Wednesday, 2 September 2020

დრუიდები და მათი საიდუმლო ორგანიზაცია (ნაწილი II )


დრუიდთა ტაძრები და სხვა რელიგიური თაყვანისცემის ადგილები არ ჰგავდა სხვა ხალხის მსგავს ადგილებს. რიტუალების უმეტესობა ტარდებოდა ღამით მუხნარში ან გაშლილ ადგილებზე დიდი ლოდებისგან შექმნილ საკურთხეველთან. ყველაზე ცნობილი ამ საკურთხევლებიდან გახლავთ სტოუნჰენჯის წრიული ქვები. სავარაუდოდ, ის ასტრონომიული ცოდნის საფუძველზეა შექმნილი.


ელიფას ლევის თქმით, დრუიდები თავშეკავებულად ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ ბუნების მეცნიერებებს, უპირატესობას ანიჭებდნენ იდუმალებას და იღებდნენ ახალ წევრებს ხანგრძლივი გამოსაცდელი ვადის შემდეგ. ორდენის წევრთა უმეტესობა ცხოვრობდა  მონასტრის მსგავს საცხოვრებელში, ერთიანდებოდნენ ასკეტთა ჯგუფებად, როგორც ამას აკეთებდნენ აღმოსავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ მათგან არავინ მოითხოვდა ქორწინებაზე უარის თქმას, მაინც ცოტანი თუ იყვნენ დაქორწინებული. ბევრი დრუიდი განდეგილობდა და ცხოვრობდა გამოქვაბულში, ქოხში და ქვის სახლში. ისინი ლოცულობდნენ, ფიქრობდნენ და ჭვრეტდნენ. გარეთ გამოდიოდნენ მხოლოდ რელიგიური რიტუალების შესასრულებლად.

სხვა მისტერიების მსგავსად, დრუიდთა სწავლება იყოფოდა ორ ნაწილად.  უბრალო, ზნეობრივ კოდექსს ასწავლიდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს, ხოლო ეზოთერული ნაწილი მხოლოდ ხელდასმულთათვის იყო ხელმისაწვდომი. ორდენში შესვლის ნებართვის მისაღებად კანდიდატი უნდა ყოფილიყო კარგი ოჯახიდან და მაღალი ზნეობრივი ნორმების მატარებელი. სანამ კანდიდატი წარმატებით არ გაივლიდა სხვადასხვა ცდუნების გამოცდას, ასევე გამოცდას ხასიათის სიმტკიცეზე, მას არ ანდობდნენ მნიშვნელოვან საიდუმლოებებს. დრუიდები ასწავლიდნენ სულის უკვდავებას. მათ სწამდათ წრიული გადასახლების და ნაწილობრივ აღდგომისა.  სწამდათ ჯოჯოხეთის, რომელიც ჰგავდა განსაწმენდელს, სადაც სულებს შეეძლო ცოდვებისგან განწმენდა, რასაც მოჰყვებოდა ღმერთებთან ბედნიერი შერწყმა. დრუიდები ასწავლიდნენ, რომ  ყველა ადამიანი უნდა გადარჩეს და გადარჩება კიდეც. მხოლოდ ზოგიერთი მათგანი უკან უნდა დაბრუნდეს დედამიწაზე არაერთხელ, სანამ საკუთარ თავში არ გადალახავს ბოროტებას.

დრუიდებს სწამდა სამი საყაროს არსებობის და ერთიდან მეორეში გადასახლების. ზენა სამყაროში ბედნიერება ჭარბობს, ქვენაში-უბედურება, შუა სამყარო ესაა რეალური სამყარო. ერთი სამყაროდან მეორეში გადასახლება დასასჯელად და გასამხნევებლად არსებობს, ასევე სულის განწმენდისთვის. მათი აზრით, არსებობს სამი რამ, რომელიც მუდმივად მცირდება_სიბნელე, ტყუილი და სიკვდილი. ასებობს სამი რამ, რომელიც მუდმივად იზრდება_სინათლე, სიცოცხლე და ჭეშმარიტება.

სანამ ანდობდნენ დრუიდთა საიდუმლო დოქტრინებს,  კანდიდატს ადებინებდნენ საიდუმლოს შენახვის ფიცს. ამ დოქტრინებს უმხელდნენ მხოლოდ უღრან ტყეში და ბნელ გამოქვაბულში. იმ ადგილებზე, დასახლებიდან შორს, ნეოფიტებს აძლევდნენ განათლებას სამყაროს წარმოქმნაზე, ღმერთებზე, ბუნების კანონებზე, ოკულტური მედიცინის საიდუმლოებებზე, ციური სხეულების საიდუმლოებებზე, მაგიისა და ჯადოქრობის რუდიმენტებზე. დრუიდებს უამრავი დღესასწაული ჰქონდათ. ახალი და სავსე მთვარობა იყო წმინდა დღეები. თვლიდნენ რომ ინიციაციისთვის შესაფერის დღეები იყო ორი მზებუდობა და ორი ნაბუნიობა. მზის ამოსვლას 25 დეკემბერს ზეიმობდნენ და აღნიშნავდნენ როგორც მზის ღმერთის დაბადებას.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ დრუიდთა სწავლება პითაგორეს ფილოსოფიით იყო გაჯერებული. მათ ჰყავდა მადონა, უბიწო დედა ჩვილით ხელში, რომელიც წმინდა იყო. მისტერიების დროს მათი ღმერთის აღდგომა ხდებოდა, როცა ქრისტიანები აღნიშნავენ აღდგომას.

ჯვარი და გველი დრუიდებისთვის იყო წმინდა. ჯვარს მუხის ტოტებისგან ამზადებდნენ და მას ასო Т-ს ფორმას აძლევდნენ. მუხის ჯვრები იქცა უმაღლესი ღვთაების სიმბოლოდ. ისინი ასევე თაყვანს სცემდნენ მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს. მთვარე მათში განსაკუთრებულ პატივისცემას იწვევდა. ასევე სწამდათ ბუნების სულებისა (ფერიები, გნომები), ტყეებისა და მდინარეების პატარა არსებებისა.

ტაძრებში ინახავდნენ წმინდა ცეცხლს. ტაძრები კი მდებარეობდა მუხის ტყეებში. მათ სხვადასხვა ფორმა ჰქონდა. ჰქონდა წრიული ფორმაც, ვინაიდან წრე იყო სამყაროს სიმბოლო, კვერცხის ფორმა, საიდანაც გადმოცემებით წარმოიშვა სამყარო. ჰქონდათ გველის ფორმის ტაძრებიც. გველი იყო ღმერთი ჰუს(ოზირისის) სიმბოლო. გველი დრუიდებისთვის ოზირისი გახლდათ. ასევე ჰქონდათ  ჯვარცმის ფორმის ტაძრები, ვინაიდან ჯვარი მათთვის აღორძინების სიმბოლოს წარმოადგენდა. დრუიდებს ჰყავდათ ქალი და მამაკაცი ღმერთები, დიდი დედისა და მამისა-კერიდვენი და ჰუ, ოზირისისა და იზიდას, ბაკხისა და ცერერას მსგავსად.

გოდფრი ჰიგინსს მიაჩნია, რომ ყოვლისშემძლე ჰუ, რომელსაც თვლიდნენ ბრიტანეთის პირველ მოსახლედ, მოვიდა ქვეყნიდან, რომელსაც უელსური ტრიადა უწოდებს ზაფხულის ქვეყანას- თანამედროვე თურქეთის ტერიტორია. ჩანს, ეს კულტი ხმელთაშუაზღვისპირულია. დრუიდების საიდუმლო ინიციაციებზე მწირი ინფორმაციაც კი გარკვევით მიუთითებს, რომ არსებობს მსგავსება დრუიდთა მისტერიებსა და საბერძნეთისა და ეგვიპტის სკოლებს შორის. მათი ღმერთი ჰუ მოკლეს და უამრავი უცნაური რიტუალისა და მისტიკური გარდასახვის შემდეგ ის გაცოცხლდა.

არსებობდა დრუიდთა სამი ხარისხის მისტერია და ცოტანი თუ ახერხებდნენ მათ წარმატებით გავლას. კანდიდატს აწვენდნენ კუბოში, რაც გახლდათ მზის ღმერთის გარდაცვალების სიმბოლო. უმაღლეს გამოცდად ითვლებოდა ნავში მყოფი ადამიანის შუა ზღვაში გაშვება. ამ გამოცდების გავლისას ზოგიერთი ესალმებოდა სიცოცხლეს. ანტიკურმა მკვლევარმა თალისესინმა გაიარა მისტერია ნავში და აღწერა ის. ის  უმცირესთაგანი, ვინც გაივლიდა მესამე ხარისხს, ითვლებოდა "სიცოცხლისთვის აღორძინებულებად" და მას ანდობდნენ საიდუმლო ჭეშმარიტებებს, რომელსაც ქურუმები უძველესი დროიდან ინახავდნენ.

გადმოცემით, დრუიდებმა გადამალეს 13 მთავარი ძვირფასი ნივთი, რომელიც ცნობილია კიმრის სახელით. ესაა: ხმალი ექსხალიბური, ბრანის თასი, გორტიგერნის ბეჭედი, მასას ჯადოსნური ჯოხი, კარაუნოსის არფა, გვანდოლაინის სიცოცხლის დაფები, ფალას ქვა, კლერიკის თასი, წლის დროთა კვერთხი, ატმუს სარკე, ლუგჰას შუბი, ქერიდვენის ქვაბი, პადაენის მოსასხამი. დრუიდებმა განძი ქურუმებთან ერთად გადაინახეს უდროო სივრცეში დროისა და სივრცის გამრუდების გზით. თითეულ ამ ნივთს გააჩნია დიდი მაგიური ძალა. მათი ყველა თვისება უცნობია, მაგრამ გადმოცემებით შეიძლება წარმოდგენის შექმნა ნაწილობრივ მაინც.
  1. ხმალ ექსხალიბურს გააჩნდა ცეცხლისებური ძალა და  მფლობელის ხელში იწვოდა(რაც ძალიან წააგავს ბიბლიური არქანგელოზ მიქაელის ცნობილ ხმალს). 
  2. ბრანის თასი ყველა დაავადებას კურნავდა, ვინც იქიდან დალევდა. 
  3. გორტიგერნის ბეჭედი, ვინც მას ატარებდა, აძლევდა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკის უნარს. 
  4. მასას ჯადოსნური ჯოხი ერთ ნივთს მეორედ აქცევდა მფლობელის სურვილის მიხედვით. 
  5. კარაუნოსის არფა ჩუქნიდა მშვიდობას, ცოდნას და დაცვას ვინც მას უსმენდა, ხოლო პოეტებს უკვდავებას. 
  6. გვანდოლაინის სიცოცხლის დაფებს შეეძლო ადამიანებისა და სახელმწიფოების ბედის მართვა. 
  7. ფალას ქვა იძლეოდა ძალაუფლებასა და ცოდნას (მას მეფეთა ქვასაც უწოდებდნენ).
  8. კლერიკის თასიდან საჭმელი ყოფნიდა მთელ ჯარს. 
  9. წლის დროთა კვერთხი მართავდა წელიწადის დროთა ცვლას. 
  10. ატმუს სარკე აჩვენებდა ბედის სახეს. 
  11. ლუგჰას შუბი დაუმარცხებლობას ანიჭებდა მის მფლობელს. 
  12. ქერიდვენის ქვაბი ხარშავდა შთაგონების ელექსირს.
  13. პადაენის მოსასხამი უჩინმაჩანდ აქცევდა ვინც მოისხამდა.
ეს ნივთები დრუიდების მიერ არ იყო შექმნილი. მათ ის გადაეცა. 
თანამედროვე საზოგადოება არ იღებს და ითვალისწინებს დრუიდთა სიბრძნესა და პრინციპებს. ვერ ხვდებიან, რომ დრუიდები მეცნიერებიც იყვნენ, სწავლობდნენ ბუნებაში და ადამიანის ცნობიერებაში მიმდინარე პროცესებს. კვლევისას, ისინი ძირითადად ეყრდნობოდნენ პრაქტიკულ დაკვირვებებს და არა მისტიფიკაციას, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. მათ დატოვეს მთელი რიგი სამყაროს კანონები, რომლის საფუძველზე ატარებდნენ რიტუალებს და იყენებდნენ მაგიას. 
  • დრუიდთა კანონებია: 
  • ცოდნის კანონი-მას დრუიდები თვლიდნენ ძირითად კანონად. მიაჩნდათ, რომ ყველა ობიექტი ექვემდებარება კონტროლს, მაგრამ ამისთვის საჭიროა საკმარისი ცოდნა  ობიექტის შესახებ. დრუიდები აყენებდნენ ღვთიური არსებების სიბრძნის თეორიას. ისინი თვლიდნენ, რომ დიდი ძალის მქონე ღმერთს შეუძლებელია არ ჰქონებოდა პროპორციული რაოდენობის ცოდნა. მათი აზრით, ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ საკმარისი ცოდნის მქონე ადამიანები.
  • შემეცნების კანონი-ესაა პირველი კანონი, რომელიც დრუიდებმა მიაბეს ცოდნის კანონს. "ვინც არ იცნობს საკუთარ თავს, მას არ ეცოდინება საკუთარი მაგიის შესახებ"-ამბობდნენ ისინი. საკუთარ თავს თუ არ იცნობ და შენს როლს სამყაროში, ვერ გამოიყენებ ცოდნას საკეთილდღეოდ. დრუიდებს სწამდათ, რომ შეუძლებელია სხვას მიაყენო ზიანი, როცა გესმის თუ რა მოაქვს შენთვის ამ ზიანს. 
  • მიზეზისა და ეფექტის კანონი-ამ კანონის არსი მდგომარეობს მიზეზ-შედეგის კავშირზე დაკვირვებასა და  მათ გამოყენებაზე წინაწარმეტყველების დროს. ერთიდაიგივე ქმედებას იდენტურ პირობებში მოაქვს ერთიდაიგივე შედეგი. დრუიდებს სწამდათ ლოგიკური დასკვნისა ისევე, როგორც თანამედროვე ფსიქოლოგებს.
  • ასოციაციის კანონი-თუ ორ ობიექტს გააჩნია საერთო მახასიათებლები, მაშინ შესაძლებელია ერთი ობიექტის მართვა და ამით მეორე ობიექტზე გავლენის მოხდენა. ეს გახლავთ დრუიდების ჯადოქრობის მთავარი კანონი. ამ კანონის პრინციპს იყენებდნენ ბევრ რიტუალში, დაწყებული სასიყვარულო შელოცვიდან, ბანქოზე მკითხაობით დასრულებული.
  • სახელის კანონი-სახელი მაგიური იდენტიფიკატორი, რომელიც ღრმადაა დაკავშირებული მის მატარებელთან. სახელის უბრალოდ წარმოთქმას შეუძლია მოახდინოს გავლენა მის მფლობელზე. ცოცხალ თუ მიცვალებულ პიროვნებასთან კონტაქტის დასამყარებლად დრუიდები უამრავჯერ იმეორებდნენ მის სახელს და იხმობდნენ სასაუბროდ. ამ მიზეზით დრუიდები და მეომრები ხშირად მალავდნენ საკუთარ სახელებს. ვინც იცის პიროვნების სრული სახელი ან სხვა ობიექტის სახელი, შეუძლია იქონიოს სრული კონტროლი და მოახდინოს მასზე გავლენა.
  • უსასრულო სამყაროების კანონი-დრუიდები თვლიდნენ, რომ არცერთი წინასწარმეტყველება შეიძლება იყოს ასპროცენტიანად მართალი, ვინაიდან გარკვეულ პირობებში რომელიმე შედეგის დადგომის ალბათობა არსებობს, ზოგიერთს შედეგი უფრო მეტი აქვს, სხვას უფრო ნაკლები. ამგვარად, შესაძლო შედეგთა საერთო რიცხვი უსასრულობის ტოლია.
  • საკუთარი სამყაროს კანონი-ყოველ ადამიანს, ყოველ პიროვნებას ცალკე აღებულს შეუძლია შექმნას საკუთარი სამყარო თავისი კანონებით. ერთის ცნობიერებით შექმნილი სამყარო არასდროს იქნება ასი პროცენტით იდენტური სხვის მიერ შექმნილი სამყაროსი. ე.წ.  რეალობა არის მხოლოდ კომპრომისული სამყარო ყველას მიერ შემნილი ყველა სამყაროს  ურთიერთაღქმის საფუძველზე.







No comments:

Post a Comment