მე-18 საუკუნეში ფლორენციელმა პროფესორმა ჯიროლამო სეგატომ გამოიგონა ადამიანის ნეშთის მინერალიზაციის პროცესი, მაგრამ გაუნათლებელ თანამედროვეთა შიშმა ეს გამოგონება გაანადგურა. ამ საოცარი ტექნოლოგიის მტკიცებულებად დარჩა მხოლოდ რამდენიმე რელიკვია.
სეგატომ ადრეულ ასაკში გამოავლინა დიდი ინტერესი მეცნიერებისადმი და კერძოდ ქიმიისადმი. გაქვავების პროცესზე სპეციალიზაციას მას შემდეგ შეუდგა, როცა ეგვიპტე მოინახულა 26 წლის ასაკში და მოიხიბლა ამ უძველესი ქვეყნის მუმიებით. ეგვიპტეში ყოფნისას ის იკვლევდა ძველ სამარხებს. ადგილობრივებს ეკითხებოდა მუმიფიკაციასთან დაკავშირებით ყველაფერს და დაწვრილებით იწერდა. იტალიაში ის უამრავი ჩანაწერებით დაბრუნდა.
ფლორენციაში დასახლების შემდეგ სეგატო შეუდგა ადამიანის სხეულის ნაწილების, მათი შესწავლის და გახრწნისგან დაზღვევის მიზნით, შენახვის მეთოდიკაზე მუშაობას. პირველ რიგში ექსპერიმენტებს ატარებდა გამოშრობაზე, მუმიასთან მიმსგავსების მიზნით. ამის მერე, სცადა სხეულის ბუნებრივი სითხის შეცვლა სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით. სამწუხაროდ არ არის ცნობილი რომელ ქიმიკატებს იყენებდა მეცნიერი ცდებისას. ცნობილია მხოლოდ შედეგი. თავდაპირველად საკუთარ გამოგონებას ცხოველებზე ცდიდა. ტესტირების შემდეგ კი მეცნიერ-გამომგონებელმა მალევე შექმნა ადამიანის ქსოვილის საიდუმლო მინერალიზაციის პროცესი საკუთარი უნიკალური მეთოდით, რომელიც ნეშთს მარმარილოს ამსგავსებდა. სეგატომ ვერ შეძლო ამ პროცესის მთელ სხეულზე ზემოქმედების საშუალების პოვნა. მან მხოლოდ სხეულის ცალკეული ნაწილების შენახვა მოახერხა.
მისი კვლევის შედეგებზე რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთს უკვირდა სეგატოს მეთოდით მიცვალებულების განსაკუთრებული ტრანსფორმაცია, ზოგი თვლიდა, რომ მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ეგვიპტურ მისტიკასთან. მას მერე, რაც ლაბორატორიაში ვიღაც შეუვარდა და მისი საქაღალდე გადაქექა, სეგატოს შეეშინდა ნაშრომების მოპარვის და ამიტომ გაანადგურა ჩანაწერები. ის 1836 წელს გარდაიცვალა და თან წაიღო საფლავში თავისი გამოგონების საიდუმლო. პროფესორი დაკრძალეს ფლორენციის სასაფლაოზე. საფლავს გაუკეთეს ეპიტაფია: "აქ განისვენებს ჯიროლამო სეგატო-დარჩებოდა უხრწნელი და გაქვავებული მისი ხელოვნების საიდუმლო რომ არ მოკვდარიყო მასთან ერთად".
სეგატოს კვლევების დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს რამდენიმე რელიკვია, რომელიც ინახება ფლორენციის უნივერსიტეტში. ესენია: გაქვავებული ადამიანისა და ზოგიერთი მწერის თუ ცხოველის სხეულის ცალკეული ნაწილები. ინახება ასევე ოვალური ხის დაფა, რომელიც ფილებითაა ინკრუსტირებული. ეს ფილებიც გახლავთ გაქვავებული ძვლის, კუნთებისა და ნაწლავების ნაწილები.
No comments:
Post a Comment