Sunday, 12 April 2020

ნიუტონის წინასწარმეტყველება სამყაროს აღსასრულზე


თითქმის ყოველდღე გვესმის სამყაროს აღსასრულის შესახებ  ახალ-ახალი წინასწარმეტყველება. ექსტრანსენსები, მაგები თუ ასტროლოგები საკუთარ მოვალეობად მიიჩნევენ "გაგვახარონ" აპოკალიფსის ზუსტი თარიღით. კარგად გვახსოვს მასიური ფსიქოზიც 2012 წელს, რაც მაიას კალენდარს უკავშირდებოდა. ცრუ აღმოჩნდა მსგავსი სხვა თარიღებიც. ამიტომ ჭკვიანი ადამიანები ასეთ წინასწარმეტყველებას ყურადღებას არ აქცევენ. მაგრამ როცა სამყაროს აღსასრულის თარიღს ასახელებს ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო ისააკ ნიუტონი, ძალაუნებურად დაფიქრდები.

კლასიკური ფიზიკის მამას ცოლ-შვილი არ ჰყავდა, ამიტომ გარდაცვალების შემდეგ მისი არქივი ახლო ნათესავის ჯონ კონდუიტის მზრუნველობის ქვეშ დარჩა, რომელიც ახლოს იყო გრაფ პორტსმუტთან. ხელნაწერები სწორედ ამ გრაფის სახლში ინახებოდა ნახევარი საკუნე. ნათესავებმა რამდენჯერმე სცადეს ხელნაწერების გაყიდვა. ნიუტონის არქივის ყიდვის სურვილი გამოთქვეს კემბრიჯის ბიბლიოთეკის, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმის და სხვა სოლიდური დაწესებულების თანამშრომლებმა, მაგრამ ხელნაწერების გაცნობის შემდეგ, ისინი უარს აცხადებდნენ მათ შეძენაზე. საბოლოოდ ნიუტონის არქივი გაიყიდა 1936 წელს "სოტბის" აუქციონზე. ერთი ნაწილი შეიძინა ცნობილმა ეკონომისტმა ლორდმა ჯონ მეინარდ კეინსმა, ხოლო მეორე, უფრო დიდი ნაწილი,ებრაელმა მეცნიერმა აბრაამ შალომ იეგუდამ, რომელიც ცხოვრობდა ეგვიპტეში.


მალე ცნობილი გახდა პოტენციური მყიდველები რატომ ამბობდნენ უარს არქივის შეძენაზე. საკუთარი შენაძენის შესწავლის შემდეგ, კეინსმა გამოაქვეყნა სტატია "სხვა ნიუტონი", სადაც ის ამტკიცებდა, რომ დიდი ფიზიკოსი უპირველეს ყოვლისა თავს თვლიდა  მისტიკოსად და თეოლოგად, სწამდა ღმერთის, მაგრამ არა მთლად ქრისტიანულად, ვინაიდან უარყოფდა წმინდა სამების დოგმატს.

იეგუდა დაკავებული იყო ბიბლიის შესწავლით. ის კარგად იცნობდა ნიუტონის წიგნს "უძველესი სამეფოების ქრონოლოგია", ამიტომ იმედი ჰქონდა, რომ შეძენილ არქივში იპოვიდა კვლევებისთვის ახალ იდეებს. საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლის შემდეგ, მან არქივი აჩვენა ალბერტ აინშტაინს. მათ სცადეს ხელნაწერები საჩუქრად გადაეცათ ჯერ ჰარვარდის, ხოლო შემდეგ იელის უნივესიტეტისთვის, მაგრამ ორთავე ცოდნის ტაძარმა კატეგორიული უარი განაცხადა მის შეძენაზე. აინშტაინის ავტორიტეტმაც კი არ გაჭრა.

1951 წელს მომაკვდავმა აბრაამ იეგუდამ გადაწყვიტა არქივი საჩუქრად გადაეცა იერუსალიმის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის. ბიბლითეკამ საჩუქარი მიიღო. მაგრამ იეგუდას გარდაცვალების შემდეგ, მისმა მემკვიდრეებმა წამოიწყეს ხანგრძლივი სასამართლო პროცესი. შედეგად  არქივი მხოლოდ 1960 წელს ჩავიდა იერუსალიმში. მილიონი ერთეული ხელნაწერის არქივი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა საცავებში, შემდეგ გადაიტანეს მიკროფირებში. ის ხელმისაწვდომი გახდა დიდი ბრიტანეთის, ისრაელის და კანადის მკვლევართა ჯგუფისთვის.

ერთხელ კანადელმა პროფესორმა სტივენ სნობელენმა მიკროფირების ყურების დროს აღმოაჩინა ხელნაწერი ტექსტი სამყაროს დასასრულის შესახებ. ხელნაწერების შესწავლისას სნობელენი დარწმუნდა, რომ  ნიუტონს ალქიმია, თეოლოგია და ოკულტიზმი უპირველეს საფეხურზე ჰქონდა. სერიოზული აღმოჩენები სწორედ ამისი შედეგი გახლდათ. მაგალითად: მიზიდულობის კანონი გაჩნდა არა საყოველთაოდ ცნობილი ვაშლის გამო, რომელიც მას თითქოს თავში დაეცა, არამედ ნიუტონმა იცოდა ალქიმიკოსთა მიერ აღიარებული ერთი ელემენტის მიერ მეორე ელემენტის მიზიდულობის კონცეფცია.

როგორც სნობელენი ამტკიცებს, ნიუტონის "აბსოლუტური სივრცისა და დროის" ფიზიკური თეორია ეფუძნება დიდი მეცნიერის თეოლოგიურ წარმოდგენებს. მას სწამდა, რომ აბსოლუტური სივრცე ესაა ღმერთს სავანე, სამყაროს სულის არსებობის ფორმა. აბსოლუტური დრო-ესაა ღმერთის მარადიული არსებობა. უფრო მეტიც, ნიუტონს მიაჩნდა, რომ სამყაროს ღვთიური მოწყობის წყალობით, ყოველი ზემოქმედება მყისიერად გადაიცემა ნებისმიერ წერტილში მატერიის მონაწილეობის გარეშე, რასაც არ გამორიცხავს ზოგიერთი თანამედროვე ფიზიკოსი ვინც შეისწავლის ვაკუუმს და კვანტურ მექანიზმებს.

ნიუტონი მთელი ცხოვრება სწავლობდა ბიბლიას. მისი აზრით, წმინდა წიგნში დაშიფრულია უმაღლესი ძალების გზავნილი სამყაროს მომავალზე. მეცნიერი ოცნებობდა შეექმნა ისეთი სისტემა, რომელიც ბიბლიის გამოყენებით მომავლის წინასწარმეტყველების საშუალებას მისცემდა. განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა   წინასწარმეტყველ დანიელის წიგნს, სადაც ნაწინასწარმეტყველევი იყო იესო ქრისტეს მოსვლა, მისი სიკვდილი და აღდგომა.

ნიუტონი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთმა დანიელი აირჩია სწორედ მომავლის ასახსნელად. მომავლის დასანახად საჭირო იყო დანიელის წიგნის თითეული სიტყვის გაშიფრვა. ნიუტონმა თითქმის 50 წელის წორედ ამ საქმეს. ის თავს თვლიდა ღმერთის რჩეულად დეშიფრირების საქმეში. სამყაროს აღსასრულის მათემატიკური გამოთვლისთვის მან 4500 ქაღალდის ფურცელი გაავსო სიტყვებითა და ფორმულებით.

სამყაროს აღსასრულის წლად მან 2060 წელი დაწერა ქაღალდის ნაგლეჯზე 1704 წელს. როგორ მიიღო ეს თარიღი? დანიელის წინასწარმეტყველების შესწავლისას ნიუტონმა დიდი ყურადღება მიაქცია  თავი 12:7-" სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო."

სიტყვებს "წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში"ნიუტონმა გაუკეთა 1260 წლის ინტერპრეტირება-უკუღმა ათვლით განკითხვის დღემდე, რომელიც დაკავშირებულია იესოს მეორედ მოსვლასთან. საწყის თარიღად მან დაასახელა 800 წელი, როცა კარლოს დიდმა შექმნა წმინდა რომის იმპერია. ასე მოხდა რომის პაპის რელიგიური და კარლოს დიდის პოლიტიკური ხელისუფლების შერწყმა.

ამ თარიღს ნიუტონმა მიუმატა 1260 წელი და ჯამში მიიღო 2060 წელი. ნიუტონი წერს, რომ 2020 წლიდან 2060 წლამდე გაჩაღდება მსოფლიო ომი, ამას მოჰყვება შიმშილობა, რის შედეგად განადგურდება კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი. უბედურების დასრულების შემდეგ დადგება მესიის მეუფება.

ნიუტონი თვლიდა, რომ სოლომონის ტაძარი, რომელიც აიგო 950 წელს ჩვ.წ.აღ-მდე იერუსალიმში და  400 წლის შემდეგ გაანადგურეს ბაბილონელებმა, აშენდა ღვთის ჩანაფიქრით. 70 წლის შემდეგ პირველი ტაძრის ნანგრევებზე აიგო მეორე ტაძარი ძველი აღთქმის შესაბამისად. იესო იმყოფებოდა ამ ტაძარში, მაგრამ რომაელებმა ისიც დაანგრიეს 70 წ-ს.

ნიუტონს სწამდა, რომ ებრაელები დაბრუნდებოდნენ ისრაელში, როგორც ნათქვამია ბიბლიაში და ააგებენ ტაძარს უკვე მესამედ, ჟამის აღსრულებისას. დიდი მეცნიერი მთელი ცხოვრება ცდილობდა ამოეხსნა სოლომონის ტაძრის საიდუმლო, ვინაიდან მასში შესაძლებელი იქნებოდა მოვლენების განვითარების ზუსტი წინასწარმეტყველება. ბიბლიაზე დაყრდნობით მან დიდი დრო დაუთმო ტაძრის პროექტის აღდგენას. ნიუტონს მიაჩნდა, რომ ეს პროექტიც იქნებოდა ღვთის შესაქმის ნაპერწკალი.

ხელნაწერებში ნიუტონი ახსენებს 609 წელს, როდესაც რომაელებმა თავისი ხელისუფლების ნაწილი გადასცეს ეკლესიას, ასევე 1290 წელი. ამ რიცხვებს თუ მივუმატებთ ერთმანეთს, მივიღებთ 1899 წელს-სიონიზმის აღორძინების დრო, როცა წმინდა მიწიდან განდევნილმა ებრაელებმა დაიწყეს ისრაელში დაბრუნება.

მეცნიერმა ასევე იწინასწარმეტყველა ისრაელის სახელმწიფოს წარმოქმნაზეც, რომლის შესახებ დანიელ წინასწარმეტყველს ნათქვამი აქვს შემდეგი ..."შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი"...აქ მითითებულია ბუნდოვანი ვადა. ნიუტონმა გადაანგარიშებით მიიღო 1948 წელი.

უნდა აღინიშნოს, რომ სამყაროს აღსასრულზე წინასწარმეტყველებისას, წინასწარმეტყველს სწამდა, რომ კაცობრიობისთვის დამდგარი მძიმე დღეების შემდეგ, დადგება აყვავების ხანა, როცა ღმერთი  ხალხში იქნება, რომ  შეუმშრალოს ტანჯვის ცრემლები ადამიანებს.






No comments:

Post a Comment