Sunday, 16 April 2017

სიბილას გამოქვაბული_გზა მიწისქვეშა სამყაროსკენ


           
ვერგილიუსი "ენეიდაში" აღწერს გამოქვაბულს უამრავი გასასვლელებით, რომელიც მიემართება მიწისქვეშა სამყაროს სიღრმეში. ეს ადგილი გახლდათ უძველესი პორტალი, რომლის შესახებ იცოდნენ რომაელებმა.  სიბილას გამოქვაბული მდებარეობდა თანამედროვე ნეაპოლის მახლობლად მდებარე ბერძნულ დასახლება კუმეიში.  აქ შეხვდა 700 წლის წინასწარმეტყველი სიბილა ენეასს და უჩვენა გამოქვაბულისკენ მიმავალი გზა.


კუმეი იყო ბერძენთა დასახლება აპენინის ნახევარკუნძულზე. ის მდებარეობს ვულკანურ წარმონაქმნებზე და ცნობილია ფლეგრეის მინდვრების სახელით. ფლეგრეის მინდვრები მთლიანად  დაკავშირებულია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მითებთან.

ამ ადგილზე მოხდა გიგანტომახია-ღმერთთა ჭიდილი ზევსის მეთაურობით, რომელსაც ეხმარებოდა ჰერაკლე გოლიათებთან ერთად. სტრაბონი აღწერს მათ როგორც უძველეს მიწისქვეშა ბინადრებს. გადმოცემით, ისინი ერთმანეთთან გვირაბებით იყვნენ დაკავშირებული. 


ვულკანური კრატერის მახლობლად მდებარეობს ტბა ავერნო, რომელსაც ბერძნები და რომაელები თვლიდნენ ტარტაროზის ჭიშკრად. მასზე გადაფრენისას ფრინვლები იხოცებოდნენ მომწამვლელი ორთქლისგან.



 1932 წელს არქეოლოგმა ამადეო მაიურმა აღმოაჩინა აქ  ჩასასვლელი მიწისქვეშა სამყაროში. კუმეი დიდი მიწისქვეშა სამყაროა, მაგრამ სიბილას  გამოქვაბულს მასში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გამოქვაბული სიგრძით 131 მეტრია. ის კლდეშია გამოკვეთილი, სწორხაზოვანია.  ბოლოში მომცრო დარბაზია, რომელიც გახლდათ სიბილას საცხოვრებელი. მკვლევართა აზრით, გვირაბი ძველი ბერძნების აგებულია. მოგვიანებით რომაელებმა დაამატეს დერეფანი და ორაკულის დარბაზი.                                                                                                                                        
                                       
 გვირაბის ქვედა ნაწილში არის კიდევ ერთი კვადრატული ოთახი მომრგვალო თაღით. მის გვერდით იქვე, ორაკულის ოთახია. საოცარია, რომ ასეთი გრძელი დერეფანი მოულოდნელად  მთავრდება ორაკულის პატარა ოთახით. მასში არსებულ სამ ნიშას თუ დავაკვირდებით, ისინი კარის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც კარგადაა დახშული კლდეში. რა შეიძლება იმალებოდეს ამ კარების უკან? შესაძლოა იქ საიდუმლო კამერებია, ან სხვა დერეფნები (კომპლექსი მთლიანად არ არის შესწავლილი)  საით მიემართება, ჯერაც უცნობია.                                                                                                                                                      
ვინ იყვნენენ სიბილები?  -სიბილა ერქვა წინასწარმეტყველ ქალებს. შესაძლოა თავიდან ის საკუთარი სახელი გახლდათ, მაგრამ მოგვიანებით ეს სახელი ყველა ასეთივე ნათელმხილველის ზოგად სახელწოდებად იქცა. სიბილები ბინადრობდნენ გამოქვაბულებში. იქ შედიოდნენ ტრანსში და ეწყებოდათ ხილვები.

მარკუს ვარონმა შემოგვინახა ერთი ლეგენდა: ერთხელ რომის მმართველ ტარკვინიუს ამაყს გამოეცხადა მოხუცი ქალი და შესთავაზა 9 წიგნის ყიდვა,  რომელსაც მეტად მაღალი ფასი დაადო. ტარკვინიუსს ამაზე გაეღიმა. ქალმა სამი წიგნი ცეცხლში შეყარა. მეორედ შესთავაზა დარჩენილი წიგნები ისევ ძველ ფასად. ტარკვინიუსმა უარი უთხრა ყიდვაზე. მოხუცმა კიდევ სამი წიგნი შეყარა ცეცხლში. დარჩენილი სამი წიგნზე რომის მმართველი ცოტა ხანს დაფიქრდა, შემდეგ ქურუმებს მოეთათბირა და წიგნები შეიძინა. წიგნები კაპიტოლიუმის ქვეშ შეინახეს და მიუჩინეს ქურუმები მასში არსებული წინასწარმეტყველების ამოსახსნელად. ამ წიგნებს მხოლოდ სენატის მოთხოვნითა და იმპერატორის ბრძანებით ნახულობდნენ სპეციალური მსახურნი საგანგებო შემთხვევების დროს. წიგნის  შინაარსი სხვებისთვის საიდუმლო იყო. მისი გათქმა ისჯებოდა. უცნობი მოხუცი ქალი, რომელმაც წიგნები მოუტანა ტარკვინიუს ამაყს, აღმოჩნდა კუმეის სიბილა, ხოლო წიგნები-სიბილას წიგნები.

გადმოცემით, სიბილას წიგნები ანუ წინასწარმეტყველური წიგნები, წარმოადგენდა ორაკულთა ლექსად დაწერილ კრებულს. ისინი პალმის ფოთლებზე  იწერებოდა და ინახებოდა იუპიტერის ტაძარში. კაპიტოლიუმზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ(83 ჩვ.წ.აღ-მდე). წიგნები აღადგინეს ერითრეის სიბილას კარნახით.


 სიბილას წიგნებში არსებული წინასწარმეტყველებები დიდ როლს ასრულებდა  რომის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. სიბილათა რაოდენობა ზუსტად უცნობია, მაგრამ ფიქრობენ,  რომ ისინი დაახლოებით 10 თუ 12 იყვნენ. ყველაზე ცნობილი მათ შორის კი გახლდათ კუმეის სიბილა, რომელმაც ენეასს მომავალი უწინასწარმეტყველა და მას ახლდა მიწისქვეშა სამეფოში.

უბედურების ჟამს (ეპიდემიები, ომები) სიბილას წიგნების რჩევით ღმერთებს სწირავდნენ მსხვერპლს. ჰანიბალთან ომის დროს სიბილას წიგნების კარნახით რომაელებმა ფისიუნტიდან (ფიტიუნტი) ჩამოიტანეს ქალღმერთ კიბელას ქანდაკება. გამოსახულების გარდა ფისიუნტიდან რომში ქურუმებიც ჩამოიყვანეს. სავარაუდოდ, ისინი ხალიბები უნდა ყოფილიყვნენ. ხალიბები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე სახლობდნენ. იყვნენ სახელგანთქმული ლითონის მდნობელნი და მჭედელნი. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი კიბელეს კულტის არსებობის შესახებ კოლხეთში. ჩანს, აქ მოუვლინებიათ რომალებს ხალხი კიბელეს გამოსახულების წასაღებად. რის შემდეგ, რომის ბედის ჩარხი წაღმა შემოტრიალდა ჰანიბალთან ომში. 

რეა-კიბელეს ტაძარი არსებობდა ფაზისის კუნძულზე. ისტორიკოსთა თქმით ეს ტაძარი მთელი იყო რომის იმპერიის დაცემის დროსაც. არიანე წერდა:''ფაზისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქანდაკება ქალღმერთი ფასიანესი, გარეგნობით ის ჰგავს რეას, რადგან ხელში წინწილა უჭირავს, აგრეთვე მისი სავარძლის წინ წვანან ლომები და თვით ის ზის, როგორც ფიდიასის ქანდაკება ათენის მეტროონში''.

რეა კიბელეს ქანდაკება, აღმოჩენილია ისტორიული ლაზეთის ტერიტორიაზე ქალაქ ორდუსთან.



ქრისტიანული ეკლესია აღიარებს სიბილებს. აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესია  მხოლოდ ერთს -"ბრძენ სიბილას", რომელმაც ქრისტეს დაბადება იწინასწარმეტყველა.  



 



       

No comments:

Post a Comment