰყოფს ტოქსიკურ გაზს. რომელიც გარკვეულ პირობებში წამლავს ირგვლი ჰაერს.

ექსპედიციის ერთმა წევრმა ცეცხლის დანთება გადაწყვიტა. გაჰკრა თუ არა ასანთს ღერი, გაისმა საშინელი გრუხუნის ხმა და ველის გარშემო ცეცხლი აალდა, რომელიც ეკიდებოდა სხეულს და მძიმე დამწვრობას იწვევდა. ჯგუფის ორმა წევრმა ვერ გაუძლო ტკივილებს და გაქანდა ტბისკენ გაქანდა, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწია და მიწაზე დაეცა. ცეცხლის ენები მოულოდნელად გაქრა. მათ კი ვეღარაფერი უშველეს, ვინაიდან  მაშინვე დაიღუპნენ. ექსპედიციის გადარჩენილი წევრები მოგვიანებით ყვებოდნენ, რომ ტბის ნაპირზე მათ თავბრუ ეხვეოდა და თავს ცუდად გრძნობდნენ.

1911 წელს წასულმა ექსპედიციამ უფრო მეტი დანაკარგი განიცადა. შვიდი წევრიდან ხუთი მალევე დაიღუპა. დარჩენილი ორი, მიუხედავად დატრიალებული უბედურებისა, განაგრძობდა დღიურის წერას, სადაც აღწერეს საკუთარი თავგადასავალი. ხუთი უფრო გაბედული მათგანი ტბისკენ დაეშვა. ტბის ნაპირზე მოულოდნელად დაიწყეს გაუგონარი სისწრაფით ბზრიალი. რის შემდეგ, სულამოხდილები დაეცნენ მიწაზე. ორი მათგანი შეშინებული გაიქცა, მაგრამ სად და როგორ დაიღუპნენ გაურკევევლი დარჩა.

მათი დღიურები აღმოაჩინეს 1919 წელს ჩატარებული ექსპედიციის წევრებმა. ექსპედიციის წევრებს ჰქონდათ აირწინაღები და სპეც.კოსტუმები. დღიურების გარდა 17 ადამიანის ჩონჩხიც ნახეს. ექპედიციაში იმყოფებოდნენ მთასვლელებიც. მათ გადაწყვიტეს ტბის მეორე ნაპირზე ციცაბო კლდეებზე ცოცვით გადასულიყვნენ. მაგრამ საამისოდ აირწინაღების მოხსნა დასჭირდათ. როგორც კი მიაღწიეს კლდის წვერს, მორთეს ყიჟინა და ხელების ქნევით ნიშანს აძლევდნენ დაბლა დარჩენილთ.  მოულოდნელად, თითქოს ვიღაცის ბრძანებით, ერთდროულად გადახტნენ ტბაში და თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.

მიზეზები დღესაც გაურკვეველია. ხელისუფლებამ  აკრძალა მსგავსი ექსპედიციების მოწყობა და ეს ადგილი დახურულ ზონად გამოცხადდა.



No comments:

Post a Comment