ჯვრის სიმბოლო გაიგევებულია სამყაროს ხესთან. ჯვრის ვერტიკალური ხაზი აღმართულია სამყაროს ცენტრში (უფრო მართებულად, ერთ–ერთ სამყაროში, მის სივრცეში), სადაც ყოფიერებაა–ადამიანური ყოფიერება. ბიბლიურ სიმბოლიკაში ესაა "ცხოვრების ხე", რომელიც იზრდება "დედამიწის სამოთხეში". მიწიერ სამოთხეში, "ცხოვრების ხის" გარდა, იყო "შემეცნების ხეც"(ბოროტისა და კეთილისა). ბიბლიის მიხედვით, ის იზრდებოდა სამოთხის შუაგულში. მას მერე, რაც ადამმა მიირთვა ცნობადის ნაყოფი, შეძლო მოეწყვიტა"ცხოვრების ხის" ნაყოფიც.
ებრაულ კაბალაში "ცხოვრების ხის" გამომხატველია "სეფიროტული ხე", სადაც მარჯვენა სვეტი და მარცხენა სვეტი წარმოადგენს დუალურ სახეს, მაგრამ მათ შორის არსებობს "შუა სვეტი", სადაც საპირისპირო ტენდენციების გაწონასწორება ხდება. ამგვარად ხდება "ცხოვრების ხის" ჭეშმარიტი ერთობა.
"ცხოვრების ხის" ორბუნოვნება ადამს ეხსნება მხოლოდ ცოდვით დაცემის წუთებში, ვინაიდან მხოლოდ ამის შემდეგ იძენს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარს. სწორედ მის დასაცავად დგანან ცეცხლისმფრქვეველი ქერუბიმნი სამოთხის შესასვლელში. ცოდვით დაცემული ადამიანისთვის ეს ცენტრი გახდა მიუწვდომელი და მან დაკარგა "მარადიულობის შეგრძნება." ცენტრში დაბრუნება, პირველადი მდგომარეობის აღდგენა და "ცხოვრების ხის" მიღწევა ნიშნავს მარადიულობის შეგრძნების დაბრუნებას.
მეორე მხრივ, ცნობილია, რომ თავად ქრისტეს ჯვარია გაიგივებული "ცხოვრების ხესთან". მოარული ლეგენდის მიხედვით, რომელიც შუა საუკუნეების დროისაა, ის დამზადებულია "ცნობადის ხის მასალისგან". სასულიერო მწერლობაში ხშირად ადარებენ ჯვარს ცხოვრების ხეს, რომლის მიხედვით, ხის საშუალებით შემოვიდა გარდაცვალება. ამიტომ ხისავე დახმარებით უნდა მოგვეცეს სიცოცხლე და აღდგომა. სამყაროს ხის მსგავსად, ჯვარი წარმოგვიდგება ორი იპოსტასით. ერთის მხრივ,ის ცხოვრების სიმბოლოა, ბუნების ცხოველმყოფელობის საწყისი, მეორე მხრივ, დიდ როლს ასრულებს სიკვდილსა და დასაფლავებაში. აქედან გამომდინარე, საფლავის ჯვარი–სიკვდილის იეროგლიფი გახლავთ სიმბოლო განადგურების, შეცვლისა და ბუნებრივ სტიქიებში განფანტვის სიმბოლო. ამის გამო, სამყაროს ხე წარმოადგენდა რწმენისა და შემეცნების სიმბლოს და იყო ქრისტეს განსახიერება.
სამყაროს ხე თავისი არსით ახლოს დგას ცენტრალურ მთასთან. ხანდახან ორივე სიმბოლო ერთმანეთს ემთხვევა. უმეტეს შემთხვევაში კი, ისინი ერთმანეთს ავსებენ. თუმც ორთავე მხოლოდ კოსმიური ღერძის დახვეწილი მითიური ფორმაა. ხე აერთიანებს ერთმანეთში სამ კოსმიურ სფეროს. ხის სიმბოლო განასახიერებს რამდენიმე რელიგიურ იდეას. ერთი მხრივ, განახლებად მუდმივ სამყაროს, კოსმიური ცხოვრების უწყვეტ წყაროს, წმიდათაწმინდა ჭეშმარიტ სამყოფს, მეორე მხრივ, ხე გახლავთ სიმბოლო ცისა, ანუ პლანეტების დონეებისა. სამყაროს ხე, რომელიც გამოხატავს თავად სამყაროს საკრალურობას, მის ნაყოფირებასა და მის მარადიულობას, დაკავშირებულია შესაქმეს იდეებთან, ინიციაციასა და ნაყოფირებასთან. საერთო ჯამში აბსოლუტური რეალობისა და უკვდავების იდეასთან.
ამგვარად, სამყაროს ხე ხდება ცხოვრებისა და უკვდავების ხე. სამყაროს ხე გახლავთ სიცოცხლისა და ბედის ბატონი.მას აიგივებდნენ შვიდ პლანეტარულ ცასთან, რაც შუამდინარეთის ზეგავლენის შედეგი უნდა იყოს. რიცხვ 3–ს გააჩნია რელიგიური მნიშვნელობა სამი კოსმიური სფეროსი. ასევე არსებობს ვერსია 9 ცაზე (9 ღმერთზე)––მისტიკური რიცხვის ახსნა შესაძლებელია 3 X 3–ით . ეს უფრო ძველია ვიდრე რიცხვი 7.
უბრალო მოკვდავთა წარმოდგენით ცხოვრების ხე იყო იარაღი,რომლის საშუალებით ზეციური ძალები ერევიან მიწიერ ცხოვრებაში. იარაღი, რომელიც ხელთ უპყრიათ "ღმერთებს" გახლავთ კ ვ ე რ თ ხ ი , რაც ნათლად ჩანს ეგვიპტურ ხელოვნებაში. ცხოვრების ხე გამოიხატებოდა ორი იპოსტასით: კვერთხის სახით, რომელსაც რამდენიმე ფორმა ჰქონდა და ხის სახით, რომლის კენწერო ცაში იმყოფებოდა, შუა ნაწილი–მიწაზე, ხოლო ფესვები–ქვესკნელში. ამ სამივე დონეზე არის აღნიშნული ცხოვრების ნიშანი. ძველ აღთქმაში ხე ცხოვრებისა ნახსენებია მხოლოდ ერთხელ.მომდევნო ტექსტებში კი ის ფიგურირებს , როგორც კვერთხი, რომლის დახმარებით წინასწარმეტყველნი ასრულებენ ზეციურ ნებას დედამიწაზე.
გველის სახე ხის გარშემო გამოსახავს სპირალს, რომელიც ცილინდრს არტყია გარშემო. ხე სამყაროს ღერძის სიმბოლოა, ხოლო გველი უნივერსალურ გამოვლინების ციკლთა ერთიანობა––კეთილისმყოფელი და დამღუპველი. გველს გააჩნია ორი ასპექტი––კეთილი და ბოროტი, როგორც ყოველივე დუალურს, მათ არ შეუძლიათ ერთურთის გარეშე. ამიტომ გველი(ან გველეშაპი) იცავს უკვდავების გარკვეულ სიმბოლოებს და კეტავს მისკენ მისასვლელს. ის გარს არტყია "ჰესპერიდების ბაღში" ოქროს ვაშლებიან ხეს ან კოლხეთში მუხას, რომელზედაც ჰკიდია "ოქროს საწმისი". სრულიად ნათელია, რომ ეს ხეები "ცხოვრების ხის" ფორმაა და "სამყაროს ხის" გამოხატულებაა.
ჯვარი წარმოადგენს ცენტრისა და სტაბილურობის სიმბოლოს. თავის მხრივ, ცენტრის მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული შესაქმეს აქტი, ანუ კოსმოლოგიის ენით–ქაოსიდან კოსმოსისკენ გადასვლა. ღმერთმა ჩანასახის მსგავსად შექმნა სამყარო. როგორც ჩანასახი იწყებს ზრდას, სამყაროს შექმნაც დაიწყო "ჭიპიდან", საიდანაც გაიშალა ყველა მხარეს. სხვადასხვა ხალხები "ცენტრს" ანუ "დედამიწის ჭიპს" სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ. ინდოელთა რწმენით ეს გახლდათ მთა მერუ, ირანელებისთვის–ხარაბერელანტი, ქრისტიანებისთვის კი გოლგოთის მთა იყო და არის სამყაროს ცენტრი, ვინაიდან ეს იყო ადგილი სადაც შეიქმნა და დაიმარხა ადამი. ამგვარად, უფლის სისხლი დაიღვარა ადამის თავის ქალაზე, რომელიც დამარხული იყო ჯვრის ძირში. ამით მოხდა ცოდვის გამოსყიდვა. სამგვარი წარმოსახვა ლაგდება ერთ მწკრივში: ჯვარი–ცენტრი–შესაქმეს აქტი. სწორედ აქედან ხდება გასაგები რწმენა ჯვრის ცხოველმყოფელობისა და სიკვდილზე გამარჯვებისა. ეს გახლავთ ზეციურისა და მიწიერის გადაკვეთა, რაც მიანიშნებს სამყაროს შექმნის მარადიულ საიდუმლოებაზე. ჯვრის გამოსახულებაში ქრისტიანებისთვის მთავარ როლს ასრულებს გადაკვეთა. როდესაც იესო ამბობს, ვინც შემომიდგება, მან უნდა ზიდოს თავისი ჯვარიო, ამით ხაზს უსვამს გადაკვეთას და მოუხმობს ადამიანს ყოფიერების ცენტრში დაბრუნებისკენ.
No comments:
Post a Comment