ზოგადად სიმბოლოში დაფარული იყო გარკვეული ინფორმაცია. ამიტომ ზოგიერთი მათგანი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სტაბილური გამოსახულებას ინარჩუნებდა, რისი შეცვლაც შეუძლებელი გახლდათ. ასეთ სიმბოლოებს უნივერსალური ბუნება ჰქონდა. სწორედ მათ განეკუთვნება: ჯვარი, სპირალი, წრე. ადამიანებს ცოდნის ყველაზე უნივერსალური ფორმა გადაეცა სიმბოლოთა საშუალებით. სიმბოლიკაში ჩადებულია მდგომარეობა, მოვლენის სული, რომელსაც ის გამოხატავს. არცთუ იშვიათად, სიმბოლოს წვდომა, მისი არსის გაგება ხდება ინტუიტიურად , ქვეცნობიერის დონეზე. ვინც წვდება სიმბოლოს მნიშვნელობას, მას სამყაროს შემეცნების უნარი გააჩნია. ცნობილია, რომ ყოველი საკრალური ხელოვნება ეფუძნება ფორმის მეცნიერებას. ფორმებისათვის კი ნიშანდობლივია სიმბოლიკა.
ეგვიპტური ჯვარი––ანჰი
ეგვიპტური ჯვარი T-ს ფორმისაა, რომელსაც თავზე მარყუჟი აქვს. მისი წარმოშობა უცნობია.
ჯვარი ეგვიპტელებისთვის წარმოადგენდა ცხოვრების სიმბოლოს. ეგვიპტეში ადეპტს, რომელსაც ყველა გამოცდა გავლილი ჰქონდა, აწვენდნენ T-ს ფორმის საწოლზე და ზიარებისთვის შეჰყავდათ ღრმა ძილში. ადეპტს ათავსებდნენ სარკოფაგში, რომელიც სამეფო განსასვენებელში იდგა. მესამე დღეს ის გადაჰყავდათ დერეფნების შესასვლელთან, სადაც გათვლილ დროს ამომავალი მზის სხივები ეცემოდა ტრანსში მყოფი კანდიდატის სახეს, რომელიც უკვე ხელდასმული ფხიზლდებოდა.
ანჰს ეგვიპტოლოგები უწოდებენ ხელახალი დაბადებისა და აღორძინების გასაღებს. ეგვიპტელთა აზრით, ანჰი წარმოუდგენლად ზრდიდა ადამიანის შესაძლებლობებს. მას უწოდებდნენ ტაძართან არსებულ ქურუმთა სახელსაც. ფარაონს კურთხევისას ტუჩებზე ადებდნენ ანჰს. ეგვიპტელებისთვის ანჰი აღებდა ღვთაებრივი ცოდნის ჭიშკარს: T-ს ფორმის ნაწილი სიმბოლურად უკავშირდებოდა სიბრძნეს, ხოლო წრე–O მარადიულ საწყისს. უფრო მოგვიანებით ანჰი დაუკავშირდა ღვთაება სეთის გამოსახულებას ჯაჭვებით. ანჰს კისერზე ავგაროზად ჰკიდებდნენ ავადმყოფებს, როგორც სასიცოცხლო ძალის განმაახლებელს. მას მუმიებსაც აბამდნენ, როგორც მტრის შემაკავებელსა და უკვდავების მომნიჭებელს. ეგვიპტურ ღვთაებებს ხელში ეჭირათ ანჰი მარჯვენა ხელში. წრესთან მისი შეთავსება კი ნიშნავდა ქალური და მამაკაცური საწყისის შერწყმას, სქესთა კავშირს. ანჰი იყო მარადიული ცხოვრების სიმბოლო.
ჯვარი Т-ავ
ამ ჯვარს სხვადასხვა ხალხის ისტორიასა და რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. არსებობს ამ ჯვრის წარმოშობის რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიის თანამხად, ეს სიმბოლო უკავშირდება ხარისა და ცხვრის რქების ფორმას. ვერტიკალი გამოხატავდა ცხოველის "სახეს". მეორე ვერსიით, მუხა რაღაც სიმაღლეზე იხერხებოდა, ზედა ნაწილი იდებოდა დარჩენილ ქვედა ნაწილზე. ასეთი ფიგურა დრუიდთა ღვთაება ჰუს სიმბოლო გალდათ. ფიქრობენ, რომ Т-ავ ძველ ეგვიპტეში იყო სიცოცხლის სიმბოლო. ამ ვერსიას ზურგს უმაგრებს ფაქტი, რომ T-ავი გამოსახულებით წააგავს ეგვიპტურ იეროგლიფს, რომელიც აღნიშნავს ქალის რეპროდუქციულ ორგანოს.
ძველი ებრაელებისთვის T-ს ფორმის ჯვარი მომავალი მესიის სიმბოლო გახლდათ. მას ავგაროზადაც ხმარობდნენ. ის ებრაული ანბანის 22-ე ასო იყო, რიცხვით მნიშვნელობა- 400.
T-ს ფორმის ჯვარი წარმოადგენს ერთ–ერთ აუცილებელ ელემენტს სხვადასხვა ხალხის მისტერიათა სიმბოლიკაში. T-ავ ჯვარი ჰქონდა გამოსახული მითრას მისტერიის ყველა მონაწილეს. ამ ჯვრის ფორმის ტატუირება უკეთდებოდათ სხეულზე ზოგიერთ მისტერიაში მონაწილე ამერიკელ ინდიელებს. კაბალისტებისთვის T-აღნიშნავდა ცას, ხოლო პითაგორელებისთვის–ტეტრაქსისს. T-ავ ჯვარი გვხდება რომაულ კატაკომბებში და ქრისტიანული დროის საფლავის ქვებზე. მას ხანდახან "გამაფრთხილებელ ჯვარსაც'" უწოდებენ (ეს ბეჭედი აზის "ზეციურ იერუსალიმს შუბლზე").
ერთ-ერთი მასონური ლეგენდის მიხედვით, ჰირამ აბიფმა (სოლომონის ტაძრის მშენებელმა) მისი წინაპრის თუბალ-კაენისგან მიიღო T-ს ფორმის ჩაქუჩი. მე-13 საუკუნეში ფრანცისკო ასიზელმა T-ავ ფორმის ჯვარი აქცია თავის ემბლემად.
ბერძნული ჯვარი
ეს ჯვარი თავიდან გახლდათ ზეციურის ან იქ არსებული ძალის სიმბოლო. მოგვიანებით განიხილებოდა, როგორც ღვთიური მფარველობის, სიუხვისა და სიცოცხლის ნიშანი. ადრეულ ქრისტიანობაში იესო ქრისტეს სიმბოლოს წარმოადგენდა. თავად სახელწოდებას კი, ეს ჯვარი უნდა უმადლოდეს ბერძნულ ანბანს. ოთხი ასო "გამა"(რომელსაც კუთხის ფორმა აქვს)ერთმანეთის მიმართ განლაგებული კუთხეებით, ჰქმნის ჯვარს გადმოცემის მიხედვით, სწორედ ასეთი ჯვარი გამოეცხადა კონსტანტინე დიდს. ბერძნული წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (ალამი) იწოდება "წმინდა გიორგის ჯვრად". ბერძნული ჯვარი წრის შიგნით, დასავლურ ასტროლოგიაში მიწის სიმბოლოა.
ამ სტილის ჯვარი გამოიყენებოდა ძველ ბაბილონში, სადაც ის გახლდათ ღვთაება შამაშის სიმბოლო. ასევე ის ძალიან პოპულარული იყო კელტურ კულტურაში.
ირიბი ჯვარი _წმ. ანდრიას ჯვარი
ირიბ ანუ წმ.ანდრიას ჯვარს უძველესი დროიდან სახლის ზღურბლს ზემოთ კიდებდნენ, როგორც ოჯახის მცველს. ამ მნიშვნელობით იყენებდნენ მას ხეთებიც. რიგ მკვლევართა თვალსაზრისით ირიბი ჯვარი გახლდათ დიდი დედა ქალღმერთის სიმბოლო წინა აზიასა და კავკასიაში. მოგვიანებით მას იყენებდნენ როგორც ჯვარს და მზის სიმბოლოს. ირიბი ჯვარი ასევე სამყაროს ოთხ მხარესაც აღნიშნავს, რომელიც კავშირშია ზეციურ სამყაროსთან. ქრისტიანები მას აღიქვამენ, როგორც წმ. ანდრიას სიმბოლოს და წმ. ანდრიას ჯვარს უწოდებენ. გადმოცემით, მოციქული ანდრია სწორედ ასეთ ჯვარზე გააკრეს. ძველ ინდოეთში ირიბი ჯვრისა და ჩვეულებრივი ჯვრის კომბინაციით მიღებულ რვასხივიან ვარსკვლავს მამრი და მდედრი საწყისის შერწყმის მნიშვნელობა ჰქონდა.
მალტის ჯვარი
მალტის ორდენთან და ჯვართან დაკავშირებით ბევრი მითქმა–მოთქმა არსებობს. ამდენად, ეს საკითხი ყველასთვის საინტერესოა.მალტის ჯვარი ოთხკიდურიანია რვა გაყოფილი დაბოლოებით. ასირიაში ის მეფეთა ემბლემას წარმოადგენდა. მას გამოსახავდნენ მონარქთა მკერდზე. მისი ოთხი ნაწილი გახლდათ ოთხი ღმერთის სიმბოლო: რა და სამება_ანუ ბალი და ეა. ასეთი ჯვარი გვხვდება ეტრუსკულ ძეგლებზე. მას უკავშირებენ იმ რვა ნეტარებას, რომელიც მართლმორწმუნეს ელოდება საიქიოში.
მოგვიანებით, ამ ჯვარმა ევროპაში მიიღო მალტის ჯვრის, ან წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელწოდება. იგი მალტის ორდენის წევრთა განმასხვავებელი ნიშანი გახდა. პალესტინაში მე–11 საუკუნეში შეიქმნა სამხედრო–სამონაზვნო ორდენები. პირველი იყვნენ ჰოსპიტალიერები , იგივე იოანიტები. მისი დამაარსებელი იყო რაინდი ჟერარ ტომი. ორდენი გაიზარდა ჰოსპიტალის ბაზაზე, რომელიც მდებარეობდა იერუსალიმში. მათ მიიღეს მე–7 საუკუნის ალექსანდრიის პატრიარქის წმ. იოანეს სახელი. ორდენი აბინავებდა და უვლიდა ავადმყოფ მომლოცველებს.
დიდი მაგისტრის რაიმუნდ დე პიუს დროს (მე–12 ს) ორდენი გადაიქცა რაინდთა გაერთიანებად. თურქებთან დაპირისპირებისას მათ ბევრი სამფლობელო დაკარგეს. ამიტომ იძულებული გახდნენ ემოგზაურათ. რომის იმპერიის იმპერატორმა კარლ–V მათ მალტის კუნძული შესთავაზა. იოანიტები (იგივე ჰოსპიტალიერები) მალტის არქიპელაგზე დაფუძნდნენ. მათი სიმბოლო გახდა რვაკიდურიანი ვარსკვლავი, რამაც მიიღო მალტის ჯვრის სახელი. თავდაპირველად ოქროს მინანქრიან ჯვარს ამაგრებდნენ კრიალოსანზე, შემდეგ მას კისერზე იკიდებდნენ–ღილკილოზე.
მე–18 საუკუნიდან უმაღლესი კლასის რაინდები ხმარობდნენ დიდი ზომის ჯვრებს. მალტის ჯვარი ჯილდოს სახით შემოიღეს იტალიაში, ავსტრიაში, პრუსიაში, რუსეთში, ესპანეთსა და ყველა კათოლიკურ ქვეყანაში. მალტის ორდენი დღესაც არსებობს. იქ მოხვედრა მხოლოდ არისტოკრატთა პრეროგატივაა. ორდენის უმაღლეს იერარქიაში მხოლოდ არისტოკრატული ოჯახის წევრები ხვდებიან, ისიც სამასწლიანი გენეალოგიითა და საგვარეულო გერბით. მალტის ორდენი უშვებს საკუთარ მარკებს, მონეტებს, აქვს ურთიერთობა 50 ქვეყანასთან. ასრულებს საქველმოქმედო საქმიანობას. ინახავს და აფინანსებს საავადმყოფოებს, ჰოსპიტლებს, მოხუცებულთა თავშესაფრებს. ორდენი ითვლება ყველაზე მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციად.
იესო ქრისტეს მონოგრამა_ქრისტოგრამა
ლეგენდის მიხედვით, ეს ნიშანი იესო ქრისტეს აღმნიშვნელია, რომელიც ხმარებაში შემოიტანა კონსტანტინე დიდმა. ეს ნიშანი გამოეცხადა იმპერატორ კონსტანტინეს სიზმარში, მას ხმამ უთხრა: "ამ ნიშნით გაიმარჯვებ შენ." მას მერე, რაც იმპერატორმა კონსტანტინემ ეს ნიშანი დაამტკიცა, როგორც შტანდარტი ემბლემა, ის გახდა ქრისტიანობის ოფიცილური და გავრცელებული სიმბოლო. უფრო ფართო მნიშვნელობით-გამარჯვებისა და ტრიუმფის სიმბოლო. მაგრამ ეს ნიშანი ადრეული დროიდან იყო ცნობილი. ასეთი სახით გამოსახავდნენ მითრიდატე პონტოელს, იმპერატორებს მონეტებზე.
სვასტიკა
სვასტიკაში გადმოცემულია მარადიული ბრუნვის პრინციპი, რაც ეთანადება მზის მარადიულობას. ეს სიმბოლო ბევრ ქვეყანაში გვხდება. ის ინდუსების რელიგიური ნიშანია. თავად სიტყვა სვასტიკა ძველიდნური "su"-დან მოდის, რაც ნიშნავს "კეთილდღეობასთან დაკავშირებულს". აზიასა და ევროპაში. სვასტიკას მაგიურ ნიშნად მიიჩნევდნენ. ესაა მზე-სიცოცხლისა და ნაყოფიერების წყარო, ამასთან სიმბოლო ჭექა-ქუხილისა და ციური ცეცხლისა, რომელსაც სჭირდება შელოცვა. სვასტიკა რთული ნიშანია. მკვლევარ მაქს მიულერის აზრით, მარჯვენა ფრთიანი სვასტიკა წარმოადგენს გაზაფხულის მზეს, მარცხენა ფრთიანი-შემოდგომის მზეს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით კი, სვასტიკა განეშას სიმბოლოა-ღვთაება, რომელიც შივას ამალაშია და მამაკაცური საწყისია, მარცხენა ფრთიანი-კალი, დევას ერთ-ერთი იპოსტასი, შივას ცოლი-დედობრივი საწყისი. კიდევ ერთი ვერსიით, ეს ნიშანი არის ელვის სიმბოლო. ელვას გადაკვეთს მეორე ელვა, რომელიც საბოლოოდ ჰქმნის სვასტიკას. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ სვასტიკა თავისი უბრალო ფორმით არის ორი ერთმანეთზე დამაგრებული ჯოხი ცეცხლის მოსაპოვებლად. ინდოეთში ეს ნიშანი გაჩნდა ჩვ.წ.აღ-მდე მე-4 ს-ში. სვასტიკის გამოსახულება აღმოაჩინეს ძველ ბუდისტურ მედლებზე. ბუდიზმმა სვასტიკა თავის სიმბოლოდ აქცია. ბუდისტურმა სექტამ ჯაიანისტებმა ეს ნიშანი ძვ.წ.აღ-ის მე-2 ს-ში შეიტანეს ჩინეთში. სვასტიკა იქცა მეფეების, მხედართმთავრების, დიქტატორების უსაყვარლეს ნიშნად. ის არაერთხელ ყოფილა გამოყენებული პოლიტიკური ძალაუფლების ემბლემად, როგორც მარადიულობისა და ძლიერების ნიშანი.
არანაკლებ გავრცელებული იყო ეს სიმბოლური ნიშანი საქართველოში. სვასტიკის გამოსახულებები დაფიქსირებულია ადრებრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ მასალებზე. სვასტიკის საუკეთესო ნიმუშები დასტურდება ეთნოგრაფიულ ყოფაში განსაკუთრებით დედაბოძებზე, ავეჯსა და სხვადასხვა საოჯახო ნივთებზე. სურათზე გამოსახულია ცაისში აღმოჩენილი სვასტიკის ფორმის გულსაკიდი ძვ.წ.-აღ-ის მე-7,6 ს.
ექვსკიდურიანი ჯვარი
ყველაზე სრულყოფილი პირველსახე სამყაროსი. მისი ექვსი სხივი აღნიშნავს სამყაროს შექმნის ექვს დღეს. ის მუდმივად ვლინდება სტრუქტურებში, რიტმებსა და მატერიალური სამყაროს ციკლებში. ექვსი სხივი აქვს თოვლის ფიფქს. ექვსი კიდე აქვს ფუტკრის ფიჭაში უჯრედს. ის ღმერთის შემოქმედითი ძალის განვრცობის სიმბოლოცაა და ამავე დროს, სამყაროს საკუთარ სულიერ ცენტრთან დაბრუნების სიმბოლოც. ამ ფორმის ჯვარზე გააკრეს იესო ქრისტე. ზემოთ დაფაზე პილატემ წააწერინა: "იესო ნაზარეველი, იუდეის მეფე". ტექსტი სამ ენაზე იყო შესრულებული: ებრაულად, ბერძნულად, ლათინურად. დაფა იმავე მასალისგან იყო დამზადებული რისგანაც ჯვარი.
ლათინური ჯვარი
ლათინური ჯვრის ფორმა უნივერსალურია. ძველ ტრადიციებში ის განასახიერებდა ორი საწყისის ერთობას-ზეციურის და მიწიერისა, მამაკაცუირის და ქალურისა. ჰორიზონტალური ხაზი ქალური (მიწის) იყო, ვერტიკალური-ზეციური (მამაკაცის). კათოლიკურ ტრადიციაში ლათინურ ჯვარს ეზოთერული სიმბოლიზმი გააჩნია: სამი მოკლე დაბოლოება განასახიერებს სამებას, ხოლო გრძელი-ღმერთს. ლათინურ ჯვარს იყენებენ დახურული საზოგადოებებიც, კერძოდ, მასონები ხელდასმის გრადუსის აღსანიშნავად. მას ასევე იყენებდნენ "ოქროს განთიადის" ორდენსა და "აღმოსავლეთ ტამპლიერების" ორდენშიც.
ლათინური ჯვარი ასოცირდება იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრასთან, წამებასა და აღდგომასთან. მაგრამ მას იყენებდნენ სხვადასხვა ხალხები ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე. არქეოლოგიური მონაპოვრებით ვგებულობთ, რომ ამ ფორმის გულსაკიდებს ხმარობდნენ ვიკინგები. მათთვის ის სულაც არ იყო ჯვარი, არამედ ღვთაება თორის იარაღის, მიელნირის სიმბოლური გამოსახულება. სკანდინავიელები მას როგორც დამცავ ამულეტს იკიდებდნენ კისერზე. ლათინური ჯვრის ნახვა შეიძლება ბუდისტურ ტაძრებშიც. აფრიკის ხალხები და ჩინელები მას ხმარობდნენ რელიგიურ რიტუალებში. ძველ საბერძნეთში ლათინური ჯვარი აპოლონის სიმბოლო იყო. მას ასეც უწოდებდნენ "აპოლონის კვერთხი".
ლათინური ჯვარი ასოცირდება იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრასთან, წამებასა და აღდგომასთან. მაგრამ მას იყენებდნენ სხვადასხვა ხალხები ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე. არქეოლოგიური მონაპოვრებით ვგებულობთ, რომ ამ ფორმის გულსაკიდებს ხმარობდნენ ვიკინგები. მათთვის ის სულაც არ იყო ჯვარი, არამედ ღვთაება თორის იარაღის, მიელნირის სიმბოლური გამოსახულება. სკანდინავიელები მას როგორც დამცავ ამულეტს იკიდებდნენ კისერზე. ლათინური ჯვრის ნახვა შეიძლება ბუდისტურ ტაძრებშიც. აფრიკის ხალხები და ჩინელები მას ხმარობდნენ რელიგიურ რიტუალებში. ძველ საბერძნეთში ლათინური ჯვარი აპოლონის სიმბოლო იყო. მას ასეც უწოდებდნენ "აპოლონის კვერთხი".
ჯვარი და ვარდი_როზენკრეიცერთა ემბლემა
ჯვარი და ვარდი_როზენკრეიცერთა საიდუმლო თეოლოგიურ-მისტიკური ორდენის ემბლემა, რომელიც გერმანელმა მეცნიერმა ქრისტიან როზენკრეიცერმა დაარსა 1484 წელს. ამ სიმბოლოს უშუალო კავშირი აქვს ჰერმეტიზმთან და ალქიმიურ ტრადიციასთან. ორდენის მთავარი სიმბოლო ჯვარია, რომელზეც გამოსახულია გაშლილი ვარდი, რაც ჯვარზე გაკრული იესოს სიკვდილისა და აღდგომის ნიშანია.
ამ ნიშნის ინტერპრეტირება ასეც შეიძლება: ჯვარი წარმოადგენს ადამიანის ფიზიკურ სხეულს და მიწიერ განსაცდელს. წითელი ვარდი განასახიერებს სულს და მის ნელ-ნელა გაფურჩქვნას საკუთარი სულიერი სრულყოფის გზაზე. ჯვრის სიმბოლოსგან განსხვავებით, ვარდის სიმბოლო უფრო გვიანაა შემოსული. ვარდის მრავალფურცლოვნება იძლევა მისი გამოყენების საშუალებას, როგორც რაღაც ფარულის ნელ-ნელა გახსნის სიმბოლო. ვარდის წითელი ფერი ქრისტეს სისხლზე მიანიშნებს, ვარდი კი გულის სიმბოლოა. გული ქრისტიანისთვის სიკეთის, სიყვარულის, თანაგრძნობის ემბლემაა, ისევე როგორც ქრისტეა პერსონიფიცირებული ამ სათნო თვისებებთან.
როზენკრეიცერთა ოქროს ჯვარი მიგვანიშნებს, რომ ჯვარი დამზადებულია სულიერი ოქროსგან. ორდენის წევრები მას გულზე იბნევდნენ.
კელტური ჯვარი
კელტური ჯვარი-რამდენიმე კულტურის სიბრძნისა და ცოდნის შერწყმის მრავალსახოვანი სიმბოლოა. თავად ჯვრის გამოსახულება წრეში, გახლავთ სამყაროს სახე- წრე არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის კავშირი, რომლის გაწყვეტაც შეუძლებელია-სიბრძნე და ჰარმონია, აყვავება, ცხოვრების უწყვეტი მდინარება. ეს ნიშანი დაკავშირებულია მზესთან, ვინაიდან წრე მზის ნიშანია. ერთმანეთშია გადახლართული წლის დროთა ცვლილება და სულიერი ცხოვრება-ცხოვრების გზის გავლისას, ვიღებთ საკუთარ საქციელთა, არჩევანისა და ქმედების ნაყოფს.
ზოგიერთი თვლის, რომ კელტური ჯვარი მისიონერი წმინდა პატრიკის შექმნილია. თითქოს მან დაინახა რომელიღაც წარმართულ ტაძარში ქვა წრის გამოსახულებით. წრეში გამოსახული იყო ჯვარი. ამ ორი სიმბოლოდან გაჩნდა ერთი. ამიტომ მას ეწოდა მეორე სახელი "წმინდა პატრიკის ჯვარი".
ზოგიერთს მიაჩნია, რომ კელტური ჯვარი უკავშირდება ეგვიპტურ ანქჰს. ამ სიმბოლოს იყენებდნენ დრუიდები თავის რიტუალების დროს, რომელიც მათ ღმერთებთან ურთიერთობაში ეხმარებოდა. დრუიდებს მიაჩნდათ, რომ ეს ნიშანი დიდ დახმარებას უწევდა ნათელხილვაში, აერთებდა წარსულის, აწყმოსა და მომავლის ძაფებს.
No comments:
Post a Comment