ზოგადად სიმბოლოში დაფარული იყო გარკვეული ინფორმაცია. ამიტომ ზოგიერთი მათგანი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სტაბილური გამოსახულებას ინარჩუნებდა, რისი შეცვლაც შეუძლებელი გახლდათ. ასეთ სიმბოლოებს უნივერსალური ბუნება ჰქონდა. სწორედ მათ განეკუთვნება: ჯვარი, სპირალი, წრე. ადამიანებს ცოდნის ყველაზე უნივერსალური ფორმა გადაეცა სიმბოლოთა საშუალებით. სიმბოლიკაში ჩადებულია მდგომარეობა, მოვლენის სული, რომელსაც ის გამოხატავს. არცთუ იშვიათად, სიმბოლოს წვდომა, მისი არსის გაგება ხდება ინტუიტიურად , ქვეცნობიერის დონეზე. ვინც წვდება სიმბოლოს მნიშვნელობას, მას სამყაროს შემეცნების უნარი გააჩნია. ცნობილია, რომ ყოველი საკრალური ხელოვნება ეფუძნება ფორმის მეცნიერებას. ფორმებისათვის კი ნიშანდობლივია სიმბოლიკა.
ეგვიპტური ჯვარი––ანჰი
ეგვიპტური ჯვარი T-ს ფორმისაა, რომელსაც თავზე მარყუჟი აქვს. მისი წარმოშობა უცნობია.
ჯვარი ეგვიპტელებისთვის წარმოადგენდა ცხოვრების სიმბოლოს. ეგვიპტეში ადეპტს, რომელსაც ყველა გამოცდა გავლილი ჰქონდა, აწვენდნენ T-ს ფორმის საწოლზე და ზიარებისთვის შეჰყავდათ ღრმა ძილში. ადეპტს ათავსებდნენ სარკოფაგში, რომელიც სამეფო განსასვენებელში იდგა. მესამე დღეს ის გადაჰყავდათ დერეფნების შესასვლელთან, სადაც გათვლილ დროს ამომავალი მზის სხივები ეცემოდა ტრანსში მყოფი კანდიდატის სახეს, რომელიც უკვე ხელდასმული ფხიზლდებოდა.