ჩვენს ირგვლივ სამყაროში ბევრი რამაა საიდუმლოებით მოცული. უძველესი ინდური ტაძარი პადმანაბჰასვამიც დალუქულ კარსმიღმა დღემდე ამოუხსნელ ბევრ საიდუმლოს ინახავს.
ტაძარი აგებულია ღმერთ ვიშნუს პატივსაცემად ჩვ.წ.აღ-მდე მე-4 ს-ში. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე დაინგრა და აღადგინეს. ახლანდელი სახე მას 1731 წლიდან აქვს. ტაძარს უამრავი ქანდაკება ამშვენებს. შიგნით შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ ინდუსებს შესაფერისი სამოსით.
მთავარი დარბაზი მოხატულია სხვადასხვა მისტიკური ისტორიების ამსახველი ფრესკებით და ემსახურება ტაძრის მთავარი სიწმინდის, უნიკალური ქანდაკების მფარველობას- ვიშნუ ანანანჰასაიანამას პოზაში ანუ მარადიულ მისტიკურ ძილში. ვიშნუს სკულპტურა დასვენებულია გიგანტურ ათასთავიან გველზე. ვიშნუს ჭიპიდან იზრდება ლოტოსი მასზე მჯდომი ბრაჰმით. ქანდაკება დაფარულია ოქროთი და ძვირფასი ქვებით. მისი დანახვა შესაძლებელია ტაძრის სამი ჭიშკრიდან.
რამდენიმე წლის წინ გაირკვა, რომ დიდებული ტაძარი და არაჩვეულებრივი ქანდაკება ამ ტაძრის სიმდიდრის მხოლოდ ხილული ნაწილია. 2009 წელს ცნობილმა ინდოელმა ადვოკატმა სუნდარა რაჯანმა ინდოეთის უმაღლეს სასამართლოს პეტიციით მიმართა: მოითხოვა პადმანაბჰასვამის ტაძრის საგანძურების გახსნა, რომელიც 130 წლის წინ დაილუქა. იურისტი შეწუხებული იყო საგანძურის ძარცვის შესაძლებლობით სათანადო დაცვის არარსებობის გამო.
2011 წელს სასამართლომ სცნო სუნდარა რაჯანის საჩივარი და სახელმწიფოს დააკისრა ტაძრის სათანადო კონტროლის უზრუნველყოფა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ისტორიული ძეგლი გადავიდა კერალის შტატის იურისდიქციის ქვეშ.
ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ გასცა ხუთი დარბაზის გახსნის ნებართვა. დაინიშნა შვიდი კაცისგან შემდგარი ჯგუფი საგანძურის აღწერისთვის. ჯგუფმა ტაძრის ადმინისტრაციასთან ერთად დაიწყო საგანძურის ძიება. აღმოაჩინეს ექვსი ოთახი და ორი მიწისქვეშა საცავი.
ოთახების კარის გაღება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. საცავებში მიაკვლიეს ტონამდე ოქროს მონეტას, ასევე ტონა ოქროს ზოდს, ბრილიანტებით, ზურმუხტებით და სხვა ძვირფასი ქვებით სავსე სკივრებს-20 მილიარდ დოლარად შეფასებულ განძს. ყველასთვის ცნობილია, რომ უძველესი დროიდან ინდოეთის მდიდარი ოჯახები ტაძრებს წირავდნენ ძვირფასეულობას. ამასთან ომებისა და არეულობის დროსაც ქალაქის ხაზინას ინახავდნენ იქვე. პადმანაბჰასვამის ტაძრის საერთო ღირებულება უცნობია, ვინაიდან უკანასკნელი საიდუმლო კარი ჯერაც არ გაუხსნიათ.
ტაძარს ახლა დღედაღამ იცავს 200 პოლიციელი, დაყენებულია სათვალთავლო კამერები. საგანძურის სრული აღწერა არ ჩატარებულა. სავარაუდოდ ჩუმ-ჩუმად, ფარულად იძარცვება კიდეც.
ასეა თუ ისე, ხუთი საცავის ამბავი ნაწილობრივ მაინც გაირკვა, მაგრამ მეექვსე კვლავ დალუქული რჩება. ეს კარი გახლავთ შესასვლელი უკანასკნელ საიდუმლო ოთახისა, რომელიც აღმოჩნდა პადმანაბჰასვამის ტაძარში. მას ორი ქურუმი იცავს. მათი თქმით, კამერის შიგნით არის დიდი ოთახი, სადაც ინახება აურაცხელი განძი, წარმოუდგენელი საიდუმლოებები, წინაპართა დიდი ცოდნა. გადმოცემით, კარს მიღმა ინახება ღმერთ ვიშნუს ხელუხლებელი მარაგი და მისი შეხება აკრძალულია. კარი დალუქულია ხმოვანი ტალღებით. რომელიც მომდინარეობს საიდუმლო ადგილიდან და მისი პოვნა შეუძლებელია, ვინაიდან კოორდინატები დროის მდინარებასთან ერთად დაიკარგა.
ეზოთერიკოს ექსპერტთა თქმით, ტაძრის უკანასკნელი კარის გაღება სარისკო და საშიშია. ამ კარს არ გააჩნია მექანიზმი, სახელური, ქანჩი, რაც მისი გაღებისთვის გამოდგება. ამასთან კარების ორივე მხარეს ამოკვეთილია გველის ფიგურები, რაც ცუდის ნიშანია მათთვის, ვინც გაბედავს მის გაღებას. საგანძურის გახსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ხალხს დიდი საშიშროება დაემუქრება. მაშინ ქურუმებს განსაკუთრებული რიტუალის აღსრულების შემდეგ მიეცემა საგანძურის კარის გაღების უფლება, რომელსაც ლალისთვლიანი, სამთავიანი კობრა იცავს. ამის გარეშე, ვინც გაბედავს თვითნებურად მიწისქვეშ შეღწევას საშინელი სიკვდილი ელოდება.
ტაძრის ქურუმები ამ კარის გაღების სასტიკი წინააღმდეგი არიან. ამტკიცებენ, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს უამრავი უბედურება. ბევრი უწევს მათ აზრს ანგარიშს, განსაკუთრებით სუნდარ რაჯანის, რომელმაც წამოიწყო საგანძურის მთელი ეპოპეა, საიდუმლებით მოცული სიკვდილის შემდეგ. საცავის გახსნიდან ერთი კვირის შემდეგ ის გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით რაჯანი ციებამ მოკლა, თუმც ჯანმრთელობას არ უჩიოდა და არაფრით იყო დაავადებული. ექსპერტიზამ ვერ დადგინდა სიკვდილის მიზეზი.
გადმოცემით, მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისელებმა სცადეს ამ კარის გაღება. როცა გაბედულები შევიდნენ მიწისქვეშ, მათ თავს დაესხნენ დიდი გველები. ნაწილმა ძლივს მოახერხა თავის დაღწევა, ნაწილი დაკბინეს და საშინელი ტანჯვით გარდაიცვალნენ.
ასე რომ, მეექვსე კარი კვლავ დაკეტილია. ტაძრის საგანძურის ირგვლივ ინტრიგები კვლავ გრძელდება.
No comments:
Post a Comment