Thursday, 18 March 2021

მე-20 საუკუნის უდიდეს ექსტრასენსად წოდებული ეილინ გარეტი

 

ეილინ გარეტი ითვლება მე-20 საუკუნის უდიდეს ექსტრასენსად. მან დაიწყო ნათელმხილველობით და ტელეპატიით, გააგრძელა სპირიტული სეანსებით და დაასრულა ლსდ-ის ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების შესწავლით.

ეილინ ჯანეტ გარეტი დაიბადა ირლანდიაში 1893 წელს გაჭირვებულ ოჯახში. დედამ მისი დაბადებიდან რამდენიმე დღეში მოიკლა თავი, ხოლო ექვსი კვირის შემდეგ მამამ. ობოლი ეილინი დეიდასთან დატოვეს აღსაზრდელად. დეიდა მძიმე ხასიათის  ქალბატონი იყო. ეილინი მარტოსულად იზრდებოდა. ბავშვობიდან მას ახლო კავშირი ჰქონდა ბუნებასთან,  დიდ დროს ატარებდა ტყესა და ჭაობებში. ოთხი წლის ასაკიდან იგრძნო ზებუნებრივი ძალის ზემოქმედება და ამბობდა, რომ ხედავდა სულებს, ესაუბრებოდა მათ.

ნელ-ნელა მას გამოუვლინდა ნათელხილვის, ტელეპატიისა და სხვა ადამიანების ენერგეტიკული გარსის (აუარა) ხილვის უნარი. ის ამტკიცებდა, რომ ხედავდა როგორ ტოვებდა სიკვდილის შემდეგ ცოცხალი არსების სასიცოცხლო ძალა სხეულს. მაგალითად, ერთხელ, როცა დეიდამისმა გაამწარა, ეილინმა ფერმაში რამდენიმე იხვი დახოცა შურისძიების მიზნით. სწორედ იმ დროს დაინახა "როგორ ადიოდა ყოველი პატარა ფორმიდან რუხი ნისლისებური სუბსტანცია".

ასაკის მატებასთან ერთად ეილინს ემატებოდა ეს ძალა, მაგრამ ამასთან ერთად იზრდებოდა უბედურებები და ტრაგედიები მის პირად ცხოვრებაში. ის სამჯერ გათხოვდა, დაკარგა სამი ვაჟიშვილი ჩვილ ასაკში. და ყოველ ჯერზე, მისი თქმით, ის ხედავდა როგორ ტოვებდნენ მათი სულები სხეულს.

ეილინის ქორწინებები განწირული იყო ტრაგედიებისთვის. მეორე მეუღლე დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში აფეთქების შედეგად, რომელიც ეილინმა "იხილა" წვეულებაზე ყოფნისას.
"გამაოგნა გამანადგურებელმა აფეთქების ძალამ. დავინახე ჩემი ოქროსფერთმიანი ქმარი როგორ იქცა ნაფლეთებად. მივცურავდი საოცარი ხმების ზღვაში. როცა გონს მოვედი, გავიგე რომ ჩემი ქმარი მოკლეს."

 ამ ტრაგიკული ხილვის შემდეგ გარეტს მოემატა ექსტრასენსორული უნარი. ის დარწმუნდა, რომ დაჯილდოებული იყო "კოსმიური ცნობიერებით" და რომ მას მფარველობდა რუხი სამოსით მოსილი თავისებური მფარველი ანგელოზი ადამიანის სახით. ადამიანი რუხ სამოსში ერთხელ უკვე დაეხმარა  გადაერჩინა მისი ავადმყოფი გოგონა ბაბეტა, როცა ის პნევმონიით იყო ავად.

1920 წელს ეილინ გარეტმა დაიწყო სპირიტული სეანსების ჩატარება და ის თავს "ტრანს-მედიუმს" უწოდებდა. სეანსებზე, ღრმა ტრანსში ყოფნის დროს, მის სხეულში შედიოდნენ სხვადასხვა სულები. გარეტის გამოსვლა ისეთი დამაჯერებელი ჩანდა, რომ სულ მალე პოპულარული გახდა ბრიტანეთის სპირიტულ საზოგადოებაში და მალევე აშშ-დან მიიღო მოწვევა.


მოგვიანებით მან გააკეთა განაცხადი, რომ  ჰყავდა ორი "სულიერი მასწავლებელი", ანუ გამცილებელი სულები, რომლებიც მას ეხმარებოდნენ სეანსებზე. ერთს ერქვა უვანი-იყო ახალგაზრდა სპარსელი ჯარისკაცის სული, მეორე აბდულ ლატიფი, რომელიც გახლდათ ჩვ.წ.აღ-ით მე-13 საუკუნეში პოპულარული მუსლიმი მკურნალი.

მისივე თქმით, ეს ორი სული ეხმარებოდა  უნარების დახვეწაში. ისინი უამბობდნენ იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. გარეტი აღწევდა საერთაშორისო აღიარებას სპირიტული სეანსების დამსახურებით, რამაც მეკვლევართა, მეცნიერთა, პარაფსიქოლოგთა და სპირიტუალისტთა ინტერესი გააღვივა მის მიმართ.

.

1930 წელს დიდი ბრიტანეთი ტრაგიკულმა ცნობამ შოკში ჩააგდო. ქვეყნის ტექნიკური მიღწევისა და ეროვნული სიამაყის მწვერვალი-საჰაერო ხომალდი (დირიჟაბლი) პირველივე გაფრენისას აფეთქდა საფრანგეთის თავზე.

გიგანტური საჰაერო ხომალდი გაემართა ბრიტანეთიდან ინდოეთისკენ. მეორე დღეს, შუაღამისას საფრანგეთში, პარიზის ჩრდილოეთით შეეჯახა გორაკს და კატასტროფა განიცადა. მიწაზე დაცემისას აფეთქდა ხომალდის 142 კუბ.მ. სავსე წყალბადის ბალონები. დაიღუპა ბორტზე მყოფი 48 მგზავრი, მათ შორის ხომალდის მეთაური ირვინი.


ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ ლონდონში, ფსიქიკური კვლევების ლაბორატორიაში ტარდებოდა მორიგი სპირიტული სეანსის ექსპერიმენტი. ეილინ გარეტი შევიდა ტრანსში. ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა ჰარი პრაისი, რომელიც ცდილობდა კავშირის დამყარებას გარდაცვლილი მწერლის კონან დოილის სულთან. კონან დოილის სულის ნაცვლად კავშირზე გამოვიდა სხვა. ეილინმა მოულოდნელად დაბალი ხმით დაიწყო საუბარი და განაცხადა, რომ ის იყო პოლკოვნიკი კარმაიკლ ირვინი, საჰაერო ხომალდის მეთაური. ის პატიებას ითხოვდა უადგილო შემოჭრისთვის, სურდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. შემდეგ  პოლკოვნიკ ირვინის სულმა ეილინ გარეტის ბაგეთა დახმარებით დაწვრილებით ისაუბრა დირიჟაბლის კონსტრუქციის ყველა დეფექტზე და მათგან გამოწვეულ ტექნიკურ გაუმართაობაზე, რომელიც კატასტროფის მიზეზი გახდა.

როდესაც გამოქვეყნდა სპირიტიზმის სეანსის ანგარიში, მისი სრული სტენოგრამული ჩანაწერი მოითხოვა ინჟინერმა ჩარლტონმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა საჰაერო ხომალდის შექმნაში. ის გაოცებული იყო სტენოგრამის შედეგების გაცნობით, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი რა შეემთხვეა ხომალდს. მოყვანილი იყო წმინდა ტექნიკური სახის მონაცემები, რომლის შეფასება და გაგება მხოლოდ სპეციალისტს შეეძლო. ტექნიკური სახის ინფორმაცია მედიუმმა მიიღო საჰაერო ხომალდის გარდაცვლილი მეთაურის კაპიტან კარლმაიკლ ირვინისგან. არავის შეეძლო სცოდნოდა ის, რასაც ირვინის ხმით გარეტი ამბობდა. ირვინის ინფორმაციის თითეული დეტალი შემოწმდა და მართალი აღმოჩნდა. ამასთან, კომისიის წევრებმა ისეთი დეტალებიც შეიტყეს, რომლის აღმოჩენა შეუძლებელი იყო ხომალდის ნამსხვრევების შესწავლით. ბევრისთვის ეს გახდა გარეტის სუპერშესაძლებლობების მტკიცებულება. მის უნარებს ბევრი მეცნიერი და კვლევითი ინსტიტუტი სწავლობდა. შედეგი ერთმნიშვნელოვანად მიიჩნევდა გარეტს უნიკალურ  ექსტრასენსად.

1933 წელს გარეტი  აშშ-ში გაემგაზვრა საკუთარი უნარების გამოსაკვლევად. მეორე მსოფლიო ომის წინ კი ის დაბრუნდა ევროპაში, სადაც  მონაწილეობას იღებდა მეორე მსოფლიო ომის საფრანგეთის წინააღმდეგობაში. ამის შემდეგ, 1941 წელს საბოლოოდ გაემგზავრა აშშ-ში ნაცისტური გერმანიის ოკუპაციისგან თავის დაღწევის მიზნით. მან აშშ-ში დააფუძნა საკუთარი საგამომცემლო კომპანია New Age, Creative Press, რომელმაც დაბეჭდა გარეტის წიგნები პარაფსიქოლოგიაზე, სპირიტიზმზე: "ტელეპატია" , "თავგადასავალი ზებუნებრივ სამყაროში".


1951 წელს გარეტს აშშ-ს კონგრესმენ ფრენსის ბოლტონი დაეხმარა დაეარსებინა პარაფსიქოლოგიის ფონდი. 1960 წელს გარეტი შეუერთდა ფსიქოდელურ მოძრაობას, კერძოდ ცნობილ მწერალს და ფსიქოდელ-მკვლევარს ოლდოს ჰაქსლის. შემდეგ ის ამტკიცებდა, რომ ფსიქოდელიკები დაეხმარნენ  უნარების გაფართოებაში. ის მოხიბლული იყო ლსდ-ს კულტურით. საკუთარი პარაფსიქოლოგიის ფონდის დახმარებით  ატარებდა საკუთარ ექსპერიმენტებს ადამიანის ცნობიერებაზე და მის ფსიქიკურ შესაძლებლობაზე ფსიქოდელიკების ზემოქმედების საშუალებით. გარეტს თვლიან ფსიქოდელიკების კვლევის პიონერად მსოფლიოში.

ეილინ გარეტი ესაუბრებოდა მიცვალებულებს, მკურნალობდა ავადმყოფებს, წინასწარმეტყველებდა მომავალს. ზებუნებრივ შესაძლებლობებს საკუთარ დამსახურებად არ მიიჩნევდა. მისი თქმით, საკუთარ თავში განავითარა ისეთი უნარები, რომელიც აძლევდა საშუალებას დაენახა  და გაეკეთებინა ის, რაც შეუძლებელი იყო სხვებისთვის. ამბობდა, რომ ადამიანთა უმეტესობას შეუძლია განავითაროს  მსგავსი უნარები. მიუხედავად ამისა, ეილინ გარეტის პარაფსიქიკური შესაძლებლობები აოცებდა ყველას ვისაც მასთან შეხება ჰქონდა.


მოგვიანებით გარეტი დისტანცირდა იდეისგან, რომ მას სულები ეხმარებოდნენ. ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში ეს "სულები" კოსმიურ ცნობიერებასთან დაკავშირებული მისი გონების ნაყოფი იყო. უფრო მეტიც, ამბობდა, რომ აღარ სჯეროდა სულთა სამყაროს არსებობის. კვლავ იმეორებდა, რომ ფსიქიკური ძალა რეალურია, მაგრამ საიდან ჰქონდა ეს ძალა არ იცოდა. საკუთარი თავის მიმართ გახდა უფრო სკეპტიკური. ის აგრძელებდა სპირიტულ სეანსებს 1970 წლამდე, იმ დრომდე, სანამ გულის უკმარისობით არ გარდაიცვალა საფრანგეთში, ნიცაში პარაფსიქოლოგიის ფონდის საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფნისას.
"ყველაფერი მიწოდეს, "შარლატანიც" და "საოცარი ქალიც". არც ერთი ვარ და არც მეორე".-ეილინ გარეტი

 გარეტის გარდაცვალების შემდეგ, კონფერენციები კვლავ ტარდება მისი ქალიშვილის ეილინ კოლბის ხელმძღვანელობით. ნიუ-იორკში გახსნილია ეილინ გარეტის სახელობის ბიბლიოთეკა ფართო საზოგადოებისთვის.

 




No comments:

Post a Comment