Saturday, 12 October 2019

საკრალურ-ალეგორიული სურათხატები მეფე ართურისა და მრგვალი მაგიდის ციკლში



გრაალის შესახებ დაწერილი ყველა ტექსტი ატარებს ალეგორიულ ხასიათს და გადმოგვცემს გრაალის იმ მოძრაობაზე, რომელიც არსებობდა ევროპაში მე-8-10 ს-ში. მათი ალეგორიულობის გამო, მკვლევარებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ისინი ისტორიულ სინამდვილეს არ შეიცავდნენ. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ჯვაროსნებმა აღმოსავლეთის ექსპედიციების დროს ბევრი საინტერესო მასალა და სასულიერო ტექსტები მოიპოვეს, რომელიც შემდეგ ევროპაში ჩაიტანეს. ეს ტექსტები ხშირად აერთიანებდა მოაზროვნეებს და ისინი ქმნიდნენ ორდენებს. სწორედ მათ შეუქმნეს რენესანსის დაწყებას საფუძველი ევროპაში.

ვოლფრამ ფონ ეშენბახს მიაჩნია, რომ გრაალი ძვირფასი ქვაა, კეთილშობილი თვალი, რომელიც იოსებ არიმათიელმა იმ სისხლით გაჟღინთა, რომაელი ლეგიონერის შუბიდან რომ წვეთდა (საერთოდ ამ შუბს მუდმივად სდის სისხლი). ყოველ წელს, ვნების პარასკევს ის მოაქვს ზეციურ თეთრ მტრედს. მტრედი ქვას ობლატში ახვევს და არავის ძალუძს მისი ხილვა. მის თვალისმომჭრელ ნათებას შეიძლება თვალი მოჰკრას მხოლოდ უბიწო, უმანკო რაინდმა, ვისაც არანაირი ცოდვა ჩაუდენია, ვინც მხოლოდ სიკეთეს თესდა.

პოეტი იოჰან იოზეფ გორესი (XVIII-XIX ს) თვლის, რომ გრაალში ჩაქსოვილია უძველესი იდეა ქერუბიმთა საიდუმლო სიბრძნისა. იგი პარალელს ავლებს ჰერაკლესა და ჰერმეს-ტრისმეგისტოსის თასებთან, იმ თასებთანაც ბაკხუსის მისტერიების დროს რომ იყენებდნენ. არც სპარსეთის ლეგენდარული მეფის ჯემშიდის თასი ავიწყდება. გორესი ინდოეთშიც გადადის და იქაურ თქმულებებშიც პოულობს ბევრ მსგავსებას. რაც უსაფუძვლო არ გახლავთ. მკვლევარები მრავალი დამთხვევის მოწმენი ხდებიან. მაგალითად, სპარსეთის ლეგენდარული მეფის ჯემშიდის თასში ჩასხმულ სითხეს სიბრძნისა და უკვდავების მონიჭების ძალა გააჩნია და მარადიული ახლაგაზრდობის შენარჩუნებაც ძალუძს. ეს თვისებები გრაალსაც აქვს. ჯემშიდი 800 წლით ადრე მეფობდა ქრისტემდე. პერსეპოლისი ჯემშიდის აშენებულია. სპარსელებს მან ასწავლა მეცნიერება, ხელოვნება, მიწის დამუშავება, ზღვის ფსკერზე განძის ძიება. მანვე დაუწერა ხალხს კანონები. საინტერესოა ასევე ის, რომ თასი ჰერაკლეს მზის ღმერთმა ჰელიოსმა აჩუქა. ჰელიოსი კი, როგორც მითებიდან  ვიცით, კოლხეთის მეფის აიეტის მამა იყო.

ართურის ფიგურაში ერთმანეთს ხვდება მამაკაცური, წმინდა მეომრული და სამეფო ელემენტი. ართურის ხასიათს აწონასწორებს ის ფაქტი, რომ მას ყოველთვის თან ახლავს მერლინი, ზებუნებრივი ცოდნისა და ზემატერიალური ძალაუფლების მცველი. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ორი პრინციპის-მეომრულისა და სულიერის კავშირს. ამიტომაა, რომ მეფე ართურის "მრგვალი მაგიდის'' რაინდობა მარტო სამხედრო დანიშნულებისა არ გახლავთ. "ვულგატის" ტექსტის მიხედვით, მეფე ართურის ალამს წითელი ჯვრის გარდა, ამშვენებდა "წითელი გველეშაპის'' გამოსახულება. ძველი მისტერიებიდან ცნობილია, რომ უნივერსალური ცხოვრება პერსონიფიცირებულია გველეშაპთან (დრაკონთან). ამიტომაა ართურის მამა უთერ პ ე ნ დ რ ა გ ო ნ ი.

ართურის მეფობა გახლდათ სამეფო ხელისუფლების არქეტიპი და გამოხატავდა საკრალური სამეფოს ხელისუფლების პარადიგმას. როგორც უკვე ვიცით სახელი ართურის სხვადასხვა ინერპრეტაცია არსებობს, ერთ-ერთია კელტური მნიშვნელობა-დათვი. დათვი ასტრონომიულად შეესაბამება "პოლარულ თანავარსკვლავედს"(დიდი დათვის). ართურის პიროვნებაში თავმოყრილია ორი პრინციპი- მეომრისა და რაინდისა, რაც ასევე დამახასიათებელია ართურის კარის რაინდებისთვის. მეფე ართურს ხომ გარშემო "მრგვალი მაგიდის'' რაინდები ახვევია. მრგვალი მაგიდის რაინდობა მარტო სამხედრო ორგანიზაციის წევრობა არ გახლავთ. ისინი გრაალის თასის მაძიებელნი არიან. ევოლას აზრით, თვით გრაალი წარმოადგენს იმ ტრანსცენდენტულ ელემენტს, რომლის დახმარებით რაინდებმა უნდა მიაღწიონ სრულყოფილებას, რაც ნათლად ჩნდება თქმულებების ვარიანტებში, სადაც ართურის სამეფო გაიგივებულია გრაალის სამეფოსთან. ლეგენდის მიხედვით, ართურმა დაამტკიცა თანდაყოლილი უფლება იყოს კანონიერი მეფე, როცა ქვიდან ხმალი ამოაძრო. ხმლის ამოძრობა ნიშნავს მატერიალური ბორკილებისგან განთავისუფლებას, ვინაიდან ქვა ხშირად ნიშნავს მატერიალურობას. ქვიდან ხმლის ამოძრობის შემდეგ, ართური ხდება ექსხალიბურის მფლობელი, რომელიც წყლის ზედაპირზე ეჭირა ვიღაცის იდუმალ ხელს. ამ იარაღზე ნათქვამია, რომ იგი დაამზადეს კუნძულ ავალონზე, ანუ მას კავშირი აქვს სულიერების უმაღლეს ცენტრთან.  ფაქტი რომ ხმალი წყლის ზემოთ ეჭირათ, ხაზს უსვამს იმას, რომ საუბარია ძალაზე, რომელიც თავისუფალია მატერიალურისგან, შეზღუდული და მგრძნობიარეა სიცოცხლის მიმართ. ცხოვრებაში სიძნელეების გადალახვა აუცილებელია იმისთვის, ვინც მიილტვის სამეფო მანდატის მისაღებად. მაგრამ იგივე უნდა განახორციელონ იმ რაინდებმაც, ვისაც სურვილი აქვს ეკუთვნოდეს მეფე ართურის გარემოცვას და მოიძიოს გრაალი. 

ართურის სამეფო გამოყოფილია ადამიანთა სამყაროსგან ფართო მდინარით, რომელზეც გადებულია მხოლოდ ერთი ბეწვის ხიდი, სავსე საფრთხით. ამ სამეფოს იცავენ ტიტანები, ხოლო მის შუაგულში დგას მუდმივ მბრუნავი ციხესიმაგრე, სადაც ინახება ზებუნებრივი გრაალის თასი. მეფე ართურმა რაინდთაგან შექმნა მრგვალი მაგიდა, რომელშიც წარმოჩნდა მთელი სამყარო, ცა და დედამიწა. ნახსენებია ვარსკვლავების მოძრაობა ცაზე უძრავი წერტილის გარშემო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რაინდები რომლებიც მრგვალი მაგიდის გარშემო სხედან არიან წარმომადგენლები უმაღლესი ცენტრალური ხელისუფლებისა. მრგვალი მაგიდის რაინდები თითქმის ყოველთვის თორმეტნი არიან (საკრალური რიცხვი). თორმეტი რაინდი შეესაბამებოდა 12 ზოდიაქის ნიშანს. თვით მეფე ართური გახლდათ დამფუძნებელი მრგავალი მაგიდის რაინდთა ორდენისა. მეფე ართურთან ეს სიმბოლიზმი დაკავშირებულია აგრეთვე საფრთხის შემცველ ადგილთან, რომელიც განგებ ცარიელია დატოვებული მრგვალ მაგიდასთან. ეს ადგილი ეკუთვნის მოსალოდნელ რჩეულ რაინდს, რომელიც ყველას სჯობს და უნდა გახდეს მეცამეტე რაინდი. ევოლას აზრით მეცამეტე შეესაბამება უმაღლესი ცენტრის მეუფეს, გრაალი კი დაკარგულის სიმბოლოა, რომელიც უნდა მოინახის და დაბრუნდეს. ის რაინდი რომელიც მას დააბრუნებს, შეძლებს საფრთხის შემცველი ადგილის დაკავებას მაგიდისთან. 

ქრისტიან მისტიკოსს ალბერტ მაკოს მიაჩნია, რომ წმინდა გრაალის ძიება ასოცირდება ჭეშმარიტების მუდმივ ძიებასთან. ამგვარად, წმინდა გრაალის საიდუმლო შეიძლება ამოხსნას მხოლოდ იმან, ვისაც უნარი შესწევს ამაღლდეს გრძნობიერ ყოფაზე. მხოლოდ ასეთ ადამიანს გადაეცემა საყრდენი, რათა ამაღლდეს ჭეშმარიტებამდე.

რაც შეეხება თასს, ის ქალური საწყისის სიმბოლოა, რომელიც იღებს და აგროვებს ენერგიას. თასის მთავარი თვისება მასში არსებულისა და ირგვლივ არსებული სამყაროს ტრანსმუტაციის უნარია. გრაალის თასის ლეგენდის წარმოშობას კავშირი უნდა ჰქონდეს დრუიდებთანაც. სავარაუდოდ, ისინიც იღებდნენ მონაწილეობას გრაალის მისტერიის შენახვის ტრადიციაში. სისხლი სიცოცხლის ძალისა და სითბოს მატარებელია. იგი ვნებათა აღძვრასთან ასოცირდება. ძველ ბერძნულ მითში ადონისის სისხლი იქცევა ყვავილად და წარმოადგენს ბუნების აღორძინების სიმბოლოს. ხარის სისხლს იყენებდნენ მითრას რიტუალებში მაგიური ძალის შესანარჩუნებლად. გრაალის თასი მოგვაგონებს გულს, რომელიც ღვთიური გულის სიმბოლოა. წმინდა გრაალის დაკარგვა განასახიერებს შინაგანი სიმტკიცის დაკარგვას, ენერგეტიკული საყრდენის გამოცლას.








No comments:

Post a Comment