ბრუ ნა ბოინის ველზე არსებული მეგალითური კომპლექსი მოიცავს 40 ყორღანს. ველი მდებარეობს დუბლინის ჩრდილოეთით ორმოც კილომეტრში. კომპლექსი წინარეისტორიული ხანისაა. ის 10 კვ. კილომეტრზეა განლაგებული. სამი მხრიდან აკრავს მდინარე ბოინი. კომპლექსი ცნობილ სტოუნჰენჯზე უფრო ძველია და ეგვიპტის პირამიდებზე ხუთასი წლით უფრო ადრე აგებული. XX ს-ის 70-იანი წლებიდან მიმდინარეობს ამ კომპლექსის სრულმასშტაბიანი კვლევა, მაგრამ აქამდე კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.
სამარხები 5 ათასი წლისაა. ის ნეოლითის ხანაშია აგებული, როდესაც ირლანდიის ტერიტორიაზე დასახლდა პირველი მიწათმოქმედი ხალხი. მათ არ დაუტოვებია წერილობითი ცნობა და ამ მოსახლეობაზე საუბარი შეუძლებელია. სამარხები ითვლება ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ნაგებობად ევროპაში.
ამ სამარხების აგებიდან სამი ათასი წლის შემდეგ ბოინის ველზე გამოჩნდნენ კელტები. იმ დროისთვის ყორღანები ბუნებრივ გორაკებს ჰგავდა. კელტმა ბელადებმა ციხესიმაგრის ასაგებად ნაუთი აირჩიეს, როგორც ყველაზე დიდი სამარხი. მის გასამაგრებლად კელტებმა თხრილები გაავლეს გარშემო. ამის გამო მათ მოუხდათ სამარხის შესასვლელების დანგრევა. მაგრამ სამარხის შიგნით შეღწევა მაინც მოახერხეს. ამაზე მოწმობს დერეფნის კედლებზე გაკეთებული წარწერები. ახალმა მოსახლეებმაც დატოვეს აქ თავისი სამარხები.
ბოინის ველის ახალი ისტორია დაიწყო VIII-IX ს-ში. ამ პერიოდში გორაკის წვერზე არსებული ციხესიმაგრე იქცა ირლანდიის ერთ-ერთი სამეფოს დედაქალაქად. შუა საუკუნეებში ხალხს ეშინოდა სამარხის დერეფნებში შესვლა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს დერეფნები მიწისქვეშა სამყაროსკენ მიემართებოდა, სადაც სახლობდა გამოუცნობი, მითიური ხალხი ტუატა დე დანაანი, რომლებიც მიწისქვეშ ჩავიდნენ.
1699 ბრუ ნა ბოინის გორაკზე გზის მშენებელი მუშები მივიდნენ ხრეშისთვის. ბარის რამდენიმე დარტყმის შემდეგ, მიწიდან გამოჩნდა ძველი ნაგებობების ფრაგმენტები. ამ აღმოჩენამ მეცნიერებში გამოიწვია აურზაური. მათი აზრით ეს ამოუცნობი ნაგებობები კელტების ეპოქას განეკუთვნებოდა.
XVIII-ე საუკუნეში ინგლისელმა მეცნიერმა ჩარლზ ვალანსიმ სამი პირამიდიდან ერთი- "ნიუგრეინჯი" ჩათვალა "მზის გამოქვაბულად". ვალანსი დარწმუნებული იყო, რომ ეს ნაგებობა დაკავშირებული იყო უძველეს რიტუალებთან, კერძოდ, გაზაფხულისა და ზამთრის ბუნიობის დღესასწაულებთან.
ნიუგრეინჯის ფართმოსშტაბიანი გამოკვლევა დაიწყო 1967 წელს პროფესორ მაიკლ ჯ. ო'კელის ხელმძღვანელობით. გაირკვა, რომ ნიუგრეინჯი რეალურად ისეა ორიენტირებული, რომ 21 დეკემბერს დილით, ზამთრის ბუნიობისას, მზის სხივები იჭრება შესასვლელიდან და 17 წუთის განმავლობაში ანათებს სამარხ კამერას.
ეს მოვლენა მოწმობს იმას, რომ ჯერ კიდევ ჩვ. წ.არ-მდე 3 ათასი წლის წინ ირლანდიის ძველი მოსახლეობა ფლობდა მაღალ ასტრონომიულ ცოდნას. ასტრონომობის გარდა ისინი კარგი ინჟინრებიც იყვნენ. ირლანდიის "პირამიდები" ტექნიკური თვალსაზრისით უფრო რთული ნაგებობებია ვიდრე ეგვიპტური, რომელიც აგებულია ხუთასი წლით შემდეგ.
სამარხში შესასვლელი მონიშნული იყო ქვებით. ეს ქვები და ასევე სამარხი კამერები დაფარულია ზიგზაგისებური, სამკუთხა ორნამენტებით. მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად ვხვდებით სამმაგი სპირალის გამოსახულებას. ეს სიმბოლო ძალიან იყო გავრცელებული ნეოლითურ ხელოვნებაში და როგორც მეცნიერები ფიქრობენ დაკავშირებული იყო სიკვდილსა და აღდგომასთან.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით სპირალის გამოსახულება წარმოადგენს გველის მეტაფორას, რომელიც გაზაფხულზე იცვლის ტყავს და იბადება ახალი ცხოვრებისთვის. სხვები მასში მზის სიმბოლოს ხედავენ. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ სპირალი აღმნიშვნელია მიწისქვეშა სამყაროს გზის, სადაც მიცვალებულები მიდიან.
ბრუ ნა ბოინის "პირამიდა" და ყველაზე დიდი ხელოვნური ნაგებობა ევროპაში გახლავთ ნაუთი. მისი გარშემოწერილობა 915 მ-ია. ყორღანების აგება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქ ჩატარებული გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ამ ყორღანის შიგნით ორი სამარხი კამერაა, რომლისკენაც ორი 30 მეტრის სიგრძის დერეფანი მიემართება. პირველ კამერას არქელოგები გათხრების დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ წააწყდნენ. თხუთმეტი წელი დასჭირდა არქეოლოგებს, სანამ ფეხს შეადგამდნენ სრულიად ხელუხლებელ სამარხ კამერაში, სადაც ადამიანი ბოლოს იმყოფებოდა ხუთი ათასი წლის წინ. გაირკვა, რომ მიცვალებულს წვავდნენ, ნეშთს ათავსებდნენ ცხოველის ტყავზე და ისე შეჰქონდათ სამარხში. ამის შემდეგ ნეშთს სპეციალურ ნიშაში ათავსებდნენ. ძვლებთან ერთად აწყობდნენ მიცვალებულის კუთვნილ მძივებს, სამკაულებს, ზღვის ნიჟარებს, სხვადასხვა იარაღს.
ისევე როგორც ნიუგრეინჯი, ნაუთიც ისეა ორიენტირებული, რომ მზის სინათლე მოხვდეს შიგნით, სამარხ კამერაში წლის განსაზღვრულ დროს. ეს დრო კი გახლავთ გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობა. ნაუთის ერთ-ერთი დერეფანი მზის სხივით ნათდება 21 მარტს, მეორე კი- 23 სექტემბერს. ბოინის ველის მოსახელობისაგნ ასეთი გათვლა მოითხოვდა არა მარტო სამარხის ზუსტ დაგეგმარებას, არამედ დაგროვილ ცოდნას ასტრონომიაში. არქეოლოგებმა ნაუთის სამარხში აღმოაჩინეს 200 ადამიანის ნეშთი. შესაძლოა ბევრ საიდუმლოს ნათელი მოჰფინოს მესამე პირამიდის "დაუთის" გათხრებმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ის რომბები, სამკუთხედები და ხვეულები , რომელებიც მეორდება ქვებზე, არ გახლავთ უბრალო დეკორატიული გამოსახულება, მათში ჩადებულია დაშიფრული ტექსტები. თითეული ქვა შეიცავს არსებული ისტორიის ერთ თავს. ხოლო მათი დამაკავშირებელი გახლავთ იდუმალებით მოცული სამმაგი სპირალი. ეს სავარაუდო პეტროგლიფები არ ეკუთვნით კელტებს. ისინი უფრთხოდნენ და ეშინოდათ კიდეც ამ სამარხების. ამასთან ცნობილია, რომ კელტებს თავისი დამწერლობა ჰქონდათ. ისინი თვლიდნენ, რომ სამარხში არსებული დერეფნები მიემართებოდა მიწისქვეშა სამყაროსკენ, სადაც სახლობდა ტუატა დე დანაანის ზებუნებრივი და ამოუცნობი ადამიანთა რასა. კელტებთან ომის შემდეგ, ეს ამოუცნობი რასა საცხოვრობლად გადავიდა მიწისქვეშ.
ირალანდიურ ფოლკლორში არსებობს ბევრი გადმოცემა ამ ხალხზე. ისინი იყვნენ კარგი აღნაგობის, თეთრები, სილამაზესთან ერთად დღეგრძელებიც. უძველესი კულტურების ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ქვებზე დაწვრილებითაა აღწერილი გალაქტიკები და პლანეტები. ახლა მთავარია მოხდეს მათი გაშიფვრა.
No comments:
Post a Comment